გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2018
საქმის ნომერი
030310517002206366
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310517002206366

№ 3/150-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2018 წელი ქ.ფოთი

 

შესავალი ნაწილი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

 

მოსარჩელე სს ,,ნ---------“

 

მოპასუხეები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი ლ--–- ჭ----------

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტრო

წარმომადგენელი ც---- მ-----–---–ი

 

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/451 ბრძანება და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N17/7621 წერილი.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/451 ბრძანებით უარი ეთქვა სს ,,ნ--------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N17/7621 წერილის ბათილობაზე, რიმლითაც სს ,,ნ--------ს“ უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. სს ,,ნ---------ს“ მოთხოვნა გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, კერძოდ: სს ,,ნ---------ს“ წარმომადგენლის 2016 წლის 11 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 20 ოქტომბრის N5/54302 წერილით წარმოდგენილ იქნა სს ,,ნ---------ს“ კაპიტალში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ სს ,,ნ--------ს“ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსაგან გამოსყიდული აქვს არამარტო საწარმოს აქციები, არამედ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ სს ,,ნ---------ს“ მიერ აქციების გამოსყიდვასთან ერთად, რაც არ არის სადავო, გამოსყიდული პრივატიზირებული იქნა ის უძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ხ----------------------ას. აქციების გამოსყიდვის პროცესში მისი თანმხლები და განუყოფელი ნაწილი იყო ხ----------------------ის პრივატიზაციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავდა საპრივატიზაციო დოკუმენტს. აღნიშნული პრივატიზაციის გეგმის თანახმად, პრივატიზებას დაევემდებარა ხ----------------------ა, როგორც მისი აქციებით, ისე ქონებით. ამასთან საპრივატიზაციო ქონებით ცალკე გამოიყო ის ქონება, რომელიც არ ექვმდებარებოდა პრივატიზებას. შესაბამისად პრივატიზებული იქნა ხ----------------------ის დანარჩენი უძრავ-მოძრავი ქონება. აღსანიშნავია, რომ პრივატიზებულ ქონებას სს ,,ნ---------“ ფლობს და სარგებლობს წლების განმავლობაში, იხდის გადასახადებს და ეს ქონება იმყოფება სააქციო საზოგადოების ბალანსზე. თავად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ სს ,,ნ--------ს“ გამოსყიდული აქვს აქციებთან ერთად მიწის ნაკვეთის არებითი შემადგენელი ნაწილიც პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად, ამდენად, იმის მითითება, რომ სს ,,ნ--------ს“ გამოსყიდული აქვს მხოლოდ აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, არის დაუსაბუთებელი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და მას უარი უნდა ეთქვას შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გამო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სს ,,ნ---------ს“ საჩივარი წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 10 მარტს და იგი ეხებოდა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის წერილის ბათილად ცნობასა და მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის N144 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სს ,,ნ---------ს“ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნას. აღნიშნული საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში 2017 წლის 29 მარტს და აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით სამინისტრომ განიხილა აღნიშნული საჩივარი და დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1994 წლის 07 ივლისს ქონების მართვის განყოფილების მიერ ხ----------------------ის ბაზაზე დაფუძნდა სს ,,ნ---------“. იმ დროისათვის ფ------- წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს და მიმდინარეობდა მათი სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პროცესი. სს ,,ნ---------ც“ არის ერთ-ერთი მსგავსი საწარმო და ის ჩ-------------ს ბაზაზეა დაფუძნებული. სს ,,ნ---------ს“ 1993 წლის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდა სს ,,ნ---------ს“ აქციების გამოცემის სახელმწიფო რეგისტრაცია, მას მინიჭებული აქვს კოდი და გატარდა საფინანსო განყოფილების შესაბამის ჟურნალ რეესტრში N6-ით და იმავე კორესპონდენციით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გაეგზავნა პრივატიზაციის გეგმის ასლი. პრივატიზების გეგმის შესაბამისად, განისაზღვრა საწარმოს მისამართი, ობიექტი წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს, ამასთან განისაზღვრა ძირითადი საშუალებების რა ობიექტები არ ექვემდებარებოდა პრივატიზებას. მაგალითად: სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, საბავშვო ბაღები, საწყობი პურსაცხობი პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა და სახელმწიფო საწარმო, რომელიც გარდაიქმნებოდა სააქციო საზოგადოებად სარგებლობის უფლებით გადაეცემოდა და მისი პრივატიზება დაუშვებელი იყო, მაგრამ ხდებოდა მისი სარგებლობაში გადაცემა. ამავე პრივატიზების გეგმის თანახმად, განისაზღვრა მსხვილ და მწვრილ ინვესტორებზე აქციების განაწილება. 1995 წლის 25 მარტს სს ,,ნ---------ს“ აქციების პაკეტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ მუშაკთა საერთო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კოლექტივის 71 წევრმა გამოთქვა თანხმობა აქციათა პაკეტის შესყიდვაზე. ფაქტობრივად განხორციელდა აქციათა საკონტროლო პაკეტის და აქედან გამომდინარე სს ,,ნ---------“ გახდა აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი. სახელმწიფო ქონების მართვის პირველი მოადგილის 1998 წლის მაისის კორესპონდენციით სს ,,ნ---------ს“ გენერალურ დირექტორს გაეგზავნა ფულადი აუქციონის ნულოვანი ფასის შედეგები და შესაბამისად, ის ფაქტი, რომ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა თავად აღნიშნული კომპანია. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 თებერვლის ცნობის თანახმად, რომელიც წარმოადგინა მოსარჩელე მხარემ აღმოჩნდა, რომ საჩივრის ავტორს ერიცხებოდა დავალიანება 35.16 ლარი. მათ შორის ქონების გადასახადის დავალიანება. აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი იქნა იმ მოტივით, რომ სს ,,ნ---------“ აღნიშნული ქონების მესაკუთრე იყო და აქედან გამომდინარე მათ, ერიცხებოდათ ეს დავალიანება. 2013 წლის 17 მაისს სს ,,ნ--------მა“ მიმართა სააგენტოს და მოითხოვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სარგებლობაში არსებული შენობების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის სს ,,ნ---------სათვის“ მიკუთვნება. სააგენტოს წერილით უარი ეთქვა საჩივრის ავტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან წარმოდგენილი საპრივატიზებო დოკუმენტაციის მიხედვით პრივატიზების საგანს წარმოადგენდა სს ,,ნ---------ს“ აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით გაიმართა ღია სხდომა 2017 წლის 24 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. საჩივრის ავტორმა იმ პერიოდში განმარტა, რომ საწარმო საპრივატიზებო დოკუმენტაციიდან დგინდებოდა თითქოს, რომ სს ,,ნ--------ს“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსაგან გამოსყიდული ჰქონდა არამარტო საწარმოს აქციები არამედ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და შენობა-ნაგებობებიც, ვინაიდან პრივატიზაციის გეგმის თანახმად, აქციებთან ერთად ცალკე იყო განსაზღვრული საპრივატიზებო შენობა-ნაგებობებიც, რომელებიც ექვემდებარებოდა პრივატიზაციას. საჩივრის ავტორი მიუთითებდა ასევე შემოსავლების სამსახურის ცნობაზე, რომელიც იქნა წარმოდგენილი, რომ მას ერიცხებოდა დავალიანება 35.16 ლარის ოდენობით, მათ შორის ქონების გადასახადის დავალიანება, რაც მისი აზრით იყო იმის დასტური, რომ სადავო შენობა-ნაგებობები ასევე, იქნა გამოსყიდული პრივატიზების გეგმის შესაბამისად. ამდენად დაუსაბუთებლად მიიჩნია აღნიშნული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ასევე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. მას შემდეგ რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებები მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო: ვინაიდან საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენდა სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საჩივრის დასაბუთებისას მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას იყო თუ არა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული ორგანოსათვის დადგენილი აუცილებელი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი. თუმცაღა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობები. იმ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გასხვისება არ ხდებოდა, მაგრამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გასხვისებული იყო სახელმწიფოს სახელზე რიცხული საწარმოს აქციები. საქართველოს მთავრობის N144 დადგენილების დამტკიცებული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის პირობები, კერძოდ, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა, ამავე წესის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოს მიერ ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება. მითითებული ნორმების შინაარსიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისათვის ორივე წინაპირობა უნდა არსებობდეს, კუმულაციურად, კომპეტენტური ორგანოს მიერ გასხვისებული უნდა იყოს მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და საკუთრების უფლების აღიარება შეუძლებელი უნდა იყოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება, აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, აღნიშნული მოწესრიგება მოცემულ შემთხვევაში ცალსახად გამორიცხავს სს ,,ნ---------ს“ საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას ხსენებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, რაც იმას ნიშნავს რომ კანონმდებლობით დადგენილი ორი წინაპირობიდან მე-2 შეუსრულებელია. რაც შეეხება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის გასხვისებას აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განმარტავს, რომ პრივატიზებისას მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 09 აგვისტოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრივატიზება იყო მოქალაქეთა მათი გაერთიანებების და არა სახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რომლის შედეგად ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზების შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების ობიექტის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ორგანოები მათი მართვის უფლებას. ამდენად ხდებოდა ქონების განსახელმწიფოებრიობა. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საწარმოთა პრივატიზება აქციების პაის გაყიდვის გზით ხორციელდებოდა, სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო სააქციო საზოგადოება და ამხანაგობა წინასწარი გარდაქმნის შემდეგ. გარდაქმნის წესი განისაზღვრებოდა შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებდა რესპუბლიკის მთავრობა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტიდან დგინდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის N-88 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა განხორციელებულია აქციების გაყიდვით თანხლებით, ამავე დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრულია ამ დადგენილების შესაბამისად შექმნილი სააქციო საზოგადოების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა აქციის გაყიდვა ან გადაცემა შესაძლებელი იყო პრივატიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის და ამ დადგენილების შესაბამისად. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ დებულების მე-10 პუნქტის თანახმად, სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოო ქვეგანაყოფის პასივები და აქტივები მიიღებოდა სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდებოდა გარდაქმნილი საწარმოს უფლებებისა და მოვალეობების მემკვიდრე. ამავე დანართის N1 მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს ხოლო მე-14 მუხლის თანახმად, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც მსგავსად განხორციელდა. სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის, რომელიც ძალადაკარგულია 1994 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მე-18 მუხლის მიხედვით სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა ხელშეკრულების საფუძველზე ერთობლივი საქმიანობისათვის ფიზიკური ან იურიდიული პირების გაერთიანებას, რომელთაც ჰქონდათ აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი, მისი ქონება იქმნებოდა მონაწილეთა შენატანებით აქციების გაყიდვების შედეგად მიღებული შემოსავლებით და სხვა კანონიერი წყაროებით. აქციების თავისუფალი გაყიდვა ნებადართული იყო და იგი შეიძლებოდა შეზღუდულიყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობებით. სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა იურიდიულ პირს, რომლის მონაწილეები სააქციო საზოგადოების ვალდებულებებით პასუხს აგებდნენ მხოლოდ საკუთარი შენატანებით მათი კუთვნილი აქციების პაკეტის ფარგლებში. სააქციო საზოგადოება პასუხს არ აგებდა მასში მონაწილე აქციონერების ქონებრივ ვალდებულებებზე და მოქმედებდა მისი მონაწილეების მიერ დამტკიცებული საკუთარი წესდების საფუძველზე. თავად აქციის სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით სამინისტრო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებულ განმარტებას: აქციას საკმაოდ სპეციფიკური სამართლებრივი ბუნება აქვს ერთი მხრივ აქცია მოიცავს სააქციო საზოგადოების წევრებისა და მის მართვაში მონაწილეობის კომპონენტს ამ მიმართებით აქციონერს სააქციო საზოგადოებაში მისი მონაწილეების შესაბამისად, აქვს ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები. მეორე აქცია არის სააქციო საზოგადოების ქონებაში მესაკუთრის წილობრივი საკუთრების გამომხატველი და წილზე უფლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ის არის წილობრივი ფასიანი ქაღალდი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის განმარტებით. საკუთრება აქციაზე მატერიალიზებადი აქციის განკარგვის შემთხვევაში, ასევე, საზოგადოების ლიკვიდაციისას, რადგან ის აძლევს აქციონერს უფლებას მიიღოს ლიკვიდირებული სააქციო საზოგადოების ქონება თავისი წილის შესაბამისად. გარდა ამისა აქცია აძლევს მის მესაკუთრეს საწარმოს მოგებიდან წილის მიღების უფლებას, ამდენად აქცია არ არის სავარაუდოდ მისაღები ვირტუალური შემოსავალი თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე დივიდენდებს შეეხება. ის არის აქციონერის სამართლებრივად განმტკიცებული ქონებრივი უფლებებისა და პოზიციის დამადასტურებელი საბუთი. დასახელებული საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე და სასამართლოს განმარტების გათვალისწინებით, სამინისტროს მიაჩნია, რომ აქცია წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, რომელიც მის მფლობელს მრავალი უფლებით აღჭურავს, იგი გულისხმობს სააქციო საზოგადოებაში კაპიტალის წილს, ადასტურებს მისი მფლობელის წევრობას ამ საზოგადოებაში და შესაბამის უფლება-მოვალეობებს, რაც ვლინდება, როგორც საზოგადოების მართვაში ისე მოგების მიღებისას. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ სს ,,ნ---------ს“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ 1994 წლის 07 ივლისის N-4 ბრძანებით დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმით განსაზღვრული აქციების განლაგებისა და გაყიდვის წესი მოცულობა და ვადები. ხობის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 17 სექტემბრის დადგენილებისა და ამავე დადგენილებით რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ნ---------ს წესდების თანახმად, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 51785 ლარის ქონებას, ხოლო ნ---------ს 2006 წლის წესდების ახალი რედაქციის შესაბამისად, საწესდებო კაპიტალს შეადგენს 67322 ლარის ქონება და იგი დაყოფილია 48424 ცალ სახეობად ჩვეულებრივ აქციად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი საპრივატიზებო დოკუმენტაციით ცალსახად დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში პრივატიზების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ სს ,,ნ---------ს“ აქციები და სააგენტო ვერ იმსჯელებდა სადავო უძრავი ქონების მიკუთვნების თაობაზე. აღნიშნულს ადასტურებს სს ,,ნ---------ს“ საპრივატიზებო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ გამოსყიდულ იქნა მხოლოდ საწარმოს 100% აქციები, მიუხედავად იმისა, რომ საპრივატიზებო გეგმა ითვალისწინებდა მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილების, შენობა-ნაგებობების გამოსყიდვასაც. აქედან გამომდინარე, სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი. ხოლო რაც შეეხება ცნობას ქონების გადასახადის დავალიანების თაობაზე, აპრიორი გულისხმობს, რომ მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი გამოსყიდულ იქნა აქციებთან ერთად საპრივატიზაციო გეგმის შესაბამისად, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი არის პირი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის აღნიშნული დანაწესის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 თებერვლის ცნობა ვერ იქნება მიჩნეული მტკიცებულებად იმისა, რომ სადავო შენობა-ნაგებობები საპრივატიზებო გეგმის შესაბამისად, გამოსყიდულ იქნა სს ,,ნ---------ს“ მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. 2013 წლის 17 მაისს სს ,,ნ--------მა“ მიმართა სააგენტოს და მოითხოვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 მუხლის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის სს ,,ნ---------სთვის“ მიკუთვნება. სააგენტომ 2017 წლის 16 თებერვლის წერილით უარი თქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ვინაიდან წარმოდგენილი საპრივატიზაციო დოკუმენტაციის მიხედვით გამოსყიდვის საგანს წარმოადგენდა საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი. პრივატიზების დროს მიწის ნაკვეთის გასხვისება არ ხორციელდებოდა ის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირდებოდა და შემდგომ დარეგულირდა აღნიშნული კანონი შესაბამისი კანონმდებლობით, შესაბამისად პრივატიზების დროს მხოლოდ აქციების პრივატიზება განხორციელდა და არა მისი არსებითი შემადგენელი ნაწილის. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ის აუცილებლად შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან. მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ის განხილულ უნდა იქნეს შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობით, ეს არის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის N144 დადგენილებასთან მიმართებაში და დადგინდეს გასაჩივრებული აქტის 2017 წლის 16 თებერვლის წერილის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. რაც შეეხება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ, გაასხვისა, მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი. საქართველოს მთავრობის N144 დადგენილებით დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესი, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილია ასევე მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის წინაპირობები კერძოდ, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა ამავე წესის მოთხოვნათა დაცვით სააგენტოს მიერ ხორციელდება იმ შემთხვევაში როდესაც, კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება. მითითებული ნორმის შინაარსიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისათვის ეს ორივე წინაპირობა უნდა არსებობდეს. პირველი უნდა იყოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ გასხვისებული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, ეს წინაპირობაა არ არსებობს მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან გასხვისებული არ არის მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, ხოლო რაც შეეხება მეორე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება ვინაიდან 2012 წლის 01 იანვრიდან იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. ვინაიდან, ეს ორი წინაპირობა არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში და ვინაიდან პრივატიზების საგანს წარმოადგენდა აქციები და არა არსებითი შემადგენელი ნაწილი, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოსცა ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო აქტი სრულიად კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N17/7621 წერილით სს ,,ნ--------ს“ 2013 წლის 17 მაისის N17413/05 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიწის მიკუთვნების საკითხს განიხილავს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ,,იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი“. ვინაიდან სს ,,ნ--------ს“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართის სამინისტროსაგან ეტაპობრივად აქვს გამოსყიდული საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სააგენტო არ არის უფლებამოსილი განიხილოს განცხადებაში დასმული საკითხი.

 

3.2.2. სს ,,ნ---------ს“ 2017 წლის 10 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის თანახმად, სს ,,ნ--------მა“ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს და მოითხოვა 2017 წლის 16 თებერვლის N17/7621 წერილის გაუქმება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოითხოვა განცხადების დაკმაყოფილება და სს ,,ნ---------ს“ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა.

 

3.2.3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/451 ბრძანებით, სს ,,ნ--------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

 

3.2.4. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 27 მარტის N1-3/332 ბრძანების შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის1993 წლის 14 აპრილის N-88 დადგენილების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტისა და ,,სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ივლისის N571 დადგენილების 3.3. პუნქტის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ მეთვალყურეთა საბჭოში დაინიშნა სახელმწიფო წარმომადგენელი.

 

3.2.5. 1995 წლის 23 თებერვლის სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ შრომითი კოლექტივის საერთო კრების N1 ოქმის შესაბამისად, კრებაზე სადაც განიხილებოდა სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ კოლექტივის წევრებზე უფასო და შეღავათიანი აქციების განაწილება დადგინდა, რომ კოლექტივის წევრებს გაუნაწილდებოდათ უფასო აქცია 1334 ცალი, ხოლო ფასდაკლებით 667 ცალი.

 

3.2.6. 1995 წლის 07 თებერვლის სერთიფიკატის მიხედვით, სს ,,ნ---------ს“, რომლის სახელწოდებას გარდაქმნამდე წარმოადგენდა ხ----------------------ა, საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 35422. ერთი აქციის მინიმალური ღირებულება 1000 კუპონს.

 

3.2.7. 1995 წლის 28 მარტის სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ მუშაკთა საერთო კრების N- ოქმის მიხედვით, აქციათა პირდაპირი ყიდვის უფლება მიეცა სს ,,ნ---------ს“ შრომითი კოლექტივის 71 წევრს.

 

3.2.8. 1997 წლის 29 ოქტომბრის მინისტრის პირველი მოადგილის წერილის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ გენერალურ დირექტორს ეცნობა, რომ სამინისტროს ბუღალტერიის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 30 მარტის N01-12/1930 წერილის მიხედვით სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ 667 ცალი 20%-ით ფასდაკლებული აქციის საფასურად გადახდილია 780.4 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა. აღნიშნული თანხის გადამხდელებს არსებული სიის შესაბამისად, სულ 20% ფასდაკლებით გასაცემი 667 ცალი აქციიდან საკუთრების უფლება უდასტურდებათ საერთო ჯამში 667 ცალ აქციაზე.

 

3.2.9. სს ,,ნ---------ს“ 1997 წლის 19 სექტემბრის წერილით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ეცნობა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიხედვით, სააქციო საზოგადოება ,,ნ---------“ გატარდა ხელახალ რეგისტრაციაში, რაზედაც წარმოგიდგენთ ხობის რაიონის სასამართლოს დადგენილებას“. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ საწესდებო კაპიტალი შეფასებულია 51 785 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ოდენობით და ნაცვლად ადრე გამოშვებული 35422 ცალი 1000 კუპონიანი ნომინალური ღირებულების აქცია.

 

3.2.10. მინისტრის პირველი მოადგილის 1997 წლის 17 ნოემბრის წერილის თანახმად, სააქციო საზოგადოება ,,ნ--------ს“ ეცნობა, რომ სულ გამოშვებული 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 51785 ცალი აქციიდან სახელმწიფოს მიერ გასხვისებულად ითვლება: უფასოდ საერთო ჯამში 2387 ცალი აქცია ანუ საწ. კაპიტალის 4.61 %, 20%-ის ფასდაკლებით 974 ცალი აქცია ანუ 1.88%; ამასთან სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება 48 424 ცალი აქცია ანუ 93.51 %. სულ 51 785 ცალი აქცია ანუ 100 %. გევალებათ აღნიშნული განაწილება ასახოთ აქციონერთა აღრიცხვის ჟურნალ-რეესტრში და მესაკუთრეებზე გასცეთ აქციები თითოეულ ცალკეულ მესაკუთრეზე საწესდებო კაპიტალში ხელახალ რეგისტრაციამდე არსებული პროცენტული წილის შენარჩუნებით.

 

3.2.11. მინისტრის პირველი მოადგილის 1998 წლის 06 მაისის წერილით სააქციო საზოგადოება ,,ნ--------ს“ გაეგზავნა ფულადი აუქციონის შედეგების შესაბამისად სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ აქციების მიმღებ პირთა სია. ასევე, დაევალა სიაში მითითებულ თითოეულ პირზე აქციების გაცემა სიაში მითითებული რაოდენობის მიხედვით. აქციების გაცემა, აგრეთვე შემდგომში აქციების მესაკუთრის შესაძლო შეცვლა აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს აქციების მფლობელთა რეგისტრაციის ჟურნალში.

 

3.2.12. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ხობის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის საფინანსო განყოფილების 1995 წლის 08 თებერვლის N02-6/6 წერილის თანახმად, სს ,,ნ---------ს“ 1993 წლის 14 აპრილის N-88 განაცხადისა და განაცხადზე დართული დოკუმენტაციის საფუძველზე, 1995 წლის 07 თებერვალს მოხდა სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ აქციების გამოცემის სახელმწიფო რეგისტრაცია და აქციების გამოშვებას მინიჭებული აქვს კოდი N610 I-პ 549, რაც გატარებულია რაიონის საფინანსო განყოფილების შესაბამის, აქციათა გამოშვების რეგისტრაციის სპეციალურ ჟურნალ-რეესტრში N6-ით.

 

3.2.13. პრივატიზების გეგმის შესაბამისად, განისაზღვრა საწარმოს იურიდიული მისამართი: საქართველოს რესპუბლიკა, ქ.ხობი, მ--- ჯ-----–---–-ს ქ.N-. ობიექტი წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს. ასევე, განისაზღვრა ძირითადი საშუალებებიდან რა ობიექტები არ ექვემდებარებოდა პრივატიზებას. ამავე გეგმით განისაზღვრა აქციათა განლაგებისა და გაყიდვის წესი, კერძოდ: განაწილების ფორმა -უფასოდ 71 პირზე 1633 აქცია, ხოლო შეღავათიან ფასად ასევე, 71 პირზე 816 აქცია. დანარჩენი აქციების გაყიდვა განისაზღვრა მსხვილ და წვრილ ინვესტორებზე.

 

3.2.14. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მიერ 1998 წლის 23 აპრილს დამტკიცდა სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების შედეგები სს ,,ნ---------ს“ აქციების მიმღებთა სია. ამდენად გამოსყიდულ იქნა სს ,,ნ---------ს“ აქციების მიმღებთა სია. ამდენად გამოსყიდულ იქნა სს ,,ნ---------ს“ აქციათა 100%.

 

3.2.15. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ 2013 წლის 21 თებერვლის N542278 ცნობის თანახმად, საჩივრის ავტორს ერიცხებოდა დავალიანება 35.16 ლარის ოდენობით, მათ შორის ქონების გადასახადის დავალიანება.

 

3.2.16. 2013 წლის 17 მაისს სს ,,ნ--------მა“ მიმართა სააგენტოს და მოითხოვა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სარგებლობაში არსებული შენობების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის სს ,,ნ---------სათვის“ მიკუთვნება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სს ,,ნ---------ს“ სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/451 ბრძანების და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N17/7621 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის N144 დადგენილებით დამტკიცებული ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესი“, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 09 აგვისტოს კანონი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/451 ბრძანება და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N17/7621 წერილი, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია დადგინდეს ის გარემოება, სააგენტოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას არის თუ არა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული ორგანოსათვის დადგენილი აუცილებელი მოთხოვნები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N17/7621 წერილის კანონიერების შესამოწმებლად უნდა შემოწმდეს მისი დასაშვებობა, ფორმალური კანონიერება და მატერიალური კანონიერება.

 

მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაშვებია, რადგან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს: უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.

 

უფლებამოსილება გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოსცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

 

საგნობრივი უფლებამოსილება უკავშირდება მოწესრიგების საგანს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო მოეწესრიგებინა კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა.

 

ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

 

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 16 თებერვლის N17/7621 წერილი ფორმალურად კანონიერია.

 

ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.

 

ბუნებრივია, მოთხოვნა რომ ადმინისტრაციული აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციისა და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა შეესაბამებოდეს სამართლის ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. გარდა ამ კონკრეტული ნორმებისადმი შესაბამისობისა, ზოგადად, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ სამართლის ნორმებს და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „ სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი (რომელსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).

 

საქართველოს მთავრობის N144 დადგენილებით დამტკიცებული ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილია, ასევე, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის წინაპირობები. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა ამავე წესის მოთხოვნათა დაცვით ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება.

 

მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისათვის ზემოაღნიშნული ორივე წინაპირობა უნდა არსებობდეს კუმულაციურად - კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ გასხვისებული უნდა იყოს მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და საკუთრების უფლების აღიარება შეუძლებელი უნდა იყოს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

 

ხსენებული კანონიდან გამომდინარე სს ,,ნ---------ს“ საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა გამოირიცხება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის N144 დადგენილებით დამტკიცებული ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობა სახეზეა (მიწის ნაკვეთზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება).

 

პრივატიზების დროს მოქმედი ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 09 აგვისტოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრივატიზება იყო მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რომლის შედეგად ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზების შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტის) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას.

 

ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საწარმოთა პრივატიზება აქციების (პაის) გაყიდვის გზით ხორციელდებოდა სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებად და ამხანაგობებად წინასწარი გარდაქმნის შემდეგ. გარდაქმნის წესი განისაზღვრებოდა შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

 

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ხობის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის საფინანსო განყოფილების 1995 წლის 08 თებერვლის N02-6/6 წერილის თანახმად, სს ,,ნ---------ს“ 1993 წლის 14 აპრილის N-88 განაცხადისა და განაცხადზე დართული დოკუმენტაციის საფუძველზე, 1995 წლის 07 თებერვალს მოხდა სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ აქციების გამოცემის სახელმწიფო რეგისტრაცია და აქციების გამოშვებას მინიჭებული აქვს კოდი N610 I-პ 549, რაც გატარებულია რაიონის საფინანსო განყოფილების შესაბამის, აქციათა გამოშვების რეგისტრაციის სპეციალურ ჟურნალ-რეესტრში N6-ით.

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის N-88 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა განხორციელებულია აქციების გაყიდვის თანხლებით.

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის N-88 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების შესაბამისად შექმნილი სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა აქციის გაყიდვა ან გადაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ პრივატიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დადგენილების შესაბამისად.

 

,,სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N578 დადგენილებით) მე-18 მუხლის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა ხელშეკრულების საფუძველზე ერთობლივი საქმიანობისათვის ფიზიკური და (ან) იურიდიული პირების გაერთიანებას, რომელთაც ჰქონდათ აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი. მისი ქონება იქმნებოდა მონაწილეთა შენატანებით, აქციების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლებით და სხვა კანონიერი წყაროებით. აქციების თავისუფალი გაყიდვა ნებადართული იყო და იგი შეიძლება შეზღუდულიყო მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი პირობებით. სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა იურიდიულ პირს, რომლის მონაწილეები სააქციო საზოგადოების ვალდებულებებზე პასუხს აგებდნენ მხოლოდ საკუთარი შენატანების (მათი კუთვნილი აქციების პაკეტის) ფარგლებში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებულია, ,,აქციას საკმაოდ სპეციფიური სამართლებრივი ბუნება აქვს. ერთი მხრივ აქცია მოიცავს სააქციო საზოგადოების წევრობისა და მის მართვაში მონაწილეობის კომპონენტს. ამ მიმართებით, აქციონერს, სააქციო საზოგადოებაში მისი მონაწილეობის შესაბამისად, აქვს ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების და ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები. მეორე მხრივ აქცია არის სააქციო საზოგადოების ქონებაში მესაკუთრის წილობრივი საკუთრების გამომხატველი და წილზე უფლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ის არის ,,წილობრივი ფასიანი ქაღალდი“ ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის განმარტებით. საკუთრება აქციაზე მატერიალიზებადია აქციის განკარგვის შემთხვევაში, ასევე, საზოგადოების ლიკვიდაციისას, რადგანაც ის აძლევს აქციონერს უფლებას მიიღოს ლიკვიდირებული სააქციო საზოგადოების ქონება თავისი წილის შესაბამისად. გარდა ამისა, აქცია აძლევს მის მესაკუთრეს საწარმოს მოგებიდან წილის მიღების უფლებას. ამდენად, აქცია არ არის სავარაუდოდ მისაღები, ვირტუალური შემოსავალი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე დივიდენდებს შეეხება. ის არის აქციონერის სამართლებრივად განმტკიცებული ქონებრივი უფლებებისა და პოზიციის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს“.

 

სს ,,ნ---------ს“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ 1994 წლის 07 ივლისის N-4 ბრძანებით დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმით განსაზღვრულია აქციების განლაგებისა და გაყიდვის წესი, მოცულობა და ვადები.

 

მინისტრის პირველი მოადგილის 1997 წლის 17 ნოემბრის წერილის თანახმად, სააქციო საზოგადოება ,,ნ--------ს“ ეცნობა, რომ სულ გამოშვებული 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 51785 ცალი აქციიდან სახელმწიფოს მიერ გასხვისებულად ითვლება: უფასოდ საერთო ჯამში 2387 ცალი აქცია ანუ საწ. კაპიტალის 4.61 %, 20%-ის ფასდაკლებით 974 ცალი აქცია ანუ 1.88%; ამასთან სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება 48 424 ცალი აქცია ანუ 93.51 %. სულ 51 785 ცალი აქცია ანუ 100 %.

 

საპრივატიზებო დოკუმენტიდან ცალსახად დგინდება, რომ პრივატიზების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ სს ,,ნ---------ს“ აქციები და სააგენტო ვერ იმსჯელებდა მისთვის სადავო უძრავი ქონების მიკუთვნების თაობაზე.

 

რაც შეეხება, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 თებერვლის N542278 ცნობას ქონების გადასახადის დავალიანების თაობაზე, იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი გამოსყიდული იქნა აქციებთან ერთად საპრივატიზაციო გეგმის შესაბამისად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესაბამისად, სს ,,ნ---------ს“ სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/451 ბრძანების და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N17/7621 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ნ---------ს“ სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1-1/451 ბრძანების და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N17/7621 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე