გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
010210017001850196
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001850196

საქმე №2-794/2017წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე სს „ლ-------------ი“

წარმომადგენელი ა------------ი

მოპასუხე თ------------ე

მოპასუხე მ-------–-----ე

წარმომადგენელი ნ---------–-----ე

მოპასუხე ე-–----------–----ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებზე თ------------ეზე, მ-------–-----ეზე და ე-–----------–----ეზე სოლიდარულად სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ 14 119 ლარის დაკისრება.

1.2. მოპასუხე თ------------ეზე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ ოვერდრაფტის დაფარვის გრაფიკის დარღვევიდან გამომდინარე 1303,21 ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ-------–-----ემ სარჩელი არ ცნო, ხოლო თ------------ეს და ე-–----------–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2013 წლის 30 დეკემბერს სს „ლ-------------სა“ და თ------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №0002/2013/12934 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 13000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთით 18.25%.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 30.12.2013 წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- სს „ლ-------------ის“ მიერ გაცემული საბანკო ამონაწერი.

 

3.2.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა - მ-------–-----ემ და ე-–----------–----ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენდა 19979, 23 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- №0002/2013/12934-1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

- №0002/2013/12934-2 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში, რის გამოც მოსარჩელემ შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება.

 

ბანკმა წერილობით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებებს და განუმარტა მათ, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხებისა და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდებების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- გაფრთხილების წერილები.

 

3.2.4. მოპასუხეთა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღისათვის (06.02.2017წ) შეადგენს 14119 ლარს, აქედან: ძირითადი თანხაა - 9369.89 ლარი; პროცენტი - 1925.50 ლარი და ჯარიმა 2823.61 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2.5. მოპასუხე მხარის მიერ არ სრულდება ხელშეკრულების პირობები, კერძოდ არ ხდება საკრედიტო თანხის დაბრუნება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ამონაწერი მოპასუხის სასესხო ანგარიშიდან.

 

3.2.6. ასევე დადგენილია, რომ თ------------ე გარდა ზ/აღნიშნული სესხისა სს ”ლ-------------იდან” სარგებლობდა ოვერდრაფტის მომსახურებით და მას გააქტიურებული ქონდა ოვერდაფტი N711124731626000. დადგენილია, რომ თ------------ეს 2014 წლის 29 ნოემბრიდან დარღვეული აქვს ოვერდრაფტის დაფარვის გრაფიკიც და მას 2017 წლის 06 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება სასესხო დავალიანება 1303,21 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: დაეკისროთ მოპასუხეებს თ------------ეს, მ-------–-----ეს და ე-–----------–----ეს სოლიდარულად სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სულ 11 577,75 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი დავალიანებაა - 9369.89 ლარი, გადაუხდელი სესხის პროცენტი 1925.50 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 282,36 ლარი) გადახდა. მოპასუხე თ------------ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 1303.21 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 463-ე, 465-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია, სს „ლ-------------სა“ და თ------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე 2013 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად გაიცა სესხი 13000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთით 18,25%.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 31 დეკემბერს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხე თ------------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრეს მოპასუხეებმა მ-------–-----ემ და ე-–----------–----ემ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები მ-------–-----ე და ე-–----------–----ე წარმოადგენენ რა სოლიდარული ხელშეკრულების მხარეებს, რომლებმაც იკისრეს პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან მსესხებლის ვალდებულებებზე; მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მათაც წაუყენოს მოთხოვნა;

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სოლიდარულად სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს 2823,61 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი შემცირება 10-ჯერ. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხისა უნდა დაეკისროთ 282,36 ლარის გადახდა.

 

6.6. დადგენილია, რომ თ------------ე გარდა ზ/აღნიშნული სესხისა სს ”ლ-------------იდან” სარგებლობდა ოვერდრაფტის მომსახურებით და მას გააქტიურებული ქონდა ოვერდაფტი, რაც მოპასუხის მიერ ასევე არ დაფარულა. თ------------ისის მიერ ოვერდრაფტის №711124731626000 დაფარვის გრაფიკი დარღვეულია და ერიცხება დავალიანება, რომელიც 2017 წლის 06 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 1303,21 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე თ------------ეზე ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 1303,21 ლარის დაკისრების ნაწილშიც არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 474 (424+50=474)ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამიტომ სახელომწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს თეონა კიკვიძეს, მ-------–-----ეს და ე-–----------–----ეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 347,33 ლარის ანაზღაურება; თეონა კიკვიძეს დაეკისროს მოსარცელის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ლ-------------ის“ სარჩელი;

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს თ------------ეს, მ-------–-----ესა და ე-–----------–----ეს სოლიდარულად სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ 11 577,75 ლარის გადახდა.

1.2. დაეკისროს მოპასუხე თ------------ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 1303,21 ლარის ოდენობით.

2. დაეკისროთ მოპასუხეებს თ------------ეს, მ-------–-----ესა და ე-–----------–----ეს სოლიდარულად სს ”ლ-------------ი”-ს სასარგებლოდ 347,33 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

3. დაეკისროს მოპასუხე თ------------ეს სს ”ლ-------------ი”-ს სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე