გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017002161554
საქმე 2/1754-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ივნისი, 2018 წ. ქ.გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე: ლ---ნ კ----------–---–ი
წარმომადგენელი: ს-------კ ვ------–-–---–ი
მოპასუხე: ნ--ო კ------ე
დავის საგანი: ალიმენტის ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის 270 ლარის შემცირება 120 ლარამდე (თითოეულ ბავშვზე 60-60 ლარის ოდენობით).
მოსარჩელის განმარტებით მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი - 2002 წლის 02 აგვისტოს ლ---ო კ----------–---–ი და 2008 წლის 14 იანვარს - ვ--ო კ----------–---–ი. დღეის მდგომარეობით მხარეები ცხოვრობენ ცალკ-ცალკე, გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ლ---ნ კ----------–---–ს შვილების - ლ---ო და ვ--ო კ----------–---–ების სასარგებლოდ დაეკისრა 70-70 ლარის გადახდა, ხოლო 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ალიმენტი გაიზარდა თითოეულ ბავშვზე 65 ლარით, რაც გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში , ხოლო შემდგომ უზენაეს სასამართლოში , რაც უცვლელი დარჩა.
ალიმენტის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამჟამად იგი არ არის დასაქმებული, არ გააჩნია შემოსავალი, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ--ო კ------ემ სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ლ---ნ კ----------–---–ს ნებაყოფლობით ალიმენტი არ გადაუხდია. იგი არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების აღზრდაში.
საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რაც შესაძლოა გახდეს მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ---ნ კავრიანთაშვილს და ნ--ო კ------ეს თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი, 2002 წლის 02 აგვისტოს დაბადებული ლ---ო კ----------–---–ი და 2008 წლის 14 იანვარს დაბადებული ვ--ო კ----------–---–ი.
3.1.2. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ლ---ნ კ----------–---–ს შვილების - ლ---ო და ვ--ო კ----------–---–ების სასარგებლოდ დაეკისრა 70-70 ლარის გადახდა.
3.1.3. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობა გაიზარდა თითოეულ ბავშვზე 65 ლარით, რამაც შეადგინა თითო ბავშვზე 135 ლარი.
3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.05.2018 წლის მონაცემებით ლ---ნ კვავრიანთაშვილის მიერ 01.04.2017 წლიდან 08.05.2018 წლამდე მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 0 ლარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.2. ლ---ნ კ---------–---–-ს, როგორც ალიმენტის გადამხდელი პირის მატერიალური მდგომარეობა სასამართლო გადაწყვეტილებით გადასახდელი ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ გაუარესდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ ალიმენტის ოდენობის შემცირება მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
ამავე კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახადელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ, სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობის შეცვლა განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებათა სტაბილურობის ხასიათით, რომელიც საფუძვლად დაედო ალიმენტის თავდაპირველი ოდენობის განსაზღვრას. სასამართლო საკითხს ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით წყვეტს მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის გათვალისწინებით, ანუ მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელი პირის როგორც მატერიალური, ისე ოჯახური მდგომარეობა.
სასამართლო ყურდღებას მიაქცევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ლ---ნ კ----------–---–ი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და ჰქონდა სტაბილური ანაზღაურება.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას ყურადღებას მიაქცევს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
საგულისხმოა რომ ამჟამად სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით ლ---ნ კ----------–---–ის მიერ 2017 წლის 01 აპრილიდან 2018წლის 08 მაისამდე მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 0 ლარი. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოსარჩელე ლ---ნ კ----------–---–ის, როგორც ალიმენტის გადამხდელი პირის, მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა სასამართლო გადაწყვეტილებით გადასახდელი ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---ნ კ----------–---–ის არასრულწლოვანი შვილების - ვ--ო და ლ---ო კ----------–---–ების რჩენა-აღზრდისათვის 80 ლარამდე (თოთო ბავშვზე 40ლარი) ალიმენტის ოდენობის შემცირება არ იქნება გონივრული, ბავშვების ინტერესების საზიანოდ იქნება მიმართული და სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ლ---ნ კ----------–---–ისათვის დაკისრებული ალიმენტი თითოეულ ბავშვზე 135 ლარი უნდა შეუმცირდეს 20 ლარით (ჯამში 40) და საბოლოო ჯამში ყოველთვიურად დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს თითოეულ ბავშვზე 115 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის `ა' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ლ---ნ კ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შემცირდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ვ--ო და ლ---ო კ----------–---–ების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 20-20 (ჯამში 40) ლარით და დაეკისროს ლ---ნ კ----------–---–ს (პ/ნ №59001073987) შვილების - 2002 წლის 02 აგვისტოს დაბადებული ლ---ო კ----------–---–ის და 2008 წლის 14 იანვარს დაბადებული - ვ--ო კ----------–---–ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტი თითოეულ ბავშვზე 115 (ას თხუთმეტი) ლარის (ჯამში 230) ოდენობით სარჩელის შემოტანიდან - 2017 წლის 07 ნოემბრიდან პირის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე;
2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;
3. ლ---ნ კ----------–---–ს (პ/ნ 59001073987) დაუბრუდეს მის მიერ 2017 წლის 06 თებერვალს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 80 (ოთხმოცი) ლარი, ხოლო დარჩენილი 20 (ოცი) ლარი დაჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე