გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/561-17
N200210017002043738
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ივლისი, 2018 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - სს ,,ტ---- ბანკი“ (სს ,,კ----------------- ბანკის“ უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - ა----------ე
მოპასუხე - ნ--–------ ი---------–ი
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2017 წლის 02 აგვისტოდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომგინარე ძირ თანხაზე -4019.23 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 15% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 50.24 ლარს. თავდების პასუხისგებლობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს: 7773,09 ლარს.
1.2. ნ--–------ ი---------–ს დაეკისროს სს „ტ----ბანკის“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 157.15 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს „ტ----ნანკს“ და გ-------------–---–ს შორის 2015 წლის 03 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის N4.0298455.003 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6200 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით, კრედიტის ვადა 03.12.2015წ-დან 03.12.2018წ-მდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. N4.0298455.003 საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 03 დეკემბერს სს „ტ----ბანკს“ და ნ--–------ ი---------–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე თავდებმა იკისრა ვალდებულება, სსკ-ის 896-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარულად, პირადი ქონებით აგოს პასუხი N4.0298455.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებებზე მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში. თავდების პასუხისგებლობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს:7773.09 ლარს. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის თებერვლის შემდგომ არ მომხდარა თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება. მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2017 წლის 02 აგვისტოს მდგომარეობით გ-------------–---–ს და ნ--–------ ი---------–ს 2015 წლის 03 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 4635.45 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 4019.23 ლარი, პროცენტი -233.89 ლარი და ჯარიმა -382.33 ლარი. სს „კ----------------- ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით ეწოდება სს „ტ----ბანკი“, სხვა საიდენტიფიკაციო რეკვიზიტები დარჩა უცვლელი. 2015 წლის 03 დეკემბრის საბანკო კრედიტის N4.0298455.003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -4635.45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4019.23 ლარი, პროცენტი-233.89 ლარი და ჯარიმა -382.33 ლარი. თავდების პასუხისგებლობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს: 7773,09 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ არაუზრუნვეყოფილი სესხია დადებული და მას როგორც თავდებს არ უნდა დაეკისროს სესხის თანხა მოსარჩელის სასარგებლოდ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ტ----ნანკს“ და გ-------------–---–ს შორის 2015 წლის 03 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის N4.0298455.003 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6200 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით, კრედიტის ვადა 03.12.2015წ-დან 03.12.2018წ-მდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 03 დეკემბრის საბანკო კრედიტის N4.0298455.003 ხელშეკრულება (ს.ფ. 16-23).
3.1.2.მსესხებელი გია გორთმაშვილი გარდაიცვალა 2017 წლის 11 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გარდაცვალების მოწმობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. N4.0298455.003 საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 03 დეკემბერს სს „ტ----ბანკს“ და ნ--–------ ი---------–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე თავდებმა იკისრა ვალდებულება, სსკ-ის 896-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარულად, პირადი ქონებით აგოს პასუხი N4.0298455.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებებზე მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში. თავდების პასუხისგებლობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს:7773.09 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-29);
3.2.2. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის თებერვლის შემდგომ არ მომხდარა თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება. მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2017 წლის 02 აგვისტოს მდგომარეობით გ-------------–---–ს და ნ--–------ ი---------–ს 2015 წლის 03 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4635.45 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 4019.23 ლარი, პროცენტი -233.89 ლარი და ჯარიმა -382.33 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ტ---- ბანკის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 32);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 30-31).
3.2.3. სს ,,ტ---- ბანკმა“ გაუგზავნა ნ--–------ ი---------–ს შეტყობინებები, რომლითაც ეცნობა, რომ მსესხებელს ერიცხება დავალიანება და იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების ჩაბარებიდან 14 კალენდარულ დღეში არ იქნება დაფარული აღნიშნული დავალიანება, ბანკი უფლებამოსილი იქნება თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება, ჩაბარების დეტალი (ს.ფ. 33, 34);
3.2.4. სს „კ----------------- ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით ეწოდება სს „ტ----ბანკი“, სხვა საიდენტიფიკაციო რეკვიზიტები დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 35-36).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ტ---- ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ტ---- ბანკს“ და ნ--–------ ი---------–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკი“, ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ტ---- ბანკი“ უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხა 4019.23 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 233.89 ლარს.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.ამდენად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 382,33 ლარის დაკისრება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 268-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,,ტ---- ბანკის” სარჩელი მოპასუხე ნ--–------ ი---------–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს:
1.1.მოპასუხე ნ--–------ ი---------–ს მოსარჩელე ,,ტ---- ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს - 4635.45 ლარი, საიდანაც - ძირი თანხაა 4019.23 ლარი, პროცენტი- 233.89 ლარი და ჯარიმა- 382.33 ლარი.
1.2. 2017 წლის 02 აგვისტოდან მოპასუხე ნ--–------ ი---------–ს მოსარჩელე ,,ტ---- ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხაზე 4019.23 ლარზე ვალდებულების სრულად დაფარვამდე, არაუმეტეს ერთი წლისა წლიური 15% სარგებლის გადხდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 50.24 ლარს.
2.მოპასუხე ნ--–------ ი---------–ის დაეკისროს ,,ტ---- ბანკის” სასარაგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 157.15 ლარის ანაზღაურება.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე