განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100118002486908
№1/117-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - აკაკი კვინიკაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-------- გ-------- ძე ჯ-------, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 2----------), ა---------–----–----–----------–--ის მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ა-–--------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია), თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში, ტყიბულის სატყეო უბნის თერჯოლის სატყეოს კ--------–----ში, თ-------- ჯ------მა სათანადო ნებართვის გარეშე, ბენზოხერხით, უკანონოდ მოჭრა წიფლის, რცხილის, ვერხვის, წაბლის, მუხისა და აკაციის ჯიშის 95 ძირი ხე, რის შედეგადაც გარემოს მიადგა 3952.38 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. თ-------- ჯ------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------- ჯ-------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულის წარმომადგენლის დ----- ჩ------ ჩვენება; მოწმეების - ზ------ ბ--–---------, გ------- ლ----------, გ------ ჯ-------ს, ვასილ ა----–----, გ------- ქ----–----, ბ-------- ს------–----, შ--–-- ა----–---- და დ----- ჩ------ ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; თ-------- ჯ-------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; ბენზოხერხის ამოღების ოქმი; იმერეთის სატყეო სამსახურის მასალები; გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დოკუმენტი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია თ-------- ჯ-------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის დაცვასთან. დანაშაულის საგანია ხე-ბუჩქნარი, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. საერთოდ ტყით სარგებლობის უფლება სანებართვო ხასიათისაა. ეს უფლება წარმოიშობა ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის, დოკუმენტის საფუძველზე. ხე-ტყის დამზადებისათვის საჭიროა ლიცენზია ან ბილეთი, რომელიც ძალაში შედის გაცემის დღიდან. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) აქტიურ ქმედებაში; ბ) შედეგში და გ) მიზეზობრივ კავშირში. გაჩეხვაში იგულისხმება როგორც ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან (მოჭრა, მოხერხვა), ასევე ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) ან ბილეთის გარეშე. განსახილველი დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისი არაა მხოლოდ მოქმედების (უკანონო გაჩეხვის) ჩადენა. აუცილებელია, ამ ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. მოტივსა და მიზანს ქმედების ამ დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არ აქვს მნიშვნელობა და მისი დადგენა საჭიროა მხოლოდ სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით თ-------- ჯ------მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2018 წლის 20 აპრილის N2197-IIს კანონის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის პირველი ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიციის თანახმად დანაშაულს წარმოადგენდა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო 2018 წლის 10 მაისის შემდგომი რედაქცია კი დანაშაულს წარმოადგენს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის პირველი ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------- ჯ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს (შესაბამოსიბაში მოვიდეს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, 2018 წლის 10 მაისის შემდგომ მოქმედ რედაქციაზე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
12. თ-------- ჯ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
14. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ოჯახში ცხოვრობს მეუღლესთან, ოთხ შვილთან და პენსიოერ დედასთან ერთად. დასაქმებული ოჯახში არავინაა და შემოსავალი არის მხოლოდ სოციალური დახმარება 411 ლარის ოდენობით. ასევე, გასათვალისწინებელია ბრალდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან (გამოკითხვისთანავე მისცა აღიარებითი ჩვენება, ითანამშრომლა გამოძიებასთან), რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, ბრალდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, თ-------- ჯ------ს საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია თ-------- ჯ-------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ 1 (ერთი) წლის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. ასევე, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, თ-------- ჯ------ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
15. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვება, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------- ჯ------ს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - 25 ძირი აკაციის ჯიშის ხე; ერთი ძირი რცხილის ჯიშის ხე (რომლებიც მიბარებული აქვს შ--–-- ა----–--ეს) და ბენზო ხერხი (რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------- ჯ-------ს მიმართ საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის10 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს (შესაბამისობაში მოვიდეს) საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილთან (2018 წლის 10 მაისიდან მოქმედი რედაქცია);
თ-------- ჯ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 მაისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, თ-------- ჯ------ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - 25 ძირი აკაციის ჯიშის ხე; ერთი ძირი რცხილის ჯიშის ხე (რომლებიც მიბარებული აქვს შ--–-- ა----–--ეს) და ბენზო ხერხი (რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში);
თ-------- ჯ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, თ-------- ჯ------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე