გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240210016001659013
(2/593-16) (2/72-17) (2/783-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.06. 2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - ნ--- ძიძ------ი
მოპასუხე - შპს ”სენაკის ამ----–-----------–-----–---–----------------------ა”
წარმომადგენელი - მუ----- ბო-----ა (დირექტორი)
დავის საგანი - მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2005 წლის სახელფასო დავალიანების 220 ლარისა და ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხე შპს ”სენაკის ამ----–-----------–-----–---–----------------------ისათვის”, მოსარჩელე ნ--- ძიძ------ის სასარგებლოდ.
1.2.2005-2006 წლების სახელფასო დავალიანების 79.60 ლარისა და ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხე შპს ”სენაკის ამ----–-----------–-----–---–----------------------ისათვის”, მოსარჩელე ნ--- ძიძ------ის სასარგებლოდ.
1.3. 2006 წლის სახელფასო დავალიანების 540 ლარისა და ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხე შპს ”სენაკის ამ----–-----------–-----–---–----------------------ისათვის”, მოსარჩელე ნ--- ძიძ------ის სასარგებლოდ.
მოსარჩელის განმარტებით, მუშაობდა სე------------–-----------–-----–---–-------- გაერთიანებაში ექიმ-სპეციალისტად ალერგოლოგის სპეციალობით. მიუღებელი აქვს 2005 წლის 4 თვის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი) სადაზღვევო პროგრამით გათვალისწინებული ხელფასი -თვეში 55 ლარი, რაც შეადგენს 220 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, 2005-2006 წლებში შიდა სტანდარტით სახელფასო ანაზღაურება მიიღო არასრულად, კერძოდ, 2005 წელს დააკლდა 35.60 ლარი, ხოლო 2006 წელს-44 ლარი, ჯამში-79.60 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წელს ასევე არ მიუღია სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფინანსებული სახელფასო თანხა თვეში -60 ლარი, რაც 9 თვის განმავლობაში შეადგენს 540 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია შრომის ანაზღაურების კანონით დადგენილი ვადები, რის გამოც იგი ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს დაყოვნებული ხელფასის 0.07 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო. საფუძვლად მიუთითა, რომ: ა)საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ალერგოლოგის დაფინანსება გათვალისწინებული არ იყო და შესაბამისად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდსა და შპს ”სე------------–-----------–-----–---–-------- გაერთიანებას” შორის დადებული ხელშეკრულება ალერგოლოგის დაფინანსებას არ ითვალისწინებდა, რის გამოც ნ--- ძიძ------ს პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება არ ეკუთვნოდა და არც მიუღია.
ბ)2005-2006 წლებში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო შიდა სტანდარტით გასაცემი ხელფასის ფონდი, რაც შეადგენდა შემოტანილი თანხის 40%-ს. მოსარჩელეს შიდა სტანდარტით გათვალისწინებული მისი კუთვნილი სახელფასო თანხა სრულად აქვს მიღებული, რაც დაანგარიშებულ და გაცემულ იქნა მისივე შენატანების შესაბამისად.
გ)2006 წელს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მისი ხელფასი შეადგენდა 60 ლარს, რაც დაფინანსებული იყო მუნიციპალიტეტის მიერ. მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი კუთვნილი ხელფასი სრულად აქვს მიღებული;
მოპასუხის განმარტებით, მოთხოვნები ხანდაზმულიცაა, ვინაიდან გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოცემულ საქმეზე დავის გადაწყვეტისათვის არსებითი ხასიათის ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის. სადავოა ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასება.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ნ--- ძიძ------ი შპს ”სე------------–-----------–-------–---–---------------------ასთან“ დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 1995-2006 წლებში დასაქმებული იყო ამავე საზოგადოებაში ექიმ ალერგოლოგის თანამდებობაზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
მხარეთა ახსნა-განმარტებები;
შრომის ხელშეკრულება;
3.2.2. სადავო პერიოდში (2005-2006 წლებში) სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ექიმების, შრომის ანაზღაურება ამბულატორიული დახმარების სახით გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის წარმოებდა სამი სტანდარტით - I) ე. წ. შიდა სტანდარტით, რაც გულისხმობდა შრომის ანაზღაურებას გამომუშავების მიხედვით, II) “უმუშევრების სოციალური დაცვის დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის 2003 წლის სახელმწიფო პროგრამებით” და მათ შორის, “მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით” დადგენილი სტანდარტით, რაც გულისხმობდა შრომის ანაზღაურებას სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული კომპონენტებისა და ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და III) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დაფინანსების ფარგლებში, რაც გულისხმობდა სამედიცინო პერსონალის მომსახურების დაფინანსებას ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით, თვითმმართველი ერთეულის მიერ ჯანდაცვის დაწესებულებისათვის შესაბამისი სახსრების გამოყოფის შემთხვევაში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
-შრომის ხელშეკრულება;
-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის N71/ნ ბრძანება;
3.1.3. მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ნ--- ძიძ------ს ანაზღაურება არ მიუღია. ის ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას იღებდა შიდა სტანდარტით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2005 წლის მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს ”სე------------–-----------–-------–---–----------------------ის” დირექტორს შორის 2005 წელს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. ამ ხელშეკრულების მე-17 მუხლით მხარეთა ( შემსყიდველის -საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის და მიმწოდებლის -შპს ”სე------------–-----------–-------–---–----------------------ის”) სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად, განისაზღვრა მათი ვალდებულება - პაციენტებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა მხოლოდ ნორმატიული აქტით დამტკიცებული ”პროგრამის” ფარგლებში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-2005 წლის მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამა;
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. 5.2005 წლის მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამა ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს ”სე------------–-----------–-------–---–---------------------ის” დირექტორს შორის 2005 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, არ მოიცავდა ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებას. აქედან გამომდინარე, ნ--- ძიძ------ს 2005 წლის მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება არ ეკუთვნის.
სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგ გარემოებათა შეფასების საფუძველზე:
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის, სოციალურად საშიში დაავადებების გავრცელების შეზღუდვის, მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის სამედიცინო პროფილაქტიკური მომსახურების გაწევის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის N71/ნ ბრძანებით დამტკიცდა „უმუშევრების სოციალური დაცვის დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამები“, რომელიც მოიცავდა „ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციისა და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამას“, „მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამას“, „მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამას“ და ა.შ.
მოსარჩელე შრომის ანაზღაურებას ითხოვს „მოსახლეობის ამბულატორული დახმარების 2005 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.
„მოსახლეობის ამბულატორული დახმარების 2005 წლის სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პირველადი ჯანდაცვის ქსელის მეშვეობით და ქვეყნის მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების ბაზისური პაკეტის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღნიშნული პროგრამა მოიცავდა იმ კომპონენტებისა და ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევა ამბულატორიული მომსახურების ბაზისური პაკეტით გათვალისწინებულ ფარგლებში.
ამდენად, მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების ფარგლები არ იყო შეუზღუდავი და სახელმწიფო პროგრამა კატეგორიულად განსაზღვრავდა ამბულატორიული მომსახურების იმ კომპონენტებს, რომლებიც მიჩნეული იყო პრიორიტეტულად და რომელთა დაფინანსების მიზნითაც ხდებოდა მიზნობრივი სახსრების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანებით, ასევე, განისაზღვრა ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების წესები და უფლებამოსილ პირთა წრე. იმავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების შემსრულებლებთან ანგარიშსწორების წესი. (დანართი 2)
მითითებული წესის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ჯანდაცვით და სხვა სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (შემდეგში - „ფონდი“) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი.
იმავე წესის მეორე მუხლის თანახმად, სამინისტროს მართვაში არსებული სახელმწიფო პროგრამების აღსრულება მიმდინარეობს სამინისტროსა (დამკვეთსა) და შემსრულებლებს შორის დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად. ფონდი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, როგორც დამკვეთები ბრძანებით განსაზღვრავენ ხელშეკრულების გაფორმების, შესრულებული სამუშაოების მიღებისა და ანგარიშსწორების წესს.
იმავე წესის მე-9 მუხლით დადგინდა, რომ გაწეულ მომსახურებაზე (შესრულებულ სამუშაოზე) დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ანგარიშსწორება განხორციელებულიყო ხელშეკრულების პირობების დაცვით.
ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ფარგლებს და გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამები, არამედ ამ პროგრამის აღსრულების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა შორის დადებული ხელშეკრულებებიც.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის N71/ნ ბრძანებით დადგინდა, რომ პროგრამის რეალიზაციაში მონაწილე ორგანიზაციების შერჩევა განხორციელდებოდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დადგენილია, რომ ჯანდაცვის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანების აღსრულების ფარგლებში, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდსა (შემდეგში - ფონდი) და შპს ”სე------------–-----------–-------–---–---------------------ის” (შემდეგში - დაწესებულება) დირექტორს შორის 2005 წელს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ, „დაწესებულება“ ვალდებული იყო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაეწია მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების მიხედვით, ხოლო „ფონდი“ კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამის კომპონენტის მიხედვით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება „დაწესებულებისათვის“, ამ ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული ფინანსური პარამეტრებისა და ხელშეკრულების თანმხლები - „ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის“ შესაბამისად.
ამდენად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის N71/ნ ბრძანებითა და ამ ბრძანებით დამტკიცებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით - „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ მკაცრად განისაზღვრა მოპასუხე შპს „სე------------–-----------–-------–---–----------------------ის” ვალდებულება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გაეწია ზემოთმითითებული ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრულ ფარგლებში. შესაბამისად, განისაზღვრა შპს „სე------------–-----------–-------–---–---------------------ის” უფლებამოსილება - გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის ანაზღაურება მიეღო იმავე დანართების შესაბამისად შესრულებული სამუშაოსათვის.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდსა (შემდეგში - ფონდი) და შპს ”სე------------–-----------–-------–---–---------------------ის” (შემდეგში - დაწესებულება) დირექტორს შორის 2005 წელს დადებული ხელშეკრულების თანხმლები - „ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესით“ და ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული იყო ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მიმართვის შესაძლებლობა მხოლოდ ოფთალმოლოგთან, ნევროლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ოტორინოლარინგოლოგთან, ქირურგთან, ონკოლოგთან, ფთიზიატრთან და რენტგენოლოგთან.
შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული იყო მხოლოდ ზოგადი პროფილის ექიმის და ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ქირურგის, ონკოლოგის, ფთიზიატრის და რენტგენოლოგის მომსახურების დაფინანსება (ექიმის მიმართვით) საბიუჯეტო სახსრებით. იგივე აქტები კატეგორიულად განსაზღვრავდა ფინანსურ პარამეტრებს თითოეული ზემოთ მითითებული სამედიცინო მომსახურებისათვის.
წარმოდგენილი ხელშეკრულება და მისი დანართები სპეციალისტ - ალერგოლოგის კონსულტაციის დაფინანსებას საბიუჯეტო სახსრებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, მოპასუხე შპს ”სე------------–-----------–-------–---–---------------------ა” უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა სპეციალისტ - ალერგოლოგის მომსახურების დაფინანსება, მით უფრო სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყოფილი სახსრებიდან.
ამდენად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს ”სენაკის ამბულატორიულ - პოლიკლინიკურ გაერთიანების” დირექტორს შორის 2005 წელს სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, დგინდება, რომ მხარეები ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებაზე და შესაბამისად, მის ანაზღაურებაზე, არ შეთანხმებულან და ვერც შეთანხმდებოდნენ, ვინაიდან ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებდა ექიმ-ალერგოლოგის მომსახურების დაფინანსებას.
ვინაიდან 2005 წლის მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამა ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებას არ ითვალისწინებდა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს ”სე------------–-----------–-------–---–---------------------ის” დირექტორს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაც არ მოიცავდა ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებას. შესაბამისად, ნ--- ძიძ------ს, რომელიც იყო ექიმ-ალერგოლოგი, ამ პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება არ მიუღია და არც ეკუთვნის.
3.2.6.. სადავო პერიოდში (2005-2006 წლებში) შიდა სტანდარტით ნ--- ძიძ------ისათვის დარიცხული და ანაზღაურებული ხელფასის ოდენობის შეუსაბამობა, ამბულატორიულ-სამედიცინო მომსახურების სახით მის მიერ გაწეულ შრომით საქმიანობასთან, სათანადო მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა შეფასების საფუძველზე:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ სადავო პერიოდში (2005-2006 წლებში) სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ექიმების, შრომის ანაზღაურება ამბულატორიული დახმარების სახით გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის, სხვა სახის სტანდარტებთან ერთად წარმოებდა ე. წ. შიდა სტანდარტით, რაც გულისხმობდა შრომის ანაზღაურებას გამომუშავების მიხედვით.
ასევე დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2005 და 2006 წლებში დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული იყო შიდა სტანდარტით გასაცემი ხელფასის ფონდი, რაც შეადგენდა სამედიცინო პერსონალის (ექიმების) მიერ შემოტანილი თანხის 40%-ს. შესაბამისად, გაწეული საექიმო შრომითი საქმიანობისათვის ხელფასის დარიცხვა (გაანგარიშება) წარმოებდა გაწეული სამედიცინო მომსახურების სახისა და რაოდენობის შესატყვისად, სამედიცინო პერსონალის (ექიმების) მიერ წარდგენილი წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.
ასევე დადგენილია და მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზეც, რომ სადავო პერიოდში ნ--- ძიძ------ს შიდა სტანდარტით გათვალისწინებული კუთვნილი შრომის ანაზღაურება მიღებული აქვს, რომლის საფუძვლიანობა იმ პერიოდში სადავოდ არ გაუხდია. ამჟამად, მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევს ხელფასის სახით დარიცხული თანხის შესაბამისობას მის მიერ გაწეულ შრომით საქმიანობასთან და აცხადებს, რომ სახელფასო ანაზღაურება მიიღო არასრულად, კერძოდ, 2005 წელს დააკლდა 35.60 ლარი, ხოლო 2006 წელს-44 ლარი, ჯამში 79.60 ლარი. მოსარჩელის განმარტებით ეს სხვაობა განპირობებულია მისი შენატანების შესახებ დირექტორის მიერ გაცემულ ცნობასა და მთავარი ეკონომისტის დაანგარიშებებში არსებული შეუსაბამობით. ანუ მოსარჩელის მოსაზრებით, დირექტორის მიერ გაცემულ ცნობაში ასახულია ნაკლები ოდენობის შენატანი, ვიდრე მთავარი ეკონომისტის ცნობაში, რამაც შესაბამისად ასახვა პოვა მის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე და მთლიანობაში 2005-2006 წლებში მიიღო 79.60 ლარით ნაკლები ხელფასი.
ამ შეუსაბამობის დასადასტურებლად მოსარჩელეს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს ორ ფურცელზე ხელნაწერის სახით შესრულებული თვეებისა და ციფრების ჩანაწერი, ხელმოწერით „მთ.ეკონომისტი: მ.ალანია“.
სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს წერილობით შესრულებული ნებისმიერი ინფორმაცია, როგორც ოფიციალური დოკუმენტები, ისე ცნობები, აქტები, ხელწერილები, დოკუმენტები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--- ძიძ------ის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომელიც შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დააყენებს ამ----–-----------–-----–---–----------------------ის დირექტორის მიერ, სათანადოდ დამოწმებული სახით გაცემულ ცნობაში ასახული ინფორმაციის სიზუსტეს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერიდან, რასაც ის მიიჩნევს მის მიერ შეტანილი თანხების დამადასტურებელ მტკიცებულებად, შეუძლებელია მისი შინაარსისა და დანიშნულების გარკვევა, ანუ გარკვევა იმისა, თუ რას ეხება, ან რა მიზნით არის შესრულებული ეს ჩანაწერი და ყველაზე მთავარი, - თუ ვის ეკუთვნის ჩანაწერში ასახული მონაცემები.
იმ ვითარებაში, როცა წარმოდგენილია ჩანაწერის მხოლოდ ბუნდოვანი ფრაგმენტი, საიდანაც არ დგინდება მასში ასახული ინფორმაციის ადრესატი, სასამართლოს მიერ მისი გაზიარება და გადაწყვეტილების მასზე დაფუძნება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო პროცესის პრინციპებს.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით, ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება იმის შესახებ, რომ შიდა სტანდარტით 2005-2006 წლებში, ჯამში ეკუთვნოდა შრომის 79.60 ლარით მეტი ანაზღაურება. წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სადავო პერიოდში ხელფასი დაერიცხა სრულად, მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და წარდგენილი ინფორმაციის შესატყვისად, ვინაიდან სხვა რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა.
3.2.7. ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ნ--- ძიძ------ს არ მიუღია 2006 წლის (9 თვის) შრომის ანაზღაურება ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებიდან.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა შეფასების საფუძველზე:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ სადავო პერიოდში (2006 წელი) სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ექიმების, შრომის ანაზღაურება ამბულატორიული დახმარების სახით გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის, სახელმწიფო პროგრამისა და შიდა სტანდარტის ფარგლებში დაფინასების გარდა, წარმოებდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დაფინანსების ფარგლებში, რაც გულისხმობდა სამედიცინო პერსონალის მომსახურების დაფინანსებას ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით, თვითმმართველი ერთეულის მიერ ჯანდაცვის დაწესებულებისათვის შესაბამისი სახსრების გამოყოფის შემთხვევაში.
ასევე დადგენილია, რომ ნ--- ძიძ------ს მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება არ მიუღია და იგი ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას იღებდა შიდა სტანდარტით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
საქმეზე წარმოდგენილი სენაკის რაიონის გამგეობასა და შპს ”სენაკის ამ----–-----------–-----–---–----------------------ის” დირექტორს შორის 2006 წელს დადებული N5-27.02 ხელშეკრულების თანახმად, სენაკის რაიონის გამგეობამ აიღო ვალდებულება მოსახლეობის სამედიცინო დახმარების 2006 წლის მუნიციპალური პროგრამის შესრულების უზრუნველყოფის შესახებ. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა სხვადასხვა პროგრამის, მათ შორის ალერგოლოგიური პაციენტების ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება.
აღნიშნულის საფუძველზე ნ--- ძიძ------სა და შპს ”სენაკის ამ----–-----------–-----–---–----------------------ის” დირექტორს შორის 2006 წლის 3 აპრილს დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) რომლის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 60 ლარით. აღნიშნული დასტურდება ასევე, 2006 წლის მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებული კაბინეტების ხარჯთაღრიცხვით, რომელიც დამტკიცებულია შპს ”სე------------–-----------–-------–---–----------------------ის” დირექტორის მიერ;
ნ--- ძიძ------ი უთითებს, რომ არ მიუღია 2006 წლის 9 თვის (აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება, რომელიც მუნიციპალური პროგრამით იყო დაფინანსებული და რომლის ოდენობა შეადგენდა ყოველთვიურად 60 ლარს. (ჯამში 540 ლარი).
მოცემული სადავო გარემოების შეფასებისას, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნ--- ძიძ------ი უფლებამოსილი იყო მაშინვე, 2006 წელსვე, სადავოდ გაეხადა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების- სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ შესაბამისი ანაზღაურების მიუღებლობა, რაც მას იმ პერიოდში არ განუხორციელებია. ნ--- ძიძ------ს, 2006 წელს და არც შემდგომ, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაუპროტესტებია და სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2006 წელს, აპრილის თვიდან, ანუ მას შემდეგ, რაც შრომის ხელშეკრულება გაფორმდა მოპასუხესთან, მთელი წლის განმავლობაში, შრომობდა და არ იღებდა შრომის საფასურს.
საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შპს ”სენაკის ამ----–-----------–-----–---–----------------------ის” დირექტორის ბრძანება N37/კ, 25.12.2015 წ., რომლის მიხედვით, შპს ”სე------------–-----------–-----–---–-------- გაერთიანებაში” დაცული 2001-2009 (ჩათვლით) წლების საბუღალტრო და სამედიცინო დოკუმენტაცია განადგურებულია. შესაბამისად, შეუძლებელია სახელფასო უწყისების შემოწმებისა და ნ--- ძიძ------ის მიერ მითითებულ პერიოდში ხელფასის მიუღებლობის (ან მიღების) ფაქტის დადგენა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით - განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
იმ ვითარებაში, როცა მოპასუხე ორგანიზაციაში ხანდაზმული დოკუმენტაცია განადგურებულია, ხოლო მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, თუნდაც მისი განცხადება - რომ სადავო პერიოდში ერთხელ მაინც მიმართა ადმინისტრაციას თავისი უფლების დაცვის მიზნით და ვერ მიაღწია მიზანს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. მხარის მხოლოდ განმარტება ფაქტობრივ გარემოებაზე, თუ ის არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ნ--- ძიძ------ის განმარტება, რომ 2006 წლის სახელფასო ანაზღაურება ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებიდან, არ მიუღია, გაზიარებული ვერ იქნება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 53-ე,31-ე, მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 128-ე, 129-ე, 138-ე,144-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1-6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ზოგადად, ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება, ან ორივე ერთად, შესაბამისად, ურთიერთობის მონაწილეები არიან კრედიტორი -პირი, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, მოვალე -რომელიც ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის უფლება ვალდებული პირისაგან მოითხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება, შეიძლება მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან, ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებიდან, უსაფუძვლო გამდიდრებიდან და ა.შ. შესაბამისად, თუ არ არსებობს ხელშეკრულება, ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები, არ არსებობს ვალდებულებაც.
განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.5, 3.2.6 და 3.2.7. პუნქტებით დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის ვალდებულება არ გააჩნია.
ვინაიდან არ არსებობს ვალდებულება, შესაბამისად, არ არსებობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში, დამსაქმებლის ამგვარი ვალდებულება სადავო პერიოდში - 2005-2006 წელს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული არ იყო.
ვინაიდან, ამჟამად მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება არსებულ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაზე, ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ შრომით ურთიერთობებზე ამავე კანონის 31-ე მუხლის დანაწესი ვერ გავრცელდება.
ასეც რომ არ იყოს, საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ანგარიშსწორების დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების ვალდებულება არ არსებობს დამოუკიდებლად, ის უშუალოდ დაკავშირებულია დამსაქმებლის ვალდებულებასთან უზრუნველყოს დასაქმებულთან ანგარიშსწორება.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დამსაქმებელს - მოპასუხე შპს „სე------------–-----------–-----–---–-------- გაერთიანებას“ მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია შრომის ანაზღაურების ვალდებულება, არ არსებობს მოპასუხისათვის შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდევინების სამართლებრივი საფუძველიც.
6.5.სასამართლო ასევე, მიიჩნევს, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულიცაა.
სასამართლო აღნიშნავს, სახელშეკრულებო ურთიერთობებთან მიმართებით კანონით განსაზღვრულია სპეციალური ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს.
აღნიშნული გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან - თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან თავისი ინიციატივით ხანდაზმულობის ვადაზე მითითება უნდა შეფასდეს მხარეთა უფლებების, მხარეთა შეჯიბრებითობის, თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დარღვევად.
მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზევე, შესაგებელში მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 2005-2006 წლებში წარმოშობილი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას.
სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
მოსარჩელის მიერ ასევე, არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა, უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიცაა და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, 70-ე, 74-ე, 53-ე, 201-ე, 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ნ--- ძიძ------ის სარჩელი მოპასუხის შპს ”ამ----–-----------–-----–---–----------------------ის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2.მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია