გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/929-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - ი-------------ი
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება;
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი-------------ის მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ მუსიკალურ სკოლა - ათწლედში 1993-1996 წლებში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1997 წლის 6 ოქტომბრის №1----- განკარგულებით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიას ნება დაერთო, მუსიკის ახალგაზრდა მასწავლებელთა და სტუდენტთა პედაგოგიური და მეთოდური მომზადების დონის ამაღლების მიზნით, მეთოდიკისა და პედაგოგიური პრაქტიკის კათედრასთან 1978 წლის 1 იანვრიდან გაეხსნა ექსპერიმენტული სკოლა-ათწლედი.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 06 ივლისის №3---- ბრძანებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედი ლიკვიდირებული/გაუქმებული იქნა 2006 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის №0--------- წერილით თანახმად, რომ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედი დაარსების დღიდან-ლიკვიდაციამდე (1978-2006 წწ.) ახორციელებდა მხოლოდ სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს, ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინების სწავლების უფლების გარეშე. შესაბამისად, აღნიშნული სამუსიკო სკოლის მოსწავლე ასევე სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ე.წ. საშუალო სკოლაშიც, რომლის დასრულებისას მას ეძლეოდა ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიის 2017 წლის 31 მარტის №-------- (5---) და 2017 წლის 19 აპრილის №-------- (5---) წერილების მიხედვით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედის სრული დოკუმენტაცია (მათ შორის, სოციალურ-უფლებრივი ხასიათის) გადაეცა სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 08 ნოემბრის №1-------- წერილით თანახმად, რომ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედს არსებობის მანძილზე (1977-2006 წწ.) სახელწოდება არ შეუცვლია. არქივში შესულია მხოლოდ 1978-2006 წლებში ხანგრძლივად შესანახი საარქივო დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებებსა და ხელფასის ბარათებს. არასრულადაა წარდგენილი ბრძანებები მოსწავლეთა შესახებ და აკადემიური მოსწრების აღრიცხვის ჟურნალები. სხვა ინფორმაცია, კერძოდ: ბრძანებები ძირითადი საქმიანობის შესახებ, წესდება/დებულება, პედსაბჭოსა და სახელმწიფო-საკვალიფიკაციო კომისიის სხდომის ოქმები, მოწმობა-ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები არქივში სახელმწიფო დაცვაზე არ არის შესული.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1997 წლის 6 ოქტომბრის №1----- განკარგულება (ს.ფ. 114);
- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 06 ივლისის №3---- ბრძანება (ს.ფ. 112);
- თბილისის ვ. სარჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიის 2017 წლის 31 მარტის N1/264-22 (5---), 2017 წლის 19 აპრილის №-------- (5---) წერილები (ს.ფ. 27; 30);
- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის N0--------- წერილი (ს.ფ. 92);
- 17.11.2017წ. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 93-94);
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 08 ნოემბრის №1-------- წერილი (ს.ფ. 109)
3.2. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა - ათწლედის 1993 წლის №1--- ბრძანებით ი-------------ი ჩაირიცხა სამუსიკო სკოლა - ათწლედის ს------------------–-----------------–--ის მე-9 კლასში.
1995-1996 სასწავლო წლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ჟურნალით ირკვევა, რომ ი-------------მა 1996 წელს დაასრულა სასწავლებელში სწავლების სრული კურსი. მე-11 კლასში ი-------------მა მიიღო შემდეგი შეფასება: I -ლი სემესტრი: სოლფეჯიო -3, ანალიზი -3, ჰარმონია -3, სავალდებულო ფორტეპიანო-3, გუნდი-5, ხმის დაყენება-ჩათვლა, ქართული ჰარმონია-3; II სემესტრი: სოლფეჯიო-3, ჰარმონია-4, მუს. ლიტერატურა-3, სავალდებულო ფორტეპიანო -3, გუნდი - ჩათვლა, ხმის დაყენება -4, ქართული ჰარმონია -5, კოლოქვიუმი-4.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა - ათწლედის 1993 წლის №1--- ბრძანება (ს.ფ. 18);
- აკადემიური მოსწრების ჟურნალით (ს.ფ. 23-24);
- სსიპ საქართველოს არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების 2017 წლის 23 თებერვლის A--------------- საარქივო ცნობა (ს.ფ. 16-17);
3.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს 2017 წლის 23 ოქტომბერს წარედგინა ი-------------ის №1------ განცხადება და მოითხოვა თბილისის ვანო სარჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ მუსიკალურ სკოლა-ათწლედში 1993-1996 წლებში მიღებული განათლების აღიარება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება (ს.ფ. 60-62);
3.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- გადაწყვეტილებით ი-------------ს უარი ეთქვა 1993-1996 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში მიღებული განათლების აღიარების საკითხის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ სამუსიკო სკოლა არ წარმოადგენდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-------------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
6.3. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 251-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს 2017 წლის 23 ოქტომბერს წარედგინა ი-------------ის N1------ განცხადება თბილისის ვანო სარჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ მუსიკალურ სკოლა - ათწლედში მის მიერ 1993-1996 წლებში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.
გასაჩივრებული 2018 წლის 15 იანვრის M---------------- გადაწყვეტილებით ცენტრმა უარი განაცხადა ი-------------ის მიერ 1993-1996 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში მიღებული განათლების აღიარების საკითხის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ სამუსიკო სკოლა არ წარმოადგენდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
6.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში -ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მითითებული მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში -სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან -საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა - საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის ვანო სარჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა - ათწლედის ს------------------–-----------------–--ის მე-9 კლასში ი-------------ი ჩაირიცხა 1993 წლის №1--- ბრძანების საფუძველზე. ი-------------მა 1996 წელს დაასრულა სასწავლებელში სწავლების სრული კურსი.
დადგენილია ასევე, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 06 ივლისის №3---- ბრძანებით თბილისის ვ. სარჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებული ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლა-ათწლედი ლიკვიდირებული/გაუქმებული იქნა 2006 წლის 1 სექტემბრიდან.
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შედეგ ცენტრი: ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში -რეესტრი) აისახება ინფორმაცია დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ.
საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა სადავო საკითხი. მოპასუხე მიუთითებს, რომ თბილისის ვანო სარჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორიასთან არსებული ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლა - ათწლედი არ წარმოადგენდა ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებას, თუმცა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სათანადოდ არ შეფასებულა საკითხი უშუალოდ თბილისის ვანო სარჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერატორია, რომლთანაც არსებული იყო სამუსიკო სკოლა, წარმოადგენდა თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებას, ჰქონდა თუ არა სადავო საგანმანათლებლო საქმინობის განხორციელების უფლებამოსილება. სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში უნდა შეფასდეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტულ მუსიკალურ სკოლა -ათწლედში ი-------------ის მიერ 1993- 1996 წლებში მიღებული განათლების აღიარების საკითხი.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანონ სადავ საკითხის შეფასებისას უნდა შეაფასოს კანონიერი ნდობის საკითხი, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას. კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
6.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ი-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ მეშველიანი