გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2018
საქმის ნომერი
140210017002045160
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017002045160

საქმე №2/1209-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მარტი 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - თ---------------–---–ი

წარმომადგენელი - ს----------------–-–---–ი

მოპასუხეები - ი-----------------–---–ი, გ-----------–---–ი

 

დავის საგანი: ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეების: ი---------- და გ-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ავტომაქანა პეჟო სახელმწიფო ნომრით II684QQ .

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება:

 

მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხე გ-----------–---–ისაგან შეიძინა ავტომანქანა პეჟო სახელმწიფო ნომრით II684QQ, რომელიც იყო დაზიანებული და მამა შვილს გოჩა და ი-----------------–---–ებს ავტომანქანა მისთვის უნდა მიეყვანათ შეკეთების შემდეგ, თუმცა გავიდა თვეები და აღნიშნული ავტომანქანა არ მიუყვანეს. მოსარჩელესთან კომუნიკაციისას მოპასუხეებმა განაცხადეს რომ ისინი დააბრუნებდნენ ავტომანქანას ან ფულს, თუმცა არც ავტომანქანა და არც ფული არ დაუბრუნებიათ და სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვისაც ავტომანქანას ფლობენ მოპასუხეები.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სასამართლომ უარი უნდა უთხრას მოსარჩელეს საქმის განხილვაზე და შეწყვიტოს საქმის წარმოება რადგან 2016 წელს მოსარჩელემ მომართა გორის რაიონულ სასამართლოს ი-----------------–---–ის წინააღმდეგ და მოითხოვა ი-----------------–---–ისათვის თანხის დაკისრება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგება რომლითაც ი-----------------–---–მა იკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო თ---------------–---–მა მოპასუხის სასარგებლოდ იკისრა ავტომანქანა პეჟოს სახელმწიფო ნომრით II684QQ გადაფორმება. 2016 წლის 04 აგვისტოს გამოიწერა სააღსრულებლო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელემ მიმართა სააღსრულებლო ბიუროს. იძულებითი აღსრულების წესით ი-----------------–---–ს ვალის ნახევარზე მეტი უკვე დაფარული აქვს. შესაბამისად მოსარჩელის ახალი სასარჩელო განცხადება ემსახურება, მხოლოდ დაიწყოს დავა საგანზე იმავე მხარეებს შორის, ოღონდ სხვა სამართლებრივი კუთხით. ყოველივე ზემოთქმულისა, მოპასუხე სარჩელს არ ეთანხმება და მიაჩნია რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საქმის წარმოებაში მიღებაზე და შეწყდეს საქმის წარმოება, რადგან არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომელიც მიღებულია საქმეზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. მხარეებს შორის არსებობდა დავა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნულ დავაზე გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 01 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მოპასუხე ი-----------------–---–მა ვალდებულება აიღო, მოსარჩელე თ---------------–---–თან, 2016 წლის 01 აგვისტომდე გადაეხადა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2500 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე თ---------------–---–მა ვალდებულება აიღო მოპასუხის მხრიდან მორიგების პირობების შესრულების შემდეგ გადაეფორმებინა თავის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა „პეჟო“ სახ. ნომრით II684QQ.

 

მტკიცებულება:

 

- სარჩელი სამოქალქო საქმეზე № 2/349-16

- 2016 წლის 01 ივნისის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

- მორიგების აქტი

 

2.1.2. სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - II684QQ. მარკა - მოდელი - პეჟო ბოქსერი, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2006, რეგისტრირებულია თ---------------–---–ის სახელზე.

 

მტკიცებულება :

 

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

2.1.3. ტეონა ტერუნასვილის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - II684QQ. მარკა - მოდელი - პეჟო ბოქსერი, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2006, რომელიც იმყოფება მოპასუხეების მფლობელობაში.

 

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს განიხილა რა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ თ---------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ი---------- და გ-----------–---–ების მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.

 

7.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხეები კი არიან ნივთის მფლობელები, რომელებსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. მფლობელობის მართლზომიერების ე.ი. სამართლებრივი საფუძვლების მითითებისა და დადასტურების ტვირთი მოპასუხეს (ნივთის მფლობელს) ეკისრება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშალება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე თ---------------–---–ის სახელზე, რომელიც მოპასუხეს ი-----------------–---–ს გადაეცემოდა საკუთრებაში მხოლოდ მას შემდეგ როცა იგი შეასრულებდა სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით აღებულ ვალდებულებას. სასამართლო სხდომაზე დადგინდა რომ მოპასუხეს დღემდე ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც მანქანის მესაკუთრედ დღემდე მოსარჩელე მიიჩნევა.

 

სასამართლომ, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ქონება მოპასუხეების: ი---------- და გ-----------–---–ების მოფლობელობაშია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ უზრუნველყვეს მათზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება, ვერ მიუთითეს გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეებს გააჩნიათ მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთის ფლობის უფლება, გარდა იმისა, რომ მოპასუხის ი-----------------–---–ის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამათლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხეებს ეკისრებოდათ, წარმოედგინათ სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ ისინი არიან მოძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები და მათ მიერ ქონების ფლობას აქვს სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული სახის მტკიცებულება მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, მოპასუხეებმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გააქარწყლეს. ვინაიდან გარემოებები, რომლებიც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე (მესაკუთრე) არ იმყოფება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და უფლებამოსილია გამოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის თ---------------–---–ის კუთვნილი მოძრავი ქონების მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

რაც შეეხება მოპასუხეების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, სასამართლომ აღნიშნულ საკითხე იმსჯელა სასამართლო სხდომაზე და მხარის პოზიცია არ გაიზიარა ( იხ. 28.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილორივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა სრულად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე თ---------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების: ი-----------------–---–ის და გ-----------–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეების: ი-----------------–---–ისა და გ-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს თ---------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ავტომანქანა, პეჟო სახ. ნომრით II 684 QQ და გადაეცეს იგი მესაკუთრეს - თ---------------–---–ს.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხეებს: ი-----------------–---–ს და გ-----------–---–ს მოსარჩელე თ---------------–---–ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროთ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიოულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოტანიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგემა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი