გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
190210018002353859
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/876-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "ა---–----------------------ი"

წარმომადგენელი თეონა კავთელაძე

მოპასუხე ი-----–- უ-----ა

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ი-----–- უ-----ასათვის 1112,50 ლარის დაკისრება;

(მოსარჩელის განმარტება 30.0051.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 27 მაისს დადებული N 231352 ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 750 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 30 დღე. პროცენტი შეადგენს სესხის 15%-ს. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ერთჯერადი საურავი 100 ლარი+მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 10%. ასევე ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება და მისი დავალიანებაა: ძირითადი თანხა 750 ლარი, სარგებელი 112,50 ლარი, პირგასამტეხლო დარიცხულია 1040,61 ლარი. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს მოთხოვნა და მოითხოვა 250 ლარის დაკისრება. პირგასამტეხლო დარიცხულია 2017 წლის 27 ივნისიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს ძირითადი თანხა, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან სესხის მოთხოვნილი პირგასამტეხლო მეტისმეტად მაღალია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 27 მაისს შპს "ა---–----------------------სა" და ი-----–- უ-----ას შორის დადებული N 231352 ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 750 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 30 დღე. პროცენტი შეადგენს სესხის 15%-ს და არის 112,50 ლარი. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ერთჯერადი საურავი 100 ლარი+მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 10%. ასევე ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

– ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-19)

- სარჩელი (ს.ფ. 2-5)

- შესაგებელი (ს.ფ. 34-37)

 

3.2. ი-----–- უ-----ამ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. მისი დავალიანებაა: ძირითადი თანხა 750 ლარი, სარგებელი 112,50 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 250 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 2-5)

- მოპასუხის განმარტება (30.05.2018წ სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოთხოვნილი თანხა სრულად, რადგან მოთხოვნილია პირგასამტეხლოს გონივრული თანხა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 361-ე, 316-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია, სესხის სარგებელია 112,50 ლარი.

 

მოპასუხემ დაადასტურა, რომ არ დაუბრუნებია სესხად მიღებული თანხა, ცნო სესხის ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვა. ამდენად, სადაო არ არის, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ამ ნორმით მინიჭებული უფლება გამოიყენა და ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე. მოპასუხეს ასევე სადაოდ არ გაუხდია სესხის სარგებლის დავალიანების არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის ცნობა არის მოსარჩელის თანხმობა, შეასრულოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ვალდებულება, რის გამოც სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მოპასუხის ამ თანხმობის (თუკი დავა მხოლოდ იმ მოპასუხის უფლებებს შეეხება, რომელიც ცნობს სარჩელს) საფუძველზე და საქმის გარემოებებს არ ადგენს მტკიცებულებების შინაარსის კვლევის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი მოპასუხე ი-----–- უ-----ასათვის სესხის ძირითადი თანხის 750 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს მიღებული აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო მისი დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არა აქვს. მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია, ითვალისწინებს სესხისათვის სარგებლის დარიცხვას, რომლის ოდენობაა 112,50 ლარი. ამდენად, მსესხებელს ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა არამარტო სესხად მიღებული თანხა, არამედ დარიცხული სარგებელიც. ეს ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა, რის გამოც მას სესხის ძირითად თანხასთან ერთად უნდა დაეკისროს ასევე სარგებლის 112,50 ლარის გადახდა.

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასმატეხლოს გადახდა, რის გამოც მოპასუხეს სესხის თანხასთან ერთდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდაც. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლო გონივრული ოდენობისაა და მისი შმეცირების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ერთჯერადი ჯარიმით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1.5%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ვადაგადაცილების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლო 250 ლარის ოდნეობით. მოსარჩელის განმარტებით პირგასამტეხლო დარიცხულია 2016 წლის 27 ივნისიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 420-ე მუხლის იმ დებულებაზე, რომ შემცირებას ექვემდებარება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და არა მხოლოდ მაღალი პირგასმატეხლო. ტერმინი „შეუსაბამოდ მაღალი“ მიუთითებს კანონმდებლის ნებას, რომ შემცირებას არ ექვემდებარება ყოველგვარი პირგასამტეხლო, რომლის თანხა მაღალია და შესაძლებელია იგი იყო შესასრულებელი ვალდებულების ტოლი ან ფულად დავალიანებაზე მეტიც. შეუსაბამოდ მაღალი პირგასატეხლო მაშინ არის, როცა იგი აშკარად არაგონივრული და უსამართლოა ვალდებულების დარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს, აშკარად უპირატესობას ანიჭებს ხელშეკრულების ერთ მხარეს და თუნდაც ვალდებულების დამრღვევ მხარეს მეტისმეტად მძიმე პასუხისმგებლობას იწვევს.

 

განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხაა 750 ლარი, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასმატეხლო 250 ლარი. სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებულა თითქმის 2 წლის მანძილზე. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება საერთოდ არ შეასრულა. მას არ გამოუვლენია გულისხმიერება სახელშეკრულებო ვალდებულების მიმართ, არცერთხელ არ გამოიყენა ხელშეკრულებით მინიჭებული სესხის გადავადების მოთხოვნის უფლებამოსილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განასაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.

 

პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი გონივრული და სამართლიანი თანხის დადგენა რაც ნიშნავს არა მარტო მოვალის ინტერესების გათვალისწინებას და მისთვის შეღავათის დადგენას, არამედ კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის გათვალისწინებასაც, რადგან პირგასამტეხლო არის მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი კრედიტორისათვის ასანაზღაურებელი ფულადი გადასახდელი. პირგასამტეხლოს ერთერთი ფუნქციაა კრედიტორისათვის ზიანის სწრაფად და მარტივად ანაზღაურება. პირგასამტეხლოს უპირველესი ფუნქცია არის მოვალისათვის ვალდებულების დარღვევის გამო ფინანსური სანქციის დაკისრება, რის გამოც მისი მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

განსახილველ საქმეში პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ გადაუხდელი სესხის თანხაა 750 ლარი, ვალდებულება 2 წლის მანძილზე არ შესრულებულა, რის გამოც 250 ლარი პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არ აქვს შესრულებული, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 750 ლარის, სარგებლის 112,50 ლარის და პირგასმატეხლოს 250 ლარის გადახდა, საერთო ჯამში 1112,50 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხეს დაეკისრა 112,50 გადახდა, საიდანაც მოპასუხემ ცნო 750 ლარის მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 68%. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 68% არის 34 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 16 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. დავის საგნის ღირებულების 1112,50 ლარის 4%-ია 44,5 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული დახმარების ხარჯების ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 100 ლარის დაკისრებას, ეს თანხა კი აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად მოსარჩელისათვის 44,50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს შპს „ა---–----------------------ის “ სარჩელი;

1.1. ი-----–- უ-----ას დაეკისროს შპს „ა---–----------------------ისათვის“ 1112,50 ლარის გადახდა;

 

2. ი-----–- უ-----ას დაეკისროს შპს „ა---–----------------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 16 ლარის გადახდა, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღურებლად 44,50 ლარის გადახდა;

 

3. შპს „ახალ ფინანსურ ჯგუფს“ დაუბრუნდეს 2018 წლის 6 მარტს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 34 ლარი. თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი 300063150 (საგადასახადო დავალება N32);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი