გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2018
საქმის ნომერი
080210116001598585
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2719-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

 

მოსარჩელე - შპს ,,T--”;

წარმომადგენელი - დ----- მ--–----;

 

მოპასუხე - ა---------– მ------–---–ი;

მოპასუხე - ზ---- ჭ--–---–ი;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა---------– მ------–---–სა და ზ---- ჭ--–---–ს შპს ,,T--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 1856 ლარის გადახდა.

 

1.2. ა---------– მ------–---–სა და ზ---- ჭ--–---–ს შპს ,,T--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ცნობის გაცემიდან 2016 წლის 9 ნოემბრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1200 ლარზე 3 თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 171,48 ლარს.

 

1.3. ა---------– მ------–---–სა და ზ---- ჭ--–---–ს შპს ,,T--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის - 150 ლარის, სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის -50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის - 10 ლარის, საბუთის ასლის გაცემის საკომისიოს - 15 ლარისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების - 15 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 17 მაისს ა---------– მ------–---–მა განცხადებით მიმართა შპს ,,T--”-ის და მოითხოვა სესხი 1200 ლარის ოდენობით. გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და მოპასუხემ მიიღო სესხი 1200 ლარის ოდენობით, თვიური სარგებელი - 14,29%. ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 18 მაისიდან ყოველდღიურად დღეში 40 ლარის გადახდით, ისე, რომ სესხის ბოლო თანხა გამსესხებელს უნდა დაბრუნებოდა 2016 წლის 22 ივნისს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში 1 ლარი. ხელშეკრულების 2.11 პუნქტის მიხედვით ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მსესხებელს ეკისრება ფიქსირებული პირგასამტეხლო სესხად მიღებული თანხის 20%-ის ოდენობით. სესხის გადახდაზე მსესხებელთან ერთად სოლიდარული ვალდებულება იკისრა თავდებმა ზ---- ჭ--–---–მა. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და მოითხოვა თანხის დაკისრება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა---------– მ------–---–მა განმარტა, რომ ეთანხმება სესხის ძირ თანხას, ხოლო არ ეთანხმება სარგებლის, პირგასამტეხლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრებას.

 

სარჩელი და თანდართული მასალები პოლიციის მეშვეობით ჩაბარდა მოპასუხე ზ---- ჭ--–---–ის ძმას - ე---–---ე ჭ--–---–ს, მაგრამ მოპასუხეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 17 მაისს შპს ,, T--“-სა და ა---------– მ------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №ა---, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1200 ლარის ოდენობით, 36 დღით, 2016 წლის 17 მაისიდან 2016 წლის 22 ივნისის ჩათვლით. ყოველთვიური სარგებლის ოდენობა შეადგენს 14.29%-ს. სესხის დაბრუნება და პროცენტის გადახდა უნდა განხორციელდეს სესხის გაცემის მეორე დღიდან ანუ 2016 წლის 18 მაისიდან ყოველდღიური დაფარვით 36 დღის განმავლობაში, დღეში 40 ლარის ოდენობით. მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს გამსესხებელს ყოველდღიური გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ვადის გადაცილებისათვის დღეში 1 ლარი.

 

ხელშეკრულების 2.11 პუნქტის თანახმად მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს შპს ,, T-- ”-ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კერძოდ, 10 დღის შემდეგ გადაუხდელობის შემთხვევაში 36 დღის საპროცენტო სარგებელი სესხის ძირ თანხასთან ერთად, გადახდის ვადის გადაცილებისათვის დღეში 1 ლარი, ფიქსირებული პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხად მიღებული თანხის 20%-ის ოდენობით და შესაბამისად სესხის ხელშეკრულება შპს ,, T-- ”-ის მიერ ცალმხრივად წყდება მსესხებელთან.

 

იმავე დღეს სესხზე დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით სესხის ხელშეკრულებაშივე 3.1. მუხლით გათვალისიწინებული იქნა სოლიდარული თავდებობა ზ---- ჭ--–---–თან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება №ა--- (ს.ფ 16-18);

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 17 მაისს ა---------– მ------–---–მა დადო ხელწერილი, რომლის მიხედვითაც მან გამოთქვა თანხმობა სესხის დაფარვამდე არ გაესხვისებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: წ---–-----ოს რაიონი სოფელი გ------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელწერილი (ს.ფ 20);

 

3.1.3. დადგენილია, რომ წ---–-----ოს რაიონ სოფელ გ------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 2----------- ეკუთვნის ა---------– მ------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 24-25);

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით ა---------– მ------–---–სა და ზ---- ჭ--–---–ს ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ხელშეკრულება №ა----დან გამომდინარე, სასესხო დავალიანება შეადგენს 1856 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1200 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 240 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე - 176 ლარი და ფიქსირებული პირგასამტეხლო 240 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 28);

 

3.1.5. დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან ხდებოდა ხელშეკრულების პირობების და ვადების დარღვევა. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვა და ვალდებულება არ შესრულებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთათვის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არაა. მოპასუხე ადასტურებს, რომ მოსარჩელესთან აკავშირებს სახელშეკრულებო ურთიერთობა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებელი და პირგასამტეხლო არის მაღალი და შეუსაბამო, ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი. სხვა მხრივ სადავოა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეთა ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, სარგებლისა და პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 17 მაისს შპს ,, T--“-სა და ა---------– მ------–---–ს შორის გაფორმდა სესხი ხელშეკრულება №ა---, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1200 ლარის ოდენობით 36 დღით, 2016 წლის 17 მაისიდან 2016 წლის 22 ივნისის ჩათვლით. სესხის დაბრუნება და პროცენტის გადახდა უნდა განხორციელდეს სესხის გაცემის მეორე დღიდან ანუ 2016 წლის 18 მაისიდან ყოველდღიური დაფარვით 36 დღის განმავლობაში, დღეში 40 ლარის ოდენობით. მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს გამსესხებელს ყოველდღიური გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ვადის გადაცილებისათვის დღეში 1 ლარი. მოსარჩელემ თავისი ვალდებულება შეასრულა. მოპასუხეს კი ხელშეკრულების მიხედვით სესხი უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

თავად მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა---------– მ------–---–მა თავისი ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნა შპს ,, T--“-ს. ა---------– მ------–---–ი და ზ---- ჭ--–---–ი ვალდებულები იყვნენ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, კერძოდ, გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მას კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარა ყოველდღიური შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. დავალიანების თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ძირითადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ზ---- ჭ--–---–მა შპს ,,T--“-ს წინაშე იკისრა ა---------– მ------–---–ის ვალდებულებების სოლიდარულად შესრულება. ა---------– მ------–---–მა ვერ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელეს გაუჩნდა თავდები პირის მიმართ მოთხოვნის უფლება. ზ---- ჭ--–---–ი, როგორც სოლიდარულად ვალდებული პირი ვალდებული არის მოსარჩელის წინაშე და მან ა---------– მ------–---–თან ერთად უნდა დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, კი თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, წარმოშობილია 2016 წლის 17 მაისის ხელშეკრულებით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ზ---- ჭ--–---–მა, როგორც თავდებმა პირმა, თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ,,გამსესხებელსა“ და ,,მსესხებელს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, რაც გამოიხატება ,,გამსესხებლისათვის“ ფულადი თანხის გადახდაში.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ კრედიტის თანხის გადახდა შეწყვიტა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენდა მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს. სესხის შესრულება ნიშნავს მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ამოწურვას. ჯეროვანი შესრულება სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია შესრულების ვადასთან. სესხის დაბრუნების ვადა შეიძლება ზუსტად იყოს განსაზღვრული ხელშეკრულებით და ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დააბრუნოს სესხად აღებული თანხა. მოცემულ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადა წინასწარ იყო აღნიშნული ხელშეკრულებაში. ამდენად სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულება არ არის შესრულებული და მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობები არ ამოწურულა.

 

მოვალეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა 1200 ლარი და პროცენტი არ დაუფარავთ, ამასთან, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

6.5. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 2.11. პუნქტით მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს დავალიანება შპს ,,T--”-ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კერძოდ, 10 დღის შემდეგ გადაუხდელობის შემთხვევაში 36 დღის საპროცენტო სარგებელი სესხის ძირ თანხასთან ერთად, ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 14.29%-ით.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს სარგებელი მთლიანად.

როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხეს მოსარჩელისათვის ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის სახით უნდა გადაეხადა სესხად გაცემული თანხის 14.29%, რაც ნიშნავს, რომ სესხის ყოველწლიური სარგებელი სესხის თანხის 171.48%-ს შეადგენდა.

სასამართლოს აზრით, ამგვარი საპროცენტო სარგებელი ქვეყანაში არსებულ საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილია.

ამდენად, პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანი, ვინაიდან ყოველთვიური სარგებელი არის შეუსაბამოდ მაღალი და სასამართლოს მიაჩნია, რომ ის უნდა შემცირდეს 4%-მდე, შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროს 1200 ლარის 4%, ანუ 48+9,6(48:30=1.6, 1.6X6=9.60)=57.6 ლარი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებით პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული, მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისთვის. ამასთან, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირითად თანხასთან შედარებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს 100 ლარამდე.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს ფიქსირებულ პირგასამტეხლოს 240 ლარს, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, რომ ის არ უნადა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა არამართლზომიერად უნდა ისარგებლოს მისით.

 

6.7. მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან 2016 წლის 9 ნოემბრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1200 ლარზე 3 თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 171,48 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი 2016 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსარჩელე სესხს გასცემდა იგივე საპროცენტო განაკვეთით (თვეში 14.29%). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა 60,12 ლარის (20%:12=1.67%, 1200 ლარის 1.67% არის 20.04 ლარი) ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 150 ლარის, ადვოკატის მომსახურების თანხა 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის - 10 ლარის, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასური - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასური 50 ლარის, საგარანტიო თანხა - 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების - 15 ლარის, საბუთის ასლის გაცემის საკომისიოს - 15 ლარის, სარჩელის გაგზავნის საფასურის - 25.20 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის - 20 ლარის გადახდა.

 

ამასთან, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 36 ლარი, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად 6.53 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად, ხოლო 57.47 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

2016 წლის 09 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ა---------– მ------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: წ---–-----ოს რაიონ სოფელ გ------ში (ს.კ. 2-----------) გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,, T-- ”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. ა---------– მ------–---–სა და ზ---- ჭ--–---–ს შპს ,,T--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 1357,6 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 1200 ლარი, პროცენტი - 57,6 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი).

1.2. ა---------– მ------–---–სა და ზ---- ჭ--–---–ს შპს ,,T--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1200 ლარზე, სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა 60,12 ლარის ოდენობით.

1.3. ა---------– მ------–---–სა და ზ---- ჭ--–---–ს შპს ,,T--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 6.53 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის - 150 ლარის, სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის - 10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების - 15 ლარის, საბუთის ასლის გაცემის საკომისიოს - 15 ლარის, სარჩელის გაგზავნის საფასურის - 25.20 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის - 20 ლარის გადახდა.

1.4. მოსარჩელე შპს ,, T-- ”-ის მოთხოვნა 498,4 ლარის და 454,32 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

1.5. შპს ,, T-- ”-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 57,47 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

1.6. მოსარჩელე შპს ,,T-- ”-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისათვის 2016 წლის 08 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარიდან) 36 ლარის ოდენობით (გადამხდელის ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი“, მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 3--------, მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22).

1.7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა