განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002355758
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/93-18 7 ივნისი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031140318002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზურაბ დალაქიშვილი
ბრალდებული: მ-------- ი-----–---ი
მამის სახელი: ალლაზ
დაბადებული: 1----–-–----------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–---------------------–-----–------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ-------- ი-----–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 მარტს დაახლოებით 12:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში, მ-------- ი-----–---მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგაზე, კერძოდ თუ რატომ არ აცხობდა პურს დაზარალებული, ოჯახის წევრის არასრულწლოვან - მეჰრიბან ი-----–---ას თანდასწრებით, თმებით დათრევის და სახის არეში ხელის სამჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ნ-----–- ნ---------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1 . მ-------- ი-----–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2 მ-------- ი-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 მარტს დაახლოებით 12:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში, მ-------- ი-----–---მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგაზე, კერძოდ თუ რატომ არ აცხობდა პურს დაზარალებული სახის არეში ხელის დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ნ-----–- ნ---------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი
3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
საქმის მასალებით დადგენილია რომ დაზარალებული ნ-----–- ნ---------ა არის მ-------- ი-----–---ის მეუღლე.
2005 წელს დაბადებული მეჰრიბან ი-----–---ა არის მ-------- ი-----–---ის არასრულწლოვანი შვილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-------- ი-----–---ი, ნ-----–- ნ---------ა და მეჰრიბან ი-----–---ა არიან ოჯახის წევრები.
3.2. ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დაზარალებულმა ნ-----–- ნ---------ამ (ბრალდებულის მეუღლე) და მოწმე მეჰრიბან ი-----–---ამ (ბრალდებულის შვილი) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
2018 წლის 15 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N001713918 დასკვნის თანახამდ პირადი გასინჯვის მონაცემებით (14.03.2018წ) ნ-----–- ნ---------ას აღენიშნება ნაჭდევი და სისხლჩაქცევა ზედა ტუჩის ლორწოვანაზე მარჯვნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგენა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გიორგი ოქრუაშვილი, რომლის ჩვენებიდანაც ირკვევა რომ 2018 წლის 14 მარტს იყო დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა. აღნიშნულის საფუძველზე, მან გასინჯა ნ-----–- ნ---------ა, რომელსაც აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლჩაქცევა. როგორც შესამოწმებელი პირის გადმოცემით იცის, ნ-----–- ნ---------ა სცემა მეუღლემ მ-------- ი-----–---მა. მოწმემ დამატებით განმარტა რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა მკვრივ-ბლაგვ საგანზე შეხება დაზიანება იგივე იქნებოდა.
მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი თეიმურაზ რეხვიაშვილი. მოწმის ჩვნებით დგინდება, რომ მასთან მივიდა დაზარალებული (ნ-----–- ნ---------ა), რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანება სახის არეში. მან საქმეზე გამოკითხა ნ-----–- ნ---------ა და ასევე მისი არასრუწლოვანი შვილი. მოწმის განმარტებით იგი კონფლიქტის თვითმხილველი არ ყოფილა. ასევე, მან დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილების ინსპექტორ გამომძიებელი ბაბეკ ალახვერდიევი. მოწმის განმატებით სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო მოაწილეობა მ-------- ი-----–---ის დაკავებაში, რომელიც დაკავებული იქნა ქუჩაში. მ-------- ი-----–---ის დაკავებას საფუძვლად დაედო მიმალვის საფრთხე.
ბრალდებულმა მ-------- ი-----–---მა საბოლოო სიტყვაში განმარტა რომ მან ერთხელ დაარტყა მეუღლეს ნ-----–- ნ---------ას.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მ-------- ი-----–---ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლელული მტკიცებულებებით დადასტურდა რომ მ-------- ი-----–---მა ნ-----–- ნ---------ას მიმართ განახორციელა ძალადობა. ასევე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ძალადობის შედეგად დაზარალებულმა მიიღო დაზიანება.
რაც შეეხება ძალადობას, რომელიც ჩადენილია არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა რომ მ-------- ი-----–---მა მეუღლის ნ-----–- ნ---------ას მიმართ ძალადობა განახორციელა არასრუწლოვანი შვილის (დაზარალებულმა და არასრულწლოვანმა მეჰრიბან ი-----–---ამ უარი განცხადა ჩვენების მიცემაზე ოჯახის წევრის მიმართ) თანდასწრებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-------- ი-----–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშული.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი - დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით და პატიმრობაში გატარებული დღეების მხედველობაში მიღებით მ-------- ი-----–---ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, მ-------- ი-----–---ს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქარველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ-------- ი-----–---ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგებნილ ბრალდებაში.
მ-------- ისმილოვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანასაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
მ-------- ი-----–---ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 14 მარტიდან 2018 წლის 7 ივნისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მ-------- ი-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაქუმდეს.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - მ-------- ი-----–---ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე