გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1644-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მაისი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს "ო--–------------ი"
წარმომადგენელი თეონა კავთელაძე
მოპასუხე ლ-–- მ-------–---–ი
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1ლ-–- მ-------–---–ისთვის 1499,79 ლარის დაკისრება;
(მოსარჩელის განმარტება 22.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 24 აპრილს დადებული N 1236469 ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო 1000 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 31 დღე. პროცენტი დღიური 0,54%. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ერთჯერადი საურავი 50 ლარი 2 ვადაგადაცილებულ დღემდე, 30დრემდე- 100 ლარი. ასევე ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2%. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება და მისი დავალიანებაა: ძირითადი თანხა 1000 ლარი, სარგებელი 166,79 ლარი და პირგასამტეხლო 333 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2016 წლის 2 ივნისიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო. თანხმობა განაცხადა ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდაზე, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრებას არ დაეთანხმა იმ საფუძლით, რომ პირგასამტეხლოს თანხა მეტისმეტად მაღალია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 24 აპრილს დადებული N 1236469 ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ლ-–- მრებრიშვილმა შპს ო--–------------ისაგან მიიღო 1000 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 31 დღე. პროცენტი დღიური 0,54%. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ერთჯერადი საურავი 50 ლარი 2 ვადაგადაცილებულ დღემდე, 30 დღემდე- 100 ლარი. ასევე ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-29)
3.2. ლ-–- მ-------–---–მა არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. მისი დავალიანებაა: ძირითადი თანხა 1000 ლარი, სარგებელი 166,79 ლარი და პირგასამტეხლო 333 ლარი. პირგასმატეხლო დარიცხულია 2016 წლის 2 ივნისიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– სარჩელი (ს.ფ. 2-5)
– შესაგებელი (ს.ფ. 47-51)
– საგადახდო ისტორია (ს.ფ. 30. ტომი 1)
– (მოსარჩელის განმარტება 22.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 361-ე, 316-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია და ითვალისწინებს სესხზე სარგებლის 61,96 ლარის დარიცხვას. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი.
მოპასუხემ დაადასტურა, რომ არ დაუბრუნებია სესხად მიღებული თანხა და სარგებელი, ამდენად, მას არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს შპს "ო--–------------ისათვის" სესხის ძირითადი თანხის 1000 ლარის და სარგებლის 166,79 ლარის გადახდა.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასმატეხლოს გადახდა, რის გამოც მოპასუხეს სესხის თანხასთან ერთად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდაც. სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდა .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
პირგასამტეხლოს დაკისრების აუცილებელი პრიბაა მხარეთა მიერ შეთანხმების წერილობითი ფორმის დაცვა, რადგან მხოლოდ წერილობით დადებული ხელშეკრულება წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
ამდენად, მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ერთჯერადი ჯარიმით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 2%-ის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირების საფუძვლები არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხაა 1000 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 2% ყოველდღიურად, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 20 ლარს. ვადის გადაცილების პერიოდია 2016 წლის 2 ივნისიდან 2017 წლის 22 მაისამდე - 359 დღე.
მოსარჩელემ თავდაპირველად მოთხოვნილი პირგასმატეხლოს თანხა 833,21 ლარი შეამცირა და მოითხოვა 333 ლარის დაკისრება, რაც არის სესხის თანხის მესამედი ნაწილი, ხოლო ყოველდღიურად გადასახეელი თანხა შეადგეს 1,07 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის დავალიანების ოდენობის, ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით ამ ოდენობის პირგასამტეხლო გონივრული თანხაა. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება საერთოდ არ შეასრულა, მას არ გადაუხდის სესხის რაიმე ნაწილი, არ მოუთხოვია სესხის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების საფუძველზე სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელება. მოვალემ არ გამოავლინა გულისხმიერი დამოუკიდებულება შესასრულებელი ვალდებულების მიმართ.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი და მოვალე აიძულოს პირგასამტეხლოს დაკისრების შიშით ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „პაცტა სუნტ სერვანდა“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და არა დამატებითი შემოსავლის მიღება.
პირგასამტეხლოს ერთერთი ფუნქცია არის კრედიტორის შესაძლო ზიანის სწრაფად ანაზღაურება. 420-ე მუხლის მიხედვით, შემცირებას ექვემდებარება არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლო. არაგონივრულად მაღალია პირგასამტეხლოს თანხა ისეთ შემთხვევაში, როცა მნიშვნელოვნად დარღვეულია თანაფარდობა შესასრულებელი ვალდებულების მოცულობასა და პირგასამტეხლოს თანხას შორის. ამ შემთვევაში, სესხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 1000 ლარი და სარგებელია 166,79 ლარი. პირგასამტეხლო არის ძირითადი თანხის დავალიანების მესამედი თანხა.
პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ გადაუხდელი სესხის თანხა არ არის მცირე თანხა, ვალდებულება 2 წლის მანძილზე არ შესრულებულა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის - ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ვალდებულების შეუსრულებლობის და სადაო თანხის მოცულობის გათვალისწინებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია, რადგან უზრუნველყოფს როგორც მოპასუხისათვის სამართლიანი ფულადი სანქციის სახით პასუხისმგებლობის დაკისრებას სესხის დაუბრუნებლობის გამო, ისე კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ქონებრივი დანაკარგის მინიმალურად და სწრაფად კომპენისირებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 1000 ლარის, სარგებლის 166,79 ლარის და პირგასამტეხლოს 333 ლარის გადახდა, საერთო ჯამში 1499,79 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ ცნო 1166,76 ლარის მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 80%. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 80 ლარის 80% არის 40 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 10 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. დავის საგნის ღირებულებაა 1499,79 ლარის 4%-ია 59,99 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული დახმარების ხარჯების ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 100 ლარის დაკისრებას, რაც აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად მოსარჩელისათვის თანხის გადახდა დავის საგნის 4%-ის ფარგლებში 25 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ო--–------------ის“ სარჩელი;
1.1. ლ-–- მ-------–---–ს დაეკისროს შპს „ო--–------------ისათვის“ 1499,79 ლარის გადახდა;
1. შპს „ო--–------------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 10 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 40 ლარი (საგადახდო დავალება N236) თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
2. ლ-–- მ-------–---–ს დაეკისროს შპს „ო--–------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 10 ლარის გადახდა, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღურებლად 25 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი