გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2018
საქმის ნომერი
120210118002481651
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2481651-2/451-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივლისი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - ი-----–- გ-----–-ა

მოპასუხე - მ--- ტ----------ი, გ------- ვ---–---–ი;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მ--- ტ----------ს და გ------- ვ---–---–ს, 2--- წლის 29 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების – 1 713.51 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 635.70 აშშ დოლარი, პროცენტი – 173.66 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 904.15 აშშ დოლარი.

 

1.2. მ--- ტ----------ს და გ------- ვ---–---–ს 2--- წლის 29 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2018 წლის 04 ივნისიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0.31 (ნული აშშ დოლარი და 31 ცენტი) აშშ დოლარი (წლიური 18% = 114.42 აშშ დოლარი).

 

1.3. მ--- ტ----------ს და გ------- ვ---–---–ს 2--- წლის 29 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა, ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2018 წლის 04 ივნისიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0.63 (ნული აშშ დოლარი და 63 ცენტი) აშშ დოლარი (ყოველდღიური ძირი თანხის 0.1%).

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს „ს----------–--------სა“ და მ--- ტ----------ს შორის 2--- წლის 29 აპრილს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №2------, რომლის მიხედვითაც მასზე გაიცა სესხი 828 აშშ დოლარი, წლიური 18%–ის დარიცხვით. კრედიტის ვადა - 24 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის.

 

საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ს----------–--------ს“ და გ------- ვ---–---–ს შორის 2--- წლის 29 აპრილს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №2------, რომლის საფუძველზეც, თავდებმა - გ------- ვ---–---–მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 1656 აშშ დოლარი;

 

სს "ს----------–--------ის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად – კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის-საკომისიოს დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

კრედიტით სარგელობის პერიოდში მსესხეებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში. 2016 წლის 08 ნოემბრის შემდეგ შეწყდა გადახდები.

 

მ--- ტ----------ს და გ------- ვ---–---–ს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მათ მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხათ პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.

 

მოპასუხეებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 1,713.51 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 635.70 აშშ დოლარი, პროცენტი -173.66 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 904.15 აშშ დოლარი.

 

მითითებულ დავალიანებაზე სააპლიკაციო განცხადება შეტანილი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში, თუმცა მოპასუხის მხრიდან წარდგენილი იქნა პროტესტი.

 

შესაბამისად აპლიკანტს (სს ”ს----------–--------ს") უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე. სს ს----------–--------ის" მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი და ყადაღის რეგისტრაციის 150 ლარი, რაც ბანკს არ უბრუნდება.

 

საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის წლიური 18% და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული

თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო (საბანკო) ხელშეკრულების გაფორმება მსესხებელთან ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოგებას მიიღებს, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობა კი ზიანის მომტანია მისთვის. მოცემულ შემთხვევაში ბანკი ვერ იბრუნებს მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს, რათა შემდგომში კვლავ მოახდინოს მისი დაკრედიტება და მიიღოს სარგებელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა მ--- ტ----------მა და გ------- ვ---–---–მა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლო 100 აშშ დოლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ს----------–--------სა“ და მ--- ტ----------ს შორის 2--- წლის 29 აპრილს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №2------, რომლის მიხედვითაც მ--- ტ-------------ე გაიცა სესხი 828 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 18%–ის დარიცხვით. კრედიტის ვადა - 24 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2--- წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 29 აპრილს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N2-------01, რომლის მიხედვითაც გ------- ვ---–---–მა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 1656 აშშ დოლარით.

 

3.1.3. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29.04.2---წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N32------

- 29.04.2---წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- გ------- ვ---–---–ის 2.04.2---წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 29.04.2---წ. თავდებობის ხელშეკრულება N2-------01;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხეების დავალიანება სს „ს----------–--------ის“ მიმართ 2--- წლის 29 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს – 1 713.51 აშშ დოლასი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 635.70 აშშ დოლარი, პროცენტი – 173.66 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 904.15 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29.04.2---წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N32------

- 29.04.2---წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- გ------- ვ---–---–ის 2.04.2---წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 29.04.2---წ. თავდებობის ხელშეკრულება N2-------01;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ - კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''ს----------–--------სა'' და მ--- ტ----------ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - მ--- ტ----------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და მ--- ტ----------ს) შორის გაფორმებული 2--- წლის 29 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მ--- ტ----------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 635,7 აშშ დოლარი, რაც ძირითად მოვალემ - მ--- ტ----------მა და თავდებმა გ------- ვ---–---–მა აღიარეს და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში ცნეს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 173,66 აშშ დოლარს. მოპასუხეებმა მოთხოვნა პროცენტის დაკისრების ნაწილშიც ცნეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2---, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2---, 06 მაისი, 2--- წელი).

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 0.5% წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო და განისაზღვროს 0.05%-ით (დღეში 0.31785 აშშ დოლარი), შესაბამისად ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (1061 დღე*0.31785) პირგასამტეხლო შეადგენს 337.55 აშშ დოლარს.

 

სსამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, როგორც დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღის - 2018 წლის 4 ივნისი მდგომარეობით, ასევე, ამ ცნობის გაცემიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შესაბამისად დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან 2018 წლის 4 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლო ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს - 0.31 აშშ დოლარით (0.05%).

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და მ--- ტ----------ს შორის 2--- წლის 29 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მეორეს მხრივ გ------- ვ---–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - გ------- ვ---–---–მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 1656 აშშ დოლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკსირება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2--- წლის 29 აპრილის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ოდენობით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხებისათვის სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ 2--- წლის 29 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 635.70 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18%-ის სარგებლის გადახდის სოლიდარულად დაკისრებას რაც ყოველთვიურად შეადგენს 0.31 აშშ დოლარს.

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე საბანკო დაწესებულება გვევლინება, რომლის როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი, კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება როგორც წესი მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს ( სამოქალაქო კოდექსის 867–ე მუხლი). ამდენად, საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა თუ რა ჩაითვლება მოუღებელ შემოსავლად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 872–ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მოუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისთვის თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი. (იხ. თბლისის სააპელაციო სასმართლოს 07.06.2017 წლის №2ბ/840-17 გადაწყვეტილება)

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 635.70 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18%-ის სარგებლის გადახდა რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.31 აშშ დოლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 211.78 ლარი და უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მ--- ტ----------მა და გ------- ვ---–---–მა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 59.61 ლარი. მოპასუხეებმა პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ ცნეს, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მათ მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 135.17 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს მ--- ტ----------ს (პ/ნ 0----------) და გ------- ვ---–---–ს (პ/ნ 4----------) სს ,,ს----------–----------ს’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების 1146.91 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 635.70 აშშ დოლარი, პროცენტი - 173.66 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 337.55 ლარი;

 

მოპასუხეებს მ--- ტ----------ს (პ/ნ 0----------) და გ------- ვ---–---–ს (პ/ნ 4----------) სს ,,ს----------–----------ს’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი, 2018 წლის 4 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 0.31 აშშ დოლარი.

 

მოპასუხეებს მ--- ტ----------ს (პ/ნ 0----------) და გ------- ვ---–---–ს (პ/ნ 4----------) სს ,,ს----------–----------ს’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო, 2018 წლის 4 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 0.31 აშშ დოალრი.

 

ამასთან, თავდების გ------- ვ---–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვროს 1656 აშშ დოლარით;

 

3. მოპასუხეებს მ--- ტ----------ს (პ/ნ 0----------) და გ------- ვ---–---–ს (პ/ნ 4----------) სს ,,ს----------–----------ს’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 135.17 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის გადახდა.

 

4. სს ,,ს----------–--------ს’’ დაუბრუნდე მის მიერ 06.06.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 211.78 ლარიდან 59.61 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი