გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017002133787
საქმე №2/1630-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი,შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე - გ------ი ჩ----–---–ი
მოპასუხე - ნ--ო მ---------ე
მესამე პირი -სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შ/ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი ანა კ----------–ი
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ--ო მ---------ისთვის არასრულწლოვანი შვილის - 2009 წლის 09 ნოემბერს დაბადებული ო---რ ჩ----–---–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად;
მოსარჩელე გ------ი ჩ----–---–ის განმარტებით, 2010 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ნ--ო მ---------ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძენათ ორი შვილი ო---რ და ლანა ჩ----–---–ები. მისი მეუღლე რამდენჯერ წავიდა სახლიდან იმ საფუძლით, რომ აღარ სურდა მასთან ცხოვრება. ამჟამად ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან. ბავშვები დადიან ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში. ხოლო ო---რ ჩოიშვილის საბუთები დედამ ნ--ო მ---------ემ გადაიტანა ახალდაბის საჯარო სკოლაში, მამას კი დედის თანხმობის გარეშე არ აძლევენ საბუთებს, ო---რი საბუთების გარეშე სწავლობს სკოლაში, რაც მას პრობლემებს უქმნის. იმისათვის, რომ არ შეილახოს არასრულწლოვანის ო---რ ჩ----–---–ის ინტერესები მოსარჩელე ითხოვს, მის ბიოლოგიურ მშობელს - ნ--ო მ---------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საქმეში წარმოდგენილი შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 14 ივნისის №2377 დასკვნის მიხედვით მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილილის ო---რ ჩ----–---–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას.
3. მესამე პირის პოზიცია
შ/ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელი დაეთანხმა მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვის - ო---რ ჩ----–---–ის მიმართ მშობელს- ნ--ო მ---------ეს შეეზღუდოს წარმომადგენლობითი უფლება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. არასრულწლოვანი ო---რ ჩ----–---–ის (დაბადებული 2009 წლის 09 ნოემბერს) ბიოლოგიურ დედას წარმოადგენს მოპასუხე ნ--ო მ---------ე;
3.1.2. მოპასუხე ნ--ო მ---------ე ცხოვრობს მშობლებთან, მისამართზე გორის, სოფ. ახალდაბა .
3.1.3. სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტეის სოფ. ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, არასრულწლოვანი ო---რ ჩ----–---–ი ირიცხება სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტეის სოფ. ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში.
3.1.4. სოციალური სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია მშობლებმა მიაღწიონ შეთანხმებას, რათა არ დაირღვეს ბავშვის უფლებები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ი ჩ----–---–ის სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ მშობლის - დედის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1.მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
„ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ" კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ო---რ ჩ----–---–ის (დაბადებული 2009 წლის 09 ნოემბერს) ბიოლოგიურ დედას წარმოადგენს მოპასუხე ნ--ო მ---------ე.
საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის სოციალური დასკვნით, არასრულწლოვანი ო---რ ჩ----–---–ი ცხოვრობს მამასთან და ბებიასთან ლიანა ჩ----–---–თან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღვლევში. ოჯახის საცხოვრებელი სახლი შედგება ოთხი ოთახისაგან. გაკეთებულია კოსმეტიკური რემონტი და დგას ძირითადად ძველი შეძენილი ავეჯი. ბავშვი არის ჯანმრთელი. ბავშვის ფიზიკური და ემოციური განვითრება მიმდინარეობს ასაკის შესაბამისად. 2016 წლიდან ბავშვი ირიცხებოდა ახალდაბის საჯარო სკოლაში, ხოლო 2017 წლის იანვრის თვიდან გადავიდა ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში, ვინაიდან მშობლები შერიგდნენ. 2017 წლის სექტემბრიდან დედამ თავიდან გადაიტანა ბავშვის საბუთები ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლიდან ახალდაბის საჯარო სკოლაში, მას შემდეგ ბავშვი ახალდაბაში ირიცხება. იმისათვის, რომ ბავშვი სწავლას არ ჩამორჩენოდა ო---რი ჩარიცხვის გარეშე დადიოდა ქარელის რაიონის სოფ. ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვების უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვების ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
გამომდინარე აღნიშნულიდან, არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოპასუხე ნ--ო მ---------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვან ო---რ ჩ----–---–ის მიმართ, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს და კანონით დაცულ უფლებებს. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.
ამდენად, გ------ი ჩ----–---–ის სარჩელი მოპასუხე ნ--ო მ---------ს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოპასუხე ნ--ო მ---------ე, როგორც სოციალური შემწეობის მიმღები პირი, განთავისფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 208-ე მუხლის მესამე ნაწილით, 243-244-ე, 249-ე-250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------ი ჩ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ნ--ო მ---------ეს (პ/ნ 59001117311) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის - 2009 წლის 09 ნოემბერს დაბადებული ო---რ ჩ----–---–ის (პ/ნ 59350003233) მიმართ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე