გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002378517
N2/331-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.06.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე შპს ,,ზ-----------------------–-------”,წარმომადგენელი: ზ----------------;
მოპასუხე ი.მ ვ-----------------,დავის საგანი: გადაუხდელი საიჯარო თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი.მ ვ-----------------ს (პ.ნ 1----------) შპს ,,ზ-----------------------–-------ს" (ს.კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 1080 ლარის გადახდა;
მოსარჩელის პოზიცია:
2013 წლის 1 დეკემბრიდან ი.მ ვ----------------- იჯარის ხელშეკრულების N01/01-12-13 საფუძველზე, როგორც მოიჯარე განკარგავდა მოსარჩელის კუთვნილ 18 კვ.მ კომერციულ ფართს. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდა 2014 წელსაც და მოქმედებდა 2014 წლის 01 დეკემბრამდე. 2014 წლის აგვისტოში მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. საიჯარო ქირა შეადგენდა თვეში 360 ლარს დღგ-ს ჩათვლით. მოპასუხეს გადასახდელი აქვს საიჯარო ქირა 1080 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი.მ ვ-----------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გადასახდელი აქვს მხოლოდ ერთი თვის ქირა 360 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2013 წლის 1 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმა იჯარის ხელშეკრულება N01/01-12-13.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2013 წლის 01 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულება N01/01-12-13.
3.2. 2013 წლის 1 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მოიჯარე ი.მ ვ----------------- განკარგავდა მოსარჩელის კუთვნილ 18 კვ.მ კომერციულ ფართს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2013 წლის 01 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულება N01/01-12-13.
- მხარეთ ახსნა-განმარტებები;
3.3. იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა შეადგენდა თვეში 360 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2013 წლის 01 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულება N01/01-12-13.
- მხარეთ ახსნა-განმარტებები;
3.4. იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ მისი მოქმედება გაგრძელდა 2014 წლის 31 დეკემბრამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2013 წლის 01 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულება N01/01-12-13.
- მხარეთ ახსნა-განმარტებები;
3.5. მოპასუხე ი.მ ვ-----------------ს გადასახდელი აქვს სამი თვის საიჯარო ქირა, რაც შეადგენს 1080 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები;
ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 69-ე, 129-130-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 581-ე, 361-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მოპასუხე ი.მ ვ-----------------ს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
6.4.სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით - მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სს კოდექსის 319-ე მუხლის მითითება, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის შესახებ წარმოადგენს სწორედ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.
6.5.სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით - გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ვინაიდან ხელშეკრულება გარიგებაა, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია განმარტოს ნების ნამდვილობის გამოვლენის იურიდიული შინაარსი გარიგების დადებისას.
6.6.საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გარიგების დადებისას ნების გამოვლენის თაობაზე (საქმე ას-694-665-2016), განმარტა - „ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია. სამოქალაქო სამართალი სწორედ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა, ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში“.
6.7.სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.
6.8.განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 01 დეკემბერს მხარეთა შორის წერილობით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი.მ ვ----------------- განკარგავდა მოსარჩელის კუთვნილ 18 კვ.მ კომერციულ ფართს. საიჯარო ქირა შეადგენდა ყოველთვიურად 360 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრამდე, რაც გაგრძელდა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. 2014 წლის აგვისტოში მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება ისე, რომ არ უცნობებია მოიჯარისათვის, რასაც მას ავალდებულებდა იჯარის ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2. პუნქტი, კერძოდ, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებული იყო ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინებით ეცნობებინა მოიჯარისათვის. ს შესაბამისად,6.9.სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე. მოსარჩელე ითხოვს, მის სასარგებლოდ, მოპასუხეზე საიჯარო თანხის - 1080 ლარის გადასახდელად დაკისრებას.
6.10. მოთხოვნა გამომდინარეობს, საიჯარო ურთიერთობიდან და მოიჯარისთვის ქირის დაკისრების თაობაზე სარჩელისას დამფუძნებელ ნორმად გვევლინება სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. მითითებული ნორმიდან გამომდნარე მოიჯარის ვალდებულებას მეიჯარისათვის შეთანხმებული ფორმითა და ოდენობით ქირის გადახდა წარმოადგენს.
6.11.სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს, მოპასუხის მიერ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის სრულად გადახდის ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.
6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“.
6.13. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ი.მ ვ-----------------მ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული საიჯარო ქირის გადახდაში გამოიხატება. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან შეწყვიტა ხელშეკრულება, მას არ წარმოეშობა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, რადგან, როგორც აღინიშნა, სახელშეკრულებო ვალდებულება წარმოადგენს ერთგვარ მბოჭავ გარემოებას, როცა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, უფლების აღდგენა ხდება სასამართლოს მიერ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს სამი თვის საიჯარო ქირა, რაც შეადგენს 1080 ლარს. მოპასუხემ მიიღო საიჯარო ქონება, ხოლო საიჯარო თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
6.14. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრობითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებელის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
6.15.სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს და განსაზღვრავს, რომ კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ საქმეებზე (საიჯარო ქირის გადახდა) არაერთხელ აღნიშნა, რომ ,,მითითებული ნორმის ანალიზის შესაბამისად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი მტკიცებულება შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“. (იხ.სუსგ. № ას-1198-1158-2016).
6.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის არსებითი პირობა - საიჯარო ქირის გადახდის შესახებ დარღვეულია მოპასუხის მხრიდან, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.
6.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარცელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა (შეამცირა), ხოლო მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი სასამართლო სხდომაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 70 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ზ-----------------------–-------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ი.მ ვ-----------------ს (პ.ნ 1----------) შპს ,,ზ-----------------------–-------ს" (ს.კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 1080 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა;
3. შპს ,,ზ-----------------------–-------" (ს.კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 70 ლარის ოდენობით, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ კოდზე - 300193150 (საგადახდო დავლება N686, გადახდის თარიღი 2018 წლის 28 მარტი, გადამხდელი შპს ,,ზ-----------------------–-------) ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი