განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2018
საქმის ნომერი
110100117001923794
დავის ტიპი
126 (1) 1 , 187 1
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117001923794

N1/70-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ივნისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - აკაკი კვინიკაძე, ირინე კვირიკეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ------ ბ------- ძე ნ--------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქ----- ს------;

 

ადვოკატი - ნ---- ვ----–---–-;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); 2) საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ------ ფ-----ე, მისი კუთვნილი ,,O--- A---- G’’-ს მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით K------, იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში, მისი ყოფილი მეუღლის ზ------ ნ--------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. ამავდროულად, საავტომობილო გზაზე, მისი კუთვნილი ,,ო---–--’’ მარკის ავტომანქანით მოძრაობდა ზ------ ნ--------ე, რომლის ავტომანქანაში, ასევე, იმყოფებოდა თ------ ფ-----ის და ზ------ ნ--------ის საერთო შვილი - თ-------- ნ--------ე. ზ------ ნ--------ემ, თ------ ფ-----ის დანახვაზე გააჩერა ავტომანქანა, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. ზ------ ნ--------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ------ ფ-----ე, რის შემდეგაც ქვის რამოდენიმეჯერ სროლის შედეგად დააზიანა თ------ ფ-----ის კუთვნილი ,,O--- A---- G’’-ს მარკის სახელმწიფო ნომრის K------ ავტომანქანის წინა და უკანა საქარე მინა, რითაც მას მიაყენა 160 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2017 წლის 5 აპრილს, ზ------ ნ--------ეს, თ------ ფ-----ის კუთვნილი ,,O--- A---- G’’-ს მარკის ავტომანქანის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არ ჩაუდენია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა თ------ ფ-----ემ განაცხადა, რომ 2008 წლიდან, 2014 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ------ ნ--------ესთან. 2017 წლის 5 აპრილს ჩავიდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში, შვილების სანახავად, ბიცოლასთან - მ--- გ------ესთან ერთად. როდესაც მივიდნენ ზ.ნ--------ის საცხოვრებელ სახლთან, ის დარჩა მანქანასთან, გაჩერებაზე, ხოლო მ.გ-------- ბავშვებს წაუღო ნივთები. როდესაც გაჩერებასთან იდგა, მივიდა ზ------ ნ--------ე, რომელმაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, გაბრაზებულმა ქვები ესროლა მის მანქანას, რა დროსაც დაუზიანდა და ჩაიმსხვრა მანქანის წინა და უკანა საქარე მინები. თ------ ფ-----ის განმარტებითვე, მანქანის უკანა საქარე მინდა დაზიანებული, კერძოდ კი გაბზარული იყო 2017 წლის 5 აპრილამდე. მინების გამოცვლა დაუჯდა 250 ლარი.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--- გ-------- განაცხადა, რომ 2017 წლის აპრილის თვეში, მას დაუკავშირდა თ------ ფ-----ე და სთხოვა წაჰყოლა შვილების სანახავად, რასაც ის დასთანხმდა. როდესაც წავიდნენ სოფელ ს------ში, ზ.ნ--------ის ბიძის სახლში და მივიდნენ ადგილზე, თ------მ მანქანა გააჩერა სახლის მახლობლად და დარჩა ადგილზე, თვითონ კი, თ.ფ-----ის მიერ ნაყიდი ტანსაცმელი და სათამაშოები წაიღო, ბავშვებისთვის გადასაცემად. ზ.ნ--------ის ბიძის სახლში შეყოვნდა რამდენიმე ხნით, ესაუბრებოდა ზურას ბიცოლას. როდესაც ადგილზე დაბრუნდა, ნახა, რომ თ------ ფ-----ის ა/მანქანის წინა და უკანა საქარე მინები იყო დაზიანებული - ჩამსხვრეული. მის კითხვაზე თუ რა მოხდა, თ------ ფ-----ემ უთხრა, რომ ზ------ ნ--------ემ, ქვის გამოყენებით დაუზიანა უკანა და წინა საქარე მინები. მოწმის განმარტებით, ქვა მანქანაში ეგდო და ნახა.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უ-- ნ--------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში, მეზობელთან, მუშაობდა ფუტკართან. შუადღისას, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, მოესმა ხმამაღალი საუბარი და ლანძღვა. მივიდა სახლში, გამოიცვალა და ჩავიდა ქვევით, ნახა ზ------ ნ--------ე და თ------ ფ-----ე. ნახა, რომ თ------ ფ-----ის მანქანას დაზიანებული ჰქონდა უკანა საქარე მინა, კერძოდ ჩამსხვრეული იყო.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ფ-----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს, თ------ ფ-----ესა და ზ------ ნ--------ეს შორის მოხდა კამათი, კონფლიქტი, რა დროსაც დაზიანდა თ------ს ა/მანქანა, კერძოდ ჩამსხვრეული ჰქონდა მინები. მოწმის განმარტებით აღნიშნულის თაობაზე იცის თ------ ფ-----ისაგან.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ფ-----ემ განაცხადა, რომ უშუალოდ ფაქტის შემსწრე 2017 წლის 5 აპრილს არ ყოფილა. მომხდარი ჩხუბის შესახებ იცის თ------ ფ-----ისაგან, თუმცა დეტალები, რა მოიმოქმედა ზ.ნ--------ემ, არ იცის. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში, 2017 წლის 9 აპრილს მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „2017 წლის 5 აპრილს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში ზ------ ნ--------ეს ქვებით ჩაუმსხვრევია თ------ს მანქანის მინები“. პროკურორის შეკითხვაზე კი მოწმემ განმარტა „აღარ მახსოვს. შეიძლება მასე იყო მაშინ“. მოწმის განმარტებითვე, თ.ფ-----ეს ო---–-- მარკის ავტომობილი ჰყავს ორი წელია და მანქანას წინა მინა გაბზარული ჰქონდა 2017 წლის 5 აპრილამდე. როდესაც თ------ მასთან მიდიოდა, ნანახი აქვს, რომ წინა მინა დაზიანებული - გაბზარული იყო.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–--ლმა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ექსპერტად. 2017 წლის 5 აპრილს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–თან ერთად გამოცხადდა სოფელ ს------ში, ნ--------ეების უბანში და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ასევე, მის მიერ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ეზოში, დათვალიერებული იქნა თ------ ფ-----ის კუთვნილი ავტომობილი, რა დროსაც ამოღებული იქნა ნივთები. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ოქმები დადასტურებული აქვს ხელის მოწერით.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ბ------- განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. სამსახურში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იმავე დღეს დააკავა ზ------ ნ--------ე. დაკავებისას განუმარტა მისი უფლებები. შეადგინა დაკავების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. დაკავების შემდეგ ზ.ნ--------ე გადაიყვანა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. ასევე, დაკავებულის ოჯახის წევრს შეატყობინა დაკავების ფაქტი.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 5 აპრილს, თ.ფ-----ის განცხადების საფუძველზე, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იყო ზ.ნ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ავტომანქანა, გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია.

 

11. სასამართლოს სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ზ------ ნ--------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში ნახა თ------ ფ-----ე, რომელიც მანქანით დაეჯახა მის მანქანას. აღნიშნულზე განაწყენებული გადავიდა მანქანიდან, ქვა ესროლა თ.ფ-----ის მანქანას, რომელიც მოხდა უკანა საქარე მინაზე და ჩაიმსხვრა. ზ.ნ--------ის განმარტებით, თ.ფ-----ის ავტომანქანას, წინა საქარე მინა დაზიანებული ჰქონდა 2017 წლის 5 აპრილამდე, მარჯვენა მხარეს, ზედა ნაწილში.

 

12. 2017 წლის 5 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სფელ ქ----- ს------ში და წარმოადგენს ნ--------ეების უბანში მდებარე გზაჯვარედინს..... გრუნტიანი ზედაპირიდან ამოღებული იქნა მინის ნამსხვრევები.

 

13. 2017 წლის 5 აპრილის თ.ფ-----ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა თ------ ფ-----ის კუთვნილი „-----– ა-------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით K------, რომელიც არის წითელი ფერის. ავტომანქანას წინა საქარე მინა აქვს მარცხენა მხარეს დაზიანებული. ჩამსხვრეული წრიულად და გაბზარული. უკანა საქარე მინა არის მთლიანად დამსხვრეული. თ------ ფ-----ის განმარტებით, მინები ჩაამსხვრია ქვით მისმა ყოფილმა მეუღლემ ზ------ ნ--------ემ. ავტომანქანის საბარგულში, უკანა სავარძელთან აღმოჩენილი იქნა მოყვითალო ფერის ქვა.

 

14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასაქონლო ექსპერტიზის N--/ს დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1--- წელს „---- A---- G“-ს მარკის და მოდელის ავტომობილის წინა საქარე მინის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 5 აპრილის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 100 (ას) ლარს, უკანა საქარე მინა - 60 (სამოც) ლარს, ხოლო მათი მონტაჟის ღირებულება 80 (ოთხმოც) ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–---- ს-------იამ.

 

15. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ------ ნ--------ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ზ------ ნ--------ის ბრალეულობა სხვისი ნივთის დაზიანებაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ზ------ ნ--------ის უდანაშაულობის შესახებ - სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ზ------ ნ--------ის მხრიდან დაზარალებულ თ------ ფ-----ის კუთვნილი ავტომანქანის ისეთი დაზიანების ფაქტი, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ნ--------ეს საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

16. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის (სსკ 187-ე მუხლი) ობიექტია საკუთრების უფლება. იგი მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას. დანაშაული არ ისახავს მიზნად დამნაშავის გამდიდრებას, მაგრამ მესაკუთრეს სერიოზულ ზიანს აყენებს, ვინაიდან მოქალაქეები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები განიცდიან მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს ან მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გამოიყენონ თავისი ქონება მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და სარგებელი მიიღონ მისგან. დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. კოდექსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის სისხლისაამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ქონება სხვისი უნდა იყოს. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. განადგურებისაგან განსხვავებით, როდესაც ნივთი ფაქტობრივად ისპობა, დაზიანებისას, მართალია, ხდება მისი თვისებრივი გაუარესება, მაგრამ ნივთის აღდგენა შეიძლება რესტავრაციის, რემონტის და სხვა საშუალებებით. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითაც. ნივთის განადგურება ან დაზიანება შესაძლებელია მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაულის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს ან ანადგურებს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს ამ შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. დანაშაულის ამსრულებელია ყველა კერძო, შერაცხადი და თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.

 

17. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს.

 

19. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ დაზარალებულ თ------ ფ-----ისა და მოწმე ნ---- ფ-----ის ჩვენებებით დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 5 აპრილამდე, თ------ ფ-----ის კუთვნილი ავტომანქანის როგორც წინა, ასევე, უკანა საქარე მინები დაზიანებული იყო, კერძოდ კი გაბზარული. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, ექსპერტის მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დროს დადგენილი იქნა წინა და უკანა საქარე მინების ღირებულებები, კერძოდ 100 ლარი წინა საქარე მინა, ხოლო 60 ლარი უკანა საქარე მინა და განისაზღვრა მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე მოწმეების ჩვენებით დადგენილი იქნა, რომ მინების ჩამსხვრევამდე წინა და უკანა საქარე მინები დაზიანებული - გაბზარული იყო, ვერ დგინდება ზ------ ნ--------ის მხრიდან მინების ჩამსხვრევა გამოიწვევდა თუ არა მნიშვნელოვან ზიანს, რაც დანაშაულის აუცილებელი შემადგენლობაა, კერძოდ გარდა ნივთის დაზიანებისა, სახეზე უნდა იყოს დაზიანების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცებდა ზ------ ნ--------ის ბრალეულობას დანაშაულის ჩადენაში - სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწევია, იგი საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს და ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

21. 2008-2014 წლებში თ------ ფ-----ე ქორწინებაში იმყოფებოდა ზ------ ნ--------ესთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილები - თ-------- და ბ------ ნ--------ეები. 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ------ ფ-----ე, მისი კუთვნილი „O--- A---- G“-ის მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში, მისი ყოფილი მეუღლის ზ------ ნ--------ის საცხოვრებლის სახლის მიმდებარედ. ამავდროულად, საავტომობილო გზაზე, მისი კუთვნილი „ო---–--” მარკის ავტომანქანით მოძრაობდა ზ------ ნ--------ე, რომლის ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდა თ------ ფ-----ის და ზ------ ნ--------ის საერთო შვილი - თ-------- ნ--------ე. ზ------ ნ--------ემ, თ------ ფ-----ის დანახვაზე გააჩერა ავტომანქანა, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, ზ------ ნ--------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ------ ფ-----ეს, რის შემდეგაც მარჯვენა ხელის მუშტი ერთჯერ დაარტყა მარჯვენა მკლავში და სახეში, შემდეგ წააქცია და ხელებითა და ფეხებით განაგრძო, მისი ცემა, ურტყამდა გვერდების, ფეხების, ხელებისა და თავის არეში. ზ------ ნ--------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ თ------ ფ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ყოველივე აღნიშნულს ესწრებოდა თ------ ფ-----ის და ზ------ ნ--------ის მცირეწლოვანი შვილი თ-------- ნ--------ე.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

22. 2008-2014 წლებში თ------ ფ-----ე ქორწინებაში იმყოფებოდა ზ------ ნ--------ესთან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - თ-------- და ბ------ ნ--------ეები. 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში, საავტომობილო გზაზე, ზ------ ნ--------ემ თ------ ფ-----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ერთხელ ხელი დაარტყა მკლავზე, რის შედეგადაც თ.ფ-----ე წაიქცა ძირს. განაგრძობდა რა ძალადობას, წაქცეულ თ------ ფ-----ეს, ხელებისა და ფეხების გამოყენებით ცემა გვერდების, ფეხების, ხელებისა და თავის არეში. ზ------ ნ--------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ, თ------ ფ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

23. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა თ------ ფ-----ემ განაცხადა, რომ 2008 წლიდან, 2014 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ------ ნ--------ესთან და შეეძინათ ორი შვილი.

 

24. 2012 წლის 24 აგვისტოს ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია თ------ ფ-----ე, ხოლო საქმროდ ზ------ ნ--------ე.

 

25. 2014 წლის 26 ივნისის განქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, განსაქორწინებელ პირთა მონაცემებში, ქალი მითითებულია თ------ ფ-----ე, ხოლო მამ---ცი ზ------ ნ--------ე.

 

26. 2009 წლის 18 მაისის თ-------- ნ--------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია თ------ ფ-----ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ზ------ ნ--------ე.

 

27. 2011 წლის 27 ოქტომბრის ბ------ ნ--------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია თ------ ფ-----ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ზ------ ნ--------ე.

 

28. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

29. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ნ--------ე და დაზარალებული თ------ ფ-----ე არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

30. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა თ------ ფ-----ემ განაცხადა, რომ 2008 წლიდან, 2014 წლამდე რეგისტრირებულო ქორწინებაში იმყოფებოდა ზ------ ნ--------ესთან და შეეძინათ ორი შვილი. 2017 წლის 5 აპრილს, შვილების სანახავად მივიდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში, ბიცოლასთან მ--- გ------ესთან ერთად. თვითონ დარჩა სახლის მახლობლად გაჩერებაზე, ხოლო მ--- გ-------- ბავშვებს წაუღო მიტანილი საჩუქრები გადასაცემად. სანამ მ.გ------ეს ელოდებოდა, მასთან მივიდა ზ.ნ--------ე, რომელიც მანქანიდან გადმოსვლისთანავე მიუახლოვდა მას და ხელი დაარტყა მკლავზე, რა დროსაც დაეცა ძირს. წაქცეულს ხელებისა და ფეხების გამოყენებით ცემა გვერდების, მკლავის, ფეხებისა და თავის არეში. თითოეული დარტყმის დროს განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ცემის ფაქტს შეესწრო მათი შვილი თ-------- ნ--------ე, რომელიც იჯდა ზ.ნ--------ის მანქანაში და უყურებდა ზ.ნ--------ის მხრიდან მისი ცემის ფაქტს. თ.ფ-----ის განმარტებით, დღეის მდგომარეობით მას ზ.ნ--------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და კარგი დამოკიდებულება აქვს მასთან. ზ------ი ზრდის მათ შვილებს.

 

31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--- გ-------- განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს, თ------ ფ-----ესთან ერთად იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში, ზ------ ნ--------ის ბიძის სახლში, თ------ს შვილებისათვის საჩუქრების გადასაცემად. როდესაც მივიდნენ სახლთან, თ------ ფ-----ე დარჩა სახლიდან დაახლოებით 200-300 მეტრის დაშორებით, ხოლო თვითონ მივიდა ზ.ნ------ის ბიძის სახლში, საჩუქრების დასატოვებლად. რამდენიმე ხანი შეყოვნდა ქალბატონ ოლიასთან საუბარში. როდესაც ბრუნდებოდა მანქანაში, საჩუქრების ასაღებად, გზაში შეხვდა გიორგი ნ--------ე, ზ.ნ--------ის ბიძაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ ზურამ ცემა თ------. აღნიშნულზე სირბილით მივიდა თ------ ფ-----ის მანქანასთან და ნახა თ------, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა სიწითლეები, ასევე დასვრილი ჰქონდა ტანსაცმელი ხელისა და ფეხის მიდამოში. მის კითხვაზე თუ რა მოხდა, თ.ფ-----ემ განუცხადა, რომ ცემა ზ------ ნ--------ემ, კერძოდ წააქცია და „წიხლქვეშ გაიგდო“. მოწმის განმარტებით, როდესაც ადგილზე მივიდა, ზ.ნ--------ე არ დახვდა, იგი, დაახლოებით 10 წუთში დაბრუნდა უკან, ბავშვებთან ერთად.

 

32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უ-- ნ--------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში, მეზობელთან, მუშაობდა ფუტკართან. შუადღისას, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, მოესმა ხმამაღალი საუბარი და ლანძღვა. მივიდა სახლში, გამოიცვალა და ჩავიდა ქვევით, ნახა ზ------ ნ--------ე და თ------ ფ-----ე, რომლებიც მანქანებში ისხდნენ. მანქანები კი ერთმანეთის საპირისპიროდ იდგა. თ------მ მანქანა დააჯახა ზურას მანქანის, რის გამოც ზ.ნ--------ე გადმოვიდა მანქანიდან და წავიდა თ------ს მიმართულებით, თუმცა გააჩერა ზურა, ჩასვა მანქანაში და არ მისცა თ------სთან მისვლის უფლება. მოწმის განმარტებით, მას ზ------ ნ--------ის მანქანაში მჯდომი არავინ შეუმჩნევია. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში, 2017 წლის 6 აპრილს მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „მე მის მანქანაში დავინახე ზ------ისა და თ------ს შვილი, რომელიც ტიროდა. დაჯახების შემდეგ ზურას ვუთხარი, რომ მიეხედა მომტირალი ბავშვისთვის და წასულიყო სახლში“. პროკურორის შეკითხვაზე კი მოწმეს გაუჭირდა აღნიშნული გარემოებების დადასტურება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ დიდი დროა გასული და ამასთან, არ მიუქცევია ყურადღება აღნიშნულისთვის, ვინაიდან ცდილობდა ზურასა და თ------ს შორის კონფლიქტი არ გაგრძელებულიყო.

 

33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ფ-----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს, როდესაც თ.ფ-----ე იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში, შვილების სანახავად, მას ცემა ზ------ ნ--------ემ. აღნიშნულის შესახებ იცის თ------ ფ-----ისაგან. მოწმის განმარტებით, მან იმავე საღამოს ნახა თ.ფ-----ე, რომელსაც დაზიანებები აღენიშნებოდა სახის, ფეხის და ზურგის არეში.

 

34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ფ-----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს, თ------ ფ-----ეს ჩხუბი მოუვიდა ზ------ ნ--------ესთან, თუმცა ჩხუბის დროს რა მოიმოქმედა ზურამ, მისთვის უცნობია. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში, 2017 წლის 9 აპრილს მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „2017 წლის 5 აპრილს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში ზ------ ნ--------ეს უცემია თ------. სხვა დროს ზ------ის მხრიდან თ------ს შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ქონია“. პროკურორის შეკითხვაზე კი მოწმემ უპასუხა „აღარ მახსოვს. შეიძლება მასე იყო მაშინ“.

 

35. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- ნ--------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის აპრილის თვეში, თ-------- ნ--------ე მიდიოდა სკოლიდან სახლში, რა დროსაც ჩავიდა ე.წ. „მარშუტკიდან“ და მივიდა მასთან. ტიროდა, არ უნდოდა, რომ თავის დედას შეხვედროდა და წაეყვანა. აღნიშნულზე მან დაურეკა ზ------ ნ--------ეს, რომელიც მივიდა მასთან და წაიყვანა თ--------.

 

36. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ბ------- განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 5 აპრილს, იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. სამსახურში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იმავე დღეს, დააკავა ზ------ ნ--------ე. დაკავებისას განუმარტა მისი უფლებები. შეადგინა დაკავების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. დაკავების შემდეგ ზ.ნ--------ე გადაიყვანა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. ასევე, დაკავებულის ოჯახის წევრს შეატყობინა დაკავების ფაქტი.

 

37. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- გ-------–---მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 5 აპრილს მოახდინა დაზარალებულ თ------ ფ-----ის გარეგნული დათვალიერება. აღნიშნულზე შეადგინა ოქმი, რაც ხელის მოწერით დაადასტურა მან და თ.ფ-----ემ. ასევე, დათვალიერების დროს მოახდინა ფოტოგადაღება.

 

38. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 5 აპრილს, თ.ფ-----ის განცხადების საფუძველზე, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იყო ზ.ნ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ავტომანქანა, გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია.

 

39. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- ბ--------–---–მა, დაადასტურა მის მიერ ზ------ ნ--------ის მიმართ გაცემული ნარკოლოგიური და ალკოჰოლური ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

 

40. 2017 წლის 5 აპრილის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ამოღებული იქნა თ------ ფ-----ის კუთვნილი შავი ფერის შარვალი, რომელიც არის ნაჭრის და შარვალის ორივე ტოტი არის დასვრილი მოყავისფრო ფერის ლაქებით. ასევე ამოღებული იქნა თეთრი ფერის მოკლე მკლავიანი მაისური, რომელსაც რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

 

41. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 05.04.1-–-------------------ე. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. თ------ ფ-----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქ----- ქუთუთოზე, გარდამავალი მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 3.2X1.7სმ. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ქ----- მესამედში აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 5.8X5.2სმ. მარჯვენა წინა მხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 4.0X3.7სმ. მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 6.3X3.7სმ. მარჯვენა ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნება ასეთვე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 4.0X3.5სმ. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 5.2X4.7სმ. თხემის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება ასეთვე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 2.5X1.3სმ. თხემ-კეფის მიდამოში მარცხნივ აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით: 1.2X1.0სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

42. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ზ------ ნ--------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 აპრილს, როდესაც ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს------ში შეხვდა თ------ ფ-----ეს, მისთვის დაზიანებები არ მიუყენებია, არ უცემია. თ------მ დაზიანებები მიიღო მანქანიდან გადმოსვლის დროს, როდესაც ფეხი წამოკრა ე.წ. „სკამეიკას“ და დაეცა ძირს. მისივე განმარტებით, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მათი შვილი ადგილზე არ ყოფილა, ის უკვე წაყვანილი ჰყავდა მის ბიძაშვილს სახლში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ დაზიანებები თ------ ფ-----ისათვის არ მიუყენებია და არ უცემია, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებებს წარმოადგენს დაზარალებულ თ------ ფ-----ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს დაზარალებულის თ------ ფ-----ის, მოწმეების მ--- გ------ის და თ----- ფ-----ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად და ერთნაირად აღწერენ თ------ ფ-----ესა და ზ------ ნ--------ეს შორის მომხდარი ინცინდენტების დროს განვითარებულ მოვლენებს. მოწმე მ--- გ-------- განაცხადა, რომ როგორც თ------მ უთხრა, ზ------ ნ--------ემ სცემა მას, „გაიგდო წიხლქვეშ“. თ------ს დაზიანება ემჩნეოდა სახეზე, ასევე, დასვრილი ჰქონდა ტანსაცმელი, ხელისა და ფეხის არეში. მოწმე თ----- ფ-----ემ კი განაცხადა, რომ თ------სგან იცის, რომ 2017 წლის 5 აპრილს, ზ------ ნ--------ემ სცემა მას. ასევე, იმავე დღეს ნახა თ.ფ-----ე, რომელსაც დაზიანებები აღენიშნებოდა სახის, ბეჭისა და ფეხის არეში. აღნიშნული გარემოებები კი, სრულ თანხვედრაში მოდის როგორც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან (დაზიანებების მდებარეობასთან), ასევე თ------ ფ-----ის ტანსაცმლის ამოღების ოქმთან (სადაც მითითებულია, რომ თ------ ფ-----ის კუთვნილი შავი ფერის შარვალზე, რომელიც არის ნაჭრის, ორივე ტოტი არის დასვრილი მოყავისფრო ფერის ლაქებით). აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაცია კი სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა.

 

43. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

44. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ნ--------ემ განხორციელებული ქმედებით, თ------ ფ-----ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები:

 

45. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.

46. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

47. როგორც უკვე აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

48. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებებით ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ იქნა დადასტურებული ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო ბრალდებულის საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ------ ნ--------ის მიერ თ------ ფ-----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულ თ------ ფ-----ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ------ ნ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე უ-- ნ--------ის ჩვენებას ზ.ნ--------ესა და თ.ფ-----ეს შორის კონფლიქტის დროს ბავშვების ადგილზე ყოფნის თაობაზე, ვინაიდან იგი არასარწმუნოდ მიაჩნია. თავდაპირველად, დაკითხვისას, უ.ნ--------ემ უარყო ზ.ნ--------ის მანქანაში შვილის არსებობის ფაქტი. პროკურორის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ კი გაუჭირდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ კონფლიქტის დროს ატირებული ბავშვი იმყოფებოდა ადგილზე. მოწმე მ--- გ-------- კი მიუთითა, რომ ზურა ბავშვებთან ერთად ადგილზე მივიდა 10 წუთის შემდეგ, მას მერე, რაც თავად მ--- მივიდა თ------სთან. ამ დროს უკვე თ------სა და ზურას შორის კონფლიქტი მომხდარი იყო. შესაბამისად, ზ------ ნ--------ის ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც ზ------- ნ-------ის მიმართ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

49. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

50. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N 73053/01, § 40).

51. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ზ------ ნ--------ემ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზ------ ნ--------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზ------ ნ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

52. ზ------ ნ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

53. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

54. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ ნ--------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, ხასიათდება დადებითად, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. დაზარალებულთან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ზ------ ნ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით. საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 5 აპრილიდან, 2017 წლის 8 აპრილის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და მოსახდელად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია ზ------ ნ--------ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ სხვა, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

55. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ------ ნ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ზ------ ნ--------ის მიმართ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ზ------ ნ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2017 წლის 5 აპრილიდან, 2017 წლის 8 აპრილის ჩათვლით), საბოლოოდ ზ------ ნ--------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ვადით;

 

ზ------ ნ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: 2017 წლის 5 აპრილს, თ------ ფ-----ისგან ამოღებული, მისი კუთვნილი შავი ფერის შარვალი, თეთრი ფერის მოკლე მკლავიანი მაისური, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ თ------ ფ-----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2017 წლის 5 აპრილს, თ------ ფ-----ის კუთვნილი ავტომანქანის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი „CD“ დისკები, რომლებიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2017 წლის 5 აპრილს, თ------ ფ-----ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოყვითალო ფერის ქვა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე