განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2018
საქმის ნომერი
110100117002239532
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #110100117002239532

#1/174-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 ივლისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- ე-------- ძე ბ--------ე, დაბადებული 1----–-–----------სს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ა---------–- ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ა-–--------;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ); 2) საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 1994 წლიდან, გ------- ბ--------ე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ალავერდში, ცხოვრობს რძალთან - მ------ გ----–---სთან ერთად. მათთან ერთად, ასევე, ცხოვრობენ არასრულწლოვანი - ნ-----–---- და მ------ ბ--------ეები. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, გ------- ბ--------ე, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით რძალ - მ------ გ----–---ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად მ------ გ----–--- განიცდიდა ტანჯვას.

 

2. 2017 წლის 14 ნოემბერს, 13:00 საათიდან, 14:00 საათამდე შუალედში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ალავერდში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ------- ბ--------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რძალს - მ------ გ----–---ს, რის შემდეგაც განაწყენებულმა ბენზინი დაასხა მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და იმუქრებოდა დაწვით. მ------ გ----–--- შეეცადა გ------- ბ--------ის დაწყნარებას და განზრახვის განხორციელებაში ხელის შეშლას, რაზედაც გ------- ბ--------ე უფრო მეტად აგრესიული გახდა, რძალ - მ------ გ----–---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ამ მიზნით მთელს სხეულზე და ტანსაცმელზე გადაასხა ბენზინი და კვლავ განაგრძობდა მის მიმართ მუქარას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული მ------ გ----–---მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც გ------- ბ--------ეს ძალის გამოყენებით წაართვა სანთებელა და ასანთი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში:

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- გ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 14 ნოემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შევიდა შეტყობინება, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ ალავერდში მცხოვრები მ------ გ----–--- ითხოვდა გ------- ბ--------ის ფსიქიატრიულში გადაყვანას. შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა მ------ გ----–---- საცხოვრებელ სახლში, უბნის ინსპექტორებთან დ----- ნ---–--ესთან და ს-------- ქ---------თან ერთად. მ------ გ----–---მ მათ განუმარტა, რომ ოჯახში არსებული მდგომარეობის გამო კონფლიქტი მოუვიდა მამამთილთან - გ------- ბ--------ესთან, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდგომ, გ------- ბ--------ემ, პოლიეთილენის ბოთლში არსებული ბენზინი გადაასხა სარდაფში არსებულ ნივთებს, ასევე, თავად მ-----ა გ----–---ს ტანსაცმელზე, სხეულზე და ეუბნებოდა, რომ დაწვავდა მას. მ------- წაართვა ასანთი, ცეცხლი რომ არ გაეჩინა. როდესაც გ------- ბ--------ის თანდასწრებით მ------ გ----–---მ დაუდასტურა აღნიშნული ფაქტი, გაბრაზდა გ------- ბ--------ე და კვლავ ამოიღო ასანთი და მათ თვალწინ ემუქრებოდა მ------ გ----–---ს დაწვით, რა დროსაც მოახდინეს გ------- ბ--------ის დაკავება. დაკავებისას გ------- ბ--------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და ამოღებული იქნა ასანთის კოლოფი წარწერით ზებრა, საფულე მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით და ნ------ ფირმის ტელეფონი. დაკავების შემდეგ გ.ბ--------ე გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.

 

4. ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ს-------- ქ-------ამ და დ----- ნ---–--ემ.

 

5. 2017 წლის 14 ნოემბრის გ------- ბ--------ის პირად ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, გ------- ბ--------ეს, დაკავებისას, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა: მოყვითალო ფერის ასანთის კოლოფი, წარწერით ზებრა, მასში მოთავსებული 13 ღერი უხმარი ასანთის ღერი და ერთი გამოყენებული დამწვარი ასანთის ღერი, რომლებიც კოლოფთან ერთად დაილუქა პაკეტში N----- ლუქის ბეჭდით. კოსტუმის მარცხენა გულის ჯიბიდან, ამოღებული იქნა შავი ფერის საფულე, მასში მოთავსებული, მის სახელზე გაცემული საქართველოს ბ----- პლასტიკური ბარათი, ლ-------- ბ----- პლასტიკური ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ა------- მ-------- ბარათი, ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ერთ ლარიანი მონეტა, ორი ცალი ოც თეთრიანი მონეტა, ასევე, პატარა ზომის ფურცლები. შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ნ------ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებულია სიმ კარტა N 5-----------, აღნიშნული ნივთები დაილუქა 3---- ლუქის ბეჭდით.

 

6. 2017 წლის 15 ნოემბრის ამოღების ოქმით დგინდება, რომ მ-----ა გ----–----გან ამოღებული იქნა შავი ფერის გრძელ სახელოებიანი სვიტერი და შავი ფერის შარვალი, რომელიც მ------ გ----–---ს დალაგებული ჰქონდა სახლის პირველ სართულზე სარდაფის ოთახში, რაზედაც განმარტა, რომ ეს ტანსაცმელი ეცვა და ბენზინის გადასხმით დაუსველა გ------- ბ--------ემ.

 

7. 2017 წლის 15 ნოემბრის მ------ გ----–---- საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ზესტაფონის რაიონის სოფელ ალავერდში მ------ გ----–---- საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს სასოფლო საავტომობილო გზის აღმოსავლეთ მხარეს, ეზოში შევდივართ ღია ჭიშკრით, სახლი არის ორსართულიანი კაპიტალური შენობა, პირველი სართული არის საცხოვრებლად გამოუყენებელი და ასრულებს სარდაფის ფუნქციას. სახლს დასავლეთ და ჩრთილოეთ მხრიდან აქვს ღია აივანი და მეორე სართულზე შესასვლელი კიბეები აქვს დასავლეთ მხრიდან. პირველ სართულზე - სარდაფის ოთახში შესასვლელი არის ხის კარი, სადაც არის მთლიანი დიდი ოთახი, შესვლისას იგრძნობა ბენზინის მკვეთრი სუნი იატაკი არის მიწის და დაწყობილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები. შესასვლელიდან მარჯვნივ მიწაზე დაგდებულია თეთრი ფერის პოლიეთილენის ბალონი თავსახურავის გარეშე, რაზედაც დაზარალებულმა მ------ გ----–---მ განმარტა, რომ ამ ბალონში იყო ბენზინი და მისმა მეუღლის მამამ გ------- ბ--------ემ გადაასხა მას ტანზე და ასევე, დაასხა ბენზინი ოთახში არსებულ ნივთებს და ოთახის ზემოთ არსებულ ხის მასალის ჭერს, რის გამოც იგრძნობოდა ბენზინის სუნი სახლის მეორე სართულზე. ხის კარით ღია აივნიდან შევდივართ დარბაზში, სადაც დგას საწოლები, დაზარალებულის განმარტებით ამ ოთახში აქვთ საძინებელი მოწყობილი მათ სახლში ქირით მცხოვრებ მუშებისათვის. მეორე სართულზე აღმოსავლეთ მხრიდან ღია აივანზე ხის კარით შევდივართ ოთახში, სადაც დგას საწოლი და მაგიდაზე ტელევიზორი, დაზარალებულის განმარტებით, ამ ოთახში იმყოფებოდა გ------- ბ--------ე მასთან კონფლიქტის შემდეგ პოლიციის მოსვლის დროს.

 

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 1. მ------ გ----–---- ტანსაცმელზე - შარვალზე და სვიტერზე (ობ. NN2,3) აღინიშნება ნავთობპროდუქტის, კერძოდ ბენზინის კვალი. 2. პოლიეთილენის ბალონში (შიდა ზედაპირზე) (ობ. N1) აღინიშნება ნავთობპროდუქტის, კერძოდ ბენზინის კვალი. 3. ხის მასალის ჭერის ანაწმენდზე (ობ. NN4,5,6) აღინიშნება ნავთობპროდუქტის, კერძოდ ბენზინის კვალი. მ------ გ----–---- ტანსაცმელზე, პოლიეთილენის ბალონში (შიდა ზედაპირზე) და ხის მასალის ჭერის ანაწმენდებზე აღმოჩენილი ბენზინის კვლებს აქვთ საერთო გვარეობითი კუთვნილება. პოლიეთილენის ბალონში (შიდა ზედაპირზე) აღმოჩენილი ბენზინის კვალის საერთო ჯგუფური კუთვნილების დადგენა მ------ გ----–---- ტანსაცმელზე და ხის მასალის ჭერის ანაწმენდებზე აღმოჩენილ ბენზინის კვლებთან ვერ მოხერხდა ნავთობპროდუქტების მცირე კონცენტრაციის გამო.

 

9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: - პაკეტში, წარწერით: ".......მ------ გ----–---- საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული პოლიეთილენი ბალონი....." მოთავსებულ ბალონზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N1-ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის გ------- ბ--------ეს (ობ. N7; პაკეტი, წარწერით: ".....გ------- ბ--------ის ნერწყვის ნიმუში......."); - პაკეტში, წარწერით: ".....მ------ გ----–----აგან ამოღებული შავი ფერის შარვალი და შავი ფერის სვიტერი....." მოთავსებულ სვიტერზე (ობ. N5) და შარვალზე არსებული მოვარდისფრო-მოწითალო და მოყავისფრო ლაქები (ობ. N2,3) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე შარვალზე არსებული მოთეთრო-მონაცისფრო დანაშრების (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მ------ გ----–---ს (ობ. N6; პაკეტი, წარწერით: "..... დაზარალებულ მ------ გ----–---- ნერწყვის ნიმუში....."). ობ. N4-ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება გ------- ბ--------ის (ობ. N7) გენეტიკური თანამონაწილეობა.

 

10. 2018 წლის 9 ივლისს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა გ------- ბ--------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

11. 2018 წლის 9 ივლის, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (გარდა გამოკვლეული მტკიცებულებებისა) სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

12. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

15. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ბ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, მოწმეების - დ----- ნ---–--ის, ი-----–- გ-------ისა და ს-------- ქ--------- ჩვენებებისა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა, პირადი ჩხრეკის ოქმისა, ამოღების ოქმისა, ნავთობპროდუქტების და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებისა, ასევე უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ მ-----ა გ----–---- ჩვენება; მოწმეების - მ------ ბ--------ის, ლ---- გ-----ის, პ----- მ--–--ის, გ------- ბ-–-------ვენებები; დათვალიერების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, და მასალები.

 

16. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია გ------- ბ--------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

17. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ოჯახის ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ტანჯვა მიაყენოს პირს თავისი სისტემატური შეურაცხყოფით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ პირის სისტემატური შეურაცხყოფა, რაც ტანჯვას იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ფსიქიკის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.

 

18. განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.

 

19. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას), ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.

 

20. საქართველოს სსკ 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით გ------- ბ--------ემ ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით); 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით ).

 

22. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გ------- ბ--------ის გამართლების თაობაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ.ბ--------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. მხოლოდ ერთი დაზარალებულ მ------ გ----–---- ჩვენება კი არ არის საკმარისი აღნიშნული ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ამასთან ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ბ--------ის ქმედებით მ------ გ----–--- არ განიცდიდა სისტემატურ შურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან - პრეიუდიცია. მოცემულ საქმეზე გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი საქმის არსებით განხილვაზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს გ------- ბ--------ემ (2018 წლის 9 ი--–---- სასამართლო სხდომაზე) თავი დამნაშავედ ცნო მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში და მოსამართლის შეკითხვაზე განმარტა, რომ ეთანხმება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ორივე დანაშაული ჩაიდინა მასში აღწერილ ვითარებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- ბ--------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- ბ--------ის ბრალდეულობას წარდგენილ ბრალდებაში. გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, როგორც უკვე აღინიშნა, სისტემატური შეურაცხყოფა ეს არის არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად შეურაცხყოფის მიყენებით გამოწვეული ტანჯვა სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს - სისტემატურმა შეურაცხყოფამ მასში გამოიწვია თუ არა ტანჯვა. შესაბამისად, სხვა პირის განმარტება ტანჯვის განცდასთან დაკავშირებით (სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტანჯვა) არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. ის გარემოება, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მიერ ვერ იქნა დადგენილი მ------ გ----–---- მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფით ტანჯვის განცდის ფაქტი, სასამართლოს არ აძლევს იმის მტკიცების უფლებას, რომ გ.ბ--------ე უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გ------- ბ--------ემ წარდგენილ ბრალდებებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, უდავოდ გახადა დაზარალებულ მ------ გ----–---- ჩვენება, სადაც დაზარალებული პირდაპირ უთითებს, რომ გ------- ბ--------ე სიტყვიერი შეურაცხყოფისას მას ეძახდა "ქუჩის ქალს, ბოზს, ასევე აგინებდა დედის მისამართით, რა დროსაც განიცდიდა სულიერ ტანჯვას". მიმართავდა ისეთი სიტყვებით, რაც მისთვის ნამდვილად შეურაცხმყოფელი იყო. აღნიშნულ ჩვენებაშივე, დაზარალებული უთითებს, რომ "როდესაც მე ის ყოველ ახალ შეურაცხყოფას მაყენებდა, ყოველთვის მახსოვდა და განვიცდიდი წინა შეურაცხყოფით მოყენებულ სულიერ ტანჯვას".

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

23. გ------- ბ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

25. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ბ--------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ------- ბ--------ე არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, არის 72 წლის, პენსიონერი. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით თითოეული ეპიზოდისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია გ------- ბ--------ის მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.

 

26. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, ოჯახის წევრის - რძლის მიმართ განხორციელებული ძალადობის მხედველობაში მიღებით, სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს გ------- ბ--------ისათვის მოვალეობის დაკისრებას ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის სახით, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს იმერეთის პრობაციის ბიურო. სასამართლოს მიაჩნია, რომ 1 (ერთი) წლით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით ვალდებულებასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს გ------- ბ--------ე უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ასევე, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, გ------- ბ--------ეს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

27. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- ბ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით, შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ გ------- ბ--------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

გ------- ბ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დ--------- N1-----2017 განჩინებით, გ------- ბ--------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონი სოფელი ა-–--------, ზ------------------------------------------–-----------------------–-----------------------, საკადასტრო კოდით №------------) დადებული ყადაღა;

გ------- ბ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 20---–-–--------------------------–-–--------------ის ჩათვლით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, გ------- ბ--------ეს დაეკისროს მოვალეობა: 1) პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2) ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

 

საქართველო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გ------- ბ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოყვითალო ფერის ასანთის კოლოფი წარწერით „-----“, მასში მოთავსებული ასანთის ღერებით, ბრალდებულ გ------- ბ--------ისგან აღებული ნიმუში (ხელის ანაწმენდი), შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეთრი ფერის პოლიეთილენის ბალონი და ოთხი ანაწმენდი, მ------ გ----–---- ნერწყვის ნიმუში, ბრალდებულ გ------- ბ--------ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

მ------ გ----–----გან ამოღებული შავი ფერის გრძელსახელოებიანი სვიტერი და შავი ფერის შარვალი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მ------ გ----–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა „CD-R“ დისკზე და შს სამინისტროს სსიპ „112“-ის ჩანაწერი „CD-R“ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე