გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2018
საქმის ნომერი
010210117002087769
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117002087769

№2-3547/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე ნ--------------ე

წარმომადგენლები დ-----------------

მოპასუხე გ--–----------ე

წარმომადგენლები ი--------–-----–----–-–---–-

დავის საგანი თანხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 გ--–----------ეს დაეკისროს ნ--------------ის სასარგებლოდ 39 546,46 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 1993 წელს ნ--------------ის ოჯახმა გ--–----------ეს გადასცა 1500 აშშ დოლარი, რომლის სანაცვლოდაც გ--–----------ისაგან უნდა შეეძინათ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ზ--------–---------–- N204, ბინა 1. მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ თანხის გადაცემის შემდეგ ნ--------------ე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სარგებლობდა ზ/აღნიშნული ბინით, თუმცა მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ვინაიდან ბინა არ ირიცხებოდა გ--–----------ის საკუთრებაში და იგი ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე.

 

2006 წელს ნ--------------ემ მოითხოვა გ--–----------ისაგან ზ/აღნიშნული ბინის გადაფორმება, რა დროსაც გ--–----------ემ მას გადასცა ბინის ორდერი და სხვა დოკუმენტები, რომელიც მასთან იმყოფებოდა, რა დროსაც მოსარჩელისათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ბინაზე პრეტენზიას აცხადებდა გ--–----------ის შვილი დ-----------ე, რომელიც ასევე ჩაწერილი იყო ორდერში და წინააღმდეგი იყო მოსარჩელისათვის ბინის გადაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- გასაუბრების ოქმები.

- ბინის ორდერი.

 

3.2.2. დადგენილია, რომ მიუხედავად მხარეთა სურვილისა, ნ--------------ესა და გ--–----------ეს შორის ვერ გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც ნ--------------ემ ჯერ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, ხოლო შემდეგ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გ--–----------ის მიმართ. აღნიშნული სარჩელით ნ--------------ე მოითხოვდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქ. ბათუმში, ზ--------–---------–- N204-ში მდებარე N1 ბინაზე მოსარგებლედ ცნობას და აღნიშნული ბინის 10%-ის, კერძოდ 350 აშშ დოლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადახდის სანაცვლოდ სადაო ბინის საკუთრებაში გადაცემას.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნ--------------ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება N2-174/13.

- გ--–----------ის და დ-----------ის გასაუბრების ოქმები.

 

3.2.3. სასამართლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, ზ--------–---------–- N204-ში მდებარე ბინა N1, რომლის შესაძენადაც გადაეცა 1993 წელს გ--–----------ეს 1500 აშშ დოლარი, თავიდანვე ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. აღნიშნული ბინა სამხედრო ნაწილის მიერ გადაცემული იყო მოპასუხე გ--–----------ის მამაზე, ვლადიმერ ნემეროვზე, რომელიც მუშაობდა სამხედრო ნაწილში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის მიერ 08.07.1991 წელს გაცემული N1627 ორდერის საფუძველზე იგი გაუნაწილდა გ--–----------ეს და მის შვილს დ-----------ეს. ასევე დადგენილია, რომ ზ/აღნიშნულ ბინაში გ--–----------ეს და მის შვილს არასოდეს არ უცხოვრიათ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ასევე დგინდება, რომ ბათუმში, ზ--------–---------–- N204-ში მდებარე ბინა N1 საცხოვრებლად უვარგისია და იგი წლების განმავლობაში დაკეტილი იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება N2-174/13.

- გ--–----------ის და დ-----------ის გასაუბრების ოქმები.

 

3.2.4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის მიერ 2016 წლის 10 ნოემბერს გაცემული N7-3540 ცნობის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მომაცემებით 1994 წლის იანვარში 1 აშშ დოლარის საშუალო თვიური გაცვლითი კურსი კუპონთან მიმართებაში შეადგენდა 144415 კუპონს. აღნიშნულ პერიოდში 1500 აშშ დოლარი შეადგენდა 216622500 კუპონს. კუპონის და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 1994 წლის იანვრის 216622500 კუპონი 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 39 546,46 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის მიერ 2016 წლის 10 ნოემბერს გაცემული N7-3540 ცნობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 976-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობის და შესაბამისად მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლიდან გამომდინარე არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 991 მუხლის თანახმად კი პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია 977-990 მუხლებში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახმა მოპასუხე გ--–----------ეს 1993 წელს ბინის შესაძენად გადასცა 1500 აშშ დოლარი. ასევე დადგენილია, რომ მხარეებს შორის ბინის ნასყიდობა ვერ შედგა, ვინაიდან ბინა, რომლის შესაძენადაც 1500 აშშ დოლარი გადაეცა მოპასუხეს არ წარმოადგენდა გ--–----------ის საკუთრებას.

 

6.3. სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ არ არსებობს ნ--------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მისი მოთხოვნა 1993 წელს გადაცემული თანხის, როგორც უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნების თაობაზე ხანდაზმულია.

 

ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ურთიერთობა, მოვლენა მოხდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება.

 

ამდენად ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. თუ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე გ--–----------ეს სადაო თანხა ბინის შესაძენად გადასცა 1993 წელს. ასევე სასამართლო მიიჩნევს, რომ მისთვის იმის შესახებ, რომ სადაო ბინა არ წარმოადგენდა გ--–----------ის საკუთრებას და შესაბამისად მათ შორის გარიგება ვერ შედგებოდა ცნობილი უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ 1993-1994 წლებში, როცა სრულად მოხდა თანხის გადახდა და ბინა ვერ გაიფორმა. უფლების დარღვევის თაობაზე ნ--------------ისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ასევე ყველაზე ცოტა 2006 წელს მაინც, როცა როგორც თავად მიუთითებს მან პირადად მიმართა გ--–----------ეს ბინის გადასაფორმებლად და როცა გ--–----------ემ მას მისივე განმარტებით უპრობლემოდ გადასცა ბინის საბუთები, რომლის თანახმადაც ბინა ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტრის ბალანზე და ასევე მისთვის ამავე პერიოდში გახდა ცნობილი, რომ გარდა გ--–----------ისა, ბინის ორდერში ასევე რეგისტრირებული იყო მოპასუხის შვილი, რომელიც წინააღმდეგი იყო ბინის გაყიდვის.

 

დადგენილია, რომ მიუხედავად ზ/აღნიშნულისა მოსარჩელეს თანხის დაბრუნების თაობაზე პრეტენზია არ განუცხადებია 2017 წლამდე და სარჩელით სასამართლოს თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით მომართა მხოლოდ 2017 წლის 15 სექტემბერს, მოთხოვნის წარმოშობიდან 10 წლის გასვლის შემდეგ.

 

ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის 10 წლიანი საერთო ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოთხოვნა ხანდაზმულია, ამიტომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37 მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს კი წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები და სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1187 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელე ნ--------------ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, კერძოდ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე გ--–----------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ინასარიძის ქN20, ბინა N21-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.24.04.068.01.021).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე და 1991-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ--------------ის სასარჩელო განცხადება გ--–----------ეზე თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე გ--–----------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ინასარიძის ქN20, ბინა N21-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.24.04.068.01.021).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე