გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.05.2018
საქმის ნომერი
010210117001891921
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117001891921

2-1290/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03/05/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - ბ---–--- დ------ე

წარმომადგენელი - დ-----–---------

მოპასუხეები - თ----- გ------, ა---- დ------ე

წარმომადგენელი - პა---------–-----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ბ---–--- დ------ემ სარჩელი აღძრა თ----- გ-----ის და ა---- დ------ის წინააღმდეგ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 65 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2016 წლის 26 დეკემბერს ა---- დ------ემ და თ----- გ------მ ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებით აღიარეს, რომ მათ ბ---–--- დუბაძისათვის გადასახდელი აქვთ 65 000 აშშ დოლარი. მოპასუხეებმა ხელშეკრუელბით იკისრეს ვალდბეულება მასზედ, რომ ვალს დაფარავდნენ 2017 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. მხარეები ხელშკრულებით ასევე შეთანხმდნენ მასზედ, რომ კრედიტორს უფლება ექნებოდა ვალის დაბრუნება ვადაზე ადრე მოეთხოვა თუ მოპასუხეების ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდებოდა, მოვალე გახდებოდა გადახდის უუნარო და საფრთხე შეექმნებოდა ვალის დაბრუნებას. მოპასუხეებმა ვალი არ გადაიხადეს. გარდა ამისა გადახდის ვადის დადგომამდე მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ. მათი წარმომადგენელი განმარტავს, რომ ბ---–--- დ------ე და თ----- გ------ არიან მეგობრები. მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე ბ---–--- დ------ე, თ----- გ------ს სს ,,ბანკ რესპუბლიკაში“ კრედიტის დაფარვაზე თავდებად დაუდგა. თ----- გ------მ სესხი ვერ დაფარა, რის გამოც ბანკმა გადაიფორმა უზურნველყოფის ღონისძიებისათვის გამოყენებული უძრავი და მოძრავი ქონებები, მათ შორის ბ---–--- დ------ის ქონება. თ----- გ------მ ბანკისაგან ნაწილი ქონება გამოისყიდა, მაგრამ გამოსასყიდი აქვს ბ---–--- დ------ის საცხოვრებელი სახლი. მისი გამოსყიდვისათვის საჭიროა 65 000 აშშ დოლარი. სწორედ ამ თანხის გადახდის ვალდებულება აღიარეს მოპასუხეებმა. ამტკიცებს, რომ მოპასუხეები შეძლებენ ბანკიდან ქონების გამოსყიდვას, რის გამოც მათ გადასახდელად არ უნდა დაეკისროთ 65 000 აშშ დოლარი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 2016 წლის 26 დეკემბერს ა---- დ------ემ და თ----- გ------მ ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებით აღიარეს, რომ მათ ბ---–--- დუბაძისათვის გადასახდელი აქვთ 65 000 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარების ხელშკრულება ს.ფ. 20-22

 

3.1.2. მოპასუხეებმა ხელშეკრულებით იკისრეს ვალდებულება მასზედ, რომ ვალს დაფარავდნენ 2017 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ვალის აღიარების ხელშკრულება ს.ფ. 20-22

 

3.1.3. მხარეები ხელშკრულებით ასევე შეთანხმდნენ მასზედ, რომ კრედიტორს უფლება ექნებოდა ვალის დაბრუნება ვადაზე ადრე მოეთხოვა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეების ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდებოდა, მოვალე გახდებოდა გადახდის უუნარო და საფრთხე შეექმნებოდა ვალის დაბრუნებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ვალის აღიარების ხელშკრულება ს.ფ. 20-22

 

3.1.4. ბ---–--- დ------ემ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა და ვალის გადახდის ვადის დადგომამდე, 2017 წლის 20 აპრილს თ----- გ-----ისა და ა---- დ------ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა იმ 65 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, რომლის გადახდის ვალდებულება მოპასუხეებმა აღიარეს 2016 წლის 26 დეკემბერის ხელშკრულებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარების ხელშკრულება ს.ფ. 20-22

 

3.1.5 ვალის გადახდის ვადა დადგა 2017 წლის 26 დეკემბრს. ამ ვადის დადგომისას მოპასუხეებს მოსარჩელისათვის 65 000 აშშ დოლარი გადახდილი არ აქვთ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარების ხელშკრულება ს.ფ. 20-22

- მხარეთა განმარტებები

3.1.6. ასევე უდაო გარემოებაა ის, რომ მოპასუხეებს ვალი დაფარული არ აქვთ 2018 წლის მაისის თვეშიც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით ვალი უნდა დაფარულიყო 2017 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით ვადში. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ამ ვადის დადგომამდე - 2017 წლის 20 აპრილს. თავდაპირველად მოპასუხეები სადოდ ხდიდან ვალის დაფარვის ვადის დადგომამდე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს. ასევე ამტკიცებდენ, რომ არარსებობდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მოსარჩელეს აღჭურვავდა ვალის დაფარვის ვადაზე ადრე მოეთხოვა ვალს დაფარვა. ასეთ სიტუაციაში მოსარჩელეს დაეკისრებოდა მტკიცების ტვირთი დაემტკიცებინა, რომ მოპასუხეების ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა, მოვალეები გახდენ გადახდის უუნარო და საფრთხე შეექმნა ვალის დაბრუნებას. იქედან გამომდინარე, რომ საქმის განხილვა 2017 წლის 26 დეკემბრამდე ვერ მოხერხდა, ამ გარემოების მტკიცებამ დაკარგა მნიშვნელობა. მოპასუხეების ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა თუ არ გაუარესდა, მოვალეები გახდენ თუ არა გადახდის უუნარო, ან ვალის დაბრუნებას სხვაგვარად შეექმნა თუ არა საფრთხე, ამ საკითხზე მსჯელობას გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი არაა. ფაქტია, რომ დადგა გადახდის ვადა და ამ ვადაში მოპასუხეებს ვალი დაფარული არ აქვთ.

სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადაო არაა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკსროთ 65 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდათ ვალის გადახდის მოვალეობა. მათ გადასახდელი აქვთ - 65 000 აშშ დოლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეებმა მოსარჩელის წინაშე აღიარეს ვალის არსებობა, შეპირდნენ მის გადახდას და არ გადაიხადეს, მაშინ მათი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს შეძენილი საქონლის ფასის გადახდა.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებმა გადაუხადონ თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ვალის აღიარების ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ნასყიდობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის დანაწესი, რომლის პირველი ნაწილითაც ,,იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ ბ---–--- დ------ეს და თ----- გ------ს შორის არსებობდა გარკვეული ფინანსური ურთიერთობები. ამ ურთიერთობების შედეგად მხარეებმა ერთმანეთთან შეადარეს შედეგები და საბოლოო ჯამში დადგინეს, რომ თ----- გ------ს და ა---- დ------ეს მოსარჩელისათვის გადასახდელი 65 000 აშშ დოლარი. აღნიშნულზე მხარეებმა 20-6 წლის 26 დეკემბერს სანოტარო წესით გააფორმეს ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც ა---- დ------ემ და თ----- გ------მ აღიარეს, რომ მათ ბ---–--- დ------ისათვის გადასახდელი აქვთ 65 000 აშშ დოლარი. მოპასუხეებმა ხელშეკრულებით იკისრეს ვალდებულება მასზედ, რომ ვალს დაფარავდნენ 2017 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

მოსარჩელემ ვალის აღიარების ხელშეკრულების დადების შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოპასუხეებისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. ანუ შეთანხმებისამებრ მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა აღიარებული ვალის დათქმულ დროში დაფარვა. თავის მხრივ მოპასუხეები ვალდებულნი იყვენ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ თანხა დაებრუნებინათ ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მათ უჩნდებათ ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხეების მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხეებს აღიარებული ვალი უნდა დაეფარათ 2017 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. მათ ვალდებულება არ შეასრულეს ვალი არ დაფარეს, რითაც დაარღვიეს მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხეები ვალდებულნი არიან მოსარჩელეს გადაუხდოს 65 000 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 3000 ლარს. სახ. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადადილი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს. მათვე უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ა---- დ------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა შემდეგი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

უძრავი ქონება ს/კ 0-.72.14.035.299.

უძრავი ქონება ს/კ 0-.12.13.00-.0-0.0-.0-.0--

უძრავი ქონება ს/კ 0-.12.13.00-.0-0.0-.0-.0--

უძრავი ქონება ს/კ 0-.12.13.00-.0-0.0-.0-.0--

უძრავი ქონება ს/კ 0-.12.13.00-.0-0.0-.0-.0--

უძრავი ქონება ს/კ 0-.12.13.00-.0-0.0-.0-.0--

ასევე ყადაღა დაედო ა---- დ------ის 50%-იან წილს შპს ‘’მ-----------------------------’’-ში და 100%-იან წილს შპს ‘’ი--------’’-ში.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბ---–--- დ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

2. თ----- გ------ს და ა---- დ------ეს, ბ---–--- დ------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 65 000 აშშ დოლარის გადახდა.

3. თ----- გ------ს და ა---- დ------ეს, ბ---–--- დ------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარის და საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე