გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2018
საქმის ნომერი
120210018002307115
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2307115-2/136-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,დ--–----’’

წარმომადგენელი - დ----- ბ---------ე

მოპასუხე - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ----- ძ---–---–ი,დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,დ--–----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს კარებსა და ხის მოაჯირის დამზადებაზე გაწეული ხარჯის - 1978.1 ლარის გადახდა.

 

1.3. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,დ--–----’’ სასარგებლოდ დაეკისროს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული 20822.05 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს „დ--–----"-ს შორის 2015 წლის 20 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N---, რომლის საგანს წარმოადგენდა ქალაქ ბ---------ში 9-------–ის ქუჩის სავალი ნაწილის და 9-------–ის ქუჩის N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია, რომელსაც მიმწოდებელი მხარე ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მანამ, სანამ მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მოხდა აღებული ვალდებულების გეგმა გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილება. აღნიშნული გამოიხატებოდა სხვადასხვა ხელისშემშლელ გარემოებებში. კერძოდ:

 

1. მიმწოდებელი გზის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებდა ბ---------ის პარკის შესასვლელ გზაზე. აქტიური საკურორტო სეზონის და დამსვენებელთა ინტერესების გათვალისწინებით გზის დაგების ტემპი ისეთი ინტენსივობით ვერ ხორციელდებოდა როგორსაც შემსყიდველი ითხოვდა. აღნიშნული ტემპის შენელება გამოწვეული იყო იმ გარემოებით რომ ვერ ხერხდებოდა გზის გადაკეტვა, ზემოთ მითითებული გარემოებების გამო. მიმწოდებელი თავისი ძალებით ვერ ახერხებდ გზის გადაკეტვას, რათა ერთიანი ფრონტით გაეშალა სამუშაოები, ამიტომ გზის გადაკეტვის მოთხოვნით მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს, რაზედაც მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

 

2. გეგმა გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილება ძირითადად გამოწვეული იყო შენობის გადახურვითი სამუშაოების გადავადების გამო, რაც „მიმწოდებლი"–ს ნებაზე არ იყო დამოკიდებული. „შემსყიდველ"-მა კარგად იცოდა, რომ აღნიშნული სამუშაოები შესრულების პერიოდში, ბ---------ის რეგიონში დღეში ხანდახან 3-4 ჯერ გაწვიმდებოდა. უხვ ნალექის და სისტემატიური წვიმების მოსვლის გამო ფერხდებოდა გადახურვითი სამუშაოების დასრულება რაც არ იქნა გათვალისწინებული მუნციპალიტეტის მხრიდან.

 

3. ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ერთ ნაწილს შეადგენდა კარ-ფანჯრების

მოწყობით, სამუშაოები, რომელიც მიმწოდებელმა გეგმა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში დაამზადა და ადგილზე მიტანის დროს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო მათი დამონტაჯება. ,შემსყიდველმა’ აღნიშნული გარემოება არ მიიჩნია საპატიოდ, არ შეუქმნა შესაბამისი პირობები ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესასრულებლად, არ მისცა დამატებითი ვადა მიმწოდებელს განეხორციელებინა სამუშაოები და ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარე გაეცნო ხელშეკრულების პროექტს და მასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს. მხარეთა შეთანხმებით მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2015 წლის 18 ივლისამდე.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების 17.3 პუნქტის თანახმად, დადგენილ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულებისთვის ხელშეკრულების თანდართული გეგმა გრაფიკით გათვალისწინებული შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რომლის გადახდაც მოხდება მისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითვის საშუალებით ან მის მიერ ამ თანხის გადახდის გზით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელმა ვალდებულება არ შეასრულა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 20822.05 ლარი. აქედან ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების და გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ფასის 0.1% 39 დღეზე - 9122,1 ლარი.

 

ასევე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 20 აპრილის N--- ხელშეკრულების 17.5 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო საერთო ღირებულების 5% ოდენობით - 11699.95 ლარი.

 

2015 წლის 20 აპრილის N--- ხელშეკრულების 17.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ვადის გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების 3%, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 20 აპრილს თვითმმართევლი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დ--–----’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში, 9-------–ის ქუჩის სავალი ნაწილის და 9-------–ის ქუჩის N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 233999 ლარით.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 20.04.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების და გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0.1% ოდენობით, რომლის გადახდა მოხდება მისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითვის მეშვეობით ან მის მიერ ამ თანხის გადახდის გზით.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 20.04.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში განისაზღვრა მიმწოდებლის პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% ოდენობით.

 

3.1.4. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღით, გეგმა-გრაფიკის მიხედვით. შპს ,,დ--–----’’ 2015 წლის 20 აპრილის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2015 წლის 20 ივლისს.

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 5 ივნისს ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა შპს ,,დ--–----’’ და აცნობა, რომ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა აქტები, რომელიც ეხება ქ. ბ---------ში 9-------–ის ქუჩის სავალი ნაწილის და ამავე ქუჩაზე მდებარე N-- ორსართულიანი საცხოვრებელის ახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ შეესაბამება არსებულ სამუშაოთა მოცულობებს. ამასთან, განუმარტა, რომ დროებით უხარისხოდ გადახურულ შენობაში ჩავიდა დიდი რაოდენობით წვიმის წყალი, რამაც საგრძნობლად დააზარალა მე-2 სართულზე მაცხოვრებელთა ბინები.

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში, 9-------–ის ქუჩის და 9-------–ის ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 233999 ლარი, შესრულებულია ნაწილობრივ. ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგენს 54766 ლარი.

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2015 წლის 15 ივნისს ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა შპს ,,დ--–---’’ და აცნობა, რომ ქ. ბ---------ში, 9-------–ის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებისთანავე ქუჩაზე ავტომანქანების შესვლას აკონტროლებდა დაცვის პოლიცია. ქუჩაზე შესვლა ნებადართულია ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და აუცილებელი - გადაუდებელი (სახანძრო, სასწრაფო) ავტომანქანებისათვის. კლიმატური პირობები ვერ ჩაითვლება გადახურვის სამუშაოების შეფერხების ობიექტურ მიზეზად. სამუშაოების მიმდინარეობა საგრძნობლად ჩამორჩება გრაფიკს.

 

3.1.8. 2015 წლის 16 ივნისს შპს ,,დ--–----’’-ის დირექტორმა მიმართ ბ---------ის მუნიციპალიტეტს და ითხოვა 20.04.2015წ. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომლის საფუძველზე მიმწოდებელს საბოლოო მიღება-ჩაბარების დასკვნის წარდგენის უფლება მიეცეს არა მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის, არამედ სხვა აკრედიტებული პირის დასკვნის საფუძველზეც.

 

3.1.9. დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ივნისს ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა შპს ,,დ--–---’’ და აცნობა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია და ხელშეკრულებით განსაზღვრული რეაბილიტაციის სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარებისათვის წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა.

 

3.1.10. დადგენილია, რომ ქ. ბ---------ის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წლის 10 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით ნალექი აღინიშნა:

 

10,11,12,13,15,16,19,20,21,25 - ივნისს, სულ 10 დღე.

 

3.1.11. დადგენილია, რომ 2015 წლის 9 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში, 9-------–ის ქუჩის და 9-------–ის ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 233999 ლარი, შესრულებულია ნაწილობრივ. ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 80886 ლარს.

 

3.1.12. დადგენილია, რომ 2015 წლის 31 ივლისს ბ---------ის მუნიციპალიტეტმა მიმართა შპს ,,დ--–--’’ და აცნობა, რომ გამოვლინდა მშენებლობის პროცესში დაშვებული მთელი რიგი ნაკლოვანებები, რაც გამოიხატა ალაგ-ალაგ სამშენებლო გრანიტის ქვების უსწორმასწორობით, ტალღოვანებით და ღრმულებით, უხარისხოთ არის დაგებული მოსახლეობის ეზოებში შემავალი ტროტუარებზე ბაზალტის ფილები. გაჭინაურებულ ვადებში მიმდინარეობს ამავე ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის სახურავის და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახურავის შეცვლის დროს მშენებელთა დაუდევრობით მოხდა დიდი რაოდენობით წვიმის წყლის ჩადინება, რამაც მთლიანად დააზარალა გ. ჯ-----–---–ისა და ა. მ-----–-–---–ის საცხოვრებელი ბინები. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 90 დღის განმავლობაში - 2015 წლის 20 ივლისს, რაც არ შესრულდა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების თანხის 0.1% - 233.9 ლარის ოდენობით.

 

3.1.13. დადგენილია რომ 2015 წლის 7 აგვისტოს შპს ,,დ--–---’’ დირექტორმა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ მოსახლეობის კატეგორიული უარის გამო ვერ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების 100%-ით შესრულებას. ითხოვა ფაქტის შესწავლა და თანხმობა საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმებაზე, იმ მოცულობით, რომელიც შესრულებულია ფაქტიურად.

 

3.1.14. დადგენილია, რომ 2015 წლის 12 აგვისტოს ბ---------ის მუნიციპალიტეტმა მიმართა შპს ,,დ--–---’’ და აცნობა, რომ არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე შეამოწმეს ხელშეკრულებით შესრულებულ სამუშაოთა ნუსხა - გზის სავალ ნაწილზე დაგებული გრანიტის ქვები ,,ბურჩატკა’’ დამაკმაყოფილებელია, ტროტუარებზე დაგებული ბაზალტის ფილები არადამაკმაყოფილებელია, საჭიროებს შეკეთებას ან მთლიანად შეცვლას, 9-------–ის ქ. N---ის მომიჯნავედ მდებარე სახლის გადახურვითი სამუშაოები ნორმალურია, წყალმიმღები ძაბრი გალვანიზირებული თუნუქის წყალსაწრეტი მილების დაყენება, ორი კარების დაყენება, ოთხი ხის ფანჯრის ჩასმა, ლითონის კიბის შეცვლა ახალით, აივანზე ხის დეკორატიული მოაჯირის მოწყობა, ლითონის მოაჯირის მოწყობა კიბეებზე დამაკმაყოფილებელია. უხარისხოდა არის შესრულებული სახლის ფასადის შებათქაშება-შეღებვა, აღნიშნული სამუშაოები შესრულდა სახლის ფასადის მხოლოდ 1/3-ზე, მობინადრეებმა უარი თქვეს დანარჩენი ფასადის შებათქაშებაზე, უხარისხოდ შესრულების გამო. ითხოვა 2015 წლის 20 აგვისტომდე არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.

 

3.1.15. დადგენილია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დ--–----’’ შორის 2015 წლის 20 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება.

 

3.1.16. დადგენილია, რომ 2015 წლის 4 სექტემბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტმა მიმართა შპს ,,დ--–---’’ და აცნობა, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,დ--–--’’ ერიცხება ჯარიმა .

 

3.1.17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ქ. ბ---------ში, 9-------–ის ქუჩის N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავის და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და რაოდენობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N2–ში მოცემული სამუშაოების მოცულობებსა და რაოდენობებს, რა დროსაც ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 49290.0 ლარს, ნაცვლად წარდგენილ ფორმა N2–ში მოცემული 67139.4 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 17849,4 ლარს.

 

ქ. ბ---------ში, 9-------–ის ქუჩის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და რაოდენობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N2–ში მოცემული სამუშაოების მოცულობებსა და რაოდენობებს, რა დროსაც ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 151730.7 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ ფორმა N2–ში მოცემული 158285.9 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 6555.2 ლარს.

 

3.1.18. დადგენილია, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში, 9-------–ის ქუჩის და 9-------–ის ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები, შესრულებულია ნაწილობრივ. შესრულებული სამუშაოების ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად შეადგენს 201020.70 ლარს. ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების და გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო შპს ,,დ--–---’’ დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% - 9122.1 ლარი. ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის და არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო შპს ,,დ--–----’’ დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5% - 11699.95 ლარი.

 

3.1.19. ბ---------ის მუნიციპალიტეტმა შპს „დ--–----“ დაკისრებული პირგასმტეხლო დაუკავა შესრულებული სამუშაოდან და არ ჩაურიცხა 20822.05 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 20 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;

- 12.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული

ბიუროს საინჟინრო დასკვნა;

- შპს ,,დ--–----’’ დირექტორის 16.06.2015წ. მიმართვა;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 24.06.2015წ. მიმართვა N02/1907;

- ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მიმართვა;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 31.07.2015წ. N02/2630 მიმართვა.

- შპს ,,დ--–----’’ 07.08.2015წ. მიმართვა;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 12.08.2015წ. N02/2786 მიმართვა;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 27.08.2015წ. N0---- ბრძანება;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 04.09.2015წ. N02/3167 მიმართვა;

- 18.12.2015წ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 05.06.2015წ. N02/1556 მიმართვა;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 15.06.2015წ. N02/1727 მიმართვა;

- მოხსენებითი ბარათები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დადგენილია, რომ შპს ,,დ--–----’’ 2015 წლის 20 აპრილის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,დ--–----’’ გადააცილა 37 დღით.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,დ--–----’’ 2015 წლის 20 აპრილის N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2015 წლის 20 ივლისს. დადგენილია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დ--–----’’ შორის 2015 წლის 20 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება. ამდენად, მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 27 აგვისტოს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 2015 წლის 20 ივლისიდან, ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2015 წლის 27 აგვისტომდე არის 37 და არა 39 დღე.

 

3.2.2. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დ--–----’’ შორის 2015 წლის 20 აპრილის N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულება ვერ შეძლო მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა აღებული ვალდებულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილება, კერძოდ მოსახლეობის პროტესტის, პარკის შესასვლელის არ გადაკეტვის და ნალექიანი ამინდების გამო, რაც აცნობეს კიდეც მუნიციპალიტეტს, თუმცა შემსყიდველმა არ გაითვალისწინა მითითებული გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით სამუშაოების შესრულების ვადა გამსახურდიას და 9-------–ის ქუჩაზე განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღით ანუ ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო 2015 წლის 20 ივლისის ჩათვლით, რაც არ შესრულებულა. მოსარჩელე თავადვე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 7 აგვისტოს მიმართა მიმწოდებელს წერილით და აცნობა, რომ ობიექტური მიზეზების გამო, ხელშეკრულებას ვერ ასრულებდნენ, თუმცა ამ დროისათვის ხელშეკრულების შესრულების ვადა უკვე დარღვეული იყო. ამდენად, იმის მტკიცება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შპს ,,დ--–----’’ დროულად ვერ შეასრულა ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრალეულობით, რომ არა მუნიციპალიტეტის ბრალეულობა დროულად შეასრულებდა სამუშაოებს და არ დადგებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, დაუსაბუთებელია.

 

ამასთან, სასამართლო ვრ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ ბ---------ის პარკის შესასვლელში გზის დაგება მიმდინარეობდა შენელებული ტემპით, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა გზის გადაკეტვა. დადასტურებულია, რომ სამუშაოების დაწყებისთანავე ქუჩაზე ავტომანქანების შესვლას აკონტროლებდა დაცვის პოლიცია. ქუჩაზე შესვლა ნებადართული იყო მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და აუცილებელი - გადაუდებელი (სახანძრო, სასწრაფო) ავტომანქანებისათვის.

 

ამდენად, მხარეთა შორის 2015 წლის 20 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა მიმწოდებლის შპს ,,დ--–----’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულების გამო. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 17.5. პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5% - 11699.95 ლარის ოდენობით.

 

3.2.3. შპს ,,დ--–----“-მა 2015 წლის 20 აპრილის N--- ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა კარები და ხის მოაჯირი, ხარჯმა შეადგინა - 1883.5 ლარი, რაც ბ---------ის მუნიციპალიტეტს არ აუნაზღაურებია. აღნიშნული ნივთები ჩაბარებული აქვთ ქ. ბ---------ში, 9-------–ის ქ. N---–- მცხოვრებ ა-–---------ე მ-----–-–---–ს და ე----- ჯ-----–---–ს.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,დ--–----’’ ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა ხის კარები და მოაჯირი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კარების და ხის მოაჯირის მონტაჟი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო ვერ მოხდა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კარებისა და ხის მოაჯირის ღირებულება ჯამში შეადგენს 1460.7 ლარს. ამას დამატებული ზედნადების ხარჯი - 116.8 ლარი და დღგ - 301 ლარი. ჯამში სულ - 1883.5 ლარი. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კარებისა და ხის მოაჯირის თანხა მერიას არ ჩაურიცხია შპს „დ--–----“-ისათვის. შემსყიდველმა არ მიღო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო, ვიანიდან მიმწოდებელმა არ მოხდინა მათი მონტაჟი, არ გაუფორმა მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისად ანაზღაურებას არ დაექვემდებარა გაწეული სამუშაო. დადგენილია, რომ მითითებული კარები და ხის მოაჯირები ჩაბარებული აქვთ ქ. ბ---------ში, 9-------–ის ქ. N42-ის მაცხოვრებლებს. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მიმწოდებლმა ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა კარები და მოაჯირი, რომლის ღირებულება შეადგენს 1883.5 ლარს. შესაბამისად შემსყიდველს - ბ---------ის მუნიციპალიტეტს, მიმწოდებლის - შპს ,,დ--–----’’ სასარგებლოდ გადასახდელად დარჩენილი აქვს კარების და მოაჯირის შეძენის ღირებულება. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითთებულ მოგების თანხას - 94.6 ლარს, სასამართლო განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯები და არა მისაღები მოგება, შესაბამისად საასმართლოს მოსაზრებით 94,6 ლარი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 20 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;

- 12.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული

ბიუროს საინჟინრო დასკვნა;

- შპს ,,დ--–----’’ დირექტორის 16.06.2015წ. მიმართვა;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 24.06.2015წ. მიმართვა N02/1907;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 31.07.2015წ. N02/2630 მიმართვა.

- შპს ,,დ--–----’’ 07.08.2015წ. მიმართვა;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 12.08.2015წ. N02/2786 მიმართვა;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 27.08.2015წ. N0---- ბრძანება;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 04.09.2015წ. N02/3167 მიმართვა;

- 18.12.2015წ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 05.06.2015წ. N02/1556 მიმართვა;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 15.06.2015წ. N02/1727 მიმართვა;

- მოხსენებითი ბარათები;

- შპს „დ--–----“-ის მიერ შედგენილი აქტები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე, 636-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 20 აპრილს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დ--–----’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში, 9-------–ის ქუჩის სავალი ნაწილის და 9-------–ის ქუჩის N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 233999 ლარით. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღით, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ანუ 2015 წლის 20 ივლისის ჩათვლით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

დადგენილია, რომ მენარდემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ამასთან მენარდის მიერ შერულებული სამუშაოს ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი. კერძოდ, უხარისხოდ იყო შესრულებული 9-------–ის ქ. N---ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე შენობის ფასადის შებათქაშება-შეღებვის სამუშაოები, აღნიშნული სამუშაოები შესრულდა სახლის ფასადის მხოლოდ 1/3-ზე, ვინაიდან მობინადრეებმა უარი თქვეს დანარჩენი ფასადის შებათქაშებაზე, უხარისხოდ შესრულების გამო; ასევე, ამავე შენობის სახურავის უხარისხოდ გადახურვის გამო შენობაში ჩავიდა წვიმის წყალი, რამაც დააზარალა მე-2 სართულზე მაცხოვრებელთა ბინები. მენარდის მიერ ასევე უხარისხოდ დაიგო ტროტუარებზე ბაზალტის ფილები, რაც საჭიროებს შეკეთებას ან მთლიანად შეცვლას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისიწნებით შემკვეთმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

 

სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მენარდეს ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წელის 15 დეკემბერის Nას-697-663-2015წ განჩინებაში განმარტა, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებლი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მენარდემ შპს ,,დ--–----’’-მ 2015 წლის 20 აპრილის N---4 ხელშეკრულების ფარგელბში შეიძნა კარები და მოაჯირი, რის შეძენაზეც გასწია ხარჯი 1883.5 ლარი, რომლის ღირებულება შემკვეთს მენარდისთვის არ აუნაზღაურებია. სასამართლოს მოსაზრებით, მენარდის მიერ კარების და მოაჯირის შეძენისთვის გაწეული ხარჯი, შეიძლება მოექცეს სსკ-ის 636-ე მუხლის ფარგლებში და შემკვეთს - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მენარდის სასარგებლოდ გაწეული ხარჯის - 1883,5 ლარის ანაზრაურება. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას აღნიშნული ნივთების შეძენისთვის მოგების - 94.6 ლარის დაკისრებას, სასამართლო განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯები და არა მისაღები მოგება, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ 94,6 ლარი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში, მხარეთა შორის 20.04.2015წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა არის 37 დღე. შესაბამისად პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (37 დღე X 233.9 ლ.) შეადგენს 8654.3 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადაში 2015 10 ივნისიდან 2015 წლის 25 ივნისის ჩათვლით ხელშეკრულების შესრულების ადგილზე - ქ. ბ---------ში აღინიშნა ნალექი. ნალექიან დღეთა რაოდენობა იყო 10 დღე. შესაბამისად, ვინაიდან მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სფეციფიკიდან გამომდინარე ნალექიან დღეებში შეუძლებელი იყო სამშაოების შესრულება, სასამართლო თვლის, რომ ნალექიან დღეთა რაოდენობა უნდა გამოაკლდეს ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდნეობას და მიმწოდებელს შპს ,,დ--–----'' უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 27 დღით ვადაგადაცილებისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაკისრებული და დაკავებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 20 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო 0,1% უნდა შემცირდეს 0.05%-მდე და ვადაგადაცილებულ დღეთა (27 დღე) გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს - 3158.98 ლარით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ დაკავებული 5963.12 (8654.3-3158,98) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

მხარეთა შეთანხმებით, 20.04.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში განისაზღვრა მიმწოდებლის პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% ოდენობით.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 7 აგვისტოს, როდესაც შპს ,,დ--–----’’ წერილობით მიმართა შემსყიდველს და აცნობა, რომ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახდენს სამუშაოების დროულად შესრულებას, ამ დროისათვის ხელშეკრულების შესრულების ვადა უკვე დარღვეული იყო, ვალდებულება კი უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა დაირღვა შპს ,,დ--–---’’ დამოუკიდებელი მიზეზების გამო უსაფუძვლოა. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 20 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა მიმწოდებლის შპს ,,დ--–----’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულების გამო. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 17.5. პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5% - 11699.95 ლარი, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.“

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 700 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 235.39 (1883.5+5963.12=7846.62*3%) ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა დარჩეს 448.60 ლარი სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაზეც მოსარჩელეს ეთქვა უარი. ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 16 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,დ--–----’-ის’ სარჩელი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,დ--–----’’ სასარგებლოდ დაეკისროს კარებსა და ხის მოაჯირის შეძენაზე გაწეული ხარჯის - 1883.5 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „დ--–----“-ის სასარგებოდ დაეკისროს 2015 წლის 20 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზედმეტად დაკავებული პირგასამტეხლოს 5963.12 ლარის გადახდა.

 

1.3. მოსარჩელე შპს ,,დ--–---’’-ს უარი ეთქვას 2015 წლის 20 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დაკავებული პირგასამტეხლოს დაბრუნებაზე.

 

2. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,დ--–----’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 235.39 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე შპს ,,დ--–----’’ დაუბრუნდეს მის მიერ 17.02.2017წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 700 ლარიდან ზედმეტად გადახდილი -16 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი