გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2018
საქმის ნომერი
190210018002311867
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/508-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ივნისი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს კ---------–---ი"

წარმომადგენელი თამთა აქუბარდია

მოპასუხე ტ----- ს-----------–---–ი

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ტ----- ს-----------–---–ისათვის 549 ლარის დაკისრება;

 

(14.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 26 ივლისს შპს |კ---------–---სა| და ტ----- ს-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 300 ლარი 104 დღის ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 51.29 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის დავალიანების 1%.

 

მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც მას 2016 წლის 7 ოქტომბრიდან დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც შეადგინა 951.20 ლარი. მოპასუხემ გადაიხადა სესხის ძირითადი თანხა 115 ლარი, პროცენტი 36 ლარი, პირგასამტეხლოს თანხა 8.41 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს 549 ლარის დაკისრებას, საიდანაც 184 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 25.29 ლარი სარგებელი, 350 ლარი პირგასამტეხლო. მოსარჩელის განმარტებით, იგი ამცირებს პირგასამტეხლოს და მოითხოვს 350 ლარის ანაზღაურებას ნაცვლად 951,20 ლარისა.

(14.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს წერილობითი შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობები კაბალური იყო, სესხის პროცენტი სესხის 200%-ს შეადგენს. სამსახურის დაკარგვის გამო ვეღარ შეძლო სესხის დაბრუნება, რის გამოც შესთავაზა მოსარჩელეს პროცენტის შემცირება, რაზეც უარი მიიღო, ისეთ პირობებში, როცა გადახდილი ჰქონდა 300 ლარზე მეტი თანხა.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა და არც სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია. მას სხდომის თარიღი პირადად ეცნობა 2018 წლის 7 ივნისის სხდომაზე, რომელზეც მთავარ სხდომა გადაიდო 2018 წლის 14 ივნისს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 26 ივლისს შპს „კ---------–---სა“ და ტ----- ს-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 300 ლარი 104 დღის ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 51.29 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის და შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1%-ს. გრაფიკის მიხედვით, მსესხებელს სესხის დასაბრუნებლად თანხა უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, 2016 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით, თვის 7 რიცხვში უნდა გადაეხადა 117.1 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-18. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)

 

3.1.2. ტ----- ს-----------–---–მა სესხი სრულად არ დააბრუნა. მას 2016 წლის 7 ოქტომბრიდან დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც შეადგინა 951.20 ლარი. მოპასუხემ გადაიხადა საერთო ჯამში 180 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თახა 115 ლარი, პროცენტი 36 ლარი, პირგასამტეხლოს თანხა 8.41 ლარი. მოპასუხის დავალიანებაა 549 ლარი, საიდანაც 184 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 25.29 ლარი სარგებელი, 350 ლარი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

– სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი1)

– გადახდების ისტორია (ს.ფ. 25. ტომი 1)

– მოსარჩელის განმარტება (14.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ამ ნორმის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სესხის ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულების პირობების შეთანხმების და სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, დამტკიცებულად ითვლება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასესხო ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება. ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2016 წლის 26 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 300 ლარი 104 დღის ვადით. სესხი სარგებლიანია და სარგებელი შეადგენს 51.29 ლარს. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, მან ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა სამი თვის განმავლობაში, ყოველთვურად 117.1 ლარის გადახდით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ასეთი გარემოებები საქმიდან არ გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს იმ პირობების ზუსტი დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება ვალდებულების, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხეს სხდომის თარიღი ეცნობა კანონით დადგენილი წესის დაცვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის დადგენილი წესით, რადგან სასამართლო სხდომის თარიღი მოპასუხეს ეცნობა პირადად სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი დამტკიცებულად ითვლება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ ქმნის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივ წინაპირობას შემდეგი სამართლის ნორმებიდან გამომდინარე:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ს. მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს 350 ლარის დაკისრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მოითხოვს არაგონივრულად მაღალ პირგასამტეხლოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით მიიღოს ზომები ვალდებულებსი დროულად შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მეტისმეტად მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება ისეთ ვითარებაში, როცა მსესხებელმა სესხის თანხის და პროცენტის ნახევარზე მეტი დააბრუნა. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის სესხის დავალიანების თითქმის ორჯერ მეტი თანხა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა მხოლოდ მოვალის დასჯას ისახავს მიზნად და არ ემსახურება კრედიტორის სავარაუდო ზიანის პრევენციას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს მოვალისათვის მისი დაკისრება მეტისმეტად მძიმე ტვირთი იქნება და ვალდებულების შესრულებას გაართულებს, რაც არც კრედიტორის მართლზომიერ ინტერესში შედის. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 80 ლარით, რადგან სესხი მოპასუხეს არ დაუბრუნებია 2016 წლის 7 ნოემბერის შემდეგ, ვადის გადაცილება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გრძელდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების და გადასახდელი დავალიანების (184.40 ლარი) თანხის გათვალისწინებით მოვალისათვის სათანადო ფინანსური სანქციაა და ამავე დროს კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის, შესაძლო მიუღებელი შემოსავლის მინიმალურად ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხაა 279.29 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 184.40 ლარი, პროცენტი 15.29 ლარი, პირგასამტეხლო 80 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 549.64 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 279.29 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 51%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 51% არის 25.5 ლარი, რაც სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 230-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „კ---------–---ის“ სარჩელი;

 

1.1. ტ----- ს-----------–---–ს დაეკისროს შპს „კ---------–---ისათვის“ 279.29 ლარის გადახდა;

 

2. ტ----- ს-----------–---–ს დაეკისროს შპს კ---------–---ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 25.5 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი