გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/3335-18
25 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - გ-------------------ი
წარმომადგენელი - მ--------------ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - რ---------------–-----ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 21 მაისის MES 7------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ-------------------ის მიმართ, 2006 წელს შპს "გ-----------------------------------ის" მიერ გაცემული უმაღლესი განთლების დიპლომის G--------- ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ფორმალური და მატერიალური კანონიერება, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 10 სექტემბერს შპს „გ----------------------------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N0------------ ლიცენზია.
მტკიცებულება, რომლელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 21 მაისის MES 7------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 59-62.
3.1.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის 07 ივლისის N0------------ წერილის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტრო 02 წლის განმავლობაში სცნობს არააკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დიპლომებს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის 07 ივლისის N0------------ წერილი - ს/ფ 54.
3.1.3. კერძო სამართლის იურიდიული პირის - გ-----------------------------------ის ისტორიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის 2006 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ-------------------მა დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი და მას მიენიჭა ისტორიის მასწავლებლისა და სამართალმცოდნის კვალიფიკაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გ-------------------ის სახელზე გაცემული დიპლომი GPI N0----- (სარეგისტრაციო №--) - ს/ფ 42-44.
3.1.4. 2018 წლის 19 აპრილს, გ-------------------მა განმცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გ-------------------ის 2018 წლის 19 აპრილის განცხადება - ს/ფ 38-39.
3.1.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2018 წლის 23 აპრილს, MES 7------------ წერილით მიმართა შპს „გ-----------------------------------ის“ ყოფილ რექტორს დ-------------ეს და გ-------------------ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე განცხადების განხილვის მიზნით, სთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია დიპლომის მფლობელის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის, აგრეთვე მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ გაუვლია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეთითებინა როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აპრილის MES 7------------ წერილი - ს/ფ 45.
3.1.6. შპს „გ-----------------------------------ის“ ყოფილი რექტორის დ-------------ის 2018 წლის 02 მაისის წერილით, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ გ-------------------ი გ-----------------------------------ის ისტორიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა 2002 წლიდან 2006 წლამდე, სრულად გაიარა ოთხწლიანი სასწავლო კურსი და გადაეცა შესაბამისი დიპლომი (დიპლომის ნომერი 0-----), რასაც ადასტურებს მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია - დიპლომის გაცემის ჟურნალი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „გ-----------------------------------ის“ ყოფილი რექტორის დ-------------ის 2018 წლის 02 მაისის წერილი - ს/ფ 47.
3.1.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 16 მაისის MES 9------------ წერილის მიხედვით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ამავე კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2005 წელს გაცემული ინსტიტუციური აკრედიტაცია დაწესებულებას ენიჭებოდა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამავდროულად, სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალა იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამასთან, არ იძებნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება შპს გ-----------------------------------ისათვის აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, ახალი გარემოებების აღმოჩენამდე, შპს „გ-----------------------------------ის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებიდან ლიცენზიის გაუქმებამდე (1---------წ.) განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 16 მაისის N MES 9------------ წერილი - ს/ფ 50-51.
3.1.8. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 21 მაისის MES 7------------ გადაწყვეტილებით, გ-------------------ს უარი ეთქვა GPI N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, ვინაიდან შპს „გ----------------------------------ში“ 2005-2006 სასაწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, 2006 წლის ჩათვლით, გ-------------------ის სწავლის პერიოდი და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი GPI N0----- დიპლომი, არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 21 მაისის MES 7------------ გადაწყვეტილება ს/ფ 59-62.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია; ეკონომიკუსრი, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი’’.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბრძანება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - პ------------–---–-ს უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ვინაიდან, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 21 მაისის MES 7------------ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს მისი კანონშესაბამისობა ფორმალური და მატერიალური კანონიერების გათვალისწინებით.
6.2. სასამართლო მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომში - ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის - განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირის - გ-----------------------------------ის ისტორიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის 2006 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ-------------------მა დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი და მას მიენიჭა ისტორიის მასწავლებლისა და სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აპრილს, გ-------------------მა განმცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება და სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს, ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავოდ ქცეული აქტისა და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელის მიერ მიღებულ, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ შპს „გ----------------------------------ში“ 2005-2006 სასაწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, 2006 წლის ჩათვლით, გ-------------------ის სწავლის პერიოდი და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი GPI N0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო, უპირველ ყოვლისა აღნიშნავს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი, გ-------------------ის სახელზე გაცემული GPI N0----- დიპლომის (სარეგისტრაციო №09, თარიღი: 07.08.2006წ.) ასლით, ასევე, შპს „გ-----------------------------------ის“ ყოფილი რექტორის დ-------------ის 2018 წლის 02 მაისის წერილით დასტურდება, რომ მოსარჩელე გ-------------------ი 2002 წელს ნამდვილად ჩაირიცხა გ----------------------------------ში, 2006 წელს დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი და მას მიენიჭა ისტორიის მასწავლებლისა და სამართალმცოდნეობის კვალიფიკაცია.
სასამართლო მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს „გ-----------------------------------ის“ მიერ 2006 წელს მინიჭებული კვალიფიკაციის საფუძველზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის 07 ივლისის N0------------ წერილზე, რომლის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტრო 2 წლის განმავლობაში სცნობს არააკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დიპლომებს; ასევე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამ დროს მოქმედ რედაქციაზე, რომლის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის დაწყებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებისა. 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სალიცენზიო პირობების შემოწმება, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ პუნქტით განსაზღვრულ ინსტიტუციურ აკრედიტაციაში.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „გ-----------------------------------ი" წარმოადგენდა ლიცენზირებულ უმაღლეს სასაწავლებელს და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ასევე დადგენილია, რომ ხსენებულ ინსტიტუტს არ გაუვლია აკრედიტაცია.
ხსენებული ნორმის ანალიზის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირს - გ----------------------------------ს გააჩნდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება გაეცა 2006 წელს გ-------------------ის მიერ სრული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდგომ სათანადო დოკუმენტი - დიპლომი, რომელსაც სახელმწიფო სცნობდა მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტს მოგვიანებით აკრედიტაცია არ გაუვლია.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ-------------------ის სწავლის პერიოდში შპს გ-----------------------------------ი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, სადაც გ-------------------ი გადიოდა შესაბამის სასწავლო დისციპლინებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გავლილი კანონით დადგენილი სასწავლო კურსი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს შპსგ-----------------------------------ის მიერ გ-------------------ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის - G---------, ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი; მიღებული დიპლომის საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას და დღემდე მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოში, ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან საქმიანობას, როგორიც არის საჯარო წესრიგის დაცვა, რომელიც მოითხოვს შესაბამის განათლებასა და უნარჩვევებს.
ზემოაღნიშნულ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტავს, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით. არ შეიძლება პირის ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოქცევა, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი.
კანონიერი ნდობის პრინციპის ინსტიტუტი სახელმწიფოსა და მისი სახით უფლებამოსილების განმახორციელებილი ადმინისტრაციული ორგანოების მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია და იგი წამოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან დადგენილ, ურთიერთობის განმსაზღვრელ ფუნდამენტური ღირებულებების წესებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ღერძია, რომელზედაც დგას სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს ავტორიტეტი და რომელიც განსაზღვრავს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პირის მიმართ განხორციელებული ქმედება იწვევს იურიდიული შედეგს, ანუ ამ პირის გარშემო წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ განსაზღვრულობას, რომლის სფეროშიც მოქცეული ადამიანი იწყებს მთელი რიგი ქმედებების განხორციელებას, რომლის უფლებამოსილებითაც იგი სახელმწიფომ აღჭურვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გაცემული სასწავლო-საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში და რომლის საფუძველზე მოსარჩელე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივი წესრიგის დაცვას. შესაბამისად, სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმის გაუმართაობის გამო, მოსარჩელის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლის მიზეზსაც თავად მოსარჩელე არ წარმოადგენს. ასეთი სახის შედეგის დადგომა სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებდა არა მხოლოდ სუბიექტს, არამედ სახელმწიფოს სახელს მიაყენებდა ჩრდილს და ასევე, ეჭვქვეშ დააყენებდა თავად მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებს. ვინაიდან კანონიერი ნდობა ნიშნავს - პირის რწმენას, რომ ასეთ შემთხვევაში იგი არ დარჩება დაუცველი სახელმწიფოს მხრიდან და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიება არ დაკარგავს თავის სამართლებრივ ქმედით ძალას. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მოსარჩელე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა ინსტიტუტის დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრონციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. ამასთან, პირის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების შედეგის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის დაცვის გარდა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ინეტერსების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დავის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, არამედ ამავდროულად სახელმწიფოსა და მესამე პირების ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერ უფლებების ან ინტერესების დარღვევას და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი.
6.4. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით / დიპლომებით ან სერტიფიკატით;
სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
სასამართლო, აქვე, მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს.
პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ ზემოთ მითითებული საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას, არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება, შესაბამისად სასამართლო არაა უფლებამოსილი იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მეორე ნაწილით და თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-------------------ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 21 მაისის N MES 7------------ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 21 მაისის MES 7------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ-------------------ის მიმართ, 2006 წელს შპს "გ-----------------------------------ის" მიერ გაცემული უმაღლესი განთლების დიპლომის G--------- ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ხოლო, მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 21 მაისის MES 7------------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ-------------------ის მიმართ, 2006 წელს შპს "გ-----------------------------------ის" მიერ გაცემული უმაღლესი განთლების დიპლომის G--------- ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
3. დაეკისროს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გ-------------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, მოსარჩელის - გ-------------------ის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი