გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2370142-2/256-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 ივლისი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - შპს ,,დ---ა’’
დირექტორი - ა------- ბ-------
წარმომადგენელი - ე---------- ა--–---
მოპასუხე - ა-----ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ლ---- ბ------
თარჯიმანი - ლ---- ა---------
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 დეკემბრის N1------ ბრძანება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
1.2. შპს ,,დ---ას’’ და ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2017 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდეს 15 დღით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და შპს "დ---ა"-ს შორის 2017 წლის 09 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--, რომლის საგანს შეადგენდა ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---------ის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია.
პროექტი არასწორად იყო შედგენილი და არსებული პროექტით სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება არ შეიძლებოდა, აღნიშნული გარემოების შესახებ ეცნობა ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებელს. პოზიცია გათვალისწინებული იქნა და ახალი პროექტის შედგენასთან დაკავშირებით სარეაბილტაციო სამუშაოების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2017 წლის 20 დეკემბრამდე.
ახალი პროექტის მიღების შემდეგ მოარჩელემ შეუკვეთა რკინის მასალები - 135 გრძივი მეტრის მილები და სხვა საჭირო ნაწილები, რომლებიც მიიღო 2017 წლის 10 დეკემბერს, რაშიც გადაიხადა 3432 ლარი. მილები დასაწყობებული იქნა სოფელ ჭ---------ში, უშუალოდ სარეაბილიტაციო ობიექტთან სადაც დღემდე ინახება.
მომდევნო დღეს ობიექტზე აიყვანა შემდუღებელი და მუშები, რათა დაეწყო მილების ერთმანეთზე გადაბმა და დაზიანებული მილის შეცვლა. ვინაიდან იყო ყინვა, სოფელ ჭ---------ის მოსახლეობამ გამოთქვა შენიშვნა იმის თაობაზე, რომ თუ დაიწყებოდა რეაბილიტაცია უნდა შეეწყვიტათ მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება. ბასეინში და მილებში არსებული წყლის დაცლის გარეშე შეუძლებელი იყო მილების შედუღება, წყალის დაცლას კი სჭირდებოდა ექვსი საათი, ხოლო მილების შედუღების შემდეგ სისტემის შევსებას ასევე ექვსი საათი, მთლიანობაში თითქმის მთელი დღე უნდა შეწყვეტილიყო წყალი, აქედან გამომდინარე ამ დროში მთლ----დ გაიყინებოდა სასმელი წყლის ქსელი, რომელიც ბასეინიდან ნაწილდება სოფელში. შედეგი იქნებოდა სავალალო და მოსახლეობაზე მიყენებული ზიანი ბევრად მეტი იქნებოდა ვიდრე რეაბილიტაციით მიღებული სიკეთე.
აღნიშნულის თაობაზე აცნობეს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვეს სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადა გადაევადებინათ გაზაფხულამდე. მოპასუხემ მოსარჩელეს მისცა ზეპირი დაპირება, რომ გამოსცემდა ადმინისტრაციულ აქტს და ახალ ვადას განსაზღვრავდა შეთანხმებისამებრ 2018 წლის მარტის თვეს.
2017 წლის 14 დეკემბერს მერიას წარუდგინეს სოფელ ჭ---------ის მოსახლეობის ერთობლივი განცხადება სამუშაოების გადავადების შესახებ.
2017 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელეს ჩაბარდა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის წერილი, რომლითაც ითხოვდნენ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას 2017 წლის 20 დეკემბრისთვის.
2017 წლის 31 დეკემბერს მოსარჩელეს ჩაბარდა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 დეკემბერის ბრძანება ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და შპს "დ---ა"–ს შორის 2017 წლის 09 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა შესახებ. აღნიშნული ბრძანება არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან უნდა გაგრძელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადა და განისაზღვროს 15 დღის ვადით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე - 2017 წლის 8 ნოემბრამდე.
შემსყიდველმა გაითვალისწინა მიმწოდებლის წინადადებები და მხარეთა შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა - 2018 წლის 20 დეკემბრამდე.
შპს "დ---ამ’’ 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე ვერ მოახდინა საჭირო მასალების შეძენა. შპს "დ---ას" უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ და უმოქმედობამ მოიტანა ის მდგომარეობა, რომ მუნიციპალიტეტის მერია იძულებული გახდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, რომელიც კანონიერია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ოქტომბერს ა-----ის თვითმმართველი ერთეულსა და შპს ,,დ---ას’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--. ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---------ის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 6462 ლარით.
3.1.2. დადგენილია, რომ 09.10.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 9 ოქტომბრიდან 30 კალენდარული დღით - 2017 წლის 8 ნოემბრამდე.
3.1.3. დადგენილია, რომ 09.10.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების 16.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დააკისროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად: ა) მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულების პირობებს.
3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 6 ნოემბერს შპს ,,დ---ას’’ დირექტორმა განცხადებით მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტს და ითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება 2017 წლის 15 დეკემბრამდე.
3.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს ა-----ის მუნიციპალიტეტს მერიას და შპს ,,დ---ას’’ შორის შედგა შეთანხმება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 9 ოქტომბრის N-- ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 დეკემბრამდე.
3.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს შპს ,,დ---ას’’ ეცნობა, რომ უფლება ჰქონდა ახალი პროექტის მიხედვით ეწარმოებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
3.1.7. დადგენილია, რომ შპს ,,დ---ამ’’ 2017 წლის 28 ნოემბერს შეუკვეთა მილები, რომლებიც ჩამოვიდა 2017 წლის 10 დეკემბერს, ხოლო 2017 წლის 12 დეკემბერს მილები დაასაწყობა სოფელ ჭ---------ში. შპს ,,დ---ამ’’ შეიძინა 135 მეტრი სიგრძის მილები, რომლის ღირებულებამ შეადგინა - 3432 ლარი.
3.1.8. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ა-----ის თვითმმართველ ერთეულსა და შპს ,,დ---ას’’ (ს/კ 2--------) შორის, 2017 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არ შესრულებისათვის და მიყენებული ზიანისათვის, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო შპს ,,დ---ას’’ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს დაევალა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის, შპს ,,,დ---ას’’ შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობითი შეტყობინების გაგზავნა.
3.1.9. 2017 წლის 29 დეკემბერს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა შპს ,,დ---ას’’ დირექტორს და აცნობა, რომ მათ შორის 2017 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და მიყენებული ზიანისათვის, ხელშეკრულების თანახმად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით 323.14 ლარი.
3.1.10. ა-----ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დ---ას’’ შორის 2017 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებით ნაკისი ვალდებულებები, კერძოდ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---------ის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოები, შპს ,,დ---ას’’ არ შეუსრულებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 9 ოქტომბრის N-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- შპს ,,დ---ას’’ დირექტორის განცხადება;
- 24.11.2017წ. შეთანხმება N1;
- 21.11.2017წ. ინვოისი N32;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 28.12.2017წ. ბრძანება N1------;
- ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 29.12.2017წ. N4352/11 მიმართვა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფატობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 636-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ოქტომბერს ა-----ის თვითმმართველი ერთეულსა და შპს ,,დ---ას’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--. ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---------ის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 6462 ლარით. სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 9 ოქტომბრიდან 30 კალენდარული დღით - 2017 წლის 8 ნოემბრამდე. ხოლო 2017 წლის 24 ნოემბერს ა-----ის მუნიციპალიტეტს მერიას და შპს ,,დ---ას’’ შორის შედგა შეთანხმება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 9 ოქტომბრის N-- ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 დეკემბრამდე. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 09.10.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმწოდებელს - შპს ,,დ---ას’’ არ შეუსრულებია.
ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ა-----ის თვითმმართველ ერთეულსა და შპს ,,დ---ას’’ (ს/კ 2--------) შორის, 2017 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება.
იმის გამო, რომ მიმწოდებელმა - შპს ,,დ---ამ’’ 09.10.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა ა-----ის თვითმმართველ ერთეულსა და შპს ,,დ---ას’’ (ს/კ 2--------) შორის, 2017 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგარამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
მოხმობილი ნორმის დეფინიციით უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონოვრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვრითი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიდგა მას ხელშეკრულების მოშლით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შპს ,,დ---ა’’ ითხოვს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოავლინა ნება, ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება მენარდესთან - შპს ,,დ---ასთან’’. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ სწორედ 636-ე მუხლით ისარგებლა და შპს ,,დ---ას’’ მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მოშალა ხელშეკრულება, რისი სამართლებრივი საფუძველიც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტობრივი გარემოების არარსებობის პირობებშიც კი ჰქონდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებლი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები.... სსკ-ის 636-ე მუხლის შინაარსს ეწინააღმდეგება შემკვეთის იძულება, დავალდებულება, არ შეუშალოს ხელი მენარდეს სამუშაოების დასრულებაში. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15,12,2015წ. Nას-697-663-2015 გადაწყვეტილება).
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის 15 დღით გაგრძელების თაობაზე.
7. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის #2370142-2/256-18წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 28.12.2017 წლის #1------ ბრძანების „3“ პუნქტის მოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის #2370142-2/256-18წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8. სასამართლო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოსარცელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,დ---ას’’ სარჩელი ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 დეკემბრის N1------ ბრძანების ბათილად ცნობის და ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი