გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
120210118002455218
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2455218-2/388-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივლისი 2018 წ. ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - გ--------–--------ე

წარმოამდგენელი - გ---------------ი

მოპასუხე - გ-------–-----ი

წარმომადგენელი - ი-----–-----------ე

დავის საგანი: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის 6750 ლარის ანაზღაურება.

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 08 აპრილს გ-------–-----მა ხ-–----ის რაიონის სოფ.გ---–ი ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა და დაეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილს, რომლითაც მოძრაობდა იმავე მონაკვეთზე საპირისპირო ზოლში და მნიშვნელოვნად დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი იქნა სამართალდარღვევის ოქმი Nბ----------, რომლითაც დაჯარიმებული იქნა გ-------–-----ი 250 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ როგორც დაზარალებულმა პირმა მიმართა აუდიტორულ კომპანია ,,კ---------ს“, რათა დაედგინა მიყენებული ზიანის ოდენობა, აღნიშნული კომპანიის დასკვნით ზიანმა შეადგინა 6750 ლარი. ვინაიდან ავტომანქანის აღდგენა არაეფექტური იყო, მოსარჩელემ გაყიდა აღნიშნული ავტომანქანა 8011,41 ლარად.

 

მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთხელ მიმართა და ითხოვა ზიანის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ-------–-----მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ მოსარჩელეს დაპირდა, რომ შეაკეთებდა დაზიანებულ ავტომობილს. ამის გამო ავტომაქანა მიუყვანა ხელოსანს, რომელმაც შეისწავლა დაზიანებები და ხელობის ჩათვლით მოსთხოვა 3000 ლარი. შესაბამისად, მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 3000 ლარს, რა ნაწილშიც იგი ცნობს სარჩელს და თანახმაა აანაზღაუროს ზიანი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 08:00 საათზე, ხ-–----ის რაიონის სოფელ გ---–ი გამავალ საავტომობილო გზაზე მერსედესის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - O--------, რომელსაც მართავდა გ-------–-----ი, შეეჯახა გ--------–--------ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას - ტოიოტა პრიუსს, სახელმწიფო ნომრით O--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოქმი გასაუბრების შესახებ

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

 

3.1.2. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 08 აპრილს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - საჯარიმო ქვითარი Nბ----------, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა გ-------–-----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საჯარიმო ქვითარი Nბ----------

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ--------–--------ის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ ტოიოტა პრიუსმა, სახელმწიფო ნომრით O--------, მიიღო მექანიკური დაზიანებები, კერძოდ დაზიანდა ძრავის სახურავი; წინა ბამპერი; წინა მარჯვენა და მარცხენა ფრთა, წინა მარჯვენა და მარცხენა მაშუქები; წინა მარცხენა კარები; უკანა მარჯვენა ფრთა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის Nბ---------- დანართი

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი

 

3.1.4. ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი, სახელმწიფო ნომრით O--------, გ--------–--------ემ გაყიდა 8011,41 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. აუდიტური კომპანია ,,კ---------ის" მიერ 2018 წლის 17 აპრილს გაცემული N----- დასკვნით დადგენილია, რომ ავტომენქანა ტოიოტა პრიუსზე, სახელმწიფო ნომრით O--------, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 6750 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მიუთითებს, რომ საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ საეჭვოა თუ რამდენად რეალურად არის შეფასებული აუდიტორული დასკვნით მოპასუხის ქმედების შედეგად მანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ვინაიდან შეფასების ჩატარებისას არ არის ნავარაუდები დაფარული ფიზიკური და სამართლებრივი ფაქტორების არსებობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ დაადასტურა ავტომანქანის დაზიანების ხარისხი, მოცულობა, მიყენებული ზიანის ოდენობა. მოპასუხე კი საპირისპიროს ვერ ადასტურებს. ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე 2018 წლის 17 აპრილის აუდიტის დასკვნით ამტკიცებს ზიანის ოდენობას, საპირისპიროს სამტკიცებლად მოპასუხის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი მტკიცებულება. ასევე ამ შემთხვევაში ვერ გამოდგება მტკიცებულებად მოწმე ო-----------ის ჩვენება, რომელიც არ იყო დამაჯერებელი და თანმიმდევრული, მან მხოლოდ დაახლოებით დაასახელა მანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხა - 3000 ლარი, საიდანაც დაახლოებით 1200 ლარი იყო ხელობის თანხა, ხოლო დანარჩენზე კონკრეტულად ვერ განმარტა, თუ რა სახის და რა ხარისხის ნაწილის ღირებულებას წარმოადგენს და მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა.

 

რაც შეეხება მოპასუხის მიერ ინტერნეტ საიტიდან CARFAX წარმოდგენილ მონაცემებს, იგი სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან მისი ავთენტურობა და სანდოობა, ასევე თარგმანის სისწორე დადასტურებული არ არის.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის პოზიციისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაქარწყლებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხოლოდ მისი ზეპირი ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება, კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი პოზიციის დადასტურება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------–--------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 408-409-ე, 992-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა 6750 ლარის ოდენობით. ასევე, დადგენილია გ-------–-----ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს მოსარჩელეს, მოითხოვოს ფულადი თანხა უშუალოდ მოვალის მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაცვლად.

 

ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------–--------ის სარჩელი გ-------–-----ის მიმართ ზიანის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნო ნაწილობრივ, რის გათვალისწინებითაც მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 112,4 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სანაცვლოდ 71 ლარის გადახდა (50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 21 ლარი შსს მომსახურების სააგენტოდან ცნობის გამოთხოვისათვის გადახდილი საზღაურის სანაცვლოდ).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო გ-------–-----ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ მერსედესის მოდელის ავტომანქანას, სახ. ნომრით O--------.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გ--------–--------ის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გ--------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ-------–-----ს (პ/ნ 4----------) გ--------–--------ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 6750 ლარის ანაზღაურება.

 

3. გ-------–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 112.4 ლარის ოდენობით.

 

4. გ-------–-----ს გ--------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეულის საპროცესო ხარჯის სანაცვლოდ 71 ლარი.

 

5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა