განაჩენი

სისხლის სამართლის 15.06.2018
საქმის ნომერი
110100117002004392
დავის ტიპი
265 1
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117002004392

N1/108-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ივნისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ------------- გ-------- ძე ე--------ძე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 2----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ჭ--------;

 

ადვოკატი - ნ----- ც---–----;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 265-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება);

 

სხდომის სახე - ღია;

 

საქართველოს სსსკ 189-ე მუხლის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ კ------------- ე--------ძის მიმართ,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. 2017 წლის 10 ივლისს, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, ზესტაფონის რაიონული პროკურატურიდან, არსებითად განსახილველად გადმოგზავნილი იქნა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ კ------------- ე--------ძის მიმართ. ვინაიდან ბრალდებული არ ცხადდებოდა დანიშნულ სასამართლო სხდომებზე, საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდა ბრალდებულის დაუსწრებლად, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----- ც---–---ის მონაწილეობით.

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2. 2017 წლის გაზაფხულზე (ზუსტი დრო დაუდგენელია), კ------------- ე--------ძემ, პირადი მოხმარების მიზნით, თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში და საყანე ნაკვეთში უკანონოდ დათესა, კულტივირება გაუკეთა და მოიყვანა ოთხი ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი (მცენარე), საერთო წონით 3-.4- გრამი, რაც 2017 წლის 9 ივნისს, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა თერჯოლის შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2017 წლის გაზაფხულზე (ზუსტი დრო დაუდგენელია), კ------------- ე--------ძემ, პირადი მოხმარების მიზნით, თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში და საყანე ნაკვეთში უკანონოდ დათესა და მოიყვანა ოთხი ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი (მცენარე), საერთო წონით 3-.4- გრამი, რაც 2017 წლის 9 ივნისს, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა თერჯოლის შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება:

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ კ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 9 ივნისს, მეწყვილე ზ----- ლ---–----ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მოძრაობდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში, რა დროსაც შეამჩნიეს მოქალაქე, რომელსაც ჯიბეში ედო პლასტმასის ბოთლი, თავზე ფოლგის ქაღალდით. შეჩერების და გადამოწმების შედეგად მოქალაქე აღმოჩნდა კ------------- ე--------ძე, რომელმაც განუცხადათ, რომ აღნიშნული ბოთლით, რამდენიმე ხნით ადრე მოიხმარა „მარიხუანა“. აღნიშნულზე, ვინაიდან შესაძლოა მას თან ჰქონოდა რაიმე ნივთიერება, კ------------- ე--------ძეს გააცნეს დადგენილება ჩხრეკის წარმოებების შესახებ, მისი უფლებები და ჩაუტარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ქაღალდში გახვეული ნივთიერება და პლასტმასის ბოთლი. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე, რასაც მოაწერეს ხელი. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურეს ჩხრეკის ოქმი. ასევე, ჩატარებული იქნა კ------------- ე--------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ეზოში მდგარი ვედროდან და ეზოს ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ოთხი ძირი, მწვანე ფერის მცენარე. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე. ჩხრეკის ოქმი დაადასტურეს ხელის მოწერით. აღნიშნულის შემდეგ, კ------------- ე--------ძე გადაყვანილი იქნა განყოფილებაში.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- ლ---–----ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 9 ივნისს, მეწყვილე ზ------ კ--------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მოძრაობდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში, რა დროსაც შეამჩნიეს მოქალაქე, რომელსაც ჯიბეში ედო პლასტმასის ბოთლი, თავზე ფოლგის ქაღალდით. შეჩერების და გადამოწმების შედეგად მოქალაქე აღმოჩნდა კ------------- ე--------ძე, რომელმაც განუცხადათ, რომ აღნიშნული ბოთლით, რამდენიმე ხნით ადრე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. აღნიშნულის შემდეგ, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული იქნა კ.ე--------ძის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ქაღალდი, მასში გახვეული მასით, ხოლო მეორე ჯიბიდან ამოღებული იქნა პლასტმასის ბოთლი. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე, რასაც მოაწერეს ხელი. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურეს ჩხრეკის ოქმი.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ზ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 9 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. თანამშრომლებთან ბ------ ს---–------ესთან და ზ------ კ--------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო კ------------- ე--------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. სოფელ ჭოგნარში მისვლისას, გამომძიებელმა ბ------ ს---–------ემ კ.ე--------ძეს გააცნო მისი უფლებები და დადგენილება ჩხრეკის წარმოების შესახებ, რასაც კ.ე--------ძე დათანხმდა. ჩატარებული ჩრეკის შედეგად ამოღებული იქნა მწვანე ფერის ნივთიერებები, რომლებიც განთავსებული იყო ეზოში მდებარე ქოთნებში და თავად ეზოში. ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, კ.ე--------ძის პრეტენზია არ განუცხადებია. ჩხრეკაში მონაწილე პირებმა ხელის მოწერით დაადასტურეს როგორც ჩხრეკის ოქმი, ასევე პაკეტზე არსებული ლუქები, რომლითაც დალუქული იქნა ამოღებული ნივთები.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ ე--------ძემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში, შვილებთან ბ---- და კ------------- ე--------ძეებთან ერთად. 2017 წლის 9 ივნისს, დილის საათებში, კ------------- გავიდა სახლიდან, ხოლო საღამოს დაბრუნდა პოლიციელებთან ერთად. პოლიციელებმა სახლის ეზოდან ამოიღეს ოთხი ძირი მცენარე, რომელიც მას ყვავილი ეგონა. ორი ძირი ეზოში, მინდორში იყო, ხოლო ორი ძირი ვედროში. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ მცენარეებს უვლიდა კ-------------, უსხამდა წყალს.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---- ე--------ძემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში, დედასთან - თ------ ე--------ძესთან და ძმასთან - კ------------- ე--------ძესთან ერთად. არის მხატვარ-რესტავრატორი და ხშირად არ იმყოფება სახლში. 2017 წლის 9 ივნისის შესახებ, გაიგო დედისგან, რომელმაც უთხრა, რომ იყვნენ მისულები პოლიციელები, რომლებმაც წაიღეს „პლანი“. მოწმის განმარტებით მისთვის უცნობია ვინ მიიტანა აღნიშნული ნივთიერება სახლში, აღნიშნულ ნივთიერებასთან შეხება არ ჰქონია.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ------ ს---–------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. იყო კ.ე--------ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: ჩხრეკა ჩაატარა კ.ე--------ძის საცხოვრებელ სახლში, დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია კ.ე--------ძის მიმართ.

 

10. 2017 წლის 9 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ „თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში ქვეითად მოძრავ თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში მცხოვრებ კ------------- ე--------ძის პირადი ჩხრეკის დროს მის ტანზე ცმული შორტიკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე ,,ს----’’ წყლის 0.5 ლ ბოთლი, რომელსაც თავზე დამაგრებული აქვს ცეცხლგამძლე მოყვითალო ფერის ქაღალდი, რომელზედაც განმარტა, რომ აღნიშნულ ბოთლი არის მისი საკუთრება, რომლითაც რამოდენიმე წუთის წინ მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა. აღნიშნული ბოთლი დაილუქა თერჯოლის რაიონული სამმართველოს 3------ ლუქის ბეჭდით. ასევე კ.ე--------ძის ტანზე ცმული შორტიკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა წარწერებიან თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო მოყავისფრო ფერის ფხვიერი მასა, რომელზედაც კ------------- ე--------ძემ განმარტა, რომ აღნიშნული ფხვიერი ნივთიერება არის მისი საკუთრება და წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას მარიხუანას, რომელიც ამოღების შედეგად დაილუქა თერჯოლის რაიონული სამმართველოს 3------ ლუქის ბეჭდით“.

 

11. 2017 წლის 9 ივნისის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ „თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში მცხოვრებ კ------------- ე--------ძის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერება ამოღებული ვერ იქნა. ჩხრეკა გაგრძელდა ეზო საკარმიდამოში. კ------------- ე--------ძის საცხოვრებელი სახლის წინ აღმოსავლეთ მხარეს სახლთან ორ მეტრის მოშორებით მიწაში ჩარგულია მომწვანო ფერის მცენარე ზომით 20 (ოცი) სმ. სიმაღლის, რაც დაცულია ლითონის მავთულებით შეკრული ბადით. აღნიშნული მცენარიდან 3.20 მეტრის მოშორებით მიწის ზედაპირზე მოთავსებული ორი ცალი ლითონის ვედროდან ამოღებული იქნა ორი ძირი მოწვანო ფერის მცენარე ზომით 42 სმ. სიმაღლის, ხოლო მეორე 32 სმ. სიმაღლის მომწვანო ფერის მცენარე. ასევე, სამხრეთ მხარეს არსებული საყანე ნაკვეთიდან ამოღებულია მიწიდან 3- სმ. სიმაღლის მომწვანო ფერის მცენარე. კ------------- ე--------ძის ეზო-კარმიდამოდან ამოღებული იქნა ოთხი ძირი მომწვანო ფერის მცენარე, რაც დაილუქა ერთ პაკეტად თერჯოლის რაიონული სამმართველოს 3------ ლუქის ბეჭდით“.

 

12. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების N------ დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, კ------------- ე--------ძეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების ფაქტი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–----- კ----------მა.

 

13. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 12 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N---/სქ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ა) მომწვანო და მოყავისფრო მცენარეული მასის ნარევი, წონით - 1.96 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების გამომშრალი მარიხუანას შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას წონაა - 0.7-- გრამი. ბ) 0.5 ლიტრის ტევადობის გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლის შიგა ზედაპირზე და ოქროსფერ ფოლგის ნაჭრებზე არსებული მოშავო - მოყავისფრო ფერის ნაწილაკები და დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლს წონით - 0.0----- გრამს. გ) 4 ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - კანაფს (მცენარეს) საერთო წონით - 3-.4- გრამს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- გ------ამ.

 

14. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების საზოგადოებრივი საშიშროება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ეს ქმედებები თითქმის ყოველთვის მიმართულია აღნიშნულ მცენარეთა შემდგომი გასაღებისაკენ, ანდა მათი გადამუშავების გზით მიღებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისაკენ. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტად მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების დათესვა, მოყვანა და კულტივირება. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. ეს მცენარეებია: ოპიუმის ყაყაჩო, მარიხუანა და სხვა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მოყვანაში ან კულტივირებაში. დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ეს ნაკვეთი კონკრეტული პირის მფლობელობაში. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში: სარეველა მცენარეებისაგან გათავისუფლებაში, მორწყვაში, სასუქებით განაყოფიერებაში და ასე შემდეგ. მოყვანის მიზანია ზრდასრული ნარკოტიკული მცენარის მიღება. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი შეასრულებს მუხლის დისპოზიციაში მითითებულ მოქმედებათანაგან ერთ-ერთს, ე.ი. ნებისმიერ ადგილზე დათესავს ან მოიყვანს, ან დაასრულებს ამ მცენარეთა კულტივირების პროცესს. დანაშაულის ამსრულებელი არის ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ, ვინაიდან დანაშაულის მოტივზე ან მიზანზე არ არის სპეციალური მითითება სსკ 265-ე მუხლში, ისინი კვალიფიკაციაზე არ ახდენენ გავლენას და მხედველობაში მიიღებიან მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. როგოც წესი, ამ დანაშაულის ჩადენა ხდება ანგარებით ან ნარკოტიკულ საშუალებაზე პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ბრალის ფორმის მიხედვით განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, ე.ი. პირს შეგნებული აქვს, რომ ახდენს სწორედ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანონსაწინააღმდეგო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას და სურს ეს.

 

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ------------- ე--------ძემ, განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.

 

ბრალდების ნაწილში - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში გამართლების საფუძველი.

 

16. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირება ნიშნავს მათ დამუშავებას, გაშენებას, ახალი სახეობების გამოყვანას, იმდაგვარ გადამუშავებას, რომ ამაღლდეს მისი მოსავლიანობა და გამძლეობა არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი.

 

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით, ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა კ------------- ე--------ძის ბრალეულობა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები - გამომძიებლები, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს კ.ე--------ძის საცხოვრებელ სახლში, უთითებენ, რომ მათ ჩხრეკის შედეგად ეზოს ტერიტორიიდან და ეზოში არსებული ქოთნებიდან ამოიღეს ოთხი ძირი მწვანე ფერის, მცენარეული მასა. მოწმე თ------ ე--------ძემ კი განაცხადა, რომ აღნიშნულ მცენარეებს უვლიდა და წყალს უსხამდა კ------------- ე--------ძე. შესაბამისად, როგორც უკვე აღინიშნა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის მორწყვაში. ბრალდების მხარეს კი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ კ------------- ე--------ძემ დაამუშავა, გააშენა, ახალი სახეობა გამოიყვანა ან/და იმდაგვარად გადაამუშავა მცენარე, რომ ამაღლდა მისი მოსავლიანობა და გამძლეობა არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი, არ წარმოუდგენია, მხოლოდ მცენარის მორწყვა და მოვლა კი არ იძლევა კულტივირების შემადგენლობას, რის გამოც კ------------- ე--------ძე უნდა გამართლდეს წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

18. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

19. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N 73053/01, § 40).

 

20. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით კ------------- ე--------ძემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა კ------------- ე--------ძის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს კ------------- ე--------ძის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

22. კ------------- ე--------ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

24. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კ------------- ე--------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, კ------------- ე--------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

25. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული, რომ საქართველოს სსკ 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. თუცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით №---------------- არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც სასჯელი თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სრულად შეესაბამება საკანონმდებლო რეგულაციას.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

26. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ------------- ე--------ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას;

 

კ------------- ე--------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

კ------------- ე--------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, კ------------- ე--------ძეს - 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: კ------------- ე--------ძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დაბრუნებული თეთრ ქაღალდში მოთავსებული მომწვანო მოყავისფრო მცენარეული მასის ნარევი - საერთო წონით 1.96 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას წონით 0.7-- გრამს (საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩა 1.86 გრამი); 0.5 ლიტრი ტევადობის გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლი, თავზე ოქროსფერი ფოლგის ნაჭრით, რომლის შიდა ზედაპირზე და ოქროსფერ ფოლგის ნაჭრებზე არსებული დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს წონით 0.0----- გრამს (კვლევის შემდეგ დარჩა დანაშრევები და ნაწილაკები ტჰკ შემცველობით) და კ------------- ე--------ძის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოების, ეზოს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 4 ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე) საერთო წონით 3-.4- გრამი (საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩა 3-.6- გრამი), რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი, მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

განაჩენი, პროკურორის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე