გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.06.2018
საქმის ნომერი
110310017002213941
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110310017002213941

№3/154-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27.06.2018 წელი ქ. ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე: სს „თ-----------“,წარმომადგენელი: კ---ა ქო---ძე,მოპასუხე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი: მ--------------;

მოპასუხე: თა---- იჭ---ძე,წარმომადგენელი: ე---რ ტა-–---ძე,მესამე პირი: მ--- ტა-–---ძე,წარმომადგენელი: რუ--- ჩი----–აძე,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის N43/1906 წერილი.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის #43/8652 წერილი.

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის უარი სს“ტიბისი ბანკის“ 2017 წლის 17 ნოემბრის #30/102-01 წერილის განხილვაზე.

 

1.4. დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და საქმის გარემოებების გაანალიზების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი თა---- იჭ---ძისათვის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 3-----------) ლითონის კონსტრუქციის (ჯიხური) განსათავსებლად თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

2012 წლის 02 ივლისიდან სს „ბ------------------“ ზესტაფონის ფილიალი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე განთავსებული იყო ქ. ზესტაფონში დ-------–-----–-- ქ. #27-ში მდებარე კომერციულ ფართში. სს „თ-----------“, როგორც სს „ბ------------------“ უფლებამონაცვლე დღემდე აგრძელებს აღნიშნულ ფართში საბანკო საქმიანობას. სერვისცენტრის მომიჯნავე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 6 კვ,მ. ფართის მქონე, წარმოადგენს თა---- იჭ---ძის საკუთრებას. რამდენიმე თვის წინ თა---- იჭ---ძემ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განათავსა რკინის კონსტრუქციის დროებითი შენობა-ნაგებობა, რაც აზიანებს სს „თ-----------ს“ სერვისცენტრის იერსახეს, ვინაიდან თითქმის მთლიანად ფარავს ბანკის ოფისის ერთ-ერთ ცენტრალურ ფანჯარას და სარეკლამო ბანერს, ასევე აბნელებს ფოიეს, რითაც აუარესებს ბანკის თანამშრომელთა სამუშაო პირობებს და ბანკის კლიენტთათვის ქმნის არაკომფორტულ გარემოს. მოსარჩელისათვის ზესტაფონის მერიიდან გახდა ცნობილი, რომ მოპასუხის თანხმობით განათავსა თა---- იჭ---ძემ რკინის კონსტრუქცია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია შეესაბამებოდა თუ არა ქალაქმშენებლობით სივრცითი მოწყობის მიზნებს თა---- იჭ---ძის მიერ რკინის ჯიხურის განთავსება მოსარჩელის ვიტრინასთან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მოპასუხე თა---- იჭ---ძე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ოდითგან იყო განთავსებული ნაგებობა მისი მხრიდან განხორციელდა მხოლოდ ძველი შენობის აღება და ახლის განთავსება, რაც შეთანხმებული იყო მუნიციპალიტეტის მერიასთან.

 

2.3. მესამე პირის პოზიცია: მ--- ტა-–---ძის წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2012 წლის 02 ივლისიდან სს „ბ------------------“ ზესტაფონის ფილიალი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე განთავსებული იყო ქ. ზესტაფონში დ-------–-----–-- ქ. #27-ში მდებარე მ-----–---------- უძრავ ქონებაში ს.კ. 3-------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 02 ივლისის კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულება;

 

3.2. ქ. ზესტაფონში დ-------–-----–-- ქ. #27-ში მდებარე მ-----–---------- უძრავი ქონება ს.კ. 3------------------ 2016 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიეყიდა მის ამჟამინდელ მესაკუთრეს მ--- ტა-–---ძეს. იჯარის უფლება არ შეწყვეტილა და მითითებულ ფართში დღეის მდგომარეობით განთავსებულია სს „თ-----------“, რომელსაც მეიჯარესთან დადებული აქვს იჯარის ხელშეკრულება 2018 წლის 02 ივლისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება იჯარის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.3. ქ. ზესტაფონში, დ-------–-----–-- ქ. #27-ში მდებარე სს „თ-----------ს“ მომიჯნავედ განთავსებულია თა---- იჭ---ძის, 6 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მიწის ნაკვეთი ს.კ. 3-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.4. ქ. ზესტაფონში, დ-------–-----–-- ქ. #27-ში მდებარე სს „თ-----------ს“ მომიჯნავედ განთავსებულ მიწის ნაკვეთზე ს.კ. 3----------- თა---- იჭ---ძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობის საფუძველზე, განათავსა რკინის კონსტრუქცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის #43/1906 წერილი.

 

3.5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის #43/8652 წერილით სს „თ-----------“ ეცნობა, რომ თა---- იჭ---ძემ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჯიხური განათავსა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანხმობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის #43/8652 წერილი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის #43/1906 წერილი, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

რაც შეეხება გასაჩივრებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის #43/8652 წერილს, სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივია აქტი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება კი მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტარციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსახილველი სამართლებრივი შედეგისაკენ (ე.ი. ქმედების შედეგი - მოწესრიგება) არის მიმართული. ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ, ე.ი. აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. სამართლებრივი მოწესრიგების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება, ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად, იქითკენ არის მიმართული, რომ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის უშუალო სამართლებრივი შედეგი წარმოშვას. მოწესრიგება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტარციულ - სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტი, არ გვაქვს, როდესაც საჯარო სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, ე.ი. როდესაც საჯარო დაწესებულების მხრიდან მხოლოდ ინფორმაციის, დარიგების ან ახსნა-განმარტების მოწოდებასთან ან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განხორციელებულ მოქმედებასთან გვაქვს საქმე.

 

განსახილველ შემთხვევაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის #43/8652 წერილი მისი შინაარსიდან გამომდინარე არის ინფორმაციული ხასიათის არ წარმოშობს ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე უშუალო სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად მოთხოვნა მისი ბათილობის შესახებ არის დაუსაბუთებელი.

 

6.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის #43/1906 წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ქ. ზესტაფონში, დ-------–-----–-- ქ. #27-ში მდებარე სს „თ-----------ს“ მომიჯნავედ განთავსებულ მიწის ნაკვეთზე #3----------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე რკინის ჯიხურის განთავსების დასტურის გაცემის საფუძველი.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგული-რებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

 

შესაბამისად, რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვას, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია.

 

საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება არეგულირებს. მითითებული დადგენილების ნორმების თანახმად, პირველ კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 3 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში უნდა დაერთოს განცხადებას: ა) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა. ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6, მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტები).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თა---- იჭ---ძემ განცხადებით აცნობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ქ. ზესტაფონში, დ-------–-----–-- ქ. #27-ში მდებარე სს „თ-----------ს“ მომიჯნავედ განთავსებულ მიწის ნაკვეთზე რკინის კონსტრუქციის ჯიხურის განთავსების განზრახვის შესახებ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის #43/1906 წერილით თამარ იჭ---ძეს ეცნობა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ იყო წინააღმდეგი და შესაძლებლად მიიჩნევდა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჯიხურის განთავსებას, წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად.

 

მითითებული ნორმების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილი იყო, დაეკმაყოფილებინა თა---- იჭ---ძის მოთხოვნა მის საკუთრებაში აესებულ მიწის ნაკვეთზე რკინის კონსტრუქციის ჯიხურის განთავსების შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები)

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ მათ მიერ მითითებულ გარემოებებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სადავო აქტებით მიყენებულ პირდაპირ და უშუალო ზიანს.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათ მიმართ დაინტრესებულ პირს გააჩნია კანონიერი ნდობა - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ, ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს, ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი გარკვეულწილად უფრთხილდება აღმჭურველი აქტის ადრესატის უფლებრივ მდგომარეობას და პრიორიტეტს ანიჭებს მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვას, რამდენადაც ამგვარი აქტის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის ქმედების ფაქტის არსებობის ხაზგასმა, გულისხმობს სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის – კანონიერი ნდობის უფლების პატივისცემას. ამასთან, მხარეს გააჩნია კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მიმართ. აღნიშნული პრინციპის დაუცველობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიული წეს-წყობილების არსებობას. სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საჯარო მმართველობის კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, პირის კანონიერი ნდობის უფლებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე განხორციელების გზით.

 

საჯარო მმართველობის მიზნიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით დაინტერესებული პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ მას გააჩნია კანონიერი მოლოდინი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერების სტანდარტთან შესაბამისობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. (სუსგ№ბს-238-235(კ-14)20.10.2014).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი კრძალავს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როცა დადგენილია დაინტერესებული მხარის, იგულისხმება აქტის ადრესატი, კანონიერი ნდობის უფლება, საგამონაკლისო დათქმით, თუ ამგვარი აქტი არსებითად არღვევს მესამე პირის (სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის) კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დადასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. ზემოთ მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე, დასახელებულ მატერიალური სამართლისა და პროცედურულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აღნიშნულიდან გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 31 მარტის N43/1906 წერილი; ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის #43/8652 წერილი და ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის უარი სს“თ-----------ს“ 2017 წლის 17 ნოემბრის #30/102-01 წერილის განხილვაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, აღნიშნულის გათვალისწინებით დაუსაბუთებელია მოთხოვნა აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე სარჩელი დაუსაბუთებელია, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმის გათვალისწინებით , რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თ-----------ს“, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, რაც დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი