განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100117002223536
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/275-17 12 ივნისი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031031117001)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მადონა ურუშაძე, ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: არჩილ ცაგურია
ბრალდებული: ტ------- მ------ი
მამის სახელი: ნასრადინ
დაბადებული: 1----–-–---------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლეობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, შ. რუსთაველის ქუჩა N3, ბინა N25
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები;
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ტ------- მ------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, ტ------- მ------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. მიუხედავად იმისა, რომ ტ------- მ------ი ნასამართლევი იყო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, მან კვლავ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2017 წლის 03 ნოემბერს, დღის საათებში, რუსთაველის ქუჩაზე, საავტომობილო ხიდის ქვეშ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ პირადად, მის ხელთ არსებულ პოლიეთილენის პარკში მოთავსებულ ქურთუკზე დამაგრებულ ბეწვში, ჩაკერებულ მდგომარეობაში, ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს’’ საერთო წონით 0,41704 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 03 ნოემბერს ჩატარებული, ტ------- მ------ის პირადი ჩხრეკის დროს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა გიორგი დევდარიანი. მან განმარტა, რომ მუშაობს შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 3 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მარნეულში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდებოდეს ტ------- მ------ი, რომელსაც თან აქვს ნარკოტიკული საშუალება. გიორგი დევდარიანმა დაადასტურა, რომ ინფორმაცია მიიღო დილის საათებში, ასევე განმარტა, რომ ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.
შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ბეთქილ გერლიანის ჩვენებით ირკვევა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეწერა გიორგი დევდარიანის პატაკი, დაიწყო გამოძიება და დაკითხა პატაკის ავტორი. გიორგი დევდარიანის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ მისამართზე, მარნეულში ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეაჩერეს ტ------- მ------ი, მას ხელში ჰქონდა პარკი, სადაც მოთავსებული იყო ბავშვის ქურთუკი, ქურთუკს ჰქონდა ქუდი, ბეწვით გარშემორტყმული, სადაც მოთავსებული იყო ოთხ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშულება. ნარკოტიკული ნივთიერება ჩაკერებული იყო ქურთუკის ქუდში, ბეწვის ზოლში. მოწმის განმარტებით პარკი იყო თეთრი ფერის, ხოლო ქურთუკი მოყვითალო. ბეთქილ გერლიანმა განმარტა, რომ ჩხრეკისას ტ------- მ------ს არაფერი არ განუცხადებია. დაადასტურა, რომ ჩხრეკის შემდეგ მოხდა ტ------ხ მ------ის დაკავება.
შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებლის რაშად ველიევის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძვეზე ბეთქილ გერლიანთან ერთად გავიდა მარნეულში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხიდის ქვეშ მოძრაობდა ტ------- მ------ი, რომელიც შეჩერებულ იქნა მათ მიერ. ჩხრეკისას მის ხელთ არსებული პოლიეთელინის პარკიდან ამოღებულ იქნა ქურთუკი, ხოლო ქურთუკის ქუდიდან ნარკოტიკული საშულება. მოწმემ განმარტა, რომ ქურთუკის ამოღებისას ნარკოტიკული საშულება არ ჩანდა, რადგან ქუდის გარშემო არსებულ ბეწვის ზოლში იყო მოთავსებული, ჩაკერებული, რომელიც გახსნეს და ამოიღეს.
ბეთქილ გერლიანის და რაშად ველიევის ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ დავით ბოჭოიძის ჩვენებასთან. მან დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე გავიდნენ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიული ინფორმაცია მიიღო გიორგი დევდარიანმა. დავით ბოჭოიძემ განმარტა, რომ ტ------ხ მ------ი შეჩერებულ იქნა მარნეულში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიდის ქვეშ, განემარტა შეჩერების საფუძველი, ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება, ბრალდებული კი დააკავეს და გადაიყვანეს მარნეულის რაიონულ სამმართველოში.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა რაუფ ელჩიევი, განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის ავტოსადგომში, საგზურებს უწერს ავტობუსებს. 2017 წლის 3 ნოემბერს დილით მივიდა სამსახურში, სადაც დახვდა ტ------- მ------ი. ტ------- მ------მა განუმარტა, რომ ბავშვის ქურთუკი იყო გამოგზავნილი და მის წასაღებად იყო მისული. მოწმემ განმარტა, რომ მან გადაურეკა ავტობუსის მძღოლს გაბილ მამედალიევს(სახელი მძღოლის იცოდა ტ------- მ------მა), რომელმაც განუმარტა, რომ დაახლოებით ორ საათში მივიდოდა. ტ------- მ------მა მას განუცხადა, რომ წავიდოდა ბაზარში და შემდეგ დაბრუნდებოდა გზავნილის წასაღებად. ტ------- მ------ი დაბრუნდა დაახლოებით ორ საათში. ავტოსადგომში მძღოლიც მისული იყო. მძღოლმა მას უთხრა, რომ ტ------- მ------ის გზავნილი დატოვებული იყო ჩაიხანაში. რაუფ ელჩიევის განმარტებით ჩაიხანაში მივიდა ტ------- მ------თან ერთად აიღო გზავნილი, გადასცა ტ------- მ------ს, რომელმაც მძღოლისათვის გადასაცემი 5 ლარი დაუტოვა.
სასამართლოში დაიკითხა გაბილ მამედალიევი, ავტობუსის მძღოლი. მან განმარტა, რომ ბაქოში ავტოსადგურზე მასთან მივიდა პიროვნება სახელად ალეკო, რომელმაც გადასცა ცელოფანი, უთხრა, რომ იყო ბავშვის ტანისამოსი, ასევე განუმარტა, რომ ცელოფანს აიღებდა მისი მამა, მას კი გადასცემდა 5 ლარს. გაბილ მამედალიევმა განმარტა, რომ მარნეულში ჩამოვიდა დილის 04:00 საათზე, მას არავინ დახვედრია. მან ცელოფანი, რომელიც იყო თეთრი დატოვა ჩაიხანაში, თავად კი წავიდა. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ცელოფანი წაუღიათ, ხოლო მისთვის 5 ლარი დაუტოვებიათ. მოწმემ დაადასტურა, რომ თავად ბრალდებულს არ შეხვედრია, ცელოფანი კი იყო თეთრი.
2017 წლის 03 ნოემბერს პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონკრეტული ადგილი მდებარეობს ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო ხიდის ქვეშ (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია). ტ------- მ------ს პირადი ჩხრეკისას ხელში ეჭირა თეთრი ფერის პოლიეთილენის ცელოფანი, რომელშიც მოთავსებულია მოყვითალო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის ქუდის ბეწვში ნანახი და ამოღებული იქნა თეთრი ფერის ცელოფნის მონახევებში 4 წონაკად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ასევე ამოღებული იქნა პოლიეთილენის ცელოფანი და მასში არსებული მოყვითალო ფერის კაპიშონიანი ქურთუკი ბეწვთან ერთად. ამოღებული 4 წონაკად პოლიეთილენის თეთრი ფერის ცელოფნის მონახევებში დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება მოთავსდა პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა 30/9 ლუქით. ამოღებული პოლიეთილენის ცელოფანი მასში არსებული კაპიშონიანი ქურთუკით და ბეწვით მოთავსდა პოლიეთილენის ცელოფანში და დაილუქა 30/9 ლუქით. ლუქებზე დაისვა თარიღი, სს საქმის ნომერი და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.
2017 წლის 03 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის N1829/სქ-N2142/ქრ დასკვნის თანახმად ექპერტიზაზე წარმოდგენილი -იასამნისფერი ძაფებით თავმოკრული (რომელთაგან ერთ-ერთი თერმულადაა დამუშავებული) მოთეთრო ფერის პოლიეთილენის 4 ცალ ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები, საერთო წონით (მშრალ მდგომარეობაში)- 0,7879 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება- ჰეროინს 0,41704 გრამის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავარი ექსპერტი ნანა ლომსაძე. მან განმარტა, რომ ნივთმტკიცება მას გადაეცა ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში. პაკეტის გასხნისას მასში აღმოჩნდა 4(ოთხ) ცალად დაფასოებული, იასამნისფერი ძაფებით თავმოკრული მოყავისფრო ნოტიო ნივთიერება. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
2017 წლის 03 ნოემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7011943 დასკვნის თანახმად ტ------- მ------ს ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დადგინდა. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა თამუნა კიკალიამ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ვასილ ქველაძემ განმარტა, რომ ფლობდა ოპერატიულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ ტ------- მ------ს შესაძლებელის საცხოვრებელ სახლში ჰქონოდა ნარკოტიკული საშაულება. ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნულის თაობაზე გამოკითხულ იქნა მამუკა მატიაშვილის მიერ.
2017 წლის 3 ნოემბრის ტ------- მ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩა N3-ში, ბინა N25-ში ჩატარდა ტ------- მ------ის სახლის ჩხრეკა. ჩხრეკა ჩაატარა და ოქმი შეადგინა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მამუკა მატიაშვილმა. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი მამუკა მატიაშვილი, მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ტ------- მ------ის სახლის ჩხრეკის კანონიერება. ასევე განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედების შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოუჩენიათ.
ბრალდებულის შვილიშვილმა მ------ მ------ამ სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის ტ------- მ------ის წინააღმდეგ.
ბრალდებულმა ტ------- მ------მა სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ მას ჰყავს შვილი აიდინ მ------ი, რომელიც წასულია და ცხოვრობს აზერბაიჯანში, მისი შვილიშვილები ელინა და მ------ მ------ები კი იზრდებიან და ცხოვრობენ მასთან. 2017 წლის 2 ნოემბერს დაურეკა მას შვილმა ბაქოდან და უთხრა, რომ ბავშვებისათვის აგზავნიდა ტანისამოსს ავტობუსით, ჩააწერინა მძღოლის მონაცემები და უთხრა დილით 08:00 საათისათვის დახვედროდა. მეორე დღეს დილით 08:00 საათზე დაურეკა მძღოლს, რომელმაც უთხრა, რომ ნახევარ საათში იქნებოდა ავტოსადგურში. მივიდა ავტოსადგურში, თუმცა მძღოლი არ დახვდა, ავტობუსების გამცილებლისაგან კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ მძღოლი სახლში იყო, ეძინა და დაახლოებით ერთ საათში მივიდოდა. ტ------- მ------მა განმარტა, რომ ავტოსადგურში დაბრუნდა დაახლოებით თორმეტის წუთებზე. მივიდა გამცილებელთან, მან კი უთხრა, რომ მძღოლმა მას გადასცა ამანათი და წაყოლოდა. ტ------- მ------მა განმარტა, რომ მას ამანათი გადასცა ავტობუსების გამცილებელმა. დაახლოებით 20 წამიც არ იქნებოდა გასული, რუსთაველის ქუჩაზე შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და უთხრეს, რომ ტანსაცმელი უნდა შეემოწმებინათ. თავად ავტომანქანაში ჩასვეს, პოლიციის თანამშრომლებმა კი დაიწყეს ამანათის შემოწმება. თავდაპირველად პარკში აღმოჩნდა ტანსაცმელი, შემდეგ შეამოწმეს ქურთუკის საყელო, დანით გაჭრეს, საიდანაც ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შემდეგ კი წამოიყვანეს მარნეულის რაიონულ სამმართველოში. ბრალდებულმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე შეკრებილი იყო ბევრი ხალხი, თუმცა პოლიციას მოწმე არ აუყვანია. ასევე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ტანისამოსში ნარკოტიკის არსებობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაასახელებდა თავისი შვილის სახელს და იტყოდა, რომ სხვამ გამოუგზავნა.
სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები მათი ურთიერთშესაბამისობა და დადგენილად მიიჩნევს, რომ ტ------- მ------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ქურთუკში ნარკოტიკული საშუალების არსებობას არც თავად ბრალდებული ხდის სადაოდ და მან ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ქურთუკის კაპიშონის ბეწვი გაჭრეს, საიდანაც ამოიღეს წამალი. ბრალდებული აცხადებს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ნარკოტიკული საშუალების ქურთუკში არსებობის შესახებ. აღნიშნულის გამოსარიცხად სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: ბრალდებულისვე განმარტებით მას დაურეკა შვილმა ბაქოდან და უთხრა, რომ აგზავნიდა ტანისამოსს ბავშვებისათვის, ასევე დადგენილია, რომ ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა ბავშვის ქურთუკის კაპიშონში ჩაკერებული სახით. ქურთუკი ხვდებოდა ბაბუასათან და შემდეგ შვილიშვილთან. შესაბამისად ამ ორი პიროვნებიდან ერთ-ერთისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ქურთუკში ნარკოტიკის არსებობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნარკოტიკის ამ სახით გამოგზავნა აზრს მოკლებულია. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მიდის ქურთუკის წამოსაღებად, ბაქოდან შვილი სწორედ მას უკავშირდება და სთხოვს დახვდეს ამანათს სასამართლო დადასტურებუად მიიჩნევს, რომ ტ------- მ------ისათვის ცნობილი იყო ნარკოტიკის ქურთუკში არსებობის ფაქტი.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 0.2-დან 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად. 2017 წლის 03 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის N1829/სქ-N2142/ქრ დასკვნის თანახმად კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერებები, საერთო წონით (მშრალ მდგომარეობაში)- 0,7879 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება- ჰეროინს 0,41704 გრამის ოდენობით. შესაბამისად ტ------- მ------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ნარკოტიკული საშულების დიდი ოდენობით შეძენა შენახვისათვის.
2.1. ქმედების ჩადენა არაერთგზის;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ტ------- მ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა კანონით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი) წელი.
დადგენილია, რომ ზემოთ აღნიშნულ განაჩენზე ტ------- მ------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირევლი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
შესაბამისად დგინდება, რომ ტ------- მ------ი ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენამდე იყო ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისათვის.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ------- მ------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ტ------- მ------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომელიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ტ------- მ------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა და შენახვა არაერთგზის.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ტ------- მ------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ ტ------- მ------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინუმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ტ------- მ------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, მასვე ავამე კანონის შესაბამისად 10(ათი) წლით უნდა ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაციაა.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ტ------- მ------ის ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი უნდა დაუბრუნდეს ტ------- მ------ის ოჯახის წევრს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ------- მ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
ტ------- მ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 3 ნოემბრიდან.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ტ------- მ------ს 5 (ხუთი) წლით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 15(თხუთმეტი) წლით საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;
ტ------- მ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ტ------- მ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი დაუბრუნდეს ბრალდებულის ოჯახის წევრს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე