გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 340210118002269810
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.07.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგ-–--ლი
მოსარჩელე სს ,,თი---- ბანკი",მოსარჩელის წარმომადგენელი შპს ,,ტრიბა’’, თ--------------
მოპასუხე აკ--- ბეგ-–--ლი,დავის საგანი: დავალიანების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1 მოპასუხე აკ--- ბეგ-–--ლი სს “თი---- ბანკი”-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს: 1.1. 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4620,4 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2989,56 ლარი, პროცენტი - 612,3 ლარი და ჯარიმა - 1018,54 ლარი. 1.2. 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან), აღსრულებამდე, სარგებლის სახით, სესხის ძირი თანხის 2989,56 ლარის წლიური 36%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად 89,68 ლარს შეადგენს; 1.3. 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით ძირ თანხაზე 2989,56 ლარზე, ყოველდღიურად 0,5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 14,94 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა;
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხემ 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დაარღვია 2017 წლის ივლისში და ამის შემდეგ გადახდები აღარ განუხორციელებია. 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება ჯამში 4620,4 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე აკ--- ბეგ-–--ლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხის 2989,56 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო როგორც ძირი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებელის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ მოთხოვნებს არ დაეთანხმა ;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 25 ივნისს სს „თი---- ბანკსა“ და მოპასუხეს შორის დაიდო TBC Pime Card საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 8256 კალენდარული დღე (20.04.2022-წლამდე). საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 3000 ლარი; კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ან ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%-ით განისაზღვრა. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის შეადგენდა 20 ლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული თვის 20 რიცხვი; საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-2014 წლის 25 ივნისის ხელშეკრულება
3.1.2. მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია 2017 წლის ივლისში, რის შემდეგ გადახდები აღარ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი პირადი ანგარიშიდან
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აკ--- ბეგ-–--ლმა 2014 წლის 25 ივნისის TBC Pime Card ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულება სრულყოფილად არ შეასრულა და მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 4620,4 ლარს , საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2989,56 ლარი, პროცენტი - 612,3 ლარი და ჯარიმა - 1018,54 ლარი.
სსს კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სადავო გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
ფულადი ვალდებულების გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, რომელსაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფულადი ვალდებულების გაანგარიშების საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''თი---- ბანკის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის- 2989,56 ლარის და სარგებელის-612,3 ლარის გადახდის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებას ემყარება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868 მუხლის 1 ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ 2014 წლის 25 ივნისს სს „თი---- ბანკს“ და მოპასუხეს შორის დაიდო TBC Pime Card ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 8256 კალენდარული დღე (20.04.2022-წლამდე). მოცულობა 3000 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%.
სესხი (საბანკო კრედიტი) არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება, დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და მოპასუხის დავალიანება 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს ძირითადი თანხაა - 2989,56 ლარი, პროცენტი - 612,3, რაც ჯამში 3601,86 ლარს შეადგენს .
ამდენად, მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა პროცენტზე შეთანხმება, ამიტომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირი თანხა და პროცენტი.
მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში სარჩელი ცნო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სესხის ძირი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომლიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 25 დეკემბრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირ თანხაზე წლიური პროცენტის დაკისრებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებლის სახით დადგენილია წლიური 36%.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერ მსესხებელთან საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ვერ იბრუნებს მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს, შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს იღებს.
ამდენად სარჩელით სს „თი---- ბანკი“ ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით იმ ზიანის ანაზღაურებას, რასაც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროცენტის სახით მიიღებდა, საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეს ჯეროვნად რომ შეესრულებინა. პროცენტის მიღება კი ბანკის პირდაპირ და უშუალო ბიზნესსაქმიანობას წარმოადგენს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თი---- ბანკის“ მოთხოვნა ამ ნაწილში დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს .
6.3. სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს პირგასამტეხლოს განსაზღვრის თავისუფლებას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რითაც შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა . ამასთან, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამიტომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. ასევე კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რომელიც შეუსაბამოა ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 25 დეკემბრამდე ფიქსირებული პირგასამტეხლო - 1018,54 ლარი უნდა შემცირდეს 10-ჯერ და განისაზღვროს 100 ლარით, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლო 0,5% უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1,49 ლარს , მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა .
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 295,46 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, რაც შეადგენს 3601,86 ლარს, ამიტომ მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 108,05 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მოთხოვნაზე 2418,54 ლარის ნაწილში, ამიტომ ამ ნაწილში გადახდილი სახ ბაჟი- 72,55 ლარი რჩება ხაზინაში , ხოლო დაკმაყოფილებული მოთხოვნის - 3828,48 (100+3228,48+500) ლარის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 114,85 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ. მასზე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახ. ბაჟის -50 ლარის ანაზღაურება . აღნიშნული თანხების გარდა მოსარჩელე ითხოვს ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯის 393,95 ლარის და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის 20 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სსს კოდექსის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1.1. სს "თი---- ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1 აკ--- ბეგ-–--ლს სს "თი---- ბანკის" სასარგებლოდ 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების თანხის- 3701.86 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2989,56 ლარი, პროცენტი - 612.3 ლარი, ჯარიმა 100 ლარი.
1.2. აკ--- ბეგ-–--ლს სს "თი---- ბანკი"ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან- 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე- 2989,56 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 36 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 89.68 ლარს,1.3. აკ--- ბეგ-–--ლს სს "თი---- ბანკის" სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან- 2017 წლის 25 დეკემბრიდან, 2014 წლის 25 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2989,56 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლო, ყოველდღიურად 0,05% ოდენობით, (რაც ყოველდღიურად შეადგენს 1,49 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა
1.4. სს "თი---- ბანკის" სარჩელი, მოპასუხისთვის 2418,54 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სს ,,თი---- ბანკს“ მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 108,05 ლარი (საგადახდო დავალება №35; გადახდის თარიღი 17.01.2018; გადამხდელის ბანკი - სს ,,თი---- ბანკი“; სახაზინო კოდი 300503150 );
3. მოპასუხეს მოსარჩელე სს ,,თი---- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 114,85 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში- 50 ლარის ანაზღაურება, აკრძალვის რეგისტრაციის 20 ლარის და საადვოკატო მოსახურების ხარჯის ნაწილი - 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
4. ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი