განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100116001536835
№1-331/16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23.07.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - დ----- ხ------–---–ი
ბრალდებული - თ----- ხ----------ე, კ------- ხ----ე
ადვოკატი - ს---–--- კ-------, პ----- დ-------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173260816001 საქმე
ბრალდებულ თ----- ხ----------ის მიმართ
მამის სახელი: ე-–-----ი
დაბადებული: 07.03.1--- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
ნასამართლობა: არ მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: თბილისი, გ-----------–------–-სქ. №25 ბინა №99
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;
ბრალდებულ კ------- ხ----ის მიმართ
მამის სახელი: ს---–----
დაბადებული: 12.12.1--- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
ნასამართლობა: არ მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: თბილისი, მ------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მესამე ნაწილი და მეხუთე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი ბრალდების დადგენილების თანახმად:
თ----- ხ----------ის მიმართ:
1.მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად;
კ------- ხ----ის მიმართ:
2. მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
ბრალდების დადგენილების თანახმად დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
3. 2015 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გ------- მ---------ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა თ----- ხ----------ის ადმინისტრაციული საჩივარი და არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის გამო თ----- ხ----------ე მოსამართლეს სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის’’ მეშვეობით საჯაროდ აყენებდა შეურაცხყოფას.
2016 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ------- დასახლებაში, ა------- პ------––---------–ის ქუჩა №82-ში არსებულ სასტუმრო ,,ს-------ს’’ მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე, გ------- მ---------ე იმყოფებოდა თავის ოჯახის წევრებთან ერთად. იქვე იმყოფებოდა თ----- ხ----------ე და მისი მეუღლე კ------- ხ----ე შვილებთან ერთად. თბილისის საქალაქო სასამართლოში, თ----- ხ----------ის საჩივრის საფუძველზე განხილულ ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით განაწყენებულმა თ----- ხ----------ემ და კ------- ხ----ემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს გ------- მ---------ეს დაუწყეს ყვირილი და მიმართავდნენ უცენზურო სიტყვებით, ასევე ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან და მუქარასთან ერთად, თ----- ხ----------ე, კ------- ხ----ე და მათი არასრულწლოვანი შვილი დ----- ხ----ე ცდილობდნენ გ------- მ---------ისთვის მიეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც კ------- ხ----ემ გ------- მ---------ეზე ხელის დარტყმით ჩაიდინა ძალადობა, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის. ასევე, დაზარალებულს ხელი და ფეხი დაარტყა დ----- ხ----ემ. შემთხვევის განმუხტვა მოხერხდა იქ მყოფი გარეშე პირების მეშვეობით, რომლებიც თ----- ხ----------ეს, კ------- ხ----ეს და დ----- ხ----ეს არ აძლევდნენ დაზარალებულთან მიახლოების საშუალებას, რითაც ფიზიკური ანგარიშსწორებისაგან გადაარჩინეს დაზარალებული გ------- მ---------ე. მიუხედავად ამისა, თ----- ხ----------ე, კ------- ხ----ე და მათი შვილი დ----- ხ----ე, კვლავ აგრძელებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას, რის გამოც გ------- მ---------ე იძულებული გახდა დაეტოვებინა ზღვის სანაპირო და თავისი არასრულწლოვანი შვილები განერიდებინა აგრესიას.
სასამართლომ დაადგინა:
4. 2016 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ------- დასახლებაში მდებარე სასტუმრო ,,ს-------ს’’ მიმდებარედ , ზღვის სანაპიროზე, თ----- ხ----------ე და კ------- ხ----ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არასრულწლოვან 13 წლის შვილთან ერთად თავს დაესხნენ დასასვენებლად მყოფ გ------- მ---------ეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავდროულად კ------- ხ----ის და მისი 13 წლის შვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა გ------- მ---------ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ხოლო თ----- ხ----------ე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რითიც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს სანაპიროზე მყოფი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. მართალია, შემთხვევის შემსწრე დამსვენებლები ცდილობდნენ გ------- მ---------ე დაეცვათ თავდასხმისგან, მაგრამ თ----- ხ----------ე აგრძელებდა მუქარას და გ------- მ---------ის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო კ------- ხ----ე არასრულწლოვან 13 წლის შვილთან ერთად ფიზიკურ ძალადობას, რის გამოც გ------- მ---------ე ოჯახის წევრებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა ზღვის სანაპირო.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
5.მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ------- მ---------ემ განმარტა, რომ მან, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, 2015 წელს განიხილა თ----- ხ----------ის საჩივარი, მას შემდეგ თ----- ხ----------ის მხრიდან ხორციელდებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელება, რაზეც არასდროს უპასუხია. 2016 წლის 26 აგვისტოს მეუღლესთან, 2 არასრულწლოვან შვილთან და მეგობრის არასრულწლოვან შვილებთან ერთად დილის საათებში იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, გ------- დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე სანაპიროზე. ზღვაში არასრულწლოვან შვილებთან ერთად ყოფნის დროს მას თ----- ხ----------ემ შეაფურთხა და დაუწყო ხმამაღლა გინება და მუქარა, ამავდროულად ზღვაში შევიდნენ თ----- ხ----------ის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი. კ------- ხ----ემ ასევე დაუწყო გინება და მუქარა, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილი ცდილობდა მისთვის ხელის დარტყმას. აღნიშნულს ისმენდნენ და უყურებდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები და იქ მყოფი დამსვენებლები, რომელთა ნაწილი ჩაერია კონფლიქტში და ცდილობდნენ თ----- ხ----------ის არასრულწლოვანი შვილის დაჭერას და ხელის მოკიდებით გაყვანას. ვინაიდან ზღვაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები, რომელთაგან ერთმა ცურვა არ იცოდა, იგი ჩავარდა ცუდ მდგომარეობაში, ცდილობდა ყველანაირად აერიდებინა თავი და როგორმე წაეყვანა შვილები სასტუმროში. მას არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არცერთი მათგანისთვის არ მიუყენებია. თავდასხმა გაგრძელდა სანაპიროზე გამოსვლის შემდეგაც, კ------- ხ----ე აგინებდა, აწვებოდა და ხელს კრავდა, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილი, თ----- ხ----------ის წაქეზებით, 10-15 წუთის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე მყოფი პირები ცდილობდნენ მის დაჭერას, მაინც ახერხებდა სხვადასხვა მხრიდან შემორბენას და მისთვის ხელის და ფეხის დარტყმას, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა სანაპირო და ოჯახის წევრებთან და მასთან ერთად მყოფ მეგობრის შვილებთან ერთად დაბრუნებულიყო სასტუმროში. გ------- მ---------ის განმარტებით, ხსენებულ თავდასხმას იგი უკავშირებს მის მიერ განხილულ ადმინისტრაციულ საჩივარს, რასაც თ----- ხ----------ეც ადასტურებდა მისი მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით.
6. მოწმის სახით დაკითხულმა მ--- კ-------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს მეუღლესთან გ------- მ---------ესთან , 2 არასრულწლოვან შვილთან და მეგობრის არასრულწლოვან შვილებთან ერთად დილის საათებში იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, გ------- დასახლებაში, სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე სანაპიროზე. მისი მეუღლე ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა ზღვაში, თვითონ კი იჯდა ნაპირზე. ამ დროს შენიშნა, რომ მისთვის იმ დროს უცნობი ქალბატონი თ----- ხ----------ე და მისი მეუღლე მივიდნენ ნაპირთან, ხელს იშვერდნენ და იყურებოდნენ გ------- მ---------ის მიმართულებით და გინებით გაემართნენ მისკენ, ამ დროს ამოიღო მობილური ტელეფონი ჩასაწერად. ამასობაში ხსენებული პირები და მათთან ერთად მყოფი მათი ვაჟიშვილი შევარდნენ ზღვაში და დაუწყეს მის მეუღლეს ხმამაღალი ლანძღვა-გინება და მუქარა, აგინებდნენ როგორც მოსამართლეს, რომელმაც თითქოს დაანგრია მათი ოჯახი და ეს ყველას უნდა გაეგო. ამავდროულად ცდილობდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. სანაპიროზე მყოფი დამსვენებლების ნაწილი ჩაერია და ცდილობდნენ მისი მეუღლის დაცვას, ამ მიზნით ცდილობდნენ ბავშვის დაჭერას და ხელის მოკიდებით გაყვანას, მაგრამ იგი იყო აგრესიული და მის შეკავებას ვერ ახერხებდნენ, ბავშვის დედა კი თავისი საქციელით პირიქით აქეზებდა და იძახდა, აბა რა უნდა ქნას, ოჯახი დაუნგრიაო. მათი მხრიდან გინება და მუქარა იყო იმდენად ხმამაღალი, რომ მთელი სანაპირო შეგროვდა. მას შემდეგ რაც სანაპიროზე მყოფმა პირებმა შეძლეს თავდამსხმელების შეკავება, თ----- ხ----------ე კვლავ ხმამაღლა აგრძელებდა გ------- მ---------ის გინებას და ემუქრებოდა დანით აჩეხვით. აღნიშნულის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა სანაპირო და ოჯახის წევრებთან და მათთან ერთად მყოფ მეგობრის ბავშვებთან ერთად დაბრუნებულიყო სასტუმროში. მისივე განმარტებით, მან შეძლო მომხდარის ჩაწერა მობილური ტელეფონით და აღნიშნული ჩანაწერები სასამართლო განჩინების საფუძველზე გადასცა გამომძიებელს
.
7. მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–- ბ-------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს არასრულწლოვან შვილებთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა ქალაქ ბათუმში. მეორე დღეს, მასთან ერთად დასასვენებლად მყოფი მეგობარი გ------- მ---------ე არასრულწლოვან შვილებთან და მეუღლესთან ერთად გავიდნენ ზღვაზე საბანაოდ, მათთან ერთად ზღვაზე წავიდნენ მისი შვილებიც. თვითონ კი ცოტა მოგვიანებით გავიდა და როდესაც მიუახლოვდა სანაპიროს, დაინახა, რომ გ------- მ---------ე იმყოფებოდა ზღვაში, ხოლო მისთვის უცნობი მამაკაცი და ბავშვი იწევდნენ გ------- მ---------ისკენ დასარტყამად. ამის დანახვაზე ტანსაცმლის გაუხდელად შევარდა ზღვაში გ------- მ---------ის დასახმარებლად, იქვე იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც ასევე ცდილობდნენ თავდამსხმელების და განსაკუთრებით იმ ბავშვის დაჭერას და ხელის მოკიდებით გაყვანას. გ------- მ---------ემ შეძლო წყლიდან გამოსვლა, თუმცა ნაპირზე კვლავ გაგრძელდა ხსენებული მამაკაცის და განსაკუთრებით ბავშვის მხრიდან გ------- მ---------ეზე თავდასხმა. მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე მყოფ სხვა პირებთან ერთად ისიც ცდილობდა ამ ბავშვის დაჭერას, ის მაინც ახერხებდა სხვადასხვა მხრიდან შემორბენას და გ------- მ---------ისთვის ხელის და ფეხის დარტყმას. მას შემდეგ კი, რაც შეძლეს თავდამსხმელების შეჩერება, შეზლონგზე მჯდარმა ქალბატონმა კვლავ განაგრძო გ------- მ---------ის ლანძღვა-გინება და მუქარა. აღნიშნულის გამო გ------- მ---------ე იძულებული გახდა დაეტოვებინა სანაპირო ოჯახის წევრებთან ერთად. სანაპიროს დატოვება მოუწია მასაც არასრულწლოვან შვილებთან ერთად.
8.მოწმის სახით დაკითხული ნ------------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს 112 სამსახურში შესული გამოძახების საფუძველზე მისული იყო გ------- სანაპიროზე, სადაც დახვდათ ცოლ-ქმარი და ბავშვი. მამაკაცს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ქალბატონს ფეხის ფრჩხილიდან სდიოდა სისხლი, რომელიც მისი განმარტებით ბავშვის დაცვის დროს ქვაზე ფეხის წამოკვრით მიიღო. ბავშვს კი აღენიშნებოდა ტუჩის შიგნით მცირედი მაცერაცია. ქალბატონის მოთხოვა იყო მხოლოდ ფაქტის დაფიქსირება, რომ მათ გ------- მ---------ემ მიაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა, და ბავშვსაც გაშველების დროს მოხვდა მუშტი.
9.მოწმის სახით დაკითხული მ------------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სეზონურ მაშველად და 2016 წლის 26 აგვისტოს იმყოფებოდა სამოქმედო ტერიტორიაზე ქ. ბათუმში, გ------- დასახლებაში სასტუმრო ‘ს-------ს“ მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე. დილის საათებში შემოესმა ხმაური და შეხლა-შემოხლის ხმა, დაინახა ნაპირთან შეკრებილი ხალხი და გაიგონა მისთვის უცნობი ქალბატონის მხრიდან მუქარის სიტყვები, დანით დაგჩეხავო. მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა ინციდენტს და სანაპიროზე მყოფი მოქალაქეების მიერ მოხდა გაშველება.
10.სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ა-–--------------–------ის 2016 წლის 26 აგვისტოს გამოძიების დროს გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს დილის დაახლოებით 10.00 საათზე იმყოფებოდა ქ. ბათუმში, გ------- დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე ზღვის სანაპიროზე. ზღვაში ბანაობის დროს დაინახა ნაპირთან შეკრებილი ხალხი, მიხვდა, რომ მათ შორის ხდებოდა ინციდენტი, ამიტომ გაცურა ნაპირის მიმართულებით, ამოვიდა ნაპირზე და დაინახა, რომ ქალბატონი, მამაკაცი და დაახლოებით 15 წლის ბიჭი ხმამაღლა ყვიროდნენ, თუმცა ენის არ ცოდნის გამო შინაარსი ვერ გაიგო. ისინი უყვიროდნენ ზღვაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს და ცდილობდნენ მისთვის მიეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა, ხსენებული მამაკაცი კი არ შედიოდა მათთან კონფლიქტში და ცდილობდა თავიდან მოეშორებინა ისინი. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და სანაპიროზე მყოფმა მოქალაქეებმა შეძლეს გაშველება.
11.სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ლ----- გ--–------ას 2016 წლის 26 აგვისტოს გამოძიების დროს გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს დილის დაახლოებით 10.00 საათზე იმყოფებოდა ქ. ბათუმში, გ------- დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე ზღვის სანაპიროზე. ზღვაში ბანაობის დროს გაიგო ხმაური, თუმცა ენის არ ცოდნის გამო შინაარსი ვერ გაიგო და დაინახა ნაპირთან შეკრებილი ხალხი, ჩანდა, რომ მათ შორის ხდებოდა ინციდენტი. როდესაც ამოვიდა წყლიდან, დაინახა, რომ დაახლოებით 14-16 წლის შორტებში ჩაცმული ბიჭი ხელს უქნევდა ზღვაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს, ის კი ცდილობდა მოქნეული ხელის აცილებას. მომხდარი ინციდენტის დროს აქტიურობდა ქალბატონი და ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც იწევდნენ ხსენებული მამაკაცისკენ და ცდილობდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. მამაკაცი, რომელზეც ხორციელდებოდა თავდასხმა, იყო მშვიდად და პასუხს არ სცემდა. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და შეგროვილმა ხალხმა შეძლეს მათი გააშველება.
12.სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ტ------- ა-–-------–---–ის 2016 წლის 26 აგვისტოს გამოძიების დროს გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს დილის დაახლოებით 10.00 საათზე იმყოფებოდა ქ. ბათუმში, გ------- დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარე ზღვის სანაპიროზე. მისგან დაახლოებით 5 მეტრში დაინახა საცურაო კოსტუმში მყოფი ქალბატონი, რომელიც იდგა ზღვის პირას და წყალში მყოფი მამაკაცის მისამართით ხმამაღლა ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით. მათ შორის გაიგო ზოგიერთი ქართული სიტყვა „დაგჭრი“, „არ გაცოცხლებო“. იქვე იმყოფებოდა დაახლოებით 15 წლის ბიჭი, რომელიც იქცეოდა ძალიან აგრესიულად, იგინებოდა მამაკაცის მისამართით და ცდილობდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რაც გამოუვიდა და რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და ფეხი. ინციდენტში ასევე მონაწილეობდა მამაკაცი, რომელიც მისი აზრით იყო ხსენებული ქალბატონის მეუღლე, რომელიც ასევე ემუქრებოდა და იწევდა მისკენ. მამაკაცს კი, რომელზეც ხორციელდებოდა თავდასხმა, რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა არცერთი მათგანისთვის არ მიუყენებია, პირიქით იყო მშვიდად და პასუხსაც არ სცემდა. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და სანაპიროზე შეგროვილმა ხალხმა მოახერხა მათი გაშველება.
13. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ლ-------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად 2016 წლის 26 აგვისტოს დილის 9 საათიდან იმყოფებოდა ქ. ბათუმში, გ------- დასახლებაში მდებარე სასტუმრო ,,ს-------ს’’ მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე, დაახლოებით 10 საათზე მას შემოესმა ხმამაღალი საუბარი და დაინახა, რომ სანაპიროზე მდგარი ქალბატონი ზღვაში მყოფ მამაკაცს ხმამაღლა უყვიროდა და გამოხატავდა აგრესიას, ამავდროულად ქალბატონთან ერთად მყოფმა მამაკაცმა წყალში მყოფს დაარტყა ხელი. ხსენებული პირების ქმედებამ მას შეუქმნა დისკომფორტი, რის გამოც გადავიდა სხვა ადგილზე.
14. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ბ--–-------–---–ის 2016 წლის 27 აგვისტოს გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენებით ასევე დგინდება, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს დილით იგი გახდა შემსწრე ქ. ბათუმში, გ------- დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე გ------- მ---------ის მიმართ თ----- ხ----------ის, მისი მეუღლის და შვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობის, რა დროსაც ხსენებული პირები იქცეოდნენ აგრესიულად, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ მას, ამავდროულად ცდილობდნენ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 15 წუთი და ხმაურზე შეგროვილმა ხალხმა შეძლეს მათი გააშველება.
15. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე ზ------------–--ის მიერ 2016 წლის 26 აგვისტოს გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენებით ასევე დგინდება, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს იგი გახდა შემსწრე ქ. ბათუმში, გ------- დასახლებაში მდებარე სასტუმრო „ს-------ს“ მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე გ------- მ---------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის, რამაც გამოიწვია სანაპიროზე მყოფი დამსვენებლების ჩოჩქოლი, ადგილზე მისვლის დროს კი ნახა, რომ გ------- მ---------ე იყო დათრგუნული და მას აყენებდნენ შეურაცხყოფას.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს მათ მიერ მოპოვებული და შექმნილი წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებების თაობაზე.
17. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, რომელიც თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული და გამოკვლეული მოწმეების ჩვენებებთან, დგინდება, რომ შემთხვევის ადგილია ზღვის სანაპირო, სადაც იმყოფებიან დამსვენებლები.
პირველ ჩანაწერში ჩანს, რომ ზღვიდან გამოსვლის დროს გ------- მ---------ეს წინ ხვდება კ------- ხ----ე და ხელების მოძრაობით იწყებს მასთან კონფლიქტს, ამავდროულად ზღვაში შერბის კ------- ხ----ის მეუღლე თ----- ხ----------ე და მათი არასრულწლოვანი შვილი. კადრში ჩანს, რომ სამივე პიროვნება სხვადასხვა მხრიდან გ------- მ---------ეს დასარტყამად უქნევს ხელს, ისმის გინების და მუქარის ხმა. ზღვაში შერბიან მოქალაქეები გ------- მ---------ის დასაცავად და ცდილობენ შეაკავონ თ----- ხ----------ე და პირველ რიგში კი, მისი არასრულწლოვანი შვილი. მეორე ჩანაწერში კი ჩანს თ----- ხ----------ე, რომელიც შეურაცხყოფილად მოიხსენიებს გ------- მ---------ეს და ემუქრება დანით აჩეხვით. იქ მყოფი მოქალაქეები კი მოუწოდებენ დამშვიდებისკენ.
18. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
19. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
20. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
21.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
22.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
23.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
25. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ხულიგნობისათვის - ქმედებისათვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
26. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები კუმულაციურია და დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის ყველა დასახელებული ნიშანი სახეზე უნდა იყოს. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას.
ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ ეს დარღვევა უნდა იყოს უხეში, რაც შეფასებითი ცნებაა, რისთვისაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. რაც შეეხება საზოგადოებისათვის აშკარა უპატივცემულობას, ამ შემთხვევაში სახეზეა ორი გარემოება, ერთის მხრივ - ხულიგნობის ჩამდენს სურს დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ იგი ყოველთვის იქცევა ისე, როგორც სურს, მეორეს მხრივ კი - მისი ამ განწყობის დემონსტრირებისათვის პირი ჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება იგნორირებას უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში თ----- ხ----------ის და კ------- ხ----ის ქმედებებით საზოგადოებრივი წესრიგი ნამდვილად უხეშად დაირღვა
27. რაც შეეხება კონკრეტული პირების მიერ ჩადენილ ქმედებას მათი ინდივიდუალური მსჯავრდების კუთხით, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულებების მნიშვნელოვან წყაროს. სასამართლოს მხედველობაში აქვს ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით და აძლევენ იმ ჩვენებას, რაც მათ რეალურად ნახეს და აღიქვეს. სწორედ უშუალო ფაქტის შემსწრე მოწმეების და მით უფრო დაზარალებულების მიერ აღქმული ფაქტებითა და საზოგადოებაში დამკვიდრებული ჩვეულების შეჯერებით დგინდება საზოგადოებისადმი უპატივცემულობის ხარისხი, რამდენად უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.
28 სასამართლო ამავდროულად აღნიშნავს, რომ ხულიგნობა ე.წ. უმოტივო დანაშაულია, მართალია საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გ------- მ---------ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა თ----- ხ----------ის ადმინისტრაციული საჩივარი, მაგრამ სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ შეიძლება საბაბი გამხდარიყო შურისძიების, შესაბამისად, დადგენილია, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ სურვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაპირისპირებოდნენ საზოგადოებას და გამოეხატათ მათდამი აშკარა უპატივცემულობა, რაც შედეგობრივად დადგა კიდეც, რადგან ბრალდებულების ძალადობრივი ქმედების შედეგად, რაც ცხადია საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას გამოხატავდა (სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება, ფიზიკური დაპირისპირება ) გამოიწვია ზღვის სანაპიროზე, საკურორტო სეზონის დროს იქ მყოფი უამრავი დამსვენებლის მყუდროების დარღვევა, მათ შორის ნაწილს მოუწია სხვა ადგილზე გადასვლა, ხოლო გ------- მ---------ე ოჯახთან ერთად და იქ მყოფი ვ-–- ბ-------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სანაპირო.
29. სასამართლო ამავდროულად განმარტავს, რომ ძალადობაში იგულისხმება ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას თავად მოძალადე აცნობიერებს და მიზანმიმართულად მოქმედებს, ხულიგნური ქმედება გამოიხატება საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობაში, ძალადობასა და ძალადობის მუქარაში და შედეგად საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევაში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
შესაბამისად სახეზეა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შემადგენლობის ყველა აუცილებელი ნიშანი
30. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘ა’ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ნიშანზე:
31. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წელის 20 მაისი №618აპ-15 გადაწყვეტილების თანახმად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა, მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.
33. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტი, რომ ბრალდებულები ერთობლივად მოქმედებდნენ, ერთდროულად დაესხნენ ზღვაში საბანაოდ შესულ გ------- მ---------ეს თავს, რაც ადასტურებს მათ წინასწარ შეკავშირებას და ერთიან განზრახვას.
34. სასამართლო შეფასების გარეშე არ ტოვებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად დ----- ხ----ეს აღენიშნებოდა ქვედა ტუჩის არეში ცენტრალურად ლორწოვანზე გარდამავალი მოვარდისფრო ფერის კანის ზედაპირის დონიდან ჩაწეული ნოტიო ზედაპირის მქონე მომრგვალო ფერის ნაჭდევი 0.8 x0.7 სმ ზომის და ასეთივე ხასიათის მოგრძო ფორმის სიგრძივად მდებარე ნაჭდევი მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე და დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებული თ----- ხ----------ის მხრიდან გ------- მ---------ის მიმართ გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა იყო დედობრივი რეაქცია გ------- მ---------ის მიერ მათი არასრულწლოვანი შვილისთვის დაზიანების მიყენებაზე და განმარტავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, რომელიც თანხვედრაშია დაკითხული მოწმეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან, დგინდება, რომ სწორედ ზღვაში საბანაოდ შესულ გ------- მ---------ეს თავს ესხმის კ------- ხ----ე და ამავდროულად ზღვაში შერბიან თ----- ხ----------ე და მათი არასრულწლოვანი შვილი. ხსენებული პირები ერთდროულად სამი მხრიდან ცდილობენ გ------- მ---------ეზე ძალადობას, მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილიც ცდილობს დაარტყას ხელი გ------- მ---------ეს. თ----- ხ----------ის ქმედება ვერანაირი დედობრივი ინსტიქტით ვერ აიხსნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სწორედ გ------- მ---------ეზე განხორციელდა ბრალდებულების და მათი 13 წლის შვილის მხრიდან ძალადობრივი ქმედება და თავდასხმა. ყველას, და მათ შორის გ------- მ---------ესაც, უფლება ჰქონდა დაეცვა საკუთარი თავი მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისგან და მოეგერიებინა თავდამსხმელები, თუმცა შემთხვევის შემსწრე ყველა მოწმე განმარტავს, რომ გ------- მ---------ე ცდილობდა მხოლოდ განრიდებას და არავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მათივე ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერით ასევე დგინდება, რომ თ----- ხ----------ის არასრულწლოვანი შვილის შეკავებას ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდნენ შემთხვევის შემსწრე პირები და მათ შორის ვ-–- ბ-------ეც. ეს გარემოებები კი მთლიანად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რადგან სწორედ ბრალდებულების და მათი არასრულწლოვანი შვილის მხრიდან განხორციელდა გ------- მ---------ეზე თავდასხმა და ძალადობითა და ძალადობის მუქარით საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა და მათ აღნიშნული ქმედებით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება
35.საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიმართულია მოსამართლის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით და მისი ძირითადი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, დამატებითი ობიექტი კი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა. ხსენებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს პირდაპირი განზრახვით, რათა მუქარის განხორციელებით ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოში განსახილველი საქმის მსვლელობაზე.
36.სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მართალია გ------- მ---------ეზე, როგორც მოსამართლეზე, განხორციელდა თ----- ხ----------ისა და კ------- ხ----ის მხრიდან მუქარა და ძალადობა, მაგრამ გ------- მ---------ემ, როგორც მოსამართლემ, თ----- ხ----------ის საჩივარი განიხილა 2015 წლის 18 მაისს და მის მიერ აღნიშნულ საქმეზე მიღებული დადგენილება იყო საბოლოო. შესაბამისად, თ----- ხ----------ის და კ------- ხ----ის ქმედება ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენდა სასამართლოში განსახილველი საქმის მსვლელობაზე, რადგან ასეთი საქმე სასამართლოში აღარ განიხილებოდა.
37. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
38. ამავდროულად სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ბრალდებით განსაზღვრულ გარემოებებსა და სასამართლოში დადგენილ ფაქტებს შორის არ არის თანხვედრა, ეს აპრიორი არ გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება - საქმე №438აპ-16)
39. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ დასკვნამდე რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ბრალდებულებმა თ----- ხ----------ემ და კ------- ხ----ემ ჩაიდინეს არა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, არამედ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
40. შესაბამისად: .ბრალდებული თ----- ხ----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე,ბრალდებული კ------- ხ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეხუთე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე
41. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
42. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
43. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
44. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
45. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ: თ----- ხ----------ის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩადენილია დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იგი აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა დაისაჯოს.
46. კ------- ხ----ის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩადენილია დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იგი აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა დაისაჯოს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
47.თ----- ხ----------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
48. კ------- ხ----ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
49. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
50 .საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
51.საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
52.სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
53.სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
54. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულებს თ----- ხ----------ესა და კ------- ხ----ეს ჰყავთ 2 არასრულწლოვანი შვილი, მათ უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმის სახით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ედა 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბრალდებული თ----- ხ----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ბრალდებული თ----- ხ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. თ----- ხ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა თ----- ხ----------ის (პ/ნ 0----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე თბილისი, დასახლება თემქა, მიკრო/რაიონი IV, კორპუსი №7, ბინა №141 - საკადასტრო კოდი №01.12.02.004.015.01.141.
3.ბრალდებული კ------- ხ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეხუთე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ბრალდებული კ------- ხ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. კ------- ხ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა თ----- ხ----------ის (პ/ნ 0----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე თბილისი, დასახლება თემქა, მიკრო/რაიონი IV, კორპუსი №7, ბინა №141 - საკადასტრო კოდი №01.12.02.004.015.01.141.
5. ნივთიერიმტკიცებულებები:
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საქმეზე დართული DVD დისკები, დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358).
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი