გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
030210017002124847
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210017002124847

N 2/1035

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ივნისი 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე შპს „ქ------------------------“

წარმომადგენელი ე----------------–---–ი,მოპასუხე ვ---------------ე,დავის საგანი თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ვ---------------ეს დაეკისროს შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ 1744,93 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1200 ლარი, სარგებელი -64,93 ლარი და პირგასამტეხლო - 480 ლარი.

 

1.2.მოპასუხე ვ---------------ეს დაეკისროს შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარისა და სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

შპს „ქ------------------------სა“ და ვ---------------ეს შორის 2017 წლის 24 თებერვალს გაფორმდა N-AEKUEUMA ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ვ---------------ეზე გაიცა სესხი - 1200 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, პროცენტი 30 დღეზე განისაზღვრა 5,85%-ით. ყოველდღიური (პირგასამტეხლო) – 0,4% ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე. მოაპასუხემ არ შეასრულა აღებული სესხის დაფარვის ვალდებულება და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1744,93 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1200 ლარი, სარგებელი - 64,93 ლარი და პირგასამტეხლო - 480 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: ძირი თანხის 1200 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შპს „ქ------------------------სა“ და ვ---------------ეს შორის, 2017 წლის 24 თებერვალს გაფორმდა N-AEKUEUMA ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა სესხი 1200 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება; სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ხელშეკრულების შესაბამისად, პროცენტი 30 დღეზე განისაზღვრა 5,85%-ის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,4%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1744,93 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1200 ლარი, სარგებელი - 64,93 ლარი და პირგასამტეხლო - 480 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა ახსნა-განმარტებები; ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხისათვის დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

შპს „ქ------------------------ს“ სარჩელი, ვ---------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მოპასუხე ვ---------------ეს უნდა დაეკისროს შპს „ქ--------------------------“ სასარგებლოდ 1264,93 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 1200 ლარი, სარგებელი 64,93 ლარი) გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 24 თებერვლის N AEKUEUMA ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა სესხი 1200 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.

 

ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: ძირი თანხის - 1200 ლარის დაკისრების ნაწილში, შპს „ქ------------------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ უარყოფენ, რომ ვ---------------ემ მოსარჩელისგან სესხის სახით მიიღო 1200 ლარი, 30 დღის ვადით, სესხის გაცემის სარგებელი 30 დღეზე შეადგენდა 5,85%-ს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვ---------------ე მოსარჩელის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს და ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე სარგებლის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლოს სახით, ფულადი თანხის გადახდა. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. იმისთვის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი კონკრეტული ვალდებულობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, მხარეს მოეთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, აუცილებელია, ეს პირდაპირ იყოს გათვალისწინებული შეთანხმებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმება, პირგასამტეხლოს თაობაზე, მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული მუხლი იმპერატიულად, ცალსახად და პირდაპირ ადგენს პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა შეთანხმების წერილობითი ფორმით გაფორმების ვალდებულებას. ამდენად იმისთვის, რომ მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე ჩაითვალოს ნამდვილად, საჭიროა ეს შეთანხმება დაიდოს წერილობითი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტები, კანონის ფარგლებში, თავისუფლად დებენ ხელშეკრულებებს და განსაზღვრავენ ამ ხელშეკრულებათა შინაარსს. მათ შეუძლიათ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელიც თუმცა პირდაპირ გათვალისწინებული არ არის კანონით, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

მიუხედავად თავისუფალი სახელშეკრულებო ურთიერთობებისა, მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ითვალისწინებს იმპერატიულ ნორმებს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ხელშეკრულების დადებისა თუ მისი შინაარსის განსაზღვრისას. ხელშეკრულების დადებისას, კანონის ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ეხება გარიგების ფორმას. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი, მარტივი წერილობითი ან რთული წერილობითი ფორმით. ფორმის თაობაზე თანხმდებიან მხარეები. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ნამდვილობისთვის კანონით პირდაპირაა დადგენილი შესაბამისი ფორმა.

 

კანონით განსაზღვრული ფორმის დაწესებას, სხვადასხვა საფუძველი აქვს. ამ მხრივ, საყურადღებოა, ა) გაფრთხილების ფუნქცია - ნების გამომვლენი დაცული უნდა იქნეს გარიგების დადებაზე ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღებისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისაგან; ბ) სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. ფორმის დაცვის (მაგ. წერილობითი ფორმის) დაცვის შედეგად, ცხადი ხდება რა სახით და რა შინაარსით დაიდო ხელშეკრულება; გ) იდენტიფიცირებისა და ნამდვილობის ფუნქცია, ფორმის დაცვის შედეგად, შესაძლებელია დოკუმენტის შემდგენის იდენტიფიცირება. ასევე, ნების გამოვლენის მიმღებს, შეუძლია იმის იდენტიფიცირება, თუ ვის მიერაა გამოვლენილი ნება და რომ ნების გამოვლენა ნამდვილია. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელმოწერების შედეგად, იმის გარკვევა და ვარაუდის დაშვება, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერ პირს გააზრებული აქვს ხელშეკრულების შინაარსი და ეთანხმება მას; დ) ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევის ფუნქცია. წერილობით ფორმას (განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხებში), აქვს დატვირთვა, მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის საფუძველზე, თუ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის კანონით დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია მხარეთა ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია მარტივი წერილობით ფორმა, რომელიც არ მოითხოვს დამატებით სანოტარო წესით დამოწმებას. წერილობითი ფორმის შემთხვევაში ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია გარიგების წარმოშობისკენ, გამოვლენილი უნდა იყოს ანბანური-ასო ნიშნებით. აღნიშნული მუხლის ანალიზი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ წერილობითი ფორმის დაცვა გულისხმობს დოკუმენტის შედგენას, რომელზეც დასმული იქნება მხარეთა ხელმოწერები. ამ ფორმით დაცულია კანონნმდებლის მიზნები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც დაადგინა კანონით გათვალისწინებული ფორმის სავალდებულოობა.

 

დოკუმენტის შედგენა შეუძლიათ მხარეებს, ასევე მესამე პირებს, როგორც ხელნაწერი, ასევე ნაბეჭდი სახით. აუცილებელია ამ დოკუმენტზე მხარეთა მიერ საკუთარი ხელმოწერების დასმა. ხელმოწერას რამდენიმე დატვირთვა აქვს 1) მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ შინაარს და ასრულებენ საკუთარი ნების გამოვლენას; 2) ხელმოწერით ვლინდება ხელისმომწერის ვინაობა და დოკუმეტი დაცულია სხვა პირთა მიერ გაყალბებისგან. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ წერილობითი ფორმა გულისხმობს დოკუმენტის არსებობას, რომელზეც დასმულია მხარეთა ხელმოწერები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მართვის ელექტრონული საშუალებით ტექსტური ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან პირგასამტეხლოს თაობაზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ არის დადასტურებული მხარეთა ხელმოწერით. ამდენად, განსახილველი შეთანხმება ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდქსის 418-ე მუხლით პირგასამტეხელოზე შეთანხმებისთვის დადგენილი წერილობითი ფორმის მოთხოვნას. ამ შემთხვევაში, აზრი ეკარგება საქართველოს 68-ე მუხლის მიზნებს. კერძოდ: დადებული ხელშეკრულებით მიუღწეველია ის მიზნები, რომელთა მისაღწევადაც კანონმდებელმა დაადგინა წერილობითი ფორმა. დარღვეულია დადებული ხელშეკრულების სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. სადავოა და მხარეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარმოდგენილი ხელშეკრულების ავთენტურობას. ასევე ხელშეკრულება ვერ ადასტურებს მხარეთა იდენტურობას. რაც გულისხმობს იმას, რომ დაუდგენელია ეჭვი, პირგასამტეხლოს თაობაზე თანხმობის გამომხატველი პირი არის თუ არა მოპასუხე ვ---------------ე და ნამდვილად ის გაეცნო თუ არა პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა დაუზუსტებელი რჩება გარემოება პირგასამტეხლოს შესახებ მხარეთა შეთანხმების თაობაზე, გაურკვეველია რამდენად იყო ინფორმირებული მოპასუხე საკუთარ ვალდებულებაზე, გადაეხადა პირგასამტეხლო. მით უმეტეს შეუძლებელია მსჯელობა აღნიშნული ფორმით დადებული გარიგების გამაფრთხილებელ ეფექტზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები პირგსამტეხლოს თაობაზე არ შეთანხმებულან, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ფორმის დაცვით. ამდენად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე უნდა ჩაითვალოს ბათილად.

 

ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასმტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მოპასუხე ვ---------------ეს შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 1,86 ლარის გადახდა.

 

შპს „ქ------------------------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 34,39 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 04.10.2017 წელი, საგადასახადო დავალება NB-2), ხოლო 13,75 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

მოპასუხე ვ---------------ეს მოსარჩელე შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 69,80 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე 257-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ქ------------------------ს“ სარჩელი, ვ---------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.მოპასუხე ვ---------------ეს შპს „ქ--------------------------“ სასარგებლოდ დაეკისროს 1264,93 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 1200 ლარი, სარგებელი 64,93 ლარი) გადახდა.

 

3. მოპასუხე ვ---------------ეს მოსარჩელე შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 69,80 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე ვ---------------ეს შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 1,86 ლარის გადახდა.

 

5. შპს „ქ------------------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 34,39 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 04.10.2017 წელი, საგადასახადო დავალება NB-2), ხოლო 13,75 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე