გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
190210017002206089
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2821-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "კ-------------ი"

წარმომადგენელი ბექა ნამორაძე

მოპასუხეები ვ------– ო-------ი,ვ----–- მ------ა

ს------ კ--------ა

წარმომადგენელი ლელა ბანძელაძე

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ვ------– ო-------ის და ვ----–- მ------ასათვის სოლიდარულად 1455.59 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 981,42 აშშ დოლარი, პროცენტი 11.12 აშშ დოლარი, ჯარიმა 450,55 აშშ დოლარი, 12,50 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევის თანხა;

1.2. 1455.59 აშშ დოლარის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების - ს------ კ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - გარდაბნის მუნციპალიტეტის სოფელ ქესალოში მდებარე 1509 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოდი 8-----------. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის რეალიზაციით ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების ვ------– ო-------ის და ვ----–- მ------ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;

1.3. ვ------– ო-------ს დაეკისროს სს „კ------------ისათვის“ 201,87 ლარისა და 278,54 ლარის გადახდა;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2015 წლის 09 სექტემბერს შპს „მისო კრედოსა“ და ვ------– ო-------ს შორის დაიდო სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 2015 წლის 17 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 15 000 აშშ დოლარი 18 თვის ვადით. თვეში საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0,71%-ით. ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება, რომლის შენატანები უნდა განეხორციელებინა მსესხებელს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა. ხოლო დანარჩენ ყოველ ვადაგადადაცილებულ დღეზე 0,27%. პირგასმატეხლოს დარიცხვა გათვალისწინებულია მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

მსესხებელმა დაარღვია სესხის დაბრუნების გრაფიკი, 2017 წლის მარტიდან შეწყვიტა ყოველთვიურად თანხის გადახდა და ვალდებულება არც დამატებით ვადაში შეასრულა. მოპასუხეების დავალიანებაა 1455.59 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 981,42 აშშ დოლარი, პროცენტი 11.12 აშშ დოლარი, ჯარიმა 450,55 აშშ დოლარი, 12,50 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

 

2015 წლის 9 სექტემბერს შპს „მისო კრედოსა“ და ვ----–- მ------ას შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ვ----–- მ------ამ იკისრა ვალდებულება სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება. თავდების პასუხისგებლობის ოდენობაა 17 150 აშშ დოლარი.

 

სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 9 სექტემბერს შპს „მისო კრედოსა“ და ს------ კ--------ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება - გარდაბნის მუნციპალიტეტის სოფელ ქესალოში მდებარე 1509 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოდი 8-----------. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ იპოთეკით დატვირთული ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.

 

2016 წლის 7 ივნისს შპს „მისო კრედოსა“ და ვ------– ო-------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 686 ლარი 12 თვით უპროცენტოდ, სესხით დაფინასნებულია კონდენციოინერის შეძენა. მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება საკუთარი ხარჯით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული ძირი თანხის 5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო შემდგომი ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს გადასახდელი ძირის 0,27%-ს. პირაგასამტეხლოს დარიცხვა გათვალისწინებულია მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. მოპასუხემ არ დააბრუნა სესხი სრულად, 2017 წლის მაისიდან შეწყვიტა სესხის დაბრუნება, მისი დავალიანებაა 201,87 ლარი, საიდნაც ძირითადი თანხაა 124,76 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 1,93 ლარი, პირგასამტეხლო 75.18 ლარი.

 

2015 წლის 17 სექტემბერს შპს „მისო კრედოსა“ და ვ------– ო-------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო განვადების ბარათი, რომლის ლიმიტი განისაზღვრა 3000 აშშ დოლარით. მოქმედების ვადაა 48 თვე. საკომისიოს ოდენობაა მაქსიმუმ 12%. ბარათით სარგებლობისას მოპასუხემ დახარჯა 2016 წლის 9 იანვარს 999 ლარი, რითიც გაიცა უპროცენტო სესხის 18 თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო დაირიცხება მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. ამასთან, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს ერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა. მსესხებელმა შეწყვიტა თანხის დაბრუნება 2017 წლის მაისიდან. მისი დავალიანებაა 278,54 ლარი, საიდანაც 187,28 ლარი არის ძირითადი თანხა, 7,23 ლარი სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 84,03 ლარი პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ვ------– ო-------მა სარჩელი ნაწილობრივ ცნა და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს სარჩელით მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი და სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო პირგასამტეხლო ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა 2015 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადაიხადოს 9,84 აშშ დოლარი, 2016 წლის 7 ივნისის ხელშეკრულებაზე 1.87 ლარი, ხოლო 2015 წლის 17 სექტემბერის ხელშეკრულებაზე 1,24 ლარი. მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და იგი უნდა განისაზღვროს იმ თანხით, რომლის გადახდასაც ცნობს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადნენ ვ----–- მ------ა და ს------ კ--------ა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 09 სექტემბერს შპს მისო კრედოსა“ და ვ------– ო-------ს შორის დაიდო სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 2015 წლის 17 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 15 000 აშშ დოლარი 18 თვის ვადით. თვეში საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0,71%-ით. ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება, რომლის შენატანები უნდა განეხორციელებინა მსესხებელს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა. ხოლო დანარჩენ ყოველ ვადაგადადაცილებულ დღეზე 0,27%. პირგასამტეხლოს დარიცხვა გათვალისწინებულია მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 23-27, 30-32)

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 9 სექტემბერს შპს მისო კრედოსა და ს------ კ--------ას შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მდებარე 1509 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოდი 8-----------. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ იპოთეკით დატვირთული ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას, მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 25-28)

- ამონაწერი საჯარო რესტრიდან (ს.ფ. 61-62)

 

3.1.3. 2015 წლის 9 სექტემბერს მისო კრედოსა და ვ----–- მ------ას შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ვ----–- მ------ამ იკისრა ვალდებულება სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის ვ------– ო-------ის დავალიანება. თავდების პასუხისგებლობის ოდენობაა 17 150 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 34-36)

 

3.1.4. 2016 წლის 7 ივნისს მისო კრედოსა და ვ------– ო-------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 686 ლარი 12 თვით უპროცენტოდ. მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება საკუთარი ხარჯით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული ძირი თანხის 5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო შემდგომი ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს გადასახდელი ძირის 0,27%-ს. პირგასამტეხლოს დარიცხვა გათვალისწინებულია მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. მოპასუხემ არ დააბრუნა სესხი სრულად, 2017 წლის მაისიდან შეწყვიტა სესხის დაბრუნება, მისი დავალიანებაა 201,87 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 124,76 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 1,93 ლარი, პირგასამტეხლო 75.18 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 37-49)

 

3.1.5. 2015 წლის 17 სექტემბერს შპს „მისო კრედოსა“ და ვ------– ო-------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო განვადების ბარათი, რომლის ლიმიტია 3000 აშშ დოლარი. მოქმედების ვადაა 48 თვე. საკომისიოს ოდენობაა მაქსიმუმ 12%. ბარათით სარგებლობისას მსესხებელმა დახარჯა 2016 წლის 9 იანვარს 999 ლარი, რითიც გაიცა უპროცენტო სესხი 18 თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო დაირიცხება მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. ამასთან, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს ერიცხება ჯარიმა 5%, არანაკლებ 2 ლარისა. მსესხებელმა შეწყვიტა თანხის დაბრუნება 2017 წლის მაისიდან. მისი დავალიანებაა 278,54 ლარი, საიდანაც 187,28 ლარი არის ძირითადი თანხა, 7,23 ლარი სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 84,03 ლარი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 31-32. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420-ე, 286-ე, 289-ე, 301- ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამ შემთხვევაში შპს მისო კრედოსა და ვ------– ო-------ს შორის 2015 წლის 9 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია და ითვალისწინებს სესხზე სარგებლის ყოველვიურად 0,71%-ის დარიცხვას. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი. ვ------– ო-------სა და შპს მისო კრედოს შორის 2015 წლის 17 სექტემბერს და 2016 წლის 7 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულებები სარგებლის დარიცხვას არ ითვალისწინებს.

 

2015 წლის 9 სექტემბერის სესხის ხელშკერულების საფუძველზე ვ------– ო-------მა სესხად მიიღო 15 00 აშშ დოლარი 18 თვის ვადით, რომელიც სრულად კრედიტორისათვის არ დაუბრუნებია. თანხის დაბრუნება შეწყვიტა 2017 წლის აპრილიდან, დასაბრუნებელი ძირითადი თანხაა 981,42 აშშ დოლარი, პროცენტი 11,12 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 12,50 აშშ დოლარი. ამ დავალიანების არსებობას მოპასუხეები ადასტურებენ და თანხის გადახდის მოთხოვნას ცნობენ.

 

2015 წლის 18 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ვ------– ო-------მა მიიღო სესხი 686 ლარი 12 თვით, რომლის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, სესხის თანხა სრულად არ დაბრუნებულა. გადასახდელია ძირითადი თანხა 124,76 ლარი. სიცოცხლის დაზღვევის თანხა 1,93 ლარი.

 

2015 წლის 17 სექტემბერის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ვ------– ო-------მა სესხის თანხა 999 ლარი მიიღო 2016 წლის 11 იანვარს 18 თვის ვადით, რომლის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა, გადასახდელია სესხის ნაწილი, რაც შეადგენს ძირითადი თანხას 187,28 ლარს, სიცოცხლის დაზღვევა 7,23 ლარი.

 

ვ------– ო-------მა სამივე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და სიცოცხლის დაზღვევის დავალიანების დაკისრების მოთხოვნა ცნო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების და ვ------– ო-------ისათვის ამ თანხის დაკისრების შესახებ.

 

2015 წლის 9 სექტემბერის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრა მოპასუხე ვ----–- მ------ამ, რის გამოც მოპასუხეთა ვალდებულება სოლიდარულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაბრუნების ვალდებულება, სრულად არ დააბრუნა თანხა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ვ----–- მ------ასთან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ვ------– ო-------ის სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და 2015 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით, პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირითადი თანხის 0,27%-ს, პირგასამტეხლო დაეროცხება მაქსიმუმ 150 დღის ვადაში.

 

მოსარჩელე მოითხოვს პირგასმატეხლოს 450,55 აშშ დოლარის დაკისრებას, ხოლო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 981,42 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია და იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მიღებული კრედიტის 15 000 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნების ვალდებულება შეასრულა და გადასახდელია სესხის ძირითადი თანხის მცირე ნაწილი 981,42 აშშ დოლარი, სარგებელი 11,12 აშშ დოლარი და სიცოცხლის დაზღვევა 12,50 აშშ დოლარი.

 

მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის დავალიანების თითქმის 50%. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად, ვიდრე კრედიტორის სავარაუდო ზიანის პრევენციას. სასამართლოს განმარტავს, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრის მთავარი დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე „ზეწოლა“, რათა მომავალში ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით მოვალემ მიიღოს ზომები ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას, რადგან ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობის გამო მას პრევენციის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დროს შესაძლოა სასამართლოს შეფასების საგანი გახდეს ვალდებულების გარემოებებისადმი შესაბამისი გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოა თუ არა მოთხოვნილი. პირგასამტეხლოს გონივრულობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალეს არ დაეკისროს იმ ოდენობის ფინანსური სანქცია, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს და მოვალეს მძიმე ტვირთად დააწვება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის (ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილობრივ დარღვევას) გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ით, ხოლო ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დაკისრება ზღვრული ოდენობით, მხოლოდ 150 დღის განმავლობაში, პირგასამტეხლო ამ პერიოდისათვის უნდა განისაზღვროს, რაც შეადგენს 103,04 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 7 ივნისის და 2015 წლის 17 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს თანხა, რომლის ფარგლებშიც მოითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას, არაგონივრულად მცირე პირგასამტეხლოს დაკისრებას გამოიწვევს, რაც არ არის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 420-ე მუხლის იმ დებულებაზე, რომ შემცირებას ექვემდებარება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და არა მხოლოდ მაღალი პირგასამტეხლო. ტერმინი „შეუსაბამოდ მაღალი“ მიუთითებს კანონმდებლის ნებას, რომ შემცირებას არ ექვემდებარება ყოველგვარი პირგასამტეხლო, რომლის თანხა მაღალია და შესაძლებელია იგი იყო შესასრულებელი ვალდებულების ტოლი ან ფულად დავალიანებაზე მეტიც. შეუსაბამოდ მაღალი პირგასატეხლო მაშინ არის, როცა იგი აშკარად არაგონივრული და უსამართლოა ვალდებულების დარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს, აშკარად უპირატესობას ანიჭებს ხელშეკრულების ერთ მხარეს და თუნდაც ვალდებულების დამრღვევ მხარეს მეტისმეტად მძიმე პასუხისმგებლობას იწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განასაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.

 

პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია გონივრული და სამართლიანი თანხის დადგენა, რაც ნიშნავს არა მარტო მოვალის ინტერესების გათვალისწინებას და მისთვის შეღავათის დადგენას, არამედ კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის გათვალისწინებასაც, რადგან პირგასამტეხლო არის მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი კრედიტორისათვის ასანაზღაურებელი ფულადი გადასახდელი. პირგასამტეხლოს ერთერთი ფუნქციაა კრედიტორისათვის ზიანის სწრაფად და მარტივად ანაზღაურება. პირგასამტეხლოს უპირველესი ფუნქცია არის მოვალისათვის ვალდებულების დარღვევის გამო ფინანსური სანქციის დაკისრება, რის გამოც მისი მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 9,81 აშშ დოლარის, 2016 წლის 7 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე 1,24 ლარის და 2015 წლის 17 სექტემბერის ხელშეკრულების საფუძველზე 1,87 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესების უმართებულოდ ხელყოფას, რადგან ამ ოდენობით პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე არაგონივრულად მცირე თანხაა და ვალდებულების დამრღვევი მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

 

2015 წლის 17 სექტემბერის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მართალია გადასახდელია მცირე თანხა (999 ლარიდან გადასახდელია 187,28 ლარი), მაგრამ ვალდებულება არ შესრულებულა 2017 წლის მაისიდან, სარჩელის აღძვრამდე (2017 წლის 8 დეკემბერი) გასულია 6 თვე. ასევე 2016 წლის 7 ივნისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია მცირე თანხა (686 ლარიდან 124,76 ლარი), მაგრამ მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია 2017 წლის მაისიდან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადასახდელი თანხის მცირე ოდენობის და გადახდის ვადის გადაცილების ხანგრძლივი პერიოდის გამო, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2015 წლის 17 სექტემბერის ხელშეკრულებაზე 84,03 ლარი და 2016 წლის 7 ივნისის ხელშეკრულებაზე 75,18 ლარი გონივრული პასუხისმგებლობის ზომაა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელი კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

 

სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. მოპასუხეებს სესხის დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არა აქვთ, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ.

 

მოსარჩელე მოითხოვს, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება განხორციელდეს მოვალის და თავდებების სხვა ქონებაზე.

 

იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, თუ იპოთეკის რეალიზაციით მიღებული თანხით მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, ვალდებულება შეწყვეტილად არ ითვლება. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლის და თავდების სხვა ქონების ხარჯზე მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდებობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის პირადი საშუალება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავდები პირადად, მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ვალდებულების შესრულებისათვის, თუკი ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. ამ შემთხვევაში ვ----–- მ------ა არის სოლიდარული თავდები. თავდებობის, როგორც ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალების არსი ის არის, რომ თავდები ვალდებულების შესრულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამ შემთხვევაში სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თავდები პასუხს აგებს სესხის ვალდებულებისათვის მთელი თავისი ქონებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ქონების რეალიზაცია ვერ მოხდება, უნდა განხორციელდეს მსესხებლის და თავდების ქონების რეალიზაცია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 168 ლარი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი მხოლოდ ვ------– ო-------ის მიმართაა წარდგენილი. სარჩელის მოთხოვნიდან მხოლოდ ვ------– ო-------ის მიმართ მოთხოვნაა 480,41 ლარი, რაც არის მთელი მოთხოვნის 11% და ეს მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან პროპორციულად თანხის გადახდა, რაც არის 17,48 ლარი. დაკისრებული თანხიდან ვ------– ო-------მა ცნო 321,2 ლარის მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 68%. 18,48 ლარის 68% არის 12,77 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სს კ------------ს. ხოლო ვ------–ა ო-------ს დაეკისროს მოსარჩელისათვის 5,71 ლარის გადახდა.

 

2015 წლის 9 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის დაბრუნების მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 149,52 ლარი, ხოლო ამ მოთხოვნიდან მოპასუხეებისთვის დაკისრებული თანხა არის მოთხოვნის 76%, ხოლო სახელმწიფო ბაჟის 76% არის 113,63 ლარი. მოპასუხე ვ------– ო-------მა ცნო დაკისრებული თანხის 95% (1020,04 აშშ დოლარი). ამ მოთხოვნაზე მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 95% არის 107,94 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს ბიუჯეტიდან, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 15,69 ლარის გადახდა.

 

საერთო ჯამში მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 15,69 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საერთო ჯამში 120,71 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „კ------------ის“ სარჩელი;

1.1. ვ------– ო-------ს და ვ----–- მ------ას დაეკისროთ სს „კ------------ისათვის“ 1108,08 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა 2015 წლის 9 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე;

1.2. 2015 წლის 9 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ს------ კ--------ას უძრავი ქონების რეალზიაცია, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში კოდი 8-----------. თუ იპოთეკის რეალიზაციის მიღებული თანხით მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, აღსრულება განხორციელდეს ვ----–- მ------ას და ვ------– ო-------ის ქონების ხარჯზე.

1.3. ვ------– ო-------ს დაეკისროს სს კ-------------ისათვის 2016 წლის 7 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე 201,87 ლარის გადახდა;

1.4. ვ------– ო-------ს დაეკისროს სს კ------------ისათვის 2015 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 278,54 ლარის გადახდა;

 

2. ვ------– ო-------ს დაეკისროს სს კ------------ისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 5,71 ლარის გადახდა;

 

3. ვ------– ო-------ს, ვ----–- მ------ას და ს------ კ--------ას დაეკისროთ სს კ------------ისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 15,69 ლარის სოლიდარულ გადახდა;

 

4. სს „კ------------ს“ დაუბრუნდეს 2017 წლის 7 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 120,71 ლარი. თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 300063150 (საგადახდო დავალება N43150 და N43151);

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი