განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/17-18
გამოძიების #036020518001
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
19 ივლისი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბა-------------------–------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–---------------ს, პირადი ნომერი - 22--------5, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მისამართი: თე-----–-------------------------–----–-–-----ი.
ადვოკატი - ზუ---------–---–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 2 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე, თე-----–-------------------------–---–-–-----–ი, ახ--–---------ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბა----------–------ი ცულის დემონსტრირებით, მისი სახლის კედლებზე დარტყმის გზითა და სიტყვებით: „უნდა დაგხოცოთ“, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თავის დედას და მამას - გი--------–---–ა ახ--–--------ს, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
3. მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელმაც მრავალჯერ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.).
4. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.).
5. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ბა----------–------ის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ გამხდარი ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები (გარდა ბრალდებულის ჩვენებისა), დაცვის მხარის ინიციატივით, მხარეებმა არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ ცნეს. ბრალდებულმა სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რასაც დაეთანხმა მისი ადვოკატი. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმეების - ბა--------------–---–------–----–--–----–----------------რ ახ--–---------ს დაკითხვისა (სასამართლო სხდომაზე) და გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთმტკიცება - ნაჯახი და მათთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბა----------–------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში.
7. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ბა----------–------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და განაცხადა, რომ იყო მთვრალ მდგომარეობაში, რა დროსაც ნაჯახი რამდენჯერმე დაარტყა კედელს და დაემუქრა მშობლებს სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულებმა გივი და ნე-–------–------ებმა განმარტეს, რომ 2018 წლის 2 მაისს მათი შვილი ბა----------–------ი, მთვრალი, ცულით ხელში დარბოდა და სახლის კედლებს ცულს ურტყამდა გამეტებით, რა დროსაც ყვიროდა „გამოდით უნდა დაგხოცოთო“, რის გამოც განიცადეს მოკვლის რეალური შიში. ზემოაღნიშნული ასევე დაადასტურა ბრალდებულის მეუღლემ ნე-–------–-------ა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ჩატარდა 2018 წლის 3 მაისს) დგინდება, რომ სახლის აღმოსავლეთ კედელს აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები, რომლებიც ამოვსებულია თეთრი ფერის „ფითხით“ და რაზეც ნე-–------–-------ა განაცხადა, რომ მან ამოავსო ისინი ე.წ. „შპაკლით“, ამავე საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებულ იქნა ცული. არასრულწლოვანმა მოწმეებმა ლე---------–--–ა ახ--–--------მა განაცხადეს, რომ მათ ყვირილზე გამოეღვიძათ და გაიგეს თუ როგორ ეჩხუბებოდა და აგინებდა მამა პაპას და ბებიას.
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის [...] 149-ე−1511, [...] მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, [...]. ამასთან, კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
9. დასტურდება, რომ ბა----------–------ი ცულის სახლის კედელზე მრავალჯერადი დარტყმის ფონზე იგინებოდა და ყვიროდა, ასევე მშობლებს ეძახოდა: „გამოდით უნდა დაგხოცოთო“, ბრალდებულის მშობლები ამ დროს იყვნენ სახლში და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში. სასამართლოს შეფასებით ის ვითარება, რომელშიც ბრადებული დაემუქრა მშობლებს სიცოცხლის მოსპობით ნამდვილად ქმნიდა საფუძვლიანი შიშის განცდას. დაზარალებულების განცხადებით ბა----------–------ი, როდესაც იღებს ალკოჰოლურ სასმელებს ხდება აგრესიული და უყვირის და აგინებს მათ, ამტვრევს საყოფაცხოვრებო ნივთებს, იყო შემთხვევა, როდესაც სახლს ცეცხლიც კი მოუკიდა. აღნიშნული გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ დაზარალებულების შიშს ჰქონდა საკმარისი საფუძველი ბრალდებულის მიერ მუქარის განხორციელებისთვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბა----------–------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, მშობლების - გი--------–---–ა ახ--–---------ს მიმართ ჩაიდინა სსკ-ის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ბა----------–------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ბა----------–------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ, აღნიშნული მუხლის ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით, ვინაიდან ამჟამად მოქმედი რედაქცია აუარესებს მის მდგომარეობას, ითვალისწინებს რა დამატებით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
10. ბა----------–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას, არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი.
11. ბა----------–------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან მუქარა ალკოჰოლური თრობის პირობებში განახორციელა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
14. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
15. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
16. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
17. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
18. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბა----------–------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის სასჯელის სახედ ჯარიმის ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის განსაზღვრა, ასევე მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ხასათიც. გარდა ამისა, ამ სასჯელების გავლენა ბა----------–------ზე სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე ხანმოკლე და იმავე დროს ნაკლებად ეფექტური იქნება. ბა----------–------ი უმუშევარია და მას სასჯელად გამასწორებელი სამუშაო ვერ დაენიშნება. აღსრულების მექანიზმისა და მისი შინაარსის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბა----------–------ის მიმართ სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენება სრულიად არაეფექტური ღონისძიებაა და ჩადენილი ძალადობრივი ქმედების, მისი აღსრულებისას გამოყენებული იარაღისა და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც დაზარალებულები აღმოჩნდნენ და არიან, ბა----------–------ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
19. ბა----------–------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს განესაზღვროს სასჯელის მინიმუმი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული პერიოდი სრულად საკმარისია სასჯელის მიზნების შესასრულებლად. ამასთან, მხოლოდ ერთი დამამძიმებელი გარემოება - მთვრალ მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენა, ვერ იქნება სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის დამაბრკოლებელი გარემოება.
20. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - ბა----------–------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა გამართლებულ იქნეს მისი თავისუფლებაში ყოფნა: ბა----------–------მა გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ინანიებს მის ჩადენას, წუხს მომხდარის გამო და პირობას დებს, რომ მომავალში მსგავსი ქმედება არ განხორციელდება, ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი - 4, 9 და 10 წლის ასაკის, მისი ოჯახი სოციალურ შემწეობას იღებს, დანაშაულის ჩადენისას პირდაპირი კონტაქტი არ ყოფილა დაზარალებულებთან, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლოს მიაჩნია, რომ 1-წლიანი გამოსაცდელი ვადა სრულებით საკმარისია ბა----------–------ის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია. სასამართლო ითვალისწინებს მოწმეების განცხადებებს, რომ, როდესაც ბრალდებული იღებს ალკოჰოლურ სასმელებს იგი სახლში ყვირის, იგინება, ამტვრევს საყოფაცხოვრებო ნივთებს, რის გამოც არა მარტო მისი მშობლები, მოცემულ საქმეში დაზარალებულები, არამედ შვილებიც დათრგუნულები არიან. გარდა ამისა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოცემულია შემაკავებელი ორდერი მოძალადე ბა----------–------ის მიმართ, მსხვერპლი - ნე-–------–------ი (მეუღლე). ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიანიშნებს, რომ ბა----------–------ის გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი კურსის გავლა, რის გამოც მას უნდა დაევალოს გაიაროს იგი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბა----------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სსკ-ის 2018 წლის 2 მაისს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.
2. ბა----------–------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 5 დღე.
3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ბა----------–------ს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
5. ბა----------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში დაუბრუნდეს მის შემტან პირს - ნე-–------–------ს.
6. ნივთმტკიცება - ნაჯახი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი