განაჩენი

სისხლის სამართლის 15.06.2018
საქმის ნომერი
190100117002132018
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ივნისი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ანა ადეიშვილი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული: ი-----–-------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრაციის მისამართი ქ------------------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართი: ქ----------------------–---–------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ადვოკატი - ი----------------ა

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ი------------ს მისი მეუღლე ი-----–-------–--ე თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით ბავშვების თანდასწრებით, რაც ი------------სთვის იყო დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი.

 

2017 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ----------------------–---–----------- მდებარე საცხოვრებელი ბინის სამზარეულო ოთახში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ი------------ს მისმა მეუღლემ ი-----–-------–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სამზარეულოს ხის კოვზი ძლიერად ჩაარტყა შუბლის არეში ერთხელ, რის გამოც ი------------ს წამოუვიდა სისხლი და ჩაულურჯდა თვალები. აღნიშნულით ი------------მ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. ი-----–-------–--ის ქმედებების შედეგად ი------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1. დაზარალებულის ი------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1998 წლიდან ცხოვრობს ი-----–-------–--ესთან ერთად და ჰყავთ ხუთი შვილი. მის მეუღლეს ი-----–-------–--ეს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რამდენჯერმე იყო პატიმრობაში, არ ცხოვრობდა ჯანმრთელი წესით. სთხოვდა მისულიყო ექიმთან, ამპულა ჩაედგა რომ აღარ დაელია ალკოჰოლური სასმელი, მაგრამ პასუხი იყო, რომ ყოველთვის შეძლებდა თავის დანებებას და ამის გამო ვერ დაიყოლია მკურნალობაზე.

 

2017 წლის 21 სექტემბერს კამათობდა მეუღლესთან, ეს კამათი უკვე სისტემატიური ხასიათის იყო, ამ შემთხვევაში ძირითადი თემა იყო ის, რომ მათ ერთ-ერთ შვილს თეიმურაზ მ----–--ეს თმები ჰქონდა გაზრდილი, რასაც ბრალდებული აპროტესტებდა და არ მოსწონდა. ი. თ--------ს ბავშვის მხარე ეჭირა, რის ნიადაგზეც წარმოიშვა კამათი და თავადაც აღარ დაიხია უკან. კამათობდნენ სასადილო ოთახში, შემდეგ ი-----–- შევიდა სამზარეულოში, თავადაც გაჰყვა. ი-----–-მ უთხრა, რომ ოთახიდან გასულიყო, მან ჰკითხა რა დააშავა, რა უთხრა ისეთი, რომ ოთახიდან უნდა გასულიყო. ამ შეკითხვის შემდეგ ბრალდებული გახდა აგრესიული და აიღო უჯრიდან ხის მოზრდილი კოვზი და ჩაარტყა შუბლში, წამოუვიდა სისხლი. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ მათი ერთ-ერთი ქალიშვილი და ნათესავი ქალბატონი ნ-----–---–------ე. სამზარეულოდან იმ ოთახამდე დიდი მანძილი არ არის და მათ ყველაფერი გაიგეს და დაინახეს. კოვზის ჩარტყმის შემდეგ შეცბა ი. მ----–--ე, შემდეგ რა მოხდა არ ახსოვს რადგან ცუდად იყო. ბავშვები შევიდნენ ცივი წყალი დაალევინეს, ყინული დაადეს და გაიყვანეს ოთახიდან. ექიმისთვის არ მიუმართავს, პატარა კოპი ჰქონდა. მეორე დრეს ძალიან დაულურჯდა, რომ სცოდნოდა ასე დაულურჯდებოდა მიმართავდა ექიმს. სილურჯე ორივე თვალზე ჰქონდა, თითქმის 10 დღე გარეთ ვერ გადიოდა. ექსპერტიზა ჩაუტარდა 24- ში. მეორე დღესაც მოხდა მათ შორის კამათი, მაგრამ არ იყო სერიოზული ხასიათის, მესამე დღეს მათ სახლში გაუთიშეს ელექტროენერგია, ბრალდებულს მრიცხველიდან უნდოდა ჩართვა, იყო ნასვამ მდგომარეობაში, მოწმე არ უშვებდა მას დენთან და ამის გამო მათ შორის მოხდა ისევ სერიოზული ჩხუბი. იმ გარემოებების გამო, რომ მათი ოჯახიდან გამოდიოდა ყოველთვის ჩხუბისა და ყვირილის ხმა, ბინის პატრონმა მათ მოთხოვა ბინის დაცლა, რადგან მეზობლები წუხდებოდნენ მათი ხმაურით. ხმაურით შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიციასაც კი მიმართეს და საჩივარი შეიტანეს ი------------ს ოჯახის მიმართ. იმის გამო, რომ ბინის მეპატრონე ბინის დაცლას ითხოვდა ი-----–-ს გამო, მან სთხოვა ი-----–-ს წასულიყო ცოტა ხნით გურიაში, იქნებ აღარ გაეშვათ ბინიდან, ამის გაგონებაზე ი-----–- გახდა უფრო აგრესიული და ისევ იჩხუბეს, ჩხუბმა სერიოზული ხასიათი მიიღო და შეეშინდა, ამიტომ დარეკა 112-ში. ამის შემდეგ ბრალდებულმა დატოვა საცხოვრებელი სახლი და გარეთ გავიდა. ფიზიკურ შეურაცხყოფას ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ბრალდებული სახლში ამტვრევდა ყველაფერს, იგინებოდა ეს ყველაფერი მოქმედებდა მათ ბავშვებზე, აღარ ჰქონდათ უნარი ესწავლათ, რადგან ნერვული სისტემა ძალიან ჰქონდათ დაზიანებული. ადრე მათ ეკონომიური პრობლემები არ ჰქონდათ და იკავებდა თავს ბრალდებულის სიმთვრალეზე და ცუდ ხასიათზე, მათი ბავშვები დაჟინებით ითხოვდნენ, რომ გაშორებოდნენ ცოლ-ქმარი ერთმანეთს, რადგან ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, ასევე მეზობლებიც შეწუხებულები იყვნენ და ბინის პატრონმა ერთხელ უკვე გამოაგდო ამ კონფლიქტის გამო ეს ოჯახი სახლიდან. ახალ ბინაში გადასვლის შემდეგაც ერთი და იგივე გრძელდებოდა, ერთი თვეც არ აჩერებდა ბინის პატრონი მათ სახლში. მას ძალიან უჭირდა ხუთი შვილით ქუჩაში ყოფნა და ასევე ბინის მოძებნაც, რადგან ყველა ერიდებოდა ხუთი შვილის სახლში შეშვებას. ბრალდებული სიფხიზლეში ყოფნის დროს არის კარგი პიროვნება, თუმცა ის მუდმივად არის ალკოჰოლური თრობის ქვეშ. კამათის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა მეუღლეს, აგინებდა. ერთხელ შვილი (ბიჭი) შეეკამათა, რომ დედას ასეთ სიტყვებს ნუ ეძახდა. დღემდე ვერ გამოვიდა მგდომარეობიდან, სულ ფიქრობდა, რომ გარეთ გასული მთვრალი მივიდოდა, შიშის მომენტები დღემდე აქვს და ნერვული სტრესი. ი. მ----–--ე როცა სვამდა თავს ვერ აკონტროლებდა და ამას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. მან ორჯერ განაცხადა პოლიციაში, წელიწადნახევრის წინ, 2017 წლის ზაფხულში, ივნისის თვეში. პირველად შემაკავებელი ორდერი იქნა მიღებული. მაშინ ბოლომდე ვერ გაიმეტა. ჩხუბში დანა მოხვდა ხელზე, შრამიც აქვს. იმ დღეს იყვნენ სახლში გადასულები, დაამტვრია სახლში რაღაცები და დარეკა პოლიციაში.

 

ი-----–-------–--ის მოქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

3.2. მოწმე ხ----------–-----ემ განაცხადა, რომ არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს ი-----–-------–--ესთან, რამდენჯერმე ნახა, როდესაც მიმართეს მან და მისმა მეუღლე ი------------მ ბინის ქირაობის თაობაზე. აქვს ბინა, რომელიც დაკეტილი აქვს და აქირავებდა, ქ-----------–-----------–---–-----------ში. ი-----–-------–--ეს და მის მეუღლეს ბინა მიაქირავა 2017 წლის 1 ივლისს. მალევე მეზობლებისგან გაიგო, რომ ძალიან ხმაურიანი ოჯახია, საყვედურობდნენ მეზობლები, თუ რატომ მიაქირავა ასეთ ადამიანებს. პირველ ჯერზე იას სთხოვა, რომ ცოტა წყნარად ყოფილიყვნენ. შემდეგ მეზობლებისგან გაიგო, რომ კონფლიქტი ჰქონდათ ოჯახში და გამოუძახიათ პატრული. იამ უთხრა, რომ ერთხელ მოხდა და მეტჯერ აღარ განმეორდებოდა. აღარ განმეორებულა, ზაფხულის პერიოდი დაემთხვა, თავად გავიდა ქალაქიდან, ი-----–-ც იყო ქალაქში და მშვიდად იყვნენ. სექტემბერში ხ----------–-----ე რომ დაბრუნდა, სთხოვა იას ქირის გადახდა. ქირა და კომუნალური ვერ გადაიხადეს. სთხოვა ბინის დაცლა, ამას მოჰყვა მეუღლეებს შორის კამათი, მერე გაიგო რომ უკამათიათ, გამოუძახიათ საპატრულო ეკიპაჟი. დღემდე ცხოვრობენ მის ბინაში, არ იხდიან ქირას, არანაირ კომუნალურს. პირადად არ შესწრებია კონფლიქტს. მეზობლებსაც არ უთქვამთ კაცმა დაიწყო თუ ქალმა კონფლიქტი. აგვისტოს თვეში წყნარად იყვნენ, როდესაც მეუღლე არ იყო. ი-----–-------–--ე როდესაც ნახა ნაბახუსევი იყო. მეზობლებისგან იცოდა, რომ ი-----–-------–--ე მიდიოდა სისტემატიურად ნასვამ მდგომარეობაში და იწყებდნენ კამათს, ეს იასგანაც იცის. ვინაიდან მეზობლებისგან იყო საყვედური და იმ მეზობლებთან ერთად უნდა ეცხოვრა ეზოში, არ უნდოდა მათთან ცუდი ურთიერთობა, რადგანაც ვერ იხდიდნენ ქირას და კომუნალურს და იყვნენ ხმაურიანები, ამიტომ სთხოვა დაეცალათ ბინა. პირველად ი-----–-------–--ე მაშინ ნახა, როდესაც ბინა მიაქირავა, აჩვენა, მაშინ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. მეორედ ნახა მაშინ, როდესაც იას მოსთხოვა ბინის დაცლა.

3.3. მოწმე ნ-----–---–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს ი-----–-------–--ეს, ი------------, მისი მეზობელი იყო. იმ დღეს, როდესაც შემთხვევა მოხდა სტუმრად იყო ი------------სთან, ი-----–-------–--ე მივიდა ნასვამ მდგომარეობაში. ბავშვები სახლში იყვნენ, ნ-----–---–------ე საძინებელში იყო წამოწოლილი. წაკამათდნენ ცოლ-ქმარი ბავშვების თაობაზე. ნ-----–ი არ ჩარეულა. ამ დროს ბავშვები მისაღებ ოთახში იყვნენ, ოთახებს კარებები არ აქვს, ახლოს არის ერთმანეთთან, ტელევიზორს უყურებდნენ. ია და ი-----–- შემდეგ სამზარეულოში გავიდნენ იქ გააგრძელეს ჩხუბი. არ მოეწონა მათი ტონი და ხმაური და გამოვიდა საძინებლიდან, დაუყვირა, რომ დამშვიდებულიყვნენ, ხმა არ უნდა გაეგოთ მეზობლებს, არ შეეწუხებინათ. ცოტა ხმამაღლა მოუვიდათ საუბარი. ამ დროს უკვე იაც გამოვიდა ოთახიდან, შუბლზე ჰქონდა კოპი და სისხლი მოსდიოდა. კითხვაზე რა სჭირდა უპასუხა, რომ ი-----–-მ დაარტყა. უკვე სამზარეულოსთან იდგა და დაინახა რომ ი-----–-------–--ეს ხის ამოსაზელი გრძელტარიანი კოვზი ეჭირა. მეორე დღეს იას თვალები ჩაულურჯდა. მეორე დღეს, ისე რომ მან არ იცოდა, ი------------ს დაურეკავს საპატრულო პოლიციაში. ამის შემდეგ ი-----–-------–--ე დააკავეს.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე ს---------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შ--------------------–-----------------–----------------------–---ში. საქმიდან გამომდინარე იცნობს ი------------ს და ი-----–-------–--ეს. 2017 წლის 23 სექტემბერს იყო სამსახურში, ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება ღამის საათებში, დაახლოებით 11 საათზე, რომ ქ-----------–----------–---–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ი------------ს თავისმა მეუღლემ ი-----–-------–--ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რაც მოიცავს ოჯახში ძალადობას ერთი პირის მხრიდან მეორის მიმართ არასრულწლოვნების თანდასწრებით. შემთხვევის ადგილზე გავიდნენ დაახლოებით 10 წუთში. ადგილზე დაკითხეს ი------------, ზუსტად რამდენს ხანს დარჩნენ არ ახსოვს. მისი ჩვენებიდან გამოიკვეთა რომ ი-----–-------–--ეს არაერთხელ მიუყენებია მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა, სისტემატიური ხასიათის, იმავე თვის 21 სექტემბერს ი. მ----–--ეს ფიზიკური შეურაცხყოფა ჰქონდა მიყენებული ია თ--------სთვის. ვინაიდან მას შემდეგ რაც ი-----–-------–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილზე შეიძლება მისულიყო პოლიციის თანამშრომელი, იგი საცხოვრებელი მისამართიდან წავიდა, არსებობდა საფრთხე იმისა, რომ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ბრალდებული მიმალულიყო. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ი-----–-------–--ე იმყოფებოდა ქ-----------–-----------–---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბ----------–---–თან ერთად მოახდინა მისი დაკავება. დაკავებამდე ი. მ----–--ეს განემარტა მისი უფლებები, ასევე განემარტა თუ რომელ სისხლის სამართლის საქმეზე ხდებოდა მისი დაკავება. დაკავება მოხდა წყნარ, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობა არ გაუწევია, გარკვეული აგრესია იყო მისი მხრიდან, პროტესტის ნიშანი ჰქონდა, სიტყვიერად ეკამათებოდა პოლიციელებს, ამბობდა რომ ცოლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და დაკავება არ იყო მიზანშეწონილი. ოქმი შედგა ადგილზე, ბ-------–---–----- ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ი. მ----–--ე პირადად გაეცნო დაკავების ოქმს, დაადასტურა ხელმოწერით, ოქმის დასრულების შემდეგ გადაეცა ოქმის ასლი, რის შემდეგაც იგი გადაყვანილი იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამის შემდეგ მოხდა მოწმეების დაკითხვა, ი------------ს და ი-----–-------–--ის შვილების დაკითხვა, მათი ოჯახის ახლობელი ქალბატონის და ბინის მეპატრონის დაკითხვა. აღნიშნული მტკიცებულებების შეკრების შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში პირადად წაუყენა ბრალი ი. მ----–--ეს. დაკითხა ბრალდებულის სტატუსით. ბრალდებულმა იმ დროს თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასევე მას გაეცვალა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება. ი------------ს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რა დროსაც დადგინდა, რომ მას აღენიშნებოდა დაზიანების კვლები, სილურჯეები და სისხლჩაქცევები თავის არეში, მაგრამ იყო ჯანმრთელობის მოუშლელად. ი------------ს დაზიანებები იყო ხილული და შესაძლებელი იყო ისი შენიშვნა, რაც თავადაც შეამჩნია.

 

3.5. მოწმე დ----------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შ--------------------–-----------------–----------------------–---ში. ი-----–-------–--ეს იცნობს სს საქმიდან გამომდინარე. 2017 წლის 16 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმეზე დ----------------–---–ის მიერ გაცვლილი იქნა მტკიცებულებები ბრალდებულ ი. მ----–--ესთან, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურეს ხელისმოწერით. დ----------------–---–ისთვის ცნობილია, რომ მოხდა ოჯახური ძალადობა მეუღლესთან მიმართებით, სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია.

3.6. მოწმე ბ----------–---–ის ჩვენების მიხედვით იგი მუშაობს შ--------------------–-----------------–----------------------–---ში. ი-----–-------–--ეს იცნობს იქიდან, რომ რამდენჯერმეა ნასამართლევი, რაიმე ახლო ურთიერთობა მასთან არ აქვს. ი------------ს არ იცნობს. განყოფილებაში შეტყობინება იყო შესული ოჯახურ კონფლიქტზე, რაზეც მოახდინეს შესაბამისი რეაგირება. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ი-----–-------–--ე იმყოფებოდა ქ-----------–-----------–---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე გავიდა თანამშრომელ ს---------------–---–თან ერთად. ი-----–-------–--ე იქნა შეჩერებული შემდგომ კია დაკავებული იქნა ს---------------–---–ის მიერ. ი. მ----–--ეს მას განემარტა მისი უფლებები. ადგილზე შედგა დაკავების ოქმი, ხოლო ოქმის ასლი გადაეცა დაკავებულს.

3.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 სექტემბრის #0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით პირადი გასინჯვის მონაცემებით ი------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევები შუბლზე მარცხნივ, ორივე თვალბუდეში და ცხვირზე, ნაჭდევი შუბლზე მარცხნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გიორგი ოქრუაშვილმა და განმარტა, რომ მუშაობს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში, სამედიცინო ექსპერტად. ი-----–-------–--ეს არ იცნობს, ი------------ შემოწმებული ჰყავს. კერძოდ, 2017 წლის 24 სექტემბერს მის მიერ შემოწმებული იქნა ი------------, რომელსაც დაზიანება აღენიშნებოდა შუბლზე, სისხლჩაქცევები ცხვირზე და ორივე თვალბუდეში. ნაჭდევი ჰქონდა შუბლზე მარცხნივ. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (21 სექტემბერს). მან პირადად შეამოწმა ი------------. 21 სექტემბერს იყო მომხდარი ფაქტი, ხოლო 24 სექტემბერს მოხდა შემოწმება. ეს პერიოდი საკმარისია იმისთვის, რომ დასკვნა იყოს სრულფასოვანი.

3.8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენით ი-----–-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის („ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (მარიხუანას) უკანონოდ მოხმარების ფაქტზე) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 06 იანვრის განაჩენით დანიშნული და 2015 წლის 30 ივლისის საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს №001/15-3350 გადაწყვეტილებით დარჩენილი სასჯელიდან - პირობითი მსჯავრი 1 თვე და 19 დღე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ი-----–-------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მასვე, საქართველოს სსკ 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით, რომლის სახეც განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.

მსჯავრდებული ი-----–-------–--ე აყვანილი იქნა პატიმრობაში სასამართლოს სხდომის დარბაზიდანვე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 28 აგვისტოს 18:34 საათიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 25 დეკემბრის N25/12/01 განკარგულებით ი-----–-------–--ე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

3.9. სასამართლო სხდომაზე ვერ იქნენ დაკითხული არასრულწლოვანი მოწმეები მერი მ----–--ე და დეა მ----–--ე, მათი მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გამო, მათ არ ისურვეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

3.10. ი-----–-------–--ემ ისარგებლა დუმილის უფლებით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მისი ქმედება არ მოიცავდა ი------------სთვის ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ბრალდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არათანმიმდევრულია და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ. ის გარემოება, რომ ი-----–-------–--ემ ი------------ზე იძალადა და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დასტურდება თავად დაზარალებულის ჩვენებით, რომელიც გამყარებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით.

ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი-----–-------–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს ი-----–-------–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას განმარტავს შემდეგი სახით: „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

 

„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულის ი-----–-------–--ეს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ბ” პუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ი-----–-------–--ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან, აღნიშნული ნორმის მიხედვით არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. 2. ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ი-----–-------–--ე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (მარიხუანას) უკანონოდ მოხმარების ფაქტზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის) მოხმარებისთვის.

 

გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

 

ვინაიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აგვისტოს განაჩენით ი-----–-------–--ე ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (მარიხუანას) უკანონოდ მოხმარების ფაქტზე, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ი-----–-------–--ის ნასამართლობა და სახეზე არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი, შესაბამისად მას სასჯელი არ დაენიშნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ი-----–-------–--ეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიიჩნევს, რომ ი-----–-------–--ის მიმართ სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ი-----–-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი-----–-------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით

 

2. ი-----–-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 24 სეტქემბრიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი