განაჩენი

სისხლის სამართლის 04.05.2018
საქმის ნომერი
080100117002203103
დავის ტიპი
276 2
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქმე №1/923-17 04.05.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ქ------------–------

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატები - ც-–------------–---–-, ირ---–-----------

 

ბრალდებული ვ----------–------------------------

დაბადების თარიღი: 16.10.1--- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

მცხოვრები: ქ-------------------------–---–------------

 

სისხლის სამართლის საქმე №076270717002

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ვ--------------------- ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

2017 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 19:40 საათზე, ზ----------–-----------–---–-----------, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ--------------------- „ფოლკსვაგენ - გოლფის“ მოდელის სახელმწიფო ნომრით BB – 170 – DD ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 („სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს“.) მუხლის მოთხოვნები, გადავიდა სავალი ზოლის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, გადავარდა ხეობაში და დაეცა ზესტაფონი - ჭიათურის სარკინიგზო ხაზის პირველ კმ - ზე მდებარე ლიანდაგს. შედეგად ვ--------------------- მგზავრმა - გ----------------–---- მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2017 წლის 14 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ვ--------------------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ვ--------------------- თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ვ--------------------- მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ----------------–---- დაკითხვის ოქმები, მოწმე ც-–-------–------- დაკითხვის ოქმი, თვით ვ--------------------- დაკითხვის ოქმები, შეტყობინებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოსურათები, სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N004649117 დასკვნა, ქიმიური - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზების N004520417 დასკვნა, კომპლექსური ავტოტექნიკურ - ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის N604/ა - N99/ა დასკვნა.

სამართლებრივი შეფასება:

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესების დარღვევა შედეგიან დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. მისი საშიშროების მაღალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანი ადგება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა. ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლოატაციის წესი მოწესრიგებულია საგზაო მოძრაობის წესებით, საავტომობილო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლოატაციის წესებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის, აუცილებელია დადგენილი იქნეს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, რის გამოც, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ბრალდებულ ვ--------------------- მსჯავრი უნდა დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით, კერძოდ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ამასთან სსსკ-ის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, ობიექტურად გააანალიზა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ვ--------------------- მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ვ--------------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ვ--------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ მან პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული;

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ ვ--------------------- უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით 2 (ორი) წლის ვადით. მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ვ--------------------- მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ვ--------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი - ქონების ჩამორთმევა (სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - დენის წყარო (ე.წ. აკუმულატორი ორი ცალი), რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაში). საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული განაჩენის მოხდის ათვლა ვ--------------------- დაეწყო 2017 წლის 14 ნოემბრიდან (იხ. N2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წერილი). ასევე დადგენილია, რომ ვ--------------------- მიმართ დაკისრებული ჯარიმა - 500 ლარი გადახდილია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ცნობებით აღსრულების ეროვნული ბიუროდან. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა (მისი მოუხდელი ნაწილი) უნდა შთანთქოს უფრო მკაცრმა სასჯელმა და ბრალდებულ ვ--------------------- საბოლოო სასჯელად დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ვ--------------------- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, შთანთქოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი (მოუხდელი ნაწილი) და ვ--------------------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ--------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი განაჩენით (ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით) დანიშნული სასჯელის მოხდის დაწყების მომენტიდან - 2017 წლის 14 ნოემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- 01 ცალი СD-R დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე