გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2018
საქმის ნომერი
080210116001616173
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210116001616173

N2/2879-16

გადაწყვეტილება

12 ივნისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს ”საქართველოს ბანკი“;

წარმომადგენელი - გიორგი ცხაკაია;

მოპასუხე - დ----- ბრ-----;

მოპასუხეები - ინგა კუპრავა-ნამგალაძე;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დ----- ბრ-----ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 855.68 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 330.20 ლარი, სარგებელი - 50.82 ლარი, პირგასამტეხლო - 474.66 ლარი.

1.2. დ----- ბრ-----ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სარგებლის სახით 0.33 ლარის გადახდა.

1.3. დ----- ბრ-----ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით 3.30 ლარის გადახდა.

1.4. დ----- ბრ-----ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი 150 ლარი და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 149.42 ლარი.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2013 წლის 27 ნოემბერს სს „პ-----ტ ბანკსა“ და დ----- ბრ-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 2000 ლარს, ვადა 1 წელს (განახლებადი), წლიური საპროცენტო სარგებლის 36% დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1%. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს „საქართველოს ბანკის“ და სს „პ-----ტბანკის“ შერწყმა, შესაბამისად, სს „საქართველოს ბანკი“ გახდა სს „პ-----ტბანკის“ უფლებამონაცვლე. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2016 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით დ----- ბრ-----ს ერიცხება დავალიანება 855.68 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 330.20 ლარი, სარგებელი - 50.82 ლარი, პირგასამტეხლო - 474.66 ლარი. 2016 წლის 15 მარტს სს „საქართველოს ბანკის“ მიერ დ----- ბრეგაძის მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპონდენტის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რაც ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო 330.20 ლარის ნაწილში.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს „საქართველოს ბანკის“ და სს „პ-----ტბანკის“ შერწყმა, შესაბამისად, სს „საქართველოს ბანკი“ გახდა სს „პ-----ტბანკის“ უფლებამონაცვლე.

მტკიცებულება:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.16-17);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2013 წლის 27 ნოემბერს სს „“პ-----ტ ბანკსა“ და დ----- ბრ-----ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 2000 ლარს, ვადა 1 წელს (განახლებადი), წლიური საპროცენტო სარგებლის 36% დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1%. მოსარჩელის განმარტებით, საკრედიტო ბარათიდან თანხის გატანით ხდებოდა ხელშეკრულების განახლება. შესაბამისად, 2013 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა დასრულებულიყო 2015 წლის დეკემბრის ბოლოს.

მტკიცებულებები:

- ხელშეკრულება (ს.ფ.18-19);

- მოსარჩელის ახსნა განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 06.06.2018);

3.2.2. დადგენილია, რომ დ----- ბრ-----მ 2013 წლის 27 ნოემბრის საკრედიტო ბარათით აღებული კრედიტის დასაფარად ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 2 დეკემბერს, ამ დროისათვის მას გადახდელად პროცენტი ან პირგასამტეხლო არ ერიცხებოდა, დასაფარი იყო მხოლოდ 330.20 ლარი, რისთვისაც იანვრის თვეში შეეძლო შეეტანა თანხა.

მტკიცებულება:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ.30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 06.06.2018);

3.2.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 31 დეკემბერს დ----- ბრ-----მ წერილობით მიმართა სს „საქართველოს ბანკს“, სადაც განმარტა, რომ ყოვლთვიურად პირნათლად იხდიდა საკრედიტო ბარათით გათვალისწინებულ თანხას, თვეში 35 ლარის ოდენობით. სს „პ-----ტ ბანკის“ და სს „საქართველოს ბანკის“ გაერთიანების შემდეგ თავი იჩინა პრობლემებმა, დაერიცხა პროცენტის და პირგასამტეხლოს თანხა. დარჩენილი 330 ლარის ნაცვლად უსაფუძვლოდ სთხოვენ 520 ლარს, რასაც არ ეთანხმება. მოპასუხემ ითხოვა მისი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება, მანვე ითხოვა მიეცათ მისთვის 330 ლარის დაფარვის შესაძლებლობა. მოსარჩელეს არანაირი პასუხი მოპასუხისათვის არ გაუცია.

მტკიცებულება:

- დ----- ბრეგაძის წერილი (ს.ფ.91);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 06.06.2018);

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბანკმა წერილობით გასცა პასუხი დ----- ბრ-----ს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 390-ე, 398-ე, 417-418-ე, 411-412-ე, 867-868-ე, მუხლები.

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 27 ნოემბერს სს „პ-----ტ ბანკსა“ და დ----- ბრ-----ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 2000 ლარს, ვადა 1 წელს (განახლებადი), წლიური საპროცენტო სარგებლის 36% დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1%. მოსარჩელის განმარტებით, საკრედიტო ბარათიდან თანხის გატანით ხდებოდა ხელშეკრულების განახლება. ამ წესის თანახმად, 2013 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა დასრულებულიყო 2015 წლის დეკემბრის ბოლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლით, 1. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. 2. თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.

განსახილველ შემთხვევაში დ----- ბრ-----მ 2013 წლის 27 ნოემბრის საკრედიტო ბარათით აღებული კრედიტის დასაფარად ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 2 დეკემბერს, ამ დროისათვის მას გადახდელად პროცენტი ან პირგასამტეხლო არ ერიცხებოდა, დასაფარი იყო მხოლოდ 330.20 ლარი, საიდანაც 35 ლარი უნდა გადაეხადა იანვრის თვეში. ამასთან მას შეეძლო უფრო ადრე, ნებისმიერ დროს გადაეხადა მიღებული თანხა. 2015 წლის 31 დეკემბერს დ----- ბრ-----მ წერილობით მიმართა სს „საქართველოს ბანკს“, სადაც განმარტა, რომ ყოვლთვიურად პირნათლად იხდიდა საკრედიტო ბარათით გათვალისწინებულ თანხას, თვეში 35 ლარის ოდენობით. სს „პ-----ტ ბანკის“ და სს „საქართველოს ბანკის“ გაერთიანების შემდეგ კი თავი იჩინა პრობლემებმა, დაერიცხა პროცენტის და პირგასამტეხლოს თანხა. დარჩენილი 330 ლარის ნაცვლად უსაფუძვლოდ სთხოვენ 520 ლარს, რასაც არ ეთანხმება. მოპასუხემ ითხოვა მისი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება, მანვე ითხოვა მიეცათ მისთვის 330 ლარის დაფარვის შესაძლებლობა. მოსარჩელეს არანაირი პასუხი მოპასუხისათვის არ გაუცია, რაც ნიშნავს, რომ კრედიტორმა არ მიიღო შეთავაზებული შესრულება, რომლის ვადაც დამდგარი იყო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393 მუხლის „გ“ პუნქტით, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მისი ბრალის მიუხედავად: მას აღარ აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება.

ამდენად, ვინაიდან მოსარჩელემ არ მიიღო მოპასუხის მიერ შეთავაზებული შესრულება, მან დაკარგა პროცენტის მიღების შესაძლებლობა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ვინაიდან მოპასუხის მხრიდან, მისი ბრალეულობით არ მომხდარა ვალდებულების შეუსრულებლობა, არ არსებობს დ----- ბრ-----ზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველიც. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ძირითადი თანხის 330.20 ლარის ფარგლებში.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ვინაიდან დ----- ბრ-----მ მიღებული სესხის თანხა ვერ დააბრუნა კრედიტორის ბრალეულობით, არ შეიძლება მას ზიანი დაეკისროს მიუღებელი შემოსავლისათვის, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს მეორე სასარჩელო მოთხოვნა.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 299.42 ლარი, საიდანაც 150 ლარის არის სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა, მასევე გადახდილი აქვს გამარტივებული საქმის წარმოებისათვის 150 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა 330 ლარის ნაწილში, მოპასუხემ მოსამზადებელ სტადიაზე ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რის გამოც გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის 9.90 ლარის გადახდისაგან, რაც უნდა დაუბრუნდეს სს “საქართველოს ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მასევე უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 74.70 ლარი, დარჩენილი თანხა 214.82 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს გამარტივებული წარმოების საფასურის 150 ლარის გადახდა სრულად, შემდეგ გარემოებათა გამო, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება არ გამოიცა დ----- ბრეგაძის პროტესტის საფუძველზე. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შემთხვევაში გაწეული ხარჯის დაკირების საკითხის გადაწყვეტის წესს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი უნდა დაეკისროს მოპასუხეს, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა 855.68 ლარის გადახდის დაკისრებას მოპასუხეზე, მოთხოვნა დაკმაყოფილდა 330.20 ლარის ფარგლებში, რაც წარმოადგენს მოთხოვნის 38.58%, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარის 38.58%, რაც შეადგენს 57.87 ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „საქართველოს ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხე დ----- ბრ-----ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 330.20 ლარის გადახდა.

2. დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკს“ 2016 წლის 22 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 84.60 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

3. მოპასუხე დ----- ბრ-----ს სს „საქართველოს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების საფასურის 57.87 ლარის გადახდა.

4. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე