გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/640-16
N200210016001536205
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წელი თელავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - თ------- ქ------–---ე
წარმომადგენელი - დ----- ა---–-----ი
მოპასუხეები: სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ი“, სს ,,თ----ი ბანკის თ--–--ის ფილიალი“
წარმომადგენელი: ლ---- მ---------–ია, კ------- კ--------–---–ი
დავის საგანი - სადაზღვევო თანხის დაბრუნებისა და ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ს“ დაეკისროს აწ გარდაცვლილი პ------ ქ------–---ის მიმართ 2015 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3397340-9092217 ხელშეკრულებით და 2015 წლის 25 სექტემბრის N3397340-809922017 სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევით წარმოშობილი ვალდებულებების ანაზღაურება 6000 ლარის ოდენობით (სესხის ძირითადი თანხა, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.)
1.2 შეწყვეტილად იქნეს აღიარებული აწ გარდაცვლილი პ------ ქ------–---ის 2015 წლის 25 სექტემბრის N3397340-8092217 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულებები მოპასუხე სს ,,თ----ი ბანკის“ მიმართ.
1.3 მოპასუხეს დაეკისროს ადვოკატის ჰონორარის სრულად ანაზღაურება თ------- ქ------–---ის სასარგებლოდ.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2015 წლის 25 სექტემბერს პ------ ქ------–---ისა და სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ს“ შორის დაიდო სიცოცხლის სადაზღვევო ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრა საწყისი სადაზღვევო თანხა: 6000 ლარი, სადაზღვევო ანაზღაურება: სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეულის ბანკის მიმართ დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანება (სესხის ძირითადი თანხა და მასზე დამატებული სარგებელი), მაგრამ არაუმეტეს სესხის საწყისი თანხისა; სადაზღვევო პრემია - მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 1%. 2015 წლის 27 სექტემბერს პ------ ქ------–---ე გარდაიცვალა და აღნიშნულიდან გამომდინარე თ------- ქ------–---ე, როგორც მისმა ერთ-ერთმა კანონისმიერმა მემკვიდრემ დანარჩენი მემკვიდრეების მინდობილობების საფუძველზე მიმართა სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ს“ და მოითხოვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება. მოთხოვნასთან ერთად წარდგენილი იქნა ყველა ის დოკუმენტაცია, რაც გათვალისწინებულია სადაზღვევო ხელშეკრულებით, კერძოდ გარდაცვალების მოწმობა, ცნობა გარდაცვალების შესახებ, სამკვიდრო მოწმობა და სესხის, ასევე სადაზღვევო ხელშეკრულებები. სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ში“ დაზღვეულ პ------ ქ------–---ის გარდაცვალების გამო სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, მზღვეველის 27.04.2016 წლის 3300 წერილით სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარი იქნა გაცხადებული იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დაზღვეულს აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადება, რომელიც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის კავშირშია გარდაცვალებასთან. ამასთანავე არ არის იწოდებული სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს საპირისპიროს. ამიტომ მოსარჩელე მხარემ სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ში“ დამატებით წარადგინეს პ------ ქ------–---ის მკურნალი ექიმის ახსნა-განმარტება. აღნიშნული ახსნა-განმარტების მიხედვით დადასტურებულია, რომ პ------ ქ------–---ემ ჩაიტარა მკურნალობა და მისი ჯანმრთელობის ბოლო დროინდელი მდგომარეობა, რომელიც იყო დაზღვევის ხელშეკრულების დადგენამდე არ იძლეოდა პ------ ქ------–---ის გარდაცვალების ვარაუდის საფუძველს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული. ექიმის ახსნა-განმარტების და პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით ბოლო მდგომარეობა აღარ იყო ქრონიკული. სიცოცხლის დაზღვევის პირობების ,,3 თავის 13.1 პუნქტის მიხედვით ანაზღაურება არ მოხდება თუ დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული და/ან ქრონიკული დაავადებით.“ აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე ანაზღაურებაზე უარი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს და არა მხოლოდ ეჭვს, რომ გარდაცვალება გამოწვეულია მანამდე არსებული და/ან ქრონიკული დაავადებით, რაც არ დგინდება პ------ ქ------–---ის გარდაცვალების ცნობით, კერძოდ 006352015203881 სამედიცინო ცნობის 15 პუნქტის ,,სიკვდილის მიზეზი“ გასწვრივ მითითებულია ციფრი ,,7“, რომლის დაბლა ბლანკზე აღნიშნულია 1-დან 7-მდე ციფრების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ციფრი 7 აღნიშნავს უცნობ მიზეზს, ამგვარად პ------ ქ------–---ის სიკვდილის მიზეზი ყოფილა უცნობი.სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის (სსდს) შედგენილი დოკუმენტის სამედიცინო ბარათი 1256 მიხედვით სასწრაფო დახმარების მისვლისას პაციენტი იყო 20-25 წუთის გარდაცვლილი, ირგვლივ მყოფების განცხადებით გადმოვარდა მანქანიდან და გონება დაკარგა. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, ასევე სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ის“ მიერ მითითებული ჯანმრთელობის ცნობის შემდგენის განმარტების თანახმად არ დგინდება, რომ პ------ ქ------–---ე გარდაიცვალა მანამდე არსებული და/ან ქრონიკული დაავადებით.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ისათვის“ თანხის გადახდის დაკისრების საფუძველი. სადაზღვევო პოლისის დანართი რომელიც წარმოადგენს ამონარიდს სადაზღვევო პირობებიდან, აღნიშნული დანართის თანახმად გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როდესაც დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე მოშლით, რომელიც წარმოადგენს მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზს, თუ ამ დაავადების შესახებ დაზღვეულისათვის და ან მოსარგებლისათვის სესხის გაცემის მომენტისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო.“ პ------ ქ------–---ის მკურნალი ექიმის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ პ------ ქ------–---ეს აწუხებდა გულის უკმარისობა, რაც როგორც უკვე ავღნიშნეთ წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას. სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციით პ------ ქ------–---ემ სესხი აიღო 2015 წლის 25 სექტემბერს, გარდაცვალების ცნობის თანახმად პ------ ქ------–---ე გარდაიცვალა 2015 წლის 27 სექტემბერს, პ------ ქ------–---ე მისი მკურნალი ექიმის ახსნა-განმარტების შესაბამისად მასთან გულის უკმარისობის ჩივილებით გამოცხადდა 2015 წლის 07 სექტემბერს და 2015 წლის 16 სექტემბერს, ვიდრე დაეზღვეოდა. მკურნალი ექიმის განმარტებით მას აწუხებდა გულის უკმარისობა, საქმეში წარმოდგენილი ფშავლის სამედიცინო ამბულატორიის მიერ 2015 წლის 19 ოქტომბერს გაცემული ცნობის თანახმად პაციენტი უჩიოდა ადვილად დაღლას, ქოშინს, გულის ფრიალს და ტკივილს, ჰაერის უკმარისობას, ქვემო კიდურების შეშუპებას, რაც მიუთითებს დაავადების განვითარების ხანგრძლივ პერიოდზე და მის სიმძიმეზე. გარდა ამისა არ იქნა წარმოდგენილი ის დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავდა გარდაცვალების სხვა მიზეზს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ თანხის ანაზღაურებაზე უარი მოსარჩელეს გაეცა სწორად, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
მოპასუხე სს ,,თ----ი“ ბანკის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს მზღვეველსა და დამზღვევს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან აწ გარდაცვლილი პ------ ქ------–---ის მემკვიდრეების მიმართ სს ,,თ----ი ბანკს“ საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე აქვს მოთხოვნის უფლება. ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია სასესხო ვალდებულების შესრულება, რაც ამ ეტაპზე არ მომხდარა.
მოპასუხე სს ,,თ----ი ბანკის “ წარმომადგენლმა სასამართლო სხდომაზე მახრი დაუჭირა წარმოდგენილ შეაგებელს, რითაც ითხოვს რომ უარი ეთქვას მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 25 სექტემბერს პ------ ქ------–---ისა და სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ს“ შორის დაიდო სიცოცხლის სადაზღვევო ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრა საწყისი სადაზღვევო თანხა: 6000 ლარი, სადაზღვევო ანაზღაურება: სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეულის ბანკის მიმართ დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანება (სესხის ძირითადი თანხა და მასზე დამატებული სარგებელი), მაგრამ არაუმეტეს სესხის საწყისი თანხისა; სადაზღვევო პრემია - მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 1%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 25 სექტემბრის სიცოცხლის სადაზღვევო ხელშეკრულება (ს.ფ. 31-34)
-პ------ ქ------–---ის გარდაცვალების მოწმობა(ს.ფ.41)
3.1.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ თ------- ქ------–---ე არის აწ გარდაცვლილ პ------ ქ------–---ის მემკვიდრე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სამკვიდრო მოწმობა(ს.ფ.54-56)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. პ------ ქ------–---ის გარდაცვალების N006352015203881 სამედიცინო ცნობის თანახმად მისი გარდაცვალების მიზეზი არის უცნობი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- N 006352015203881 სამედიცინო ცნობა(ს.ფ.43)
3.2.2. სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ში“ დაზღვეულ პ------ ქ------–---ის გარდაცვალების გამო სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, 2016 წლის 27 აპრილის მზღვეველის წერილით სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარი იქნა გაცხადებული იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დაზღვეულს აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადება, რომელიც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის კავშირშია გარდაცვალებასთან. ამასთანავე არ არის მიწოდებული სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს საპირისპიროს. მოსარჩელე მხარემ სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ში“ დამატებით წარადგინა პ------ ქ------–---ის მკურნალი ექიმის ახსნა-განმარტება. აღნიშნული ახსნა-განმარტების მიხედვით დადასტურებულია, რომ პ------ ქ------–---ემ ჩაიტარა მკურნალობა და მისი ჯანმრთელობის ბოლო დროინდელი მდგომარეობა, რომელიც იყო დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე არ იძლეოდა პ------ ქ------–---ის გარდაცვალების ვარაუდის საფუძველს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული. ექიმის ახსნა-განმარტების და პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით ბოლო მდგომარეობა არ იყო ქრონიკული.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ის“ 27.04.2016 წლის 3300 წერილი, მკურნალი ექიმის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 45)
- მოწმე მ-------–---ძის ჩვენება(იხ.ოქმი)
3.2.3. სიცოცხლის დაზღვევის პირობების ,,3 თავის 13.1 პუნქტის მიხედვით ანაზღაურება არ მოხდება თუ დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული და/ან ქრონიკული დაავადებით.“ აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე ანაზღაურებაზე უარი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს და არა მხოლოდ ეჭვს, რომ გარდაცვალება გამოწვეულია მანამდე არსებული და/ან ქრონიკული დაავადებით, რაც არ დგინდება პ------ ქ------–---ის გარდაცვალების ცნობით, კერძოდ 006352015203881 სამედიცინო ცნობის პ------ ქ------–---ის სიკვდილის უცნობია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის (სსდს) შედგენილი დოკუმენტის სამედიცინო ბარათი 1256 მიხედვით სასწრაფო დახმარების მისვლისას პაციენტი იყო 20-25 წუთის გარდაცვლილი, ირგვლივ მყოფების განცხადებით გადმოვარდა მანქანიდან და გონება დაკარგა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სამედიცინო ცნობა (ს.ფ. 43)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 799-ე, 802-ე, 805-ე, 808-ე, 844-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრებისა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
დაზღვევის ხელშეკრულება სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებაა; პირი ამ სახის ხელშეკრულებას სადაზღვევო კომპანიასთან აფორმებს ბუნების დამანგრეველი ძალების ან სხვა ფაქტორებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფად.
დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი, რეალური ხელშეკრულებაა. ამ ხელშეკრულების მხარეებია ერთის მხრივ, დამზღვევი და მეორეს მხრივ მზღვეველი.
დამზღვევი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც აზღვევს ქონებას, სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ხოლო მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც ჩამოყალიბებულია განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და გააჩნია სპეციალური ნებართვა (ლიცენზია) სადაზღვევო საქმიანობისათვის.
დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესისა და საგნის შესახებ; ზუსტად უნდა განისაზღვრონ სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო საზღაურის გამოანგარიშების წესი, ასევე სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდის წესი და პირობები. ამ პირობებზე შეთანხმების გარეშე დაზღვევის ხელშეკრულება არ დაიდება.
სადაზღვევო ურთიერთობის ობიექტია პირის ქონება, სოცოცხლე ან ჯანმრთელობა. დაზღვევის ობიექტს განიხილავენ როგორც დაზღვევის ინტერესს, რომლის განსაზღვრაც აუცილებელია დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად.
დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სადაზღვევო შემთხვევა უკვე დამდგარი ვითარებაა, რომლის დადგომის ალბათობას ითვალისწინებს დაზღვევის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა (პოლისი).
მზღვეველი, როგორც წესი, აფორმებს ერთ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს როგორც დაზღვევის ხელშეკრულებას, ისე დაზღვევის პოლისს.
დაზღვევის ხელშეკრულება ყოველთვის უნდა გაფორმდეს წერილობით. სადაზღვევო მოწმობის წარდგენა აუცილებელია სადაზღვევო საზღაურის გასაცემად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 805-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაზღვევის აგენტს, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას, უფლება აქვს დადოს ასეთი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს პ------ ქ------–---ისა და სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ს“ შორის დაიდო სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება(დანართიN1/პოლისი N3397340-8092217), სადაც განისაზღვრა საწყისი სადაზღვევო თანხა: 6000 ლარი, სადაზღვევო ანაზღაურება: სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეულის ბანკის მიმართ დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანება (სესხის ძირითადი თანხა და მასზე დამატებული სარგებელი), მაგრამ არაუმეტეს სესხის საწყისი თანხისა; სადაზღვევო პრემია - მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 1%.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საბანკო კრედიტის თანხა შეაგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს, საბანკო კრედიტის ვადა: 24 თვეს, დაზღვევის საგანი: მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, დაზღვეული რისკი: დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება გარდა წინამდებარე პოლისის დანართში N2 მითითებული გამონაკლისებისა.
სადაზღვევო თანხა: 6000,00, სადაზღვევო ანაზღაურება - სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეულის ბანკის მიმართ დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანება (სესხის ძირითადი თანხა და მასზე დამატებული სარგებელი), მაგრამ არაუმეტეს სესხის საწყისი თანხისა; სადაზღვევო პრემია - მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 1%.
სადაზღვევო საზღაურის თანხა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომეტისათვის (2015 წლის 27სექტემბრისათვის, როდესაც გარდაიცვალა პ------ ქ------–---ე)შეადგენს 6000ლარს.
პ------ ქ------–---ე დაბადებული 1955 წლის 01 სექტემბერს გარდაიცვალა 2015 წლის 27 სექტემებერს და მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია.ასევე მოწმე ექიმ მ-------–---ძის ჩვენებისა და სამედიცინო ცნობის თანახმად პ------ ქ------–---ეს არ ჰქონდა გულის ქრონიკული დაავადება.
ასევე ადგილი არ ჰქონია მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულების მოშლას სადაზღვევო შესატანის (პრემიის) არადროულად გადახდის გამო. (სსკ-ის 818-ე მუხლი).
შესაბმისად, სასამართლო თვლის რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის უარი სადზაღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის თაობაზე იმ საფუძვლით რომ მხარის მიერ არ არის წარდგენილი ცნობა დაავადების განვითარების სტადიებზე (მაშინ როდესაც არ არის დადგენილი გარდაცვალების მიზეზი, მას არ ჰქონდა ქრონიკული გულის დაავადება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის განმარტებით არ იყო ისეთი რომ ლეტალურად დასრულებულიყო) დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია რომ სარჩელის მოთხოვნას მოპასუხე სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ს” დაეკისროს აწ გარდაცვლილ პ------ ქ------–---ის მიმართ 2015 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3397340-8092217 ხელშეკრულებითა და 2015 წლის 25 სექტემბრის N 3397340-8092217 სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის გამო - სადაზღვევო საზღაურის სახით 6000 (ექვსიათასი) ლარის ანაზღაურებას - სამართლებრივი საფუძველი გააჩნია და იგი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს. შესაბამისად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებით უნდა
შეწყდეს აწ გარდაცვლილ პ------ ქ------–---ის 2015 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3397340-8092217 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვადლებულებები მოპასუხე სს ,,თ----ი ბანკის" მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომელის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილა, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით წინაწარ სახელმწიფო ბაჟის სახით შეტანილია 180 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, არსებობს სამართლებრივი საფუძველი მოპასუხეს სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ს” დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ბაჟის სახით წინაწარ შეტანილი 180 ლარის გადახდა. ასევე მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გაწული ხარჯის ანაზღაურება(ადვოკატისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით) დავის საგნის ღირებულიების 4%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 240 ლარს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 53-ე, 243-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1თ------- ქ------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1.მოპასუხე სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ს” (მის: ქ. თ---–--ი, კ----------------, ს/კოდი 2--------) დაეკისროს აწ გარდაცვლილ პ------ ქ------–---ის მიმართ 2015 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3397340-8092217 ხელშეკრულებითა და 2015 წლის 25 სექტემბრის N 3397340-8092217 სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის გამო - სადაზღვევო საზღაურის სახით 6000 (ექვსიათასი) ლარის ანაზღაურება;
1.2.შეწყდეს აწ გარდაცვლილ პ------ ქ------–---ის 2015 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3397340-8092217 ხელშეკრლებით გათვალისწინებული ფულადი ვადლებულებები მოპასუხე სს ,,თ----ი ბანკის" მიმართ.
3. მოპასუხე სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ს” ასევე გადახდეს მოსარჩელე
თ------- ქ------–---ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით წინაწარ შეტანილი 180(ას ოთხმოცი) ლარი და ასევე მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გაწული ხარჯის ანაზღაურება 240 ლარი.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დღისა და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინაარმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე