გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002341750
N2-313-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 ივნისი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელე ნ------–-----შვილი
წარმომადგენელი გ-------------ძე
მოპასუხე შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი თ-------–----შვილი
მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი გ--------------შვილი
მოპასუხე ზ------–-----შვილი
დავის საგანი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ყადაღისაგან გათავისუფლდეს შემდეგი ქონება: 1. 500 ლარად ღირებული ”სამსუნგის” ფირმის მაცივარი; 2. 1 200 ლარად ღირებული ,,ჰაისენსის“ ფირმის სარეცხი მანქანა, 3. 100 ლარად ღირებული მიკროტალღური ღუმელი;. 4. 300 ლარად ღირებული კომპიუტერის კომპლექტი ,,სამსუნგის“ მონიტორით, პროცესორით და კლავიატურით; 5. 800 ლარად ღირებული ტყავის დივანი ორი სავარძლით;
სარჩელის მიხედვით, ზ------–-----შვილისათვის სისხლის სამართლის საქმეზე დაკისრებული და ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდევინების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღმასრულებელმა ზ------–-----შვილის საკუთრებად მიიჩნია. ნ------–-----შვილის განმარტებით კი დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეს ეკუთვნის.
2. მოპასუხის პოზიცია
ზ------–-----შვილმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო. სხვა მოპასუხეებმა - არა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელის შვილის ზ------–-----შვილისათვის სისხლის სამართლის საქმეზე დაკისრებული ჯარიმის 1 000 ლარის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის, საურავების - 2 200 ლარის გადახდევინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2018 წლის 6 თებერვალს, აღწერა და ყადაღა დაადო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კე--------ში მდებარე ქონებას - სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულ ნივთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 6 თებერვლის აქტი (ს.ფ. 16-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მითითებით, აღმასრულებლის მიერ აღწერილი და ყადაღადადებული ნივთები მოვალეს არ ეკუთვნის და მისი საკუთრებაა, რის დასადასტურებლადაც მიუთითა სესხის შესახებ ხელშეკრულებებზე და მოწმე ნ-----------შვილის ჩვენებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დადგინდა, რომ მასში აღნიშნული ნივთების ნაწილი მიკროტალღური ღუმელი, კომპიუტერის კომპლექტი და დივანი ორი სავარძლით, მოსარჩელის საკუთრებაა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 172-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს;
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის);
6.3. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, აღმასრულებელელმა გადახდევინება უნდა განახორციელოს მოვალის კუთვნილი ქონებიდან;
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. ნივთების დაყადაღებით მოსარჩელეს აეკრძალა ამ ნივთების განკარგვა – ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება. ვინაიდან, მხარეებმა სადავოდ არ გახადეს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის და არა მოვალის საკუთრებაა, შესაბამისად, მათზე გადახდევინების მიქცევა არ შეიძლება, ამიტომ უნდა გათავისუფლდნენ ყადაღისაგან;
6.5. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია 2015 წლის 7 აგვისტოთი დათარიღებული სესხის ხელშეკრულება ნ------–-----შვილსა და შპს ,,კრედოს“ შორის (ს.ფ.31-32), რომლის თანახმად, ,,კრედოს“ მიერ გაცემული სესხით, ნ------–-----შვილმა განვადებით შეიძინა 190 ლარად ღირებული ელექტრო ღუმელი. ასევე - მოწმე ნ-----------შვილმა დაადასტურა, რომ ნ------–-----შვილმა შეიძინა და მისი კუთვნილებაა კომპიუტერის კომპლექტი და დივანი სავარძლებით. ამ გარემოების საწინაააღმდეგოს დადამადსტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა; შესაბამისად, სასამართლო დადგენილად თვლის, რომ ეს ნივთები მოსარჩელეს ეკუთვნის;
6.6. მოსარჩელესა და ,,საქართველოს ბანკს“ შორის 2017 წლის 27 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.24-27) არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ამ სესხით ნ------–-----შვილმა სარეცხი მანქანა ან, საერთოდ, რაიმე ნივთი შეიძინა, - როგორც თვითონ აღნიშნავს, რადგან ხელშეკრულებაში ამის შესახებ აღნიშნული არ არის და ამ გარემოების დამადასტურებელი არც რამე მტკიცებულებაა წარმოდგენილი;
6.7. სარჩელზე დართული შპს ,,კრედოს“ და მ--------–-----შვილს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად (ს.ფ. 28-30), მ--------–-----შვილმა განვადებით შეიძინა ,,სამსუნგის“ ფირმის მაცივარი.
მოსარჩელე მხარის მითითებით, ეს გარემოება მოწმობს, რომ მაცივარი ზ------–-----შვილის საკუთრება არ არის.
მოსარჩელის მხოლოდ მითითება იმის შესახებ, რომ მ--------–-----შვილი მისი მეუღლეა, მაცივრის ყადაღისაგან მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის, რადგან როგორც მოპასუხე შსს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმაც მიუთითა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება აქვს მ--------–-----შვილს. მას კი სასამართლოსათვის არ მოუმართავს და არც ამ უფლების ნ------–-----შვილისათვის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს. ასეთი უფლების არსებობაზე არც მოსარჩელეს მიუთითებია (მაგალითად, არის თუ არა ნივთი მ--------–-----შვილის და მოსარჩელის თანასაკუთრება);
ამდენად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს სარეცხი მანქანისა და მაცივრის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის თნახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ზ------–-----შვილმა სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე. სხვა მოპასუხეები, რომლებიც მოვალეები არ არიან, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 49 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ------–-----შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: - ყადაღისაგან გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 06 თებერვალს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კე--------ში შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ქონება: 1) 100 ლარად ღირებული ვერცხლისფერი მიკროტალღური ღუმელი 2) 300 ლარად ღირებული კომპიუტერის კომპლექტი - ,,სამსუნგის“ ფირმის მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა; 3) 800 ლარად ღირებული დივანი თავისი ორი სავარძლით, ტყავის, მწვანე ფერის, ხის სახელურებით;
2. მოსარჩელის მოთხოვნა - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 06 თებერვალს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კე--------ში შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ქონების - ,,სამსუნგის“ ფირმის ვერცხლისფერი მაცივრისა და ,,ჰაისენსის“ ფირმის სარეცხი მანქანის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. ნ------–-----შვილს დაუბრუნდეს 2018 წლის 20 თებერვალს (საგადახდო დავალება #16102747) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 49 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 463 150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი