გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
820210018002264997
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210018002264997 (2-31/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი. 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე: ქე------ ღო----------ე

წარმომადგენელი: ზა---------ე

მოპასუხე: რო---------ე

წარმომადგენელი: ბა-----------ძე

დავის საგანი: ქე------ ღ-------------- ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ნივთების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დავალდებულდეს მოპასუხე რო---------ე დაუბრუნოს კუთვნილი შემდეგი ნივთები ქე------ ღო----------ეს: ერთი ცალი ყელსაბამი მედალიონით, ერთი წყვილი ყურსაკიდი, ხელის სამაჯური, ერთი ცალი ბეჭედი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ქე------ ღო----------ემ და რო---------ემ იქორწინეს 2015 წლის 23 იანვარს. ქორწინებიდან რამდენიმე თვეში მათ შორის დაიწყო კონფლიქტი სახვადასხვა საკითხებზე. რო---------ე უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად ცემდა ცოლს - ქე------ ღო----------ეს და საბოლოოდ ისე ცემა სიკვდილს ძლივს გადაურჩა, რის გამოც გაიცა შემაკავებელი ორდერი და რო---------ე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. რო---------ე და ქე------ ღო----------ე ერთად აღარ ცხოვრობენ. ქორწინებისას ქე------ ღო----------ეს აჩუქეს სხვადასხვა ძვირფასი ნივთები, მათ შორის ერთი ცალი ყელსაბამი მედალიონით, ერთი წყვილი ყურსაკიდი, ხელის სამაჯური, ერთი ცალი ბეჭედი. აღნიშნული ნივთები ამ დრომდე აქვს მოპასუხე რო---------ეს და არ უბრუნებს მოსარჩელეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე რო---------ე და მისის წარმომადგენელი შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე არ ეთანხმებიან სარჩელის მოთხოვნას. მათი განმარტებით რო---------ეს არასოდეს ჰქონია მეუღლესთან კონფლიქტი, ოჯახის დაშლის მიზეზი გახდა ქე------ ღ-------------- უღირსი საქციელი და ამის გამო წავიდა ოჯახიდან. ყველა ოქროს ნივთი, რაც გააჩნდა ქე------ ღო----------ეს წაღებული აქვს, ხოლო მის მიერ ჩამოთვლილი ნივთები ჯერ კიდევ ქორწინებისა და ერთად ცხოვრების პერიოდში გაყიდული იქნა ოჯახში არსებული ფინანსური პრობლემების გამო და მოსარჩელის ოჯახში მოპასუხის არავითარი ოქროს ნივთი არ ინახება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2015 წლის 23 იანვრიდან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 10 მარტს დაბადებული ელ---------ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა

- დაბადების მოწმობა

 

3.1.2. ქე------ ღო----------ე და რო---------ე 2017 წლის მაისიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა ქე------ ღო----------ესა და რო---------ეს შორის 2015 წლის 23 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება, გადაწყდა ალიმენტისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი, ქონებრივ დავაზე ცალკე წარმოებად გამოეყო მოცემული საქმე, მოსარჩელე ქე------ ღო----------ე შვილთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლების სახლში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სასამართლოს განჩინება,-მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.3. რო---------ის სახლიდან ქე------ ღ-------------- წასვლის შემდგომ, 2017 წლის 02 ივნისს რო---------ის მიერ გადაცემული იქნა ქე------ ღო----------ეზე ოქროს ნივთები: ერთი წყვილი საყურე, ორი ცალი ბეჭედი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებანი.

-ნივთების გადაცემის აქტი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეები სადავოდ არ ხდიან ქე------ ღო----------ეზე ქორწინებისას სარჩელით მოთხოვნილი ნივთების ჩუქების ფაქტს, მხარეთა შორის სადავოა საკითხი აღნიშნული ნივთების მოპასუხის მფლობელობაში დარჩენაზე.

მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ქე------ ღო----------ეზე ქორწინებისას ნაჩუქარი ოქროს ნივთები, ერთი ცალი ყელსაბამი მედალიონით, ერთი წყვილი ყურსაკიდი, ხელის სამაჯური და ერთი ცალი ბეჭედი ინახება მოპასუხე რო---------ესთან და არ უბრუნებს მოსარჩელეს. (თვითონ მოსარჩელე სასამართლოს არცერთ სხდომაზე არ გამოცხადდა და მის განმარტება სასამართლოს არ მოუსმენია)

 

მოპასუხე და მისი წარმომადგენელი საპირისპიროს ამტკიცებენ და განმარტავენ, რომ ყველა ოქროს ნივთი, რაც გააჩნდა ქე------ ღო----------ეს, წაღებული აქვს, ხოლო მის მიერ მოთხოვნილი ნივთები ჯერ კიდევ ქორწინებისა და ერთად ცხოვრების პერიოდში გაყიდული იქნა ოჯახში არსებული ფინანსური პრობლემების გამო და მოსარჩელის ოჯახში მოპასუხის არავითარი ოქროს ნივთი არ ინახება.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო დასახელებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სადავო ფაქტების დადგენა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცების ტვირთი, მხარეებს შორის, თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლმა დაადგინა, რომ თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ,სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ სარჩელში მითითებული ნივთები ინახება მოპასუხესთან და მის მფლობელობაშია.

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, რომლის მიხედვით, როგორც წესი მტკიცების ტვირთი იმ მხარეს ეკისრება, რომელიც ფაქტის არსებობაზე მიუთითებს და არა მას, ვინც უარყოფს. სწორედ ამიტომ, როგორც ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტის დადასტურების ტვირთი მოსარჩელე მხარეს აკისრია.

მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა 2017 წლის 02 ივნისს რო---------ის საცხოვრებელ სახლში შედგენილი ნივთების დაბრუნების აქტი, რითაც დგინდება, რომ რო---------ის მიერ გადაცემული იქნა ქე------ ღო----------ეზე ოქროს ნივთები: ერთი წყვილი საყურე, ორი ცალი ბეჭედი. აღნიშნულ ნივთებში არ არის რო---------ის მიერ ნაჩუქარი ნივთები ერთი ცალი ყელსაბამი, ერთი წყვილი საყურე, რომელიც გაყიდა. ასევე სადავო გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული იქნენ მოწმეები: ას-----------ე, ფა------------- და ცი--–-------ძე.

მოწმე ას-----------ემ განმარტა, რომ ქე------ ღოღობერიზე არის მის დის შვილი, ქორწინების დროს რო---------ის ოჯახის წევრებმა ქე------ს აჩუქეს ოქროს ნივთები ყელსაბამი მედალიონით, საყურეები, სამაჯური და ბეჭედი, სულ 3000 ლარის ღირებულების. როცა მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ის მივიდა რო---------ის სახლში ქე------ის წამოსაყვანად, რა დროსაც როინის დედამ გამოიტანა ზარდახშა და აჩვენა ოქროს ნივთები და თქვა, რომ ეს ნივთები მჭირდება ჩემს შვლს ცოლი უნდა მოვუყვანოვო. ქე------ი ნაჩუქარ ნივთებს ხშირად ატარებდა და რო---------ის სახლიდან წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 მაისს ის რო---------ესთან ერთად იმყოფებოდა ქე------ის მამის დაბადების დღეზე და ეკეთა ნაჩუქარი ყველა ნივთი.

მოწმე ფა-------------მ განმარტა, რომ ქე------ ღო----------ე არის მისი შვილი, ქორწინების დროს მეუღლის მხარემ აჩუქა ოქროს ნივთები: ყელსაბამი მედალიონით, სამაჯური და ბეჭდები, რომლებსაც ქე------ი მუდმივად ატარებდა, გასული წლის 5 მაისს ქე------ი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა მამის დაბადების დღეზე, მას ეკეთა აღნიშნული ნივთები, ხოლო ორი თუ სამი დღის შემდეგ ის წამოვიდა რო---------ის სახლიდან და ოქროს ნივთები არ წამოუღია.

მოწმე ცი--–-------ძემ აჩვენა, რომ ქე------ ღო----------ეს ქმრის მხარემ აჩუქა ოქროს ნივთები ყურსაკიდები, ოქროს ცეპი, სამაჯური და ბეჭდები, რომლებიც ეკეთა 5 მაისს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ როცა წამოვიდა ქმრის სახლიდან ეკეთა მხოლოდ ერთი ოქროს ბეჭედი.

მოპასუხე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად მიუთითა იმავე 2017 წლის 02 ივნისს რო---------ის საცხოვრებელ სახლში შედგენილი ნივთების დაბრუნების აქტზე და განმარტა რომ ქე------ ღ-------------- სახლიდან წასვლის შემდგომ რო---------ის ოჯახის წევრებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადასცეს მათთან დარჩენილი ოქროს ნივთები - ერთი წყვილი საყურე და და ორი ცალი ბეჭედი, ასევე წაიღო ნიშნობის ბეჭედიც, რაც შეეხება ყელსაბამსა და ერთ წყვილ საყურეს, ოქმშივე აღინიშნა, რომ აღნიშნული ნივთები ქე------ ღო----------ემ გაყიდა. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული იქნენ მოწმეები- ავ--------–------ძე და ნა----–--------–--ე. ავ--------–------ძემ განმარტა, რომ ოქროს ნივთები: ყელსაბამი და ოქროს საყურეები ქე------ ღო----------ემ და რო---------ემ გაყიდეს დაახლოებით ორი წლის უკან რო---------ის დედის ავადმყოფობის გამო, თვითონ წაიყვანა თავისი მანქანით ახლდა რო---------ის ძმის ცოლიც, რომლის ოქროს საათიც გაყიდეს ამასთან ერთად, ნივთების გაყიდვაში დაეხმარა მისი ნათესავი, რომელიც თავის დროზე დაეხმარა ნივთების შეძენაში.

მოწმე ნა----–--------–--ემ აჩვენა, რომ არის რო---------ის მეზობელი, მათ ოჯახს ჭირდებოდა ფული და აპირებდნენ ოქროს ნივთების გაყიდვას, ამიტომ შეუთანხმდა რომ ოქროს სამაჯურს თვითონ იყიდდა, ქე------მა თავისი ხელით გამოუტანა და გადასცა ოქროს სამაჯური, თანხა 200 აშშ დოლარის ოდენობით რამდენიმე დღის შემდეგ გადასცა რო---------ის მამას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეთა ჩვენებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული რომ სარჩელით მოთხოვნილი ოქროს ნივთები მოსარჩელესთან ინახება, მოწმე ას-----------ემ აღნიშნულის დასადასტურებლად განმარტა, რომ რო---------ის დედამ აჩვენა ზარდახშა ოქროს ნივთებით, (რასაც კატეგორიულად უარყოფს მოპასუხე მხარე) თუმცა ზუსტად ვერ ასახელებს რა ნივთები იყო, მართალია სამივე მოწმე აჩვენებს, რომ 5 მაისს, ქე------ ღ-------------- სახლიდან წამოსვლამდე ორი დღით ადრე ეკეთა აღნიშნული ოქროს ნივთები, რომლებსაც მუდმივად ატარებდა, თუმცა ვერ იქნა ახსნილი წამოსვლის დროს რატომ დატოვა ნივთები მოპასუხის სახლში. ამასთანავე წასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დარჩენილი ოქროს ნივთების წამოღებისას არ განუცხადებია პრეტენზია სარჩელში აღნიშნულ ყველა ნივთზე, ოქმში ჩაიწერა, რომ აკლდა ორი ნივთი - ყელსაბამი და საყურე, რომელიც გაყიდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწმის ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და იგი, მსგავსად სხვა მტკიცებულებისა, სასამართლოსთვის სავალდებულო ხასიათის მატარებელი არ არის. სასამართლო მოწმის ჩვენებას აფასებს სანდოობის და სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ მოწმის განმარტება იყოს თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ამასთან, იგი შესაბამისობაში უნდა იყოს მხარის მიერ სარჩელში თუ შესაგებელში მითითებულ გარემოებებთან.

ზემო აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ქე------ ღ-------------- მეუღლესთან დაშორების დროს სარჩელით მოთხოვნილი ნივთები მოპასუხის სახლში ინახებოდა და ეს ნივთები ამჟამად მოპასუხის მფლობელობაშია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა განმარტებები

-მოწმეთა ჩვენები

-ნივთების გადაცემის აქტი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

სასამართლო განმარტავს, რომ ქონება, რომელსაც ერთ-ერთი მეუღლე ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შეიძენს, მიიჩნევა ორივე მეუღლის თანასაკუთრებად, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზე აღირიცხება საკუთრების უფლება. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს შეძენილი ქონება უძრავია თუ მოძრავი და ექვემდებარება იგი სავალდებულო რეგისტრაციას თუ არა. ყველა შემთხვევაში, ქონებას, რომელსაც მხარეები თანაცხოვრების პერიოდში შეიძენენ, წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას. ის ქონება კი რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინებამდე ეკუთვნოდა ან ქორწინების განმავლობაში მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიიღო, ამ უკანასკნელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებად მიიჩნევს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქორწინებამდე და ქორწინების პერიოდში ჩუქებით მიღებული ქონების დაბრუნება წარმოადგენდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნაჩუქარი ქონება, რომელიც მისი ინდივიდუალური საკუთრებაა, მოპასუხის უნანონო მფლობელობაშია და ამიტომ მათი დაბრუნება უნდა მოხდეს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი თავისი ბუნებით ვინდიკაციური სარჩელია და მისი გადაწყვეტა იმ სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს, რომელიც მესაკუთრეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლებას ანიჭებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამასთან, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთების არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, ადასტურებენ ამ მხარის პოზიციის მართებულობას, თუმცა, გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტი, რომლის თანახმად, სასამართლო ადგენს ამ მტკიცებულებათა სანდოობას, იურიდიულ ძალას და ამ გზით განსაზღვრავს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საკითხს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელში მიუთითა, რომ ქე------ ღო----------ესა და რო---------ეს შორის ქორწინებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო კონფლიქტი, რო---------ე ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად ცემდა ცოლს და ბოლოს ისე ცემა, რომ ძლივს გადაურჩა სიკვდილს და იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. სახლის დატოვების შემდეგ მოპასუხესთან დატოვა ოქროს ნივთები, რომელიც ამ დრომდე აქვს რო---------ეს და არ უბრუნებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელის დაკმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია სამივე პირობის ერთდროულად არსებობა. ამასთან მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სადავო ნივთები მოპასუხე მხარის მფლობელობაშია. საქმის განხილვის შედეგად მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა რელევანტური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მოსარჩელემ მოპასუხის სახლში დატოვა. მოწმეები მიუთითებენ რამდენიმე დღით ადრე ამ ნივთების ქე------ ღ-------------- ფლობაზე, აცხადებენ, რომ ქე------ ღო----------ე ნივთებს მუდმივად ატარებდა, თუმცა ვერ იქნა დადგენილი რა გარემოებებში, სად და ვისთან დატოვა სადავო ნივთები ქე------ ღო----------ემ. ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ მოთხოვნილი ნივთები რო---------ის მფლობელობაშია. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმემ ქე------ ღ-------------- დეიდამ ას-----------ემ აჩვენა, რომ სადავო ოქროს ნივთები ზარდახშით შენახული აქვს რო---------ის დედას. შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებაც გამორიცხავს სადავო ნივთების რო---------ის მფლობელობაში არსებობას. დასახელებული გარემოებები გამორიცხავენ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეზე საპროცესო ხარჯის გადახდევინების დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ქე------ ღ-------------- სარჩელი რო---------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდილია წინასწარ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე