გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.07.2018
საქმის ნომერი
080210117001999012
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1891-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

მოსარჩელე - ა-------ი ა---–--ნი;

წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–--ა;

მოპასუხე - ნ-------ი ყ----–-–---–ი;

წარმომადგენელი - ხ------- უ---ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე ნ-------ი ყ----–-–---–ს მოსარჩელე ა-------ი ა---–--ნის სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოპასუხე მხარეს ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ასესხა 20 000 ლარი, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა დაებრუნებინა, თუმცა მიუხედავად რამოდენიმეჯერ დაპირებისა თანხა არ დაუბრუნებია, რის გამოც იძულებული გახდა დახმარებისათვის მიემართა პოლიციის განყოფილებისათვის. ვინაიდან მოპასუხისათვის გადაცემული აქვს სესხის სახით 20 000 ლარი, იგი ვალდებულია დაუბრუნოს აღნიშნული თანხა.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სინამდვილეს არ შეესაბამება, არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით მას სასესხო ურთიერთობა ა-------ი ა---–--ნთან არასდროს არ ჰქონია. შესაბამისად, მისგან არც თანხა უსესხებია და არც ვალდებულება აქვს შესასრულებელი მის მიმართ.

მოპასუხის განმარტებით, ბ------ კ--–--ე, რომელიც არის მოსარჩელის დისშვილი და მისი მეგობარი, თხოვა ბანკიდან გამოეტანა თანხა 50 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან მას ჰქონდა ოჯახური პრობლემები, ასევე ვალები და ბანკები მას სესხს არ აძლევდნენ. აღნიშნულ სესხს დაფარავდა იგი. მართლაც ნ-------ი ყ----–-–---–მა გამოიტანა სესხი საქართველოს ბანკიდან, მაგრამ მისი დაფარვა ბ------ კ--–--ემ ვეღარ შეძლო ეკონომიური მდგომარეობის გაუარესების გამო. თანხა სრულად დაფარა მოპასუხემ, რომელმაც 2012 წელს დაურეკა ბ------ კ--–--ეს და თხოვა თანხის ნაწილის მიცემა. ვინაიდან ბ------ კ--–--ე ქალაქში არ იყო, უთხრა მისულიყო ბიძამისთან ა-------ი ა---–--ნთან და ის მისცემდა 20 000 ლარს და მოპასუხისათვის მისაცემი დარჩებოდა 30 000 ლარი და სწორედ ეს თანხა წამოიღო მან მოსარჩელისაგან, შესაბამისად მას არანაირი სასესხო ურთიერთობა მოსარჩელესთან არ ჰქონია და არც გადახდის ვალდებულება გააჩნია.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. მოსარჩელის დისშვილი - ბ------ კ--–--ე და მოპასუხე იყვნენ მეგობრები. მხარეებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 125-128).

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 129-148).

 

3.1.2. მოსარჩელე ა-------ი ა---–--ნმა მოპასუხე ნ-------ი ყ----–-–---–ს გადასცა 20 000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 04 ივლისის პოლიციის უბნის-ინსპექტორის გასაუბრების ოქმი (ს.ფ. 153);

- ბ------ კ--–--ის ხელწერილი (ს.ფ. 87)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოპასუხე ნ-------ი ყ----–-–---–მა 2010 წლის 25 აგვისტოს სს ,,საქართველოს ბანკიდან“ მიიღო სესხი 50 000 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვასაც ახორციელებდა თავად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 88-118);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2013 წლის 15 თებერვლის ბ------ კ--–--ის ხელწერილიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ნ-------ი ყ----–-–---–თან აქვს კარგი მეგობრული ურთიერთობა. ვინაიდან მას ჰქონდა მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და ბანკიდან სესხი ვერ გამოჰქონდა, დახმარება თხოვა მოპასუხეს, რომელმაც საქართველოს ბანკიდან გამოიტანა 50 000 ლარი, რომელიც თვითონვე გადაიხადა. ნ-------ი ყ----–-–---–მა მას დაურეკა 2012 წელში და უთხრა, რომ ვინაიდან მასაც შეექმნა პრობლემა ნაწილი თანხა მაინც მიეცა. რადგან ბ------ კ--–--ე არ იყო ქალაქში, უთხრა მისულიყო ბიძამისთან - ა-------ი ა---–--ნთან, რომელიც მას გადასცემდა 20 000 ლარს, ხოლო მისაცემი დარჩებოდა 30 000 ლარი. ასევე მოხდა შეთანხმება, რომ თუ ნ-------ი ყ----–-–---–ი მას ამ 20 000 ლარს დაუბრუნებდა უკან 6 თვეში, ჩასვამდა მას მისი რესტორნის წილში, თუ არადა ბ------ კ--–--ეს ექნებოდა გასასტუმრებელი 30 000 ლარი. ვინაიდან 20 000 ლარი ვერ დააბრუნა ნ-------ი ყ----–-–---–მა, ბ------ კ--–--ე აღიარებს მის მიმართ 30 000 ლარს, რომელსაც ის გადაიხდის ნაწილ- ნაწილ შეთანხმებისამებრ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბ------ კ--–--ის ხელწერილი (ს.ფ. 87);

 

3.2.2. 2017 წლის 04 ივლისს პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, ა-------ი ა---–--ნი აცხადებს, რომ იგი არის შპს ,,ა--“-ს დირექტორი, რომელიც ახორციელებს პურის წარმოებას. მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ნ-------ი ყ----–-–---–თან, რომელსაც გარკვეული პერიოდი პური მიჰქონდა სხვადასხვა დაწესებულებებისათვის და ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა და სარგებლობდა მისი ნდობით. 2015 წლის ივნისის თვეში ნ-------ი ყ----–-–---–მა თხოვა 20 000 ლარი სესხად და დაპირდა, რომ 5-6 თვის ვადაში დაუბრუნებდა აღნიშნულ თანხას. თანხის გადაცემა მოხდა ქ. ქუთაისში, ირ. ა--–--ის N2/63-ში მცხოვრებ ა---------– ა---–--ნის სახლში, რომელსაც თავად ესწრებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 04 ივლისის ოქმი (ს.ფ. 178).

 

3.2.3. 2017 წლის 04 ივლისს პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, მოპასუხე ნ-------ი ყ----–-–---–ი განმარტავს შემდეგს: იგი არის შპს ,,პ----------ის“ დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული ობიექტების კვებით მომარაგებას, რის გამოც შპს ,,ა--“-დან ხელშეკრულებით მიჰქონდა პური. მისი მეგობარი ბ------ კ--–--ე, რომელიც არის შპს ,,ა--“-ს დირექტორის ა-------ი ა---–--ნის დისშვილი, ერთად ახორციელებდნენ კერძო საქმიანობას. ბ------ კ--–--ემ მას სთხოვა ბანკიდან გამოეტანა სესხი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით და საპროცენტო განაკვეთს თავად გადაიხდიდა. 2009 წელს მოხდა სესხის გამოტანა ნ-------ი ყ----–-–---–ის სახელზე. ვინაიდან მათ ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა და ბ------ კ--–--ემ ვერ შეძლო საპროცენტო განაკვეთის გადახდა იგი თავად იხდიდა გადასახადს ყოველთვიურად. მას 2012 წელს შეექმნა სამსახურებრივი პრობლემები, რის გამოც სთხოვა ბ------ კ--–--ეს 20 000 ლარის დაბრუნება. ბ------ კ--–--ემ აღნიშნული თანხის მისაღებად გაუშვა ბიძამისთან ა-------ი ა---–--ნთან იმ მოტივით, რომ იგი მისცემდა აღნიშნულ თანხას და უნდა გამოეკლო მისი ვალისთვის. ამის შემდეგ ნ-------ი ყ----–-–---–ი მივიდა ზ. ანჯაფარიძის ქუჩაზე შპს ,,ა--“-ს ადმინისტრაციაში, სადაც ა-------ი ა---–--ნმა მას გადასცა 20 000 ლარი, რასაც ესწრებოდა აღნიშნული ფირმის ბუღალტერი ა---------– ა---–--ნი. თანხის გადაცემის დროს ა-------ი ა---–--ნმა, მას განუმარტა, რომ იგი ისტუმრებდა მისი დისშვილის ვალს, ხოლო მათ შორის რაიმე სესხის პირობა არ ყოფილა. ნ-------ი ყ----–-–---–ის განმარტებით, რამდენიმე თვეა რაც ბ------ კ--–--ესა და ბიძამის - ა-------ი ა---–--ნს შორის მოხდა უთანხმოება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გამოც დავის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში და ამის შემდეგ ითხოვს მისგან 20 000 ლარის დაბრუნებას სესხის სახით, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და მას არანაირი და---–--ნება ა-------ი ა---–--ნის მიმართ არ გააჩნია. ნ-------ი ყ----–-–---–ის განმარტებით, ის არ ცნობს რაიმე ვალდებულებას ა-------ი ა---–--ნის წინაშე სესხის თაობაზე და არ აპირებს რაიმე თანხის გადაცემას. აღნიშნული საკითხი უნდა მოგვარდეს ა-------ი ა---–--ნსა და ბ------ კ--–--ეს შორის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 04 ივლისის ნ-------ი ყ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი (ს.ფ. 180-181);

 

3.2.4. 2017 წლის 04 ივლისს პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, ა---------– ა---–--ნმა, რომელიც არის შპს ,,ა--“-ს მთავარი ბუღალტერი, განმარტა, რომ ა-------ი ა---–--ნმა 2015 წლის ივნისის თვეში ნ-------ი ყ----–-–---–ს მის სახლში გადასცა 20 000 ლარი სესხის პირობით, რომელიც უნდა დაებრუნებინა 5-6 თვის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 04 ივლისის ა---------– ა---–--ნის გამოკითხვის ოქმი (ს.ფ. 179);

 

3.2.5. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს, 2015 წელს 20 000 ლარი გადასცა. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მოპასუხეს თანხა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა და მისი დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებზე მიუთითა. თავის მხრივ, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ თანხის გადაცემით მათ შორის სესხის ხელშეკრულება კი არ დაიდო, არამედ, მოსარჩელის მხრიდან მოხდა მისი დისშვილის - ბ------ კ--–--ის ვალის გასტუმრება.

 

შესაბამისად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 20 000 ლარი გადასცა. სადავოა თანხის გადაცემით მხარეებმა რაიმე სახის ხელშეკრულება დადეს, თუ ბ------ კ--–--ის ვალის ფარგლებში მოხდა ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამდენად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებელი კისრულობს მიღებული სესხის ვადაში დაბრუნების ვალდებულებას. სესხი განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომლის საფუძველზეც გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული პირობებით. სესხი რეალური ხელშეკრულებაა, რომელიც დადებულად ითვლება გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრობითობის პრინციპის თანახმად, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებებით ვერ მოხდება მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება. სხვა რაიმე გარემოება, რაც კონკრეტულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ვერ დგინდება, რომ მოპასუხემ თანხა სესხად მიიღო. ვერც ის დასტურდება, რომ მოპასუხე მხარემ ეს თანხა მიიღო ბ------ კ--–--ის ვალის გასასტუმრებლად. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ განმარტა, რომ ვინაიდან ბ------ კ--–--ის თხოვნით ბანკიდან გამოიტანა 50000 ლარი და თავად გადაიხადა, სწორედ ამ თანხის ნაწილი 20000 ლარი გადასცა მას მოსარჩელემ. მოპასუხემ ამ განმარტების დასადასტურებლად ბ------ კ--–--ის ხელწერილი წარმოადგინა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------ კ--–--ის ხელწერილი, არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, ვინაიდან იგი განიხილება როგორც მხარის ახსნა-განმარტების ნაწილი, რომელსაც სასამართლო ვერ დაეყრდნობა, რადგან ის არ არის დამოწმებული ნოტარიულად, არ ირკვევა, ნამდვილად 2013 წელშია შედგენილი თუ მას შემდეგ, რაც ბ------ კ--–--ესა და ა-------ი ა---–--ნს ურთიერთობა დაეძაბათ.

 

სასამართლო, ბ------ კ--–--ის ხელწერილთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარე უარყოფს სასესხო ურთიერთობის არსებობას, მისი დადგენა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების, ან მოწმის ჩვენების საფუძველზე, ვერ მოხდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმისწარმოების დროს მოქმედებს მტკიცების განაწილების პრინციპი, რომლის მიხედვით, როგორც წესი, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ადასტურებს და არა იმას, რომელიც უარყოფს. ამდენად, ფაქტის დადასტურება იმ მხარის ვალდებულებაა, რომელიც ამ ფაქტის არსებობაზე მიუთითებს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელისგან 20 000 ლარი მიიღო როგორც ბ------ კ--–--ის ვალი. მოსარჩელემ ეს გარემოება უარყო. ამდენად, მოპასუხე მხარეა ვალდებული ასეთი ფაქტის არსებობა დაადასტუროს და როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე მხარეს რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რომლითაც მის მიერ მითითებული გარემოება დადასტურდებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

გამომდინარე აქედან, მოპასუხე მხარემ მოსარჩელიდან მიღებული თანხის, როგორც ბ------ კ--–--ის მიერ ნასესხები თანხის დაბრუნების ფაქტის დადასტურება ვერ შეძლო. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2015 წელს გადაცემული 20 000 ლარი ვალის დაბრუნებად ვერ ჩაითვლება.

 

3.2.6. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა რაიმე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ა-------ი ა---–--ნის სარჩელი მოპასუხე ნ-------ი ყ----–-–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდეთ მოთხოვნის უფლება, საჭიროა ისინი ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წინამდებარე შემთხვევაში მტკიცებულებებით არ დგინდება რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეებს შორის. შესაძლებელია ადგილი აქვს უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ ვალდებულებას, შესაძლებელია მათი ურთიერთობა რომელიმე ტიპის გარიგებიდან გამომდინარეობს, მაგრამ საქმეში არაა წარმოდგენილი არც მოსარჩელისა და არც მოპასუხის არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს ხელს უშლის ურთიერთობისათვის ზუსტი კვალიფიკიის მინიჭებაში. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა საშუალებას მხარეთა შორის არსებულ ვალდებულებას დაერქვას კონკრეტული სახელი. ამის მიზეზია ის, რომ მოსარჩელე თანხის კუთვნილებას ამტკიცებს სესხიდან გამომდინარე, მაგრამ ამის მტკიცებულება არ აქვს და თავის მხრივ მოპასუხე მიუთითებს სხვა ვალდებულებაზე, მაგრამ კონკრეტულად რაა ეს გარემოება არ განმარტავს. ასეთ სიტუაციაში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ზუსტად განმარტოს რა ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარეობს 20 000 ლარის და---–--ნება. მიუხედავად ამისა მოპასუხე თანხის მიღებას ადასტურებს. არსებული მტკიცებითი პრობლემის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ვალდებულებითი სამართლის ზოგადი პრინციპები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. გარდა სახელშეკრულებო ურთიერთობებისა, მხარეთა შორის შეიძლება არსებობდეს კანონისმიერი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. ეს ისეთი ურთიერთობებია, რომელიც მხარეთა შორის წინასწარ რაიმე შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების აუცილებლობას არ ითვალისწინებს და მის წარმოშობას, კანონიდან გამომდინარე, კონკრეტული გარემოების დადგომა განაპირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2015 წელს გადასცა 20 000 ლარი. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მოპასუხეს თანხა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა და მისი დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებზე მიუთითა. თავის მხრივ მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ თანხის გადაცემით მათ შორის სესხის ხელშეკრულება კი არ დაიდო, არამედ, მოსარჩელის მხრიდან შესრულდა მანამდე ბ------ კ--–--ესა და ნ-------ი ყ----–-–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის მიხედვით იგი სესხად გადაცემულ თანხას ნაწილ-ნაწილ აბრუნებდა.

 

შესაბამისად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 20 000 ლარი გადასცა. სადავოა თანხის გადაცემით მხარეებმა რაიმე სახის ხელშეკრულება დადეს, თუ მანამდე ბ------ კ--–--ესა და ნ-------ი ყ----–-–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა ვალდებულების შესრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამდენად, ფულადი სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებელი კისრულობს მიღებული სესხის ვადაში დაბრუნების ვალდებულებას. ამდენად, ფულის სესხი განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომლის საფუძველზეც გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული პირობებით. სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ სესხი რეალური ხელშეკრულებაა. ის დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. რეალური სესხის ხელშეკრულება გულისხმობს საგნის ფიზიკურ გადაცემას შემდგომში დაბრუნების პირობით.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრობითობის პრინციპის თანახმად, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც. სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებობს მტკიცების განაწილების როგორც საპროცესო აგრეთვე მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით განაწილების პრინციპი. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენებაზე მიუთითა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით ვერ მოხდება მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება. სხვა რაიმე გარემოება, რაც კონკრეტულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ვერ დგინდება, რომ მოპასუხემ თანხა სესხად მიიღო. ვერც ის დასტურდება, რომ მოსარჩელემ გაისტუმრა მისი დისშვილის ვალი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი სესხის ხელშეკრულებისთვის მხოლოდ თანხის გადაცემა არ წარმოადგენს მხარეთა შორის სასესხო გარიგების დადების დამადასტურებელ მტკიცებულებას. ფულის გადაცემა შესაძლებელია სხვა და სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოხდეს (ნასყიდობა, ნარდობა, დავალება და ა.შ.). იგი ერთ-ერთი მტკიცებულებაა და ამით თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურება ხდება. მაგრამ სასესხო ურთიერთობისთვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ თანხის გადაცემა მოხდა მისი შემდგომში დაბრუნების პირობით და რომ თანხის მიმღებმა სწორედ ასეთი ვალდებულება იკისრა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რადგან მითითებული ნორმის მიხედვით პირმა, რომელსაც გადაეცა გვაროვნული ნივთი (მათ შორის თანხა) უნდა იკისროს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის დაბრუნების ვალდებულება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასესხო ვალდებულებების თაობაზე წერილობითი მტკიცებულების (ხელშეკრულება, ხელწერილი და ა.შ.) არარსებობის პირობებში, ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე ვერ მოხდება. მისი დადგენა დასაშვებია მხოლოდ საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ერთობლიობაში. აღნიშნული განპირობებულია სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დისპოზიციით, რომლის მიხედვით სესხზე ზეპირი ხელშეკრულების დადების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდეს. შესაბამისად, მატერიალური სამართლის ეს ნორმა ითვალისწინებს უფრო მაღალ სტანდარტს და ფაქტობრივად მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულების დადება მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებაზე და მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით დაუშვებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების დადების დადასტურების ტვირთი იმ მხარეს აკისრია, რომელი მხარეც ასეთი ფაქტის არსებობაზე მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მოსარჩელისგან თანხის მიღება დაადასტურა, თუმცა თანხის მიზნობრიობა გახადა სადავო. შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულებაა წარმოადგინოს ისეთი მტკიცებულება, რაც მოპასუხესთან სასესხო გარიგების დადების ფაქტის უტყუარობას დაადასტურებდა. თავის მხრივ, მოპასუხე, რომელმაც მიუთითა, რომ ეს თანხა მისი ვალი იყო, ვალდებული იყო წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც აღნიშნულს დაადასტურებდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ, სესხის ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. მან ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ მოპასუხემ გადაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა. ასევე, მოპასუხემაც ვერ დაადასტურა რომ ეს თანხა იყო ბ------ კ--–--ის ვალი.

 

ამდენად, ვერცერთმა მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მათ შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა და რომ სწორედ ამ ვალდებულების ფარგლებში მოხდა მოპასუხისთვის 20 000 ლარის გადაცემა.

 

6.4. როგორც აღინიშნა, გარდა სახელშეკრულებო ურთიერთობისა, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება კანონისმიერი ვალდებულებებიდან, მათ შორის უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარეობდეს.

 

მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშვა ან შეწყდა შემდგომში. აგრეთვე, მიუთითებს ამავე კოდექსის 991-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა, დაუბრუნოს მას მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია პირის გამდიდრება მოხდეს სხვა პირის ხარჯზე და გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ უნდა არსებობდეს ან შემდგომში უნდა შეწყდეს. ანუ, უსაფუძვლო გამდიდრებისთვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს პირი სხვის ხარჯზე იძენს რაიმე ქონებას, თუ ხდება საკუთარი ქონების დაზოგვა. მთავარია ეს სხვა პირის ხარჯზე შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე მოხდეს. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენებით გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია გამოირიცხოს სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნებოდა დავის გადაწყვეტა.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 20 000 ლარი გადასცა. თუმცა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად ვერ იქნა დადგენილი მხარეთა შორის რაიმე სახის სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ისეთი ვალდებულება, რომელიც მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის თანხის გადაცემის იურიდიული საფუძველი იქნებოდა.

 

გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, ვინაიდან, მოპასუხემ ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი მოსარჩელისთვის დაბრუნებას ექვემდებარება, რადგან უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით - უზრუნველყოს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, მოპასუხისთვის თანხის გადაცემით, შეასრულა არარსებული ვალდებულება. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ვალდებულების გარეშე გადაცემული თანხა ექცევა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ნორმების რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 20 000 ლარის გადახდევინების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 600 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხე ნ-------ი ყ----–-–---–ს უნდა დაეკისროს. ასევე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

7.2. მოსარჩელე ა-------ი ა---–--ნი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოსარჩელის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 1000 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ივლისის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ნ-------ი ყ----–-–---–ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში, საკადასტრო კოდი: #2-----------. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-------ი ა---–--ნის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე ნ-------ი ყ----–-–---–ს მოსარჩელე ა-------ი ა---–--ნის სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე ნ-------ი ყ----–-–---–ს მოსარჩელე ა-------ი ა---–--ნის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის და იურიდიული მომსახურების - 800 ლარის გადახდა.

1.3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა