გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2018
საქმის ნომერი
330210018002303131
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელი

 

21 ივნისი 2--- წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ს------“

წარმომადგენელი- ზუ---------–---–ი

მოპასუხეები- შპს „ჰ------“

წარმომადგენელი - შა-–-----------–---–-

დავის საგანი- თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. შპს „ჰ------“-ს შპს „ს------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული საქონლის ღირებულება 2000 ლარის ოდენობით;

 

1.2. ა. შპს „ჰ------“-ს შპს „ს------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავალის სახით ვალდებულების შეუსრულებლობით „გამყიდველისთვის“ მიყენე-ბული ზიანის ანაზღაურება - ვალდებულების შესრულების დადგომის თარიღიდან - შესაბამისი საქონლის მიწოდებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის დამოწმე-ბიდან (0--0--2---- გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის გადახდა. (აღნიშნული თანხა 2--- წლის 1-----------–-ს მდგომარეობით შეადგენს 797 ლარს);

 

ბ. შპს „ჰ------“-ს შპს „ს------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავალის სახით ვალდებულების შეუსრულებლობით „გამყიდველისთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება - ვალდებულების შესრულების დადგომის თარიღიდან - შესაბამისი საქონლის მიწოდებიდან და საგადასახადო ანგრიშფაქტურის დამოწმებიდან (1-.---2---- გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის გადახდა. (აღნიშნული თანხა 2--- წლის 1-----------–-ს მდგომარეობით შეადგენს 73 ლარს).

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2--- წლის ივ-------–--–- შპს „ს------“-ს კუთვნილი სავაჭრო ობიექტიდან მდებარე: თ---–-----–---–------- ქუჩა N-, შპს „ჰ------სთვის“ ქ. თბილისი, ჭ---------–-------ა N 4-- მდებარე ობიექტზე მიწოდებულ იქნა 2 000 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც შპს „ჰ------“-ს უნდა აენაზღაურებინა უნაღდო ანგარიშსწორებით შპს „ს------“-ს საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვით, რაც შპს „ჰ------“-ს, მიუხედავად თანხის სიმცირისა, დღემდე არ განუხორციელებია, რის გამოც შპს „ს------“-ს შეექმნა ფინანსური პრობლემები და მის საბანკო ანგარიშებზე შემოსავლების სამსახურის მიერ დადებულია ინკასო, შს „ს------“-ს ერიცხება ჯარიმა და ვეღარ ახერხებს პროდუქციის შეტანას და რეალიზაციას.

 

რაც შეეხება შპს „ჰ------“-ს მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად - დადგენილ ვადაში და დადგენილ ოდენობით შეუსრულებლობით შპს „ს------სთვის“ მიყენებულ ზიანს, შპს „ს------“ არის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაფუძნებული მეწარმე - სუბიექტი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდე-ბლად და ორგანიზებულად. შესაბამისად შპს „ს------ც“ ორიენტირებულია მოგების გაზრდის მიზნით წარმოების გაფართოებაზე - ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნისა და პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნების გზით შემოსავლისა და მოგების მიღებაზე. შპს „ჰ------“-ს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია არამარტო შემოსავლისა და მოგების ვერმიღება, არამედ ხელი შეუშალა უკვე არსებულ სავაჭრო ობიექტში ფინანსური პრობლემების წარმოქმნას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2 000 ლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის ივ-------–--–- შპს „ს------“-ს სავაჭრო ობიექტიდან შპს „ჰ------სთვის“ მიწოდებული პროდუქციიდან გამომდინარე შპს „ჰ------“-ს დავალიანება შეადგენს 2 000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შპს „ჰ------“-ს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო 2 000 ლარის ნაწილში - რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ბ) შესრულების ვადის დადგო-მიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

აღსანიშნავია, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო ამ შემთხვევაშიც მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებ-ლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიღების შესაძლებლობას და ამ სახის ზიანის მიყენება მოპასუხისთვის იყო სავარაუდო. ამდენად, სასამართლოს დასკვნით მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების საფუძველი გამოკვეთილი არ არის. ამასთან აღსანიშნავია, რომ არ არსებობს დასაბუთება და შესაბამისი მტკიტებულება მართლაც მიადგა თუ არა ზიანი მხარეს და რა ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათა-ვისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშ-ნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამარ-თლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო 2 000 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს თანხა 60 ლარის ოდენობით. დარჩენილ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თანხა დარჩება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 53-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. შპს „ჰ------“-ს შპს „ს------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2 000 ლარის გადახდა;

1.2. შპს „ს------“-ს მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „ს------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 1-.0-.2--- წელს სს „ს----------–---------“-ს N- საგადახდო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 60 ლარი;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე