გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2018
საქმის ნომერი
010210018002441072
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210018002441072

№2/2000-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.06.2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - შპს „პ------–------ი ა-------ის ბ-----ო“

წარმომადგენელი - ქ--------ა ქ------–--ე

მოპასუხე - თ----რ ხ--–--–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე თ----რ ხ--–--–ისათვის 1387.77 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელე შპს „პ------–------ი ა-------ის ბ-----ოს“ სასარგებლოდ.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს, 14.12.2014 წლის სესხის ელექტრონული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ერიცხება დავალიანება 1387.77 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი - 450 ლარია, სარგებელი - 38 ლარი, პირგასამტეხლო - 899.77 ლარი. მოპასუხემ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ უზრუნველყო მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება და დარიცხული დავალიანების დაფარვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე თ----რ ხ--–--–მა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ შპს „პ------–------ი ა-------ის ბ-----ოს“ მოთხოვნა მის მიმართ ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე თ----რ ხ--–--–ს სესხის თაობაზე 14.12.2014 წლის #00000849821 ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს „4--------ის“-ის მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი 450.00 ოდენობით, 15 დღის ვადით, სარგებელი - 17% 15 დღეზე. ხელშეკრულების პირობები განთავსებული იყო შპს „4--------ის“ ვებგვერდზე. ამავე ხელშეკრულების 8.4 მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, დავალიანების 1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის ხელშეკრულება;

 

3.2.2. მოპასუხე თ----რ ხ--–--–ს მიღებული სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ის პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.2.3. სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 28.12.2016 წლის შეთანხმების საფუძველზე, შპს „4--------მა“ თ----რ ხ--–--–თან გაფორმებული #00000849821 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „პ------–------ი ა-------ის ბ-----ოს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- შეთანხმება მოთხოვნის დათმობის შესახებ;

 

3.2.4. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ 18.08.2017 წლიდან მოპასუხეს დაარიცხა დავალიანება 1387.77 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 450 ლარი, სარგებელი - 38.00 ლარი, პირგასამტეხლო - 899.77 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.2.5. მოსარჩელე შპს "პ------–------ი ა-------ის ბ-----ომ" მოპასუხე თ----რ ხ--–--–ის მიმართ დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მომართა ხანდაზმულობის ვადის კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის მიმართაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილია ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.

 

დადგენილია, რომ თ----რ ხ--–--–თან სესხის ელექტრონული ხელშეკრულება დაიდო 14.12.2014 წელს 15 დღის ვადით. შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით თანხის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 29.12.2014 წლიდან, ხოლო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა ამოეწურა 28.12.2017 წელს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 11.05.2018 წელს ე.ი. კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ, რის შესახებაც სასამართლო იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების დროს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს „პ------–------ი ა-------ის ბ-----ოს“ სარჩელი ხანდაზმულია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-625-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმაც. ხოლო ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს სასარჩელო წარმოების წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრულია სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. "ხანდაზმულობა" სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა, განსაზღვრული სახით, გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდი იქნებოდა ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას. წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სესხის გაცემიდან - 14.12.2014 წლიდან 15 დღის ვადაში, ანუ 2014 წლის 29 დეკემბრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. როდესაც ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრული არაა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა გონივრული ვადის გასვლის შემდეგ იწყება. მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე - მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება. როგორც კი ეს ნება იქნება განცხადებული და მიუვა მოვალეს, ხოლო იგი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ვალდებულებას, უკვე სახეზეა იქნება კრედიტორის უფლების დარღვევა და შესაბამისად დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

 

საქართველოს სკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანება წარმოიშვა ჯერ კიდევ 29.12.2014 წლიდან და ამ პერიოდიდან მხარისათვის უკვე ცნობილი იყო მოთხოვნის საფუძვლის არსებობის შესახებ. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2018 წლის 11 მაისს, ე. ი. დაახლოებით სამი წლისა და 4 თვის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გასვლისას ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე უარს აცხადებს დავალიანების დაფარვაზე და ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს "პ------–------ი ა-------ის ბ-----ოს" სარჩელი თ----რ ხ--–--–ის მიმართ.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი