განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/44-18
(N012261217001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 ივლისი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე: ადვოკატები - დარეჯან ბუცხრიკიძე, ნანა პწკილიშვილი,ბრალდებული: დავით ჯალაღონია,მამის სახელი: ზურაბი
დაბადებული: 17.05.1981 წ.
პირადი ნომერი: 35001128396
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, მე-19 მრ/ნი, 4/118.
კვალიფიკაცია:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდებული დავით ჯალაღონია სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე მიიჩნევდა, რომ მისი ძმის, გიორგი ჯალაღონიას სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობა იყო დამამცირებელი, რის გამოც რამდენიმე წელია სისტემატურად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დისკრიმინაციული მოტივით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებდა, აფურთხებდა და უხამსად მიმართავდა სხვა ადამიანების თანდასწრებით, რაც იწვევდა გიორგი ჯალაღონიას ტანჯვას.
გარდა აღნიშნულისა, დავით ჯალაღონიამ, 2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. რუსთავში მე-19 მრ-ნის N4/92-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ძმას გიორგი ჯალაღონიას ზემოთ მითითებული მიზეზით და მათ შორის არსებული ქონებრივი დავის გამო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; კერძოდ, მუშტი დაარტყა მარცხენა მხარზე, რა დროსაც გიორგი ჯალაღონიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. რუსთავში მე-19 მრ-ნის N4/92-ში, საცხოვრებელ ბინის სამზარეულო ოთახში დავით ჯალაღონია ძმას გიორგი ჯალაღონიას დაემუქრა ყელის გამოჭრით. აღნიშნული გიორგი ჯალაღონიამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან დავით ჯალაღონიას მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა არ იყო პირველი შემთხვევა. აღნიშნულ ფაქტამდე რამდენიმე დღის წინ, ასევე დავით ჯალაღონია ძმას, გიორგი ჯალაღონიას დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გიორგი ჯალაღონიას ჩვენებით დადასტურებულია, რომ დავით ჯალაღონია სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, განსაკუთრებით მთვრალი, რაც მატებდა აგრესიას, ამტვრევდა ყველაფერს და დანით მოკლით ემუქრებოდა. 2017 წლის 26 დეკემბერს ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან არის შოუმენი, ეძახდა ,,ქათამს“ და ,,პიდარასტს“ თავისი პროფესიის გამო, დანით შეუვარდა და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით; დივანზე დააგდო და ყელზე ხელი მოუჭირა, რის გამოც განიცადა სულიერი და ფიზიკური ტკივილი. დანის დანახვაზე გაუჩნდა რეალური შიში, რადგან 2010 წელს ბროლის ვაზა გადაარტყა თავზე და დაასახიჩრა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლიანა ჯალაღონიას ჩვენებით დადასტურებულია, რომ როდესაც მისმა შვილმა დავით ჯალაღონიამ ტელეშოუში ნახა მისი ძმა გიორგი ჯალაღონია, გაბრაზდა და იკამათეს და დავით ჯალაღონიამ მუჯლუგუნი გაჰკრა მას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის გიორგი ჯელიას ჩვენებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციელების მისვლისას დავით ჯალაღონიამ სამზარეულოში დანა აიღო და ძმას, გიორგი ჯალაღონიას ემუქრებოდა ყელის გამოჭრით (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებული იქნა მოწმე ტომას ჯალაღონიას გამოკითხვის ოქმი, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დაახლოებით 00:10 საათზე სახლში დაბრუნებულმა დავით ჯალაღონიამ, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მის მეორე ძმას გიორგი ჯალაღონიას აგრესიულად დაუწყო გინება და უცენზურო სიტყვებით მიმართვა. მოუქნია მუშტი, რომელიც გიორგი ჯალაღონიას მოხვდა მარცხენა მხარზე. მისგან გარიდებულ გიორგი ჯალაღონიას ლანძღვა-გინებით გაჰყვა, ტანსაცმელში მოჰკიდა ხელი, აჯანჯღარებდა და აფურთხებდა სახეში. დაჟინებით მოითხოვდა წასულიყო სახლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. მისი აგრესიულობა გამოწვეული იყო ტელეშოუებში გიორგი ჯალაღონიას მონაწილეობით. დამამცირებლად ეძახდა ”პიდარასტს”. მისივე განმარტებით, რამდენიმე წლის წინ, მისმა ძმამ დავით ჯალაღონიამ გიორგი ჯალაღონიას ასევე ტელეშოუში მონაწილეობის გამო ესროლა საყვავილე და გაუტეხა თავი. იგი ამ უკანასკნელს მიიჩნევდა არატრადიციული ორიენტაციის მქონეს, რომლის მსგავსებსაც ციხეში ამცირებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა (იხ. ტ.1. ს.ფ. 20-23).
2.5. 2017 წლის 26 დეკემბრის ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ოქმის მიხედვით, დავით ჯალაღონია შემოწმებული იქნა სიმთვრალეზე, რა დროსაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 3,083 პრომილის ოდენობით (იხ. ტ.1.ს.ფ.9-10)
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დავით ჯალაღონია ძმას გიორგი ჯალაღონიას სისტემატიურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, 2017 წლის 26 დეკემბერს კი მან გიორგი ჯალაღონიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტი დაარტყა მარცხენა მხარზე, რა დროსაც გიორგი ჯალაღონიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სსკ-ის კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ გამოიყენა დუმილის უფლება.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის მიზნით სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ დავით ჯალაღონიას მიერ დაზარალებულზე განხორციელებული მუქარა რეალური არ ყოფილა, რის გამოც ბრალდებული აღნიშნული ბრალდებით უნდა გამართლდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ქმედება უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში; აღნიშნული ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია კონკრეტული პირის მიმართ კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა ისეთი ფორმით ვლინდება, რომ რომ მუქარის ადრესატს მისი განხორციელების რეალური შიში უჩნდება. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არა მარტო დაზარალებულის, არამედ გამოძიებისას დაკითხული ტომას ჯალაღონიას და პოლიციის თანამშრომლის გიორგი ჯელიას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რომლის სარწმუნოობაში ეჭვის საფუძველი არ არსებობს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დავით ჯალაღონიამ განახორციელა გიორგი ჯალაღონიას მიმართ ყელის გამოჭრის მუქარა დანის დემონსტრირებით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
დავით ჯალაღონიას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სსკ-ის 59-? ?????? 1-?? ??????? ???????? დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. მოცემულ შემთხვევაში, დავით ჯალაღონიას სასჯელი უნდა დაენიშნოს თითოეული დანაშაულისთვის ცალ-ცალკე. ამასთან, დავით ჯალაღონიას მიმართ გაუქმებული უნდა იქნეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 06.02.2015 წლის №1/9-15 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით მიაჩნევს, რომ დავით ჯალაღონიას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
8. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ლევან ჯალაღონიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დავით ჯალაღონია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დავით ჯალაღონიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდეს დავით ჯალაღონიას მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 06.02.2015 წლის №1/9-15 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 06.02.2015 წლის №1/9-15 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დავით ჯალაღონიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
2. დავით ჯალაღონიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 26 დეკემბრიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი