გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2018
საქმის ნომერი
140210016001253101
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210016001253101

საქმე №2/191-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე /მოპასუხე შეგებებული სარჩელით/- ლ--–----------ე (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

მოპასუხე /მოსარჩელეები შეგებებული სარჩელით/ - ო--------–-–---–ი

წარმომადგენელი - ა-–------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი სარჩელით

 

1.1.1. ო--------–-–---–ს ლ--–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა ო--------–-–---–ის შეგებებული სარჩელით

 

1.2.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 19 ნოემბრის ხელწერილი სესხის აღების შესახებ

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ძირითადი სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 19 ნოემბერს მოპასუხე ო--------–-–---–მა მისგან ისესხა 1500 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, 2013 თვის 19 თებერვლამდე, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა მოპასუხე მხარეს არ დაუბრუნებია სესხად აღებული თანხა, რის გამოც იგი ითხოვს მოპასუხე ო--------–-–---–ისათვის 1500 აშშ დოლარის დაკისრებას (იხ. სარჩელი).

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, მას არ ახსოვს სესხის ლ--–----------ისაგან აღების შესახებ დოკუმენტი, მითუმეტეს, ამ ხელწერილში სესხის აღების დროდ მითითებული 19 ნოემბერი, ხემოწერა კი დათარიღებულია 9 ნოემბრით.. აღნიშნული ხელწერილი არის მოტყუებით და იძულებით დადებული, აგრეთვე განეკუთვნება ამორალურ გარიგებას. ამასთან შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მისი ხელმოწერის ნამდვილობასაც სადავოდ მიიჩნევს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ო--------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისგან არავითარი სესხი 2012 წლის 19 ნოემბერს არ მიუღია. მასთან ჰქონდა გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება და ვერ იხდიდა სოციალურად დაუცველის სტატუსის გამო და შედეგად მოსარჩელემ მოტყუებით დააწერინა ხელწერილი თითქოს მისგან ისესხა 1500 აშშ დოლარი და სამაგიეროდ შეპირდა იპოთეკის პროცენტის გადახდის გადავადებას. ხელწერილის დაწერის შემდეგ შვილის, დავითის მეშვეობითა და მეუღლის, ნონა გელაშვილის დახმარებით მოსარჩელეს გადაუხადა სესხისა და იპოთეკის პროცენტები 1000 აშშ დოლარის ოდენობით, ბოლოს 500 აშშ დოლარიც ჩაუტანა, მაგრამ მოსარჩელემ არ მიიღო.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ხელწერილი, რომლის საფუძველზეც ითხოვს მოსარჩელე მისგან 1500 აშშ დოლარს, არ არის მის მიერ შესრულებული, ეს ხელწერილი რომ არ არის ნამდვილი ამას ისიც ადასტურებს რომ სესხი გაცემულია ყოველგვარი პროცენტის გარეშე მაშინ, როცა მან წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ ლ--–----------ე დაკავებულია იპოთეკური სესხების გაცემით და იგი მისთვის უცნობ ადამიანს არ ასესხებდა უპროცენტოდ 1500 დოლარს. მართალია ო--------–-–---–ის მიერ მსგავსი შინაარსის ხელწერილი ნამდვილად დაწერილია, მაგრამ კონკრეტული ხელწერილი, რომელიც წარმოდგენილია მხარის მიერ ამ საქმეზე, არ არის მის მიერ შესრულებული, თუმცა ის ხელწერილი, რომელიც მის მიერ არის შესრულებული, დაიწერა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გადავადების გამო. ამ გარემოებებს ისიც ადასტურებს, რომ საქმეში წამროდგენილია მტკიცებულება, იმის დასტურად, რომ 2012 წლის 11 დეკემბერსვე გადაიფორმა ლ--–----------ემ უძრავი ქონება, ასევე წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ მანამდე ჰქონდა დაწყებული უძრავი ქონების გადაფორმების პროცედურა, უბრალოდ შემდეგ რეესტრმა მოსთხოვა რომ ო--------–-–---–ის თანხმობა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და აღნიშნული თანხმობაც ომარს მოტყუებით დააწერინეს და წარადგინეს საჯარო რეესტრში. შესაბამისად, ეს ხელწერილი სხვა გარიგებებთან ერთად არის ბათილი (იხილეთ შესაგებელი და 21.02.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

შეგებებული სარჩელით მოპასუხე ლ--–----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მასა ო--------–-–---–ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. აღნიშნული ხელშეკრულება მოსარჩელემ სადავოდ გახადა ხაშურის რაინულ სასამართლოში, რომელიც შემდეგ გამოიხმო. რაც შეეხება ხელწერილზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელწერილი დაწერილია თავად ო--------–-–---–ის მიერ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმის განხილვისას არ გამოვლენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით, ო--------–-–---–მა ლ--–----------ისგან 2012 წლის 19 ნოემბერს ისესხა 1500 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, 2013 წლის 19 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელწერილი, რომელსაც ხელს აწერენ ო--------–-–---–ი და ლ--–----------ე.

 

3.2.2. ო--------–-–---–მა ვალდებულება არ შეასრულა და სესხის სახით მიღებუი თანხა არ დააბრუნა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსაჩელის განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–----------ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, ო--------–-–---–ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და მას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 81-ე, 623-ე, 624-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400 მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

მოსარჩელე მხარე მისი უფლებების დარღვევად მიუთითებს, რომ მან მოპასუხე ო--------–-–---–ს ასესხა 1500 აშშ დოლარი, რომელსაც მოპასუხე აღარ უბრუნებს, ხოლო მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნას უპირისპირებს შეგებებულ სარჩელს და მიუთითებს, რომ: 1. ხელწერილი არის ყალბი; 2. ან ხელწერილზე მისი ხელმოწერა არ არის; 3. მას ამ შინაარსით დაწერილი აქვს ხელწერილი, მაგრამ ეს ხელწერილი არ იყო სესხის ხელწერილი, არამედ სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდის გადავადების ხელწერილი, რაც დააწერინეს მოტყუებით და იძულებით.

 

ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე, იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად. საბოლოოდ რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მხარეებმა საკუთარი არგუმენტები უნდა გაამყარონ შესაბამისი მტკიცებულებებით, მხარეთა არგუმენტების დამტკიცება კი შესაძლებელია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

ამდენად, სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სესხის ხელშეკრულება არის ყალბი და ასევე ხელწერილის დაწერისას იგი მოატყუეს.

 

6.2. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში (შეგებებულ სარჩელში) მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების არსებობის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარიგება სესხის არსით. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება სესხის ხელშეკრულებით, სესხის სახით თანხის გადაცემის ან მიღების ხელწერილით, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, პროცენტის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებით ან სხვა მტკიცებულებით, რაც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას.

 

განსახილველ შეთხვევაში მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა სარჩელი და 2012 წლის 19 ნოემბრის ხელწერილი და მიუთითა, რომ აღნიშნული ხელწერილი არის თავად მოპასუხის მიერ დაწერილი. თავის მხრივ მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) მხარეს უნდა დაეკისროს იმ გარემოებების დადასტურება, რაზეც იგი მიუთითებს შესაგებელსა თუ შეგებებულ სარჩელში, კერძოდ მხარეებს შორის შედგენილი ხელწერილის სიყალბე, რის დასადასტურებლადაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ წარმოადგინა მხოლოდ ზეპირი და თანაც ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტება, კერძოდ, მან ჯერ მიუთითა, რომ ხელწერილზე ხელმოწერა არ იყო შესრულებული მის მიერ, თუმცა არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა ხელმოწერის სიყალბის დასადასტურებლად, შემდეგ მიუთითა, რომ ის ხელწერილი, რომელზეც მიუთითებდა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა და დაჟინებით ითხოვდა სასამართლოსგან ექსპერტიზის ჩატარებას მაშინ, როცა თავად შეეძლო ჩაეტარებინა ექსპერტიზა, მის მიერაა შედგენილი, თუმცა შემდეგ მიუთითა, რომ ეს ხელწერილი მას არ ეკუთვნის, თუმცა მსგავსი შინაარსის ხელწერილი მხარეებს შორის არსებობს და შედგენილია სხვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მიზნით, ასევე მიუთითა, რომ მას ეს ხელწერილი მოტყუებით დააწერინეს.

 

როგორც უკვე აღინიშნა მხარეემა თავად უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლებზედაც ისინი ამყარებენ თავიანთ სარჩელსა თუ შესაგებელს. გამსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელემ წარმოადგინა მოპასუხის მიერ დაწერილი ხელწერილი სესხის არსებობის შესახებ, ხოლო მოპასუხემ მხოლოდ ზეპირი განმარტება ხელწერილის სიყალბის დასადასტურებლად და ამ ხელწერილის მოტყუებით დაწერის შესახებ.

 

სასამართლო მხარეთა მიერ წარმოსგენილი მტკიცებუელებების შეფასებისას ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად წარმოადგინა მოპასუხის მიერ შედგენილი ხელწერილი, მოპასუხემ კი მხოლოდ ზეპირად მიუთითა, რომ აღნიშნული ხელწერილი არის ყალბი, რის დასადასტურებლადაც მას უნდა წარმოედგინა ექსპერტის დასკვნა. შესაბამისად, სასამართლოს ხელწერილის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. რაც შეეხება ო--------–-–---–ის განმარტებას, რომ მას მოტყუებით დააწერინეს ხელწერილი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მის მიერ მიცემულ განმარტებებზე და იმ გარემოების ათვალისწინებით, რომ მან როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომაზე მისცა ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებები, სასამართლო მის განმარტებებს არასარწმუნოდ მიიჩევს და ვერ გაიზიარებს.

 

ამდენად, მხარეებს შორის არსებობს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა, რომ მოპასუხე ო--------–-–---–ის მიერ 2012 წლის 19 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით ლ--–----------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად და მიიჩნევს, რომ ლ--–----------ის მოთხოვნა, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე ლ--–----------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 115 ლარი რისი ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს ო--------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ო--------–-–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ლ--–----------ის სარჩელი მოპასუხე ო--------–-–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. ო--------–-–---–ის შეგებებული სარჩელი ლ--–----------ის მიმართ, ხელწერილის ბათიილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე ო--------–-–---–ს მოსარჩელე ლ--–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 აშშ დოლარის გადახდა;

 

4. მოსარჩელე ლ--–----------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. მოპასუხე ო--------–-–---–ს მოსარჩელის, ლ--–----------ის სასარგებლოდ, მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 115 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი