განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002534878 (1/356-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30.07.2--- წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი ბორის კვარაცხელია
დაცვის მხარე - ბრალდებული - გე-–------------ე (დაბადებული: 05.09.1--- წელს, პ/ნ 61--------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, მისამართი ქ. ფო-------------------------, ბ. 4).
ადვოკატი - სულხან ძიგუა
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, იმ პირის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გე-–------------ემ, რომელსაც წინათ ჩადენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული დანაშაული (მუხ.262, ნაწ.4) ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.04.2--- წ განაჩენით გე-–------------ე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
23.06.2--- წელს გე-–------------ემ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,376 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად - ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში, რაც ამოღებულია 23.06.2--- წ ქ. ფო--–ი პოლიციის თანამშრომლების მიერ გე-–------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.04.2--- წ განაჩენი გე-–------------ის ნასამართლობაზე მტკიცებულებად არის მიღებული გამოკვლევის გარეშე საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ბრალდებულმა გე-–------------ემ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოში სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მოწმე ნი----------–---–--ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ბა------------–---–--ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე გო------–-----ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე მა-–------–-–-------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე გე-–------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, მოსამართლის განჩინება პირადი ჩხრეკის კანონიერებაზე, ამოღებული 0,376 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 47 აბი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.04.2--- წ განაჩენი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონით - ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტით ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ზ“ ნაწილით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებაა – ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ყველა ნივთიერება, ფარმაცევტული პროდუქტი, მცენარეული მასალა და ნარევი, რომლებიც შეტანილია I, II, III და IV სიაში;
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ11” ნაწილით ნარკოტიკული საშუალების შენახვაა – ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა, ხოლო ,,ჰ13” ნაწილით შეძენაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
დასახელებული კანონის დანართი #1-ის სია II გვაძლევს ბრუნვისთვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს სადაც მე-10 გრაფაში შეტანილია ბუპრენორფინი.
იმავე კანონის დანართი #2-ის - უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, 29-ე გრაფაში განსაკუთრებით დიდ ოდენობადაა მიჩნეული ბუპრენორფინის 0,12 გრამი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გე-–------------ემ უკანონოდ, ნარკოტიკული საშუალების ბრუნვისთვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების 0,376 გრამი ბუპრენორფინის შემცველი აბები.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით ნასამართლევმა ბრალდებულმა გე-–------------ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით - 0,376 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის უკანონო შეძენით და შენახვით - ჩაიდინა განზრახ დანაშაულთა იდეალური ერთობლიობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ და მე -6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი და დაენიშნოს ერთი სასჯელი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების მიხედვით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
განსახილველ შემთხვევაში სასჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში - თავისუფლების აღკვეთა 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ამოღებულია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალების შემცველი 47 აბი, სადაც ბუპრენორფინის ხვედრითი წილია 0,376 გრამი რაც განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, რადგან ანალოგიური მოქმედებები (ზოგადად ნარკოტიკული დანაშაული) ფართოდ გავრცელდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან ზომიერად მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დანაშაულის შედეგად რაიმე მატერიალური ან არამატერიალური ზიანის მიყენება სხვა პირისთვის საქმის მასალებით დადგენილი არ არის.
გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული ადრეც არის ნასამართლევი ნარკოტიკული დანაშაულისათვის. თუმცა ახალი დანაშაულის ჩადენისას მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მას არ გაუწევია რაიმე წინააღმდეგობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში. მან აღიარა და მოინანია ჩადენილი, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც მიუთითებს ბრალდებულის მზაობაზე აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით“ გათვალისწინებული დანაშაულისთვის ძირითად სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, სხვა ალტერნატიული სასჯელის გარეშე და ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, ან ჩადენისთანავე, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები (დანაშაული მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას).
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გე-–------------ეს უნდა დაენიშნოს სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პიროვნების რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესით პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში, შესაბამისად გე-–------------ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 23.06.2--- წ 11:47 სთ-დან.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით.
ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 272-ე ან 2731 (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის − გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
მოცემულ შემთხვევაში გე-–------------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 10 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ნივთმტკიცების სახით არსებული ნარკოტიკული საშუალება უნდა განადგურდეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 255-ე და 277-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გე-–------------ე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 23.06.2--- წ. 11:47 სთ.
2. გე-–------------ეს ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლის ვადით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლის ვადით.
გე-–------------ის მიმართ აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელისაგან განთავისუფლებისთანავე.
3. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა