განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/300-18
(№012231217009)
განაჩენი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე: ბრალდებული გ-------–-------ა
პირადი ნომერი: 3----------;
დაბადებული: 21.03.1--- წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი;
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე;
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული;
რეგისტრაციის მისამართი: ქ. რუსთავი, დ---------------------;
ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი: ქ. რუსთავი, მ-------------------------;
კვალიფიკაცია:
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
-საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე: ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2017 წლის 22 დეკემბერს ქ-------------–-------–-------------------ის ჟურნალისტების მიერ მომზადდა სიუჟეტი ”კოკა-კოლასა” და ”მაკდონალდსის” სარეკლამო კომპანიასთან დაკავშირებით ქალაქში არსებულ საცობებზე. სიუჟეტი განთავსდა სოციალურ ქსელში ”FACEBOOK” გვერდზე ”T--------------”-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნულ სიუჟეტთან დაკავშირებით 2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. რუსთავში, მ----------------------------ში მდებარე ს------------------------–----------------------–ზე განთავსებულ ქ-------------–-------–-------------------ის ოფისში გ-------–-------ამ, შელაპარაკებისას გ------------–----–-–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც გ------------–----–-–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მარცხენა თვალის ნაფლეთი ჭრილობა თვალშიდა ქსოვილის გამოვარდნით და მარცხენა თვალბუდის მიდამოში ესკორაციების სახით. ამავე დროს ხელის დარტყმის შედეგად მან განზრახ დააზიანა გ------------–----–-–---–ის კუთვნილი 450 ლარად ღირებული ”silhouette”-ს წარმოების სათვალე 2 ცალი ოპტიკური პოლიმერით, რომელიც მას შემთხვევის დროს ეკეთა, რის შედეგადაც გ------------–----–-–---–მა მიიღო 370 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლოს დასკვნა, გ-------–-------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თ---------------ის, დ--------------ის, ქ-------------–------–---–ის, გ-------–-------ას, თ----------–--–-----ის, გ------------–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, გ-------–-------ას ამოცნობის ოქმებს, გ------------–----–-–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2018 წლის 11 ივნისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის უნდა არსებობდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენაში.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. დანაშაულებრივი ქმედება მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას, რა დროსაც დაზარალებული მხარე განიცდის მნიშვნელოვან ზიანს და მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს თავისი ქონება მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით ანდა სარგებელი მიიღოს მისგან.
დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. დანაშაულის ხელყოფის საგანი შესაძლებელია იყოს უძრავი ქონებაც.
დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებულ იქნეს გარეგანი ზემოქმედებით, რის შედეგადაც წყდება მისი ფიზიკური არსებობა, ანდა გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის, რადგან კარგავს თვისობრივ განსაზღვრულობას.
დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. ქმედების ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს რომ მართლსაწინააღმდეგოდ აყენებს ზიანს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.
დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს შერაცხადი, თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.
მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 26 იანვრის №124/ს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის (ტ.1, ს.ფ. 205-210) თანახმად: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სათვალის ღირებულება, დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 450 (ოთხასორმაცდაათი) ლარს; 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სათვალის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით (რაც ითვალისწინებს ოპტიკური პოლიმერების შეცვლას, მარცხენა ბალიშის სამაგრის გასწორებას) შეადგენს 370 ლარს; 3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სათვალის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება (რაც ითვალისწინებს ოპტიკური პოლიმერების შეცვლას, მარცხენა ბალიშის სამაგრის გასწორებას) შეადგენს 20 (ოცი) ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ ბრალდებულის ქმედებამ სხვა პირის მიმართ გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
ობიექტური მხრივ ბრალდებული გ-------–-------ას ქმედება გამოხატულია მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.
დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. ქმედების ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს რომ მართლსაწინააღმდეგოდ აყენებს ზიანს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.
დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს შერაცხადი, თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.
დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში გ------------–----–-–---–ს ჯანმრთელობა. ქმედება ჩადენილია პირდაპირი განზრახვით: გ-------–-------ას სურს დაზიანება მიაყენოს გ------------–----–-–---–ს, რის რეალიზებასაც ახდენს სახის არეში ხელის დარტყმით.
მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 20 აპრილის №002635918 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (ტ. 1, ს.ფ. 235-238) თანახმად: მოქალაქე გ------------–----–-–---–ი მკურნალობდა სტაციონარულად 23.12.17წ.-დან 24.12.17წ-მდე დიაგნოზით: მარცხენა თვალის ნაფლეთი ჭრილობა თვალშიდა ქსოვილის გამოვარდნით, ექსკორიაციები მარცხენა თვალბუდის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შეთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას არ სურდა დაზარალებულისთვის მატერიალური ზიანის მიყენება (სათვალის დაზიანება). სასამართლო თვლის, რომ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით დადასტურებულია დანაშაულის განზრახვის არსებობა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ქმედებაში, კერძოდ:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დადასტურებულია, რომ ინციდენტის დროს გ-------–-------ამ გ------------–----–-–---–ს ხელი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც დაზიანდა მისი კუთვნილი სათვალე, რომელიც ინციდენტის დროს ეკეთა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული თვალის არეში ხელის განზრახ დარტყმით ითვალისწინებდა შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, შესაძლოა, როგორც ბრალდებული განმარტავს, არ სურდა, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვა), რის გამოც მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით სრულად დადასტურებულია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ-------–-------ას შემამსუბუქებელი გარემოებაა იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, მის მისწრაფებას ზიანის ანაზღაურების ფაქტორის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------–-------ას უნდა დაენიშნოს სსკ-ს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
გ-------–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული:
- გ------------–----–-–---–ის სისხლის ნიმუშები და ანაწმენდები - უნდა განადგურდეს;
- სათვალე, მობილური ტელეფონი და დაზიანებული სათამაშო - უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
(ნივთმტკიცებები ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოში).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-------–--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ-------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გ-------–---------ს პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. გ-------–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ.
3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. გ-------–-------ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული:
- გ------------–----–-–---–ის სისხლის ნიმუშები და ანაწმენდები - განადგურდეს;
- სათვალე, მობილური ტელეფონი და დაზიანებული სათამაშო - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
(ნივთმტკიცებები ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოში).
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი