განაჩენი

სისხლის სამართლის 22.06.2018
საქმის ნომერი
160100118002427704
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002427704

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/119-18 22 ივნისი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N019290418001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნინო პაპაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ბადრი პატარია

 

ბრალდებული: ი--- ა-–------ი

მამის სახელი: ხაზეინ

დაბადებული: 1983 წლის 18 სექტემბერი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბოლნისი, სოფელი გეტა

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 ი--- ა-–------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2018 წლის 28 აპრილს დაახლოებით 19:00 საათზე, ი--- ა-–------მა ბოლნისის რაიონის სოფელ გეტაში, ჯერ თავიანთი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, შემდეგ დერეფანში და ბოლოს საძინებლ ოთახში, მეორე ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მეუღლეს - აფსანა ამიროვას სხეულის სხვადსხვა ადგილებში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ცომის საბრტყელებელი ჯოხი და საჩხრეკი, რის გამოც აფსანა ამიროვამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 1 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N002865318 დასკვნის თანახმად გარეგანი დათვალიერებით აფსანა ამიროვას 30.04.18წ აღენიშნება სისხლნაჟღენთები ორივე დუნდულოს, გულ-მკერდის უკანა ზედაპირის და მარჯვენა მხარის სარტყლის მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 10 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N003035418 დასკვნის თანახმად შპს ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა N100, რეგისტრაციის N5432-ის მონაცემებით და გარეგანი დათვალიერებით აფსანა ამიროვას 28-30.04.18წ აღენიშნება ნაჭდევი თავის მიდამოში, სისხლნაჟღენთები ორივე დუნდულოს, გულ-მკერდის უკანა ზედაპირის და მარჯვენა მხარის სარტყლის მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

მოწმე ფირუზ ქობლიანიძის, დაზარალებულ აფსანა ამიროვას, სევდა ამიროვის, ზვიადი გაბლიანის, ჯამელა აგაქიშიევას, ხაზეინ ა-–------ის, ალექსანდრე სამხარაძის, ინტიგამ ა-–------ის, ნარგულ ა-–------ას, გაჯიქარიმ გაჯიევის ჩვენებებით, 2018 წლის 29 აპრილის დათვალიერების ოქმით, აფსანა ამიროვას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დადგენილია, რომ აღნიშნული დაზიანებები აფსანა ამიროვას მიაყენა ი--- ა-–------მა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი--- ა-–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ი--- ა-–------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმე ფირუზ ქობლიანიძის, დაზარალებულ აფსანა ამიროვას, სევდა ამიროვის, ზვიადი გაბლიანის, ჯამელა აგაქიშიევას, ხაზეინ ა-–------ის, ალექსანდრე სამხარაძის, ინტიგამ ა-–------ის, ნარგულ ა-–------ას, გაჯიქარიმ გაჯიევის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 29 აპრილის დათვალიერების ოქმს, აფსანა ამიროვას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, სამედიცინო ექსპერტიზის N002865318 და N003035418 დასკვნებს.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ი--- ა-–------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი--- ა-–------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი--- ა-–------მა აფსანა ამიროვას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულებთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და თანასოფლელების მიერ ხასიათდება დადებითად.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი - დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით და პატიმრობაში გატარებული დღეების მხედველობაში მიღებით ი--- ა-–------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი, აღიარებს დანაშაულს და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ი--- ა-–------ს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქარველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული რკინის საჩხრეკი და ცომის საბრტყელებელი ჯოხი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი--- ა-–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

ი--- ა-–------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 29 აპრილიდან 2018 წლის 23 მაისის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ი--- ა-–------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ი--- ა-–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

რკინის საჩხრეკი და ცომის საბრტყელებელი ჯოხი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე