გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/12276-18 28 ივნისი 2018 წელი
ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე წარმომადგენელი მოპასუხე წარმომადგენლები ს.ს. ,,მ---“ ლ-–-------------ი ს.ს. ,,ბა---------------2“ გი------------–---–ი დ----------------ა ნ-----------ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ს.ს. ,,მ---” ითხოვს დაეკისროს ს.ს. ,,ბა---------------2“-ს: 1) მიწოდებული პროდუქციის (სხვადასხვადასხვა სახის მინის ბოთლების) ღირებულება _ 895420 ლარის და 14 თეთრის ოდენობით; 2) მიუღებელი შემოსავალი, რაც სარჩელის შეტანამდე შეადგენს 27557.63 ლარს და გადაწყვეტილების აღსრულებამდე 895420.14 ლარის წლიური 3%. 3) დავალიანებასთან დაკავშირებით გამარტივებული სააღსრულებო პროცედურის დაწყებისას გადახდილი სააღსრულებო წარმოების საფასური 100 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია ს.ს. ,,ბა---------------2“-მა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო 895420 ლარის და 14 თეთრის მოთხოვნის ნაწილში. სარჩელში არ ცნო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში და სააღსრულებო წარმოების საფასურის 100 ლარის გადახდის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 2015 წლის 03 მაისს ს.ს. ,,მ---“-ს და ს.ს. ,,ბა---------------2“-ს შორის გაფორმდა მინის ბოთლების ნასყიდობის ხელშეკრულება. ს.ს. ,,მ---“-მ ს.ს. ,,ბა---------------2“-ს მიაწოდა 1983754 ლარის და 58 თეთრის ღირებულების პროდუქცია, მყიდველის მიერ ანაზღაურებულია 1088334 ლარი და 44 თეთრი, ასანაზღაურებელი დარჩა 895420 ლარი და 14 თეთრი (ს.ფ. 22-82; სხდომის ოქმი: 28.06.2018). 3.1.2 ს.ს. ,,თი---------ი“-ს და ს.ს. ,,ი–------“-ს ანგარიშების ამონაწერების მიხედვით ს.ს. ,,მ---“-ს აღნიშნული ბანკების დეპოზიტებზე განთავსებული აქვს თანხები, რასაც ერიცხება წლიური 3% პროცენტი (ს.ფ. 83, 170-175). 3.1.3 საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით ს.ს. მ---“-ს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემაზე, რადგან ს.ს. ,,ბა---------------2“-ის მიერ წარდგენილი იქნა პროტესტი (ს.ფ. 176) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის სადავო არ არის
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს, ს.ს. მ---“-ს სარჩელი ნასყიდობის საფასურის და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გამარტივებული სააღსრულებო პროცედურის დაწყებისას გადახდილი სააღსრულებო წარმოების საფასურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლები, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 37-ე, 102-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. დადგენილია, რომ 2015 წლის 03 მაისს ს.ს. ,,მ---“-ს და ს.ს. ,,ბა---------------2“-ს შორის გაფორმდა მინის ბოთლების ნასყიდობის ხელშეკრულება. ს.ს. ,,მ---“-მ ს.ს. ,,ბა---------------2“-ს მიაწოდა 1983754 ლარის და 58 თეთრის ღირებულების პროდუქცია, მყიდველის მიერ ანაზღაურებულია 1088334 ლარი და 44 თეთრი, ასანაზღაურებელი დარჩა 895420 ლარი და 14 თეთრი. 6.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. 6.4 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. განსახილველ შეთხვევაში მოპასუხე ცნობს სარჩელს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 895420 ლარი და 14 თეთრის მოთხოვნის ნაწილში, რაც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე კრედიტორს უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. განსახილველ შემთხვევაში, ს.ს. ,,თი---------ი“-ს და ს.ს. ,,ი–------“-ს ანგარიშების ამონაწერებით დადგენილია, რომ ს.ს. ,,მ---“-ს აღნიშნული ბანკების დეპოზიტებზე განთავსებული აქვს თანხები და თანხას ერიცხება წლიური 3%. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიღებულ თანხას განათავსებდა ბანკის დეპოზიტზე წლიური 3%-ის დარიცხვით და მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც საფუძვლიანია და მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფლდეს. კერძოდ, სარჩელის აღძვრამდე _ 2018 წლის 26 აპრილის მდგომარეობით მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 27557.63 ლარს და გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 895420.14 ლარის წლიური 3%-ის გადახდა. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას დავალიანებასთან დაკავშირებით გამარტივებული სააღსრულებო პროცედურის დაწყებისას გადახდილი სააღსრულებო წარმოების საფასურის _ 100 ლარის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნულს ითხოვს როგორც საპროცესო ხარჯს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის (პროცესის ხარჯები) შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არ არის საპროცესო ხარჯი და არის მატერიალური მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია 100 ლარის გადახდის ქვითარი და ასევე არ დასტურდება, თუ რამდენად უკავშირდებოდა განსახილველი დავის ფარგლებს წარდგენილი განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი 895420.14 ლარის მოთხოვნის ნაწილში, აღნიშნულ ნაწილში მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და მოსარჩელე ს.ს. ,,მ---“-ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 4461 ლარი (5000 ლარის 89.215%). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. გამომდინარე აღნიშნულიდან, ს.ს. ,,ბა---------------2“-ს ს.ს ,,მ---“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 539 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს.ს. ,,მ---“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ს.ს. ,,ბა---------------2“-ს ს.ს. ,,მ---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული პრუდუქციის ღირებულების _ 895420 (რვაასოთხმოცდათხუთმეტიათასოთხასოცი) ლარის და 14(თოთხმეტი) თეთრის გადახდა.
3. ს.ს. ,,ბა---------------2“-ს ს.ს. ,,მ---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 2018 წლის 26 აპრილამდე პერიოდისათვის 27557 ლარის და 63 თეთრის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 26 აპრილიდან _ 895420 ლარის და 14 თეთრის წლიური 3%-ის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. ს.ს. ,,ბა---------------2“-ს სარჩელი ს.ს. ,,მ---“-ს მიმართ 100 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. ს.ს ,,მ---“-ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 4461(ოთხიათასოთხასსამოცდაერთი) ლარი (გადახდის თარიღი: 28/04/24; ს.ს. ,,ი–-----------------–--“; თანხა 5000 ლარი; საგადასახადო დავალება:13845; სახაზინო კოდი: 300773150);
6. ს.ს. ,,ბა---------------2“-ს ს.ს ,,მ---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 539(ხუთასოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი