გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2018
საქმის ნომერი
190210018002353713
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/872-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.05.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს ”მ–-----------–-ა”

წარმომადგენლები ნუგზარ ტაბაღუა

მოპასუხე შპს ”პ-----------------–-----–------------------ა”

წარმომადგენლები სოფიკო ჩანქსელიანი

დავის საგანი ნასყიდობის საფასურის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ”პ-----------------–-----–------------------ასათვის” 503 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის გარემოებები:

 

ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ნაწილ-ნაწილ 2012 წლის 6, 7, 9 და 11 სექტემბერს მიაწოდა სამშენებლო მასალა- 67 კუბური მეტრი ლამი ღირებულებით 603 ლარი. მოპასუხემ 2015 წლის 20 მარტს გადაიხადა 100 ლარი, ხოლო გადასახდელია 503 ლარი. ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა სასაქონლო ზედნადების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო:

 

მხარეთა ზეპირი შეთანმების საფუძველზე 2012 წელს მოსარჩელისაგან მიიღო სამშენებლოს მასალა ლამი. მოგვიანებით 2015 წელს მხარეებს შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება სამშენებლო მასალა ქვიშის მიწოდების შესახებ. ამ შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელეს წინასწარ ავანსის სახით გადაიხადა ქვიშის ღირებულება, ხოლო ქვიშა მოსარჩელემ აღარ მიაწოდა. 2015 წლის 20 მარტის საგადასახადო დავალებაში მითითებულია ქვიშის ღირებულების გადახდა და არა მანამდე მიღებული სამშენებლო მასალის ლამის ღირებულების ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, პროდუქციის მიწოდებიდან გასულია 6 წელი, ხოლო მისი ღირებულება უნდა მოეთხოვა სამი წლის ვადაში, ხანდაზმულობის ვადა 2015 წელს თანხის გადახდით არ შეწყვეტილა, რადგან 2015 წელს არ არის გადახდილი 2012 წელს შეძენილი სამშენებლო მასალის ღირებულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს “მ–-----------–-ამ” 2012 წლის 6, 7, 9 და 11 სექტემბერს მოპასუხე შპს ”პ-----------------–-----–------------------ას” მიაწოდა სამშენებლო მასალა - 67 კუბური მეტრი ლამი ღირებულებით 603 ლარი. მოპასუხის მიერ სამშენებლო მასალის მიღების შესახებ შედგენილია სასაქონლო ზედნადებები 2012 წლის 6 სექტებერს Nელ-0028158894; 2012 წლის 7 სექტემბერს Nელ-0028279383; 2012 წლის 9 სექტემბერს Nელ-0028661211; 2012 წლის 11 სექტემბერს Nელ-0028986356.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ.2-5, ტომი 1)

- შესაგებელი (ს..ფ 34-37. ტომი 1)

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 14-21. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (24.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2012 წლის შემდეგ მხარეებს შორის არ დადებულა შეთანხმება სამშენებლო მასალის ნასყიდობის შესახებ, რომლის შესასრულებლად 2015 20 მარტს მოპასუხე შპს ”პ-----------------–-----–------------------ას” მიერ შპს მოსარჩელისათვის გადახდილია 100 ლარი.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი N2 საგადახდო დავალების თანახმად, 2015 წლის 20 მარტს შპს ”პ-----------------–-----–------------------ამ” 100 ლარი გადარიცხა სს "მ–-----------–-ას" საბანკო ანგარიშზე. თანხის გადახდის დანიშნულებად მითითებულია ქვიშის ღირებულების გადახდა.

 

მოპასუხის განმარტებით, 2015 წელს მხარეებს შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს მისთვის უნდა მიეწოდებინა სამშენებლო მასალა ქვიშა, რომლის ღირებულებიდან ავანსის სახით გადაიხადა 100 ლარი, სწორედ ამიტომ თანხის გადახდის დანიშულებად მითითებულია ქვიშის ღირებულება. ამ სამშენებლო მასალის მიწოდების ვალდებულება მოსარჩელემ აღარ შეასრულა, ხოლო მხარეთა შეთანხმებით ურთიერთვალდებულებათა პატიება მოხდა, რის შედეგად მოსარჩელემ განვლილი 6 წლის მანძილზე არ მოითხოვა სამშენებლო ლამის ღირებულების გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის და ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა განისაზღვროს რომელ მხარეს ეკისრება იმ გარემოების დადასტურება, რომ 2015 წლის 20 მარტს თანხა მოპასუხემ გადაიხადა არა სადაო ვალდებულების ნაწილობრივ შესასრულებლად, არამედ მხარეთა სხვა შეთანხმების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ მხარეს დაეკისროს იმ ფაქტის დამტკიცება, რომლის მტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, ვინც მითითებულ ფაქტებზე ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ სტანდარტის შესაბამისად მტკიცების ტვირთი ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადების ფაქტი და ვალდებულების არსებობა ანუ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს - მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებაში მყიდველის ვალდებულებაა ნასყიდობის საფასურის გადახდა, შესაბამისად მას ევალება წარმოადგინოს ვალდებულების შესრულების დამდასტურებელი მტკიცებულებები ან ის მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითებს ხანდაზმულობის ვადის გასვლას, რაც მოპასუხისათვის ხელსაყრელი გარემოებაა, რადგან ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს. შესაბამისად, მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რაც სარჩელის ხანდაზმულობას განაპირობებს.

 

მოპასუხის განმარტებით, 2015 წელს მხარეებს შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება სამშენებლო მასალა ქვიშის ნასყიდობის შესახებ, რომლის ფარგლებში ავანსის სახით გადაიხადა 100 ლარი, თუმცა შემდეგში მოსარჩელემ ქვიშა არ მიაწოდა. ამდენად, მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარე, 2015 წლის 20 მარტს თანხა გადახდილია მხარეთა სხვა შეთანხმების საფუძველზე და არა 2012 წელს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების მიზნით.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 2012 წლის შემდეგ მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობის არსებობას და სამშენებლო მასალა ქვიშის მიწოდების თაობაზე შეთანხმების არსებობას. ამ გარემოებას არ ადასტურებს მხოლოდ ის, რომ საგადასახადო დავალებაში გადახდის დანიშნულებად მითითებულია ქვიშის ღირებულების გადახდა.

 

„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, 1. ეს მუხლი განსაზღვრავს საკრედიტო საგადახდო დავალების რეკვიზიტების ჩამონათვალს, როდესაც საკრედიტო გადახდის ოპერაციის მიმღები არ არის სახელმწიფო ხაზინა (საგადახდო დავალების მიმღების ბანკის ველში მითითებული არ არის სახელმწიფო ხაზინა). 2. ლარის საკრედიტო საგადახდო დავალების რეკვიზიტებია: ა) გადამხდელის დასახელება: ა.ა) პირის (გარდა ფიზიკური პირისა) დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ბ) ფიზიკური პირის სახელი და გვარი; ბ) გადამხდელის ანგარიში: ბ.ა) გადამხდელის ანგარიშის ნომერი ან ბ.ბ) შიდასაბანკო ანგარიშის ნომერი (მხოლოდ ფიზიკური პირის ერთჯერადი გადახდის ოპერაციებისთვის); გ) გადამხდელის ბანკის დასახელება; დ) გადამხდელის ბანკის კოდი; ე) მიმღების დასახელება; ვ) მიმღების ანგარიშის ნომერი; ზ) მიმღების ბანკის დასახელება; თ) მიმღების ბანკის კოდი; ი) გადახდის ოპერაციის დანიშნულება; კ) გადახდის ოპერაციის თანხა ციფრებით; ლ) გადახდის ოპერაციის ვალუტის დასახელება; მ) გადახდის ოპერაციის შესრულების თარიღი (ივსება იმ შემთხვევაში თუ დავალების შესრულება მომავალი თარიღით ხდება); ნ) გადამხდელის ბანკში საგადახდო დავალების წარდგენის თარიღი; ო) საგადახდო დავალების მიღების თარიღი (ივსება ბანკის მიერ).

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება 2015 წლის 20 მარტს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის თანხის გადახდა, ხოლო მხარეებს შორის სადაოა თანხის გადარიცხვის დანიშნულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და შესაბამისად, ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას, ვალდებულების შეწყვეტას. ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას ), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს. სწორედ ასეთი მოქმედება (ან მოქმედებისაგან თავის შეკავება) წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს.

 

საქართველოს მოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, შესრულება ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას ქმნის, ვალდებულების გარეშე შესრულებული კი დაბრუნებას ექვემდებარება. თუმცა, მხოლოდ შესრულება კონკრეტული ვალდებულების ინდიკატორი, ვალდებულების დამადასტურებელი არ არის. თანხის გადახდის მოვალეობა სხვადასხვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოიშობა. ამიტომ, შემსრულებელმა უნდა დაამტკიცოს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით განახორციელა ეს შესრულება და კონკრეტულად რომელი ვალდებულება შეასრულა. წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო შესრულების მოთხოვნის უფლება არა აქვს. თუ შემსრულებელი ვერ დაადასტურებს კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, მას აქვს განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვის უფლება უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმღები არ დაადასტურებს, რომ მან შესრულება სხვა ვალდებულებითი ურთიერთობის საფუძველზე მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის კომენტარში ნორმა განმარტებულია შემდეგ მაგალითზე: მაგალითად, თუ პირს, რომელსაც მეორე პირისათვის 10 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი აქვს, ღვინის ნასყიდობის ხელშკრულების არსებობის ფაქტს ვერ დაადასტურებს, იგი თანხის მიმღებისაგან საპასუხო შესრულების სახით , 10 000 ბოთლი ღვინის გადაცემას ვერ მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში, შემსრულებელი გადახდილი თანხის უკან გამოთხოვის უფლებას ინარჩუნებს უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ თანხის მიმღები არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლითაც დაადასტურებს , რომ მან შესრულება სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიიღო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის კომენტარი http://www.gccc.ge/) .

 

მოპასუხის განმარტებით, მან თანხა გადაიხადა არა 2012 წელს მიღებული ლამის ღირებულების ასანაზღაურებლად, არამედ სხვა სამშენებლო მასალის - ქვიშის ღირებულების ავანსის სახით, რასაც მოსარჩელე უარყოფს. მოსარჩელე არ ადასტურებს თანხის მიღებას იმ დანიშნულებით, რასაც მოპასუხე მიუთითებს და განმარტავს, რომ 2012 წლის შემდეგ მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობა არ ყოფილა. ამდენად, თანხის მიღების დანიშნულების სადააობის გამო მოპასუხეს ეკისრება იმის დადასტურების ვალდებულება, თუ როდის დაიდო მხარეებს შორის სამშენებლო მასალა ქვიშის ნასყიდობის ხელშეკრულება და რომ თანხის გადარიცხვით გადაიხადა ქვიშის ნასყიდობის თანხა.

 

ამ შემთხვევაში მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს სარჩელში სადაო უფლების განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, სარჩელს არ ეთანხმება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მოპასუხე 2012 წლის 20 მარტს თანხის გადახდის ფაქტზე დაყრდნობით მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, რის გამოც მისი მტკიცების საგანში შედის იმ ფაქტის დადასტურება, რომ მხარეებს შორის 2015 წელს დაიდო შეთანხმება სამშენებლო მასალა ქვიშის მიწოდების საკითხზე, რომლის საფუძველზე გადაიხადა ავანსი 100 ლარი. მოპასუხეს ასეთი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სამშენებლო ლამის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობის გარდა სხვა შეთანხმების არსებობა. მოპასუხეს არ მიუთითებია, როდის დაიდო ასეთი შეთანხმება (მათ სორის ზეპირი ფორმით), რა რაოდენობის და ღირებულების ქვიშა უნდა მიეღო და როდის უნდა განხორციელებული ნასყიდობის საგნის მიწოდება.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- საგადახდო დავალების ასლი (ს.ფ. 22. ტომი 1)

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება (24.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, რადგან სარჩელი ხანდაზმული არ არის.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 141-ე, 448-ე, 361-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მხარეებს შორის სადაო ურთიერთობა გამომდინარეობს ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რადგან დავის საგანია მოპასუხის საკუთრებაში გადაცემული, მისთვის მიწოდებული სამშენებლო მასალის საფასურის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების არსია გამყიდველისათვის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, ქონების და მასთან დაკავშირებული საბუთების მიწოდება.

 

მოსარჩელემ (გამყიდველმა) ეს ვალდებულება შეასრულა, მან მოპასუხეს (მყიდველს) გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო მასალა ლამი, რის გამოც წარმოიშვა მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეხადა მიღეული სამშენებლო მასალის ღირებულება 603 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველის ვალდებულებაა ნასყიდობის საფასურის, მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, რაც უნდა განხორცილებულიყო გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდით.

 

მოპასუხეს მოთხოვნის წარმოშობა, ანუ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სადავოდ არ გაუხდიათ. მან წარადგინა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო განხორციელებადი არ არის სახელშეკრულებო დავისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

რადგან განსახილველ საქმეში დავის საგანია სამშენებლო მასალის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება, ნასყიდობის საფასურის გადახდა, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლის ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

ნასყიდობის საგანი მოპასუხემ მიიღო 2012 წლის სექტემბერის თვის განმავლობაში, რომლის ღირებულება მყიდველს უნდა გადაეხადა პროდუქციის მიღებიდან 5 დღის ვადაში. პროდუქცია საბოლოოდ მოპასუხემ მიიღო 2012 წლის 11 სექტემბერს, შესაბამისად, ნასყიდობის ღირებულება უნდა გადაეხადა 2012 წლის 17 სექტემბრამდე.

 

ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 17 სექტემბრიდან და დასრულდა 2015 წლის 17 სექტემბერს. განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წლის 16 მარტს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლით - მოვალის მიერ თანხის ნაწილის გადახდით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი ითვალისწინებს ხანდაზმულობის შეწყვეტას მოვალის ისეთი ქმედების შედეგად, რაც მიმართულია სადაო ვალდებულების შესრულებისკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის მიერ განხორციელებული ქმედებები სამართლებრივი ძალის მქონე მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ან ვალდებულების ნაწილის შესრულება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა.

 

მოპასუხემ 2015 წლის 20 მარტს მოსარჩელეს გადაუხადა თანხა, რაც მხარეებს შორის სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე ანაზღაურებული არ არის, რადგან 2012 წლის შემდეგ მხარეები მათ შორის საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების შესახებ არ შეთანხმებულად.

 

მოპასუხე ხანდაზმულობის ვადის გასვლის დასტურად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ მან 2015 წლის 20 მარტს გადაიხადა არა სამშენებლო მასალა „ლამის“, არამედ ქვიშის ღირებულება, მას არ გადაუხდია 2012 წელს მიღებული სამშენებლო მასალის ღირებულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, თანხის გადახდის შემთხვევაში საგადასახადო დავალების სავალდებული რეკვიზიტია თანხის გადახდის დანიშნულება, რომელიც აღინიშნება გადამხდელის მითითებით. გადახდის დანიშნულებაზე დავის შემთხვევაში მხოლოდ ამგვარი მითითება კონკრეტული ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცებისთვის საკმარისი არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე ყოველი შესრულება წარმოშობს ვალდებულების არსებობას. ეს ნორმა წარმოშობს იმის პრეზუმფციას, რომ შესრულება შესაბამისი ვალდებულების საფუძველზე ხორციელდება. ამ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობას, თანხის გადახდით ხანდაზმულობის ვადას შეწყვეტილად არ მიიჩნევს, მიუთითებს, რომ თანხა გადაიხადა არა სადაო, არამედ სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხემ უნდა დაადასტუროს მხარეებს შორის სხვა შეთახმების დადების გარემოება – როდის დაიდო შეთახმება სამშენებლო მალა ქვიშის მიწოდების შესახებ, რა რაოდენობის ქვიშა უნდა მიეწოდებინა, რა იყო პროდუქციის ღირებულება, როდის უნდა განხორცეილებულიყო მიწოდება. მოპასუხემ ნასყიდობის შესახებ შეთანხმების ეს არსებითი გარემოებები ვერ მიუთითა და შესაბამისად, რაც მტკიცებულებებით დასტურდება ეს ფაქტი.

 

ამდენად, მოვალემ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე გადაიხადა მიღებული სამშენებლო მასალის ღირებულების ნაწილი, რითიც ხანდაზმულობის ვადა შეწყდა და მისი დენა თავიდან დაიწყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. ამ ნორმის მიხედვით, ხანდაზმულობის შეწყვეტის შემდეგ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა თავიდან იწყება. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა შეწყდა 2015 წლის 20 მარტს თანხის გადახდის, რომლის მომდევნო დღიდან ხანდაზმულობის სამი წლის ვადა ხელახლა დაიწყო და ეს ვადა დასრულდა 2018 წლის 20 მარტს. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წლის 16 მარტს.

 

მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგოდ ასევე მიუთითებს მოსარჩელის მიერ ვალის პატიებას, რაც ასევე არ დასტურდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის მიხედვით, ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. ვალის პატიების სამართლებრივი ბუნების გამო, როგორც წესი, მოვალემ უნდა ამტკიცოს, რომ ვალის პატიების თაობაზე ხელშეკრულება ნამდვილია და მას შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოსდევს, რადგან ვალის პატიება ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია და მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს. ამდენად, ვალის პატიება მხარეთა შეთანხმებით მიიღწევა, ვალის პატიების პირობებზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება, რის შესახებ მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა მოპასუხეს, რაც არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, რის გამოც მოთხოვნა არ გაქარწყლებულა და მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის თანახმად, დავა არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი, რადგან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. შესაბამისად, მოსარჩელეს ამ საქმეზე უნდა გადაეხადა სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდნეობის არანაკლენ 100 ლარის ნახევარი 50 ლარი. მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 15 მარტს გადაიხადა 100 ლარი, საიდანაც ზედმეტად გადახდილია 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ”გეზის” სარჩელი;

1.1. შპს ”პ-----------------–-----–------------------ას” დაეკისროს სს ”მ–-----------–-ასათვის” 503 ლარის გადახდა;

 

2. შპს ”პ-----------------–-----–------------------ას” დაეკისროს სს ”მ–-----------–-ასათვის” სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა;

 

3. სს ”მ–-----------–-ას” დაუბრუნდეს 2018 წლის 15 მარტს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი