გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/418-18
160210018002409152
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივლისი, 2018 წელი ქ.ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - სო--------------–---–ი
წარმომადგენელი - თა------–-----ა
მოპასუხე - რუ--–-------------ი
წარმომადგენელი - ოთ---------–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე რუ--–-------------ისთვის არასრულწლოვანი შვილის, და----–--------–---–ის (დაბადებული 2017 წლის 1 სექტემბერს) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 აპრილიდან) ყოველთვიურად 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრება.
სო--------------–---–ს და მოპასუხე რუ--–-------------ს 2017 წლის 1 სექტემბერს შეეძინათ შვილი და----–--------–---–ი. ბავშვის დაბადებიდან მოსარჩელე და მოპასუხე ერთად აღარ ცხოვრობენ და რუ--–-------------ი არ მონაწილეობს მცირეწლოვანი შვილის აღზრდაში და არ უწევს მას ფინანსურ დახმარებას. იგი დასაქმებულია და გააჩნია სტაბილური შემოსავალი. მართალია, სო--------------–---–ი მუშაობს და აქვს მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით, თუმცა მოსარჩელე მხარე თავისი შემოსავლის და ყოველთვიური ხარჯის გათვალისწინებით, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მცირეწლოვანი ბავშვისთვის აუცილებელ საჭიროებებს. მცირეწლოვან და----–--------–---–ს ჰყავს ძიძა, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაა 200 ლარი. მცირეწლოვან და----–--------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი მკურნალობა დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან, მას სჭირდება განსაკუთრებული პედიატრიული კვება. მოპასუხე მხარე ვალდებულია ზრუნავდეს და მონაწილეობას ღებულობდეს არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. (სარჩელი, 2018 წლის 13 ივლისის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს და----–--------–---–ის (დაბადებული 2017 წლის 1 სექტემბერს) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;
მოპასუხე არ არის დასაქმებული, პირველ მეუღლესთან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც ასევე ალიმენტის სახით უხდის 80 ლარს. ჰყავს მოხუცი დედა, საკუთრებაში არ აქვს არც უძრავი ქონება და არც დასაბეგრი შემოსავალი არ ერიცხება. მოპასუხე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ გადაიხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტს არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ. (შესაგებელი, 2018 წლის 13 ივლისის სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე სო--------------–---–ს და მოპასუხე რუ--–-------------ს ჰყავთ საერთო შვილი - 2017 წლის 1 სექტემბერს დაბადებული და----–--------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ და----–--------–---–ის დაბადების მოწმობა
3.1.2. მოსარჩელე სო--------------–---–ი და მოპასუხე რუ--–-------------ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 ივლისის სხდომის ოქმი)
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 ივლისის სხდომის ოქმი)
3.1.3. მცირეწლოვანი და----–--------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელე სო--------------–---–თან ერთად. მცირეწლოვან და----–--------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია ახალშობილთა რესპირაციული დისტრესი, რასაც ქრონიკული მკურნალობა სჭირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N100ა
3.1.4. სო--------------–---–ს მცირეწლოვანი შვილის და----–--------–---–ის მოსავლელად ძიძად დასაქმებული ჰყავს ნი-----------ე, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 200 (ორას) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 ივლისის სხდომის ოქმი)
_ ნი-----------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე რუ--–-------------ს აქვს ქვაზე ხატვის სპეციალობა და პერიოდულად საქმიანობდა აღნიშნული სპეციალობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 ივლისის სხდომის ოქმი)
_ ნოტარიულად დამოწმებული მიმოწერის ასლები
3.2.2. რუ--–-------------ს და მის დედას გალ-------------ვას საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნიათ. რუ--–-------------ს 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით მიღებული შემოსავალი არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ 2018 წლის 6 ივლისს გაცემული ინფორმაცია
_ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა N5475438
3.2.3. რუ--–-------------ი და გალ-------------ვა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ცხოვრობენ ტუ----–--------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მისამართზე ქ.მარნეული, რუ-------–ის ქუჩა 9, ბინა N19.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ ტუ----–--------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება
3.2.4. და----–--------–---–ს კვების და ჰიგიენისთვის, სო--------------–---–ის მიერ მარტის თვეში განხორციელებულმა დანახარჯმა შეადგინა დაახლოებით 112 ლარი, მაისის თვეში 124 ლარი, აპრილის თვეში 80 ლარი, ხოლო ივლისის თვეში 110 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ სააფთიაქო ქსელ ,,ჯიპისის’’ მიერ გაცემული ფაქტურები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 150 (ასომორცდაათი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1218-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი: და----–--------–---–ი (3.1.1.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე სო--------------–---–ი და მოპასუხე რუ--–-------------ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მცირეწლოვანი ბავშვი, და----–--------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან სო--------------–---–თან ერთად. მცირეწლოვან და----–--------–---–ს ჰყავს ძიძა, რომლის ანაზღაურებასაც 200 ლარის ოდენობით იხდის ბავშვის დედა სო--------------–---–ი. (3.1.1., 3.1.2., 3.1.4).
მოსარჩელე მხარე მიუთითებს არასრულწლოვანი და----–--------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ბავშვის მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან გარკვეული ხარჯების გაღების საჭიროებაზე (3.1.3). სასამართლო აქვე განუმარტავს მხარეს, რომ კანონმდებელი განასხვავებს ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების მოთხოვნასა და მათ საფუძვლებს ერთმანეთისაგან. ალიმენტის სახით განსაზღვრული თანხა ემსახურება არასრულწლოვანის რჩენასა და აღზრდას. სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის მიხედვით კი, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სო--------------–---–ი დასაქმებულია, რაც შეეხება მოპასუხე მხარის მატერიალურ მდგომარეობას, მოპასუხე რუ--–-------------ს წარსულში ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც დადგენილია იმ მიმოწერით, რომელიც მოსარჩელემ მხარემ წარმოადგინა, თუმცა იმის მტკიცება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად იღებს მაღალ შემოსავალს, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა. რუ--–-------------ის წარმომადგენელმა მართალია მიუთითა, რომ მისი მარწმუნებელი ალიმენტვალდებული პირია, რამეთუ პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, რომელსაც უხდის ალიმენტს ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, ამდენად აღნიშნული გარემოება საალიმენტო თანხის განსაზღვრისას ვერ იქნა მხედველობაში მიღებული. გარდა აღნიშნულისა, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით რუ--–-------------ს დასაბეგრი შემოსავალი არ გააჩნია, ხოლო საჯარო რეესტრის ინფორმაციით მას არც უძრავი ქონება ერიცხება საკუთრებაში.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. სასამართლო მხედველობაში იღებს მცირეწლოვანი და----–--------–---–ის ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და იმ გარემოებას, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი.
მოპასუხე რუ--–-------------ი, თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, მცირეწლოვანი და----–--------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად კი იზრდება არასრულწლოვანი ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან.
სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 20.04.2017წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2016 წლის ივნისის თვისთვის - 139.1 ლარს, ივლისის თვისთვის - 138.7 ლარს, აგვისტოს თვისთვის - 138.2 ლარს, სექტემბრის თვისთვის - 139.3 ლარს, ოქტომბრის თვისთვის - 141.8 ლარს, ნოემბრის თვისთვის - 142.9 ლარს, დეკემბრის თვისთვის - 143.1 ლარს, 2017 წლის იანვრის თვისთვის - 147.3 ლარს, თებერვლის თვისთვის - 148.9 ლარს, მარტის თვისთვის - 150.3 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 150 (ასორმოცდაათი) ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე სო--------------–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოპასუხე რუ--–-------------მა ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სო--------------–---–ის სარჩელი მოპასუხე რუ--–-------------ის მიმართ:
2. დაეკისროს მოპასუხე რუ--–-------------ს (პირადი N28--------7) არასრულწლოვანი და----–--------–---–ის (დაბადებული 2017 წლის 1 სექტემბერს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 აპრილიდან) ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა;
3. დაეკისროს მოპასუხე რუ--–-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნინო თარაშვილი