გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.07.2018
საქმის ნომერი
330310017001680205
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/279-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - ი-------------ი

 

წარმომადგენელი - ხ---------------–-–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

 

წარმომადგენლები - ნ-------------ა, თ------------–--ე

 

მესამე პირი - ს--–-----------ე

 

წარმომადგენელი - ი---------------ე

 

მესამე პირები - ქ------------–---–ი, ნ------------ე, რ---------–--–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების საერთო კრების 2016 წლის 15 დეკემბრის N- ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2016 წლის 23 დეკემბრის N- ოქმი (დადგენილება N-----) ს--–-----------ის სტიპენდიატად არჩევის ნაწილში;

 

1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების სტიპენდიატის არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - ს--–-----------ის წარმომადგენელი წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.2. მესამე პირები - ქ------------–---–ი, ნ------------ე და რ---------–--–ი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მხარეებს სხდომის თარიღი ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის 2016 წლის 18 ოქტომბრის N47 დადგენილებით, პრეზიდიუმმა დაადგინა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდების (თავი XVII, მუხლი 2) შესაბამისად, 2016 წლის დეკემბერში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტთა არჩევნების ჩატარება. არჩევნების ჩასატარებლად დამტკიცდა სტიპენდიატთა 9 ვაკანსია სამეცნიერო განყოფილებების მიხედვით, მათ შორის, ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების ერთი ვაკანსია, სპეციალობით - ენა, ლიტერატურა. ამავე დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების 2016 წლის არჩევის დროებითი დებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის 2016 წლის 18 ოქტომბრის N47 დადგენილება (ტ.I, ს.ფ. 82);

-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების 2016 წლის არჩევის დროებითი დებულება (ტ.I, ს.ფ. 83-86).

 

4.1.2. შ-----------------–------------–---–----------------------------ის სამეცნიერო საბჭოს 2016 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ საბჭოს წევრებმა ერთხმად დაადგინეს, რომ შ-----------------–------------–---–----------------------------ის დირექტორი ი-------------ი წარდგენილი ყოფილიყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის მიერ გამოცხადებულ ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატთა“ ასარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შ-----------------–------------–---–----------------------------ის სამეცნიერო საბჭოს 2016 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმი (ტ.I, ს.ფ. 16-17).

 

4.1.3. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების საერთო კრების 2016 წლის 15 დეკემბრის N- ოქმით დადგენილია, რომ აკად. რ---------------ის თავმჯდომარეობით, კრებამ განიხილა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატის შერჩევის საკითხი. კრებას ესწრებოდნენ: აკად.ა---------–ი, აკად. თ----------–--ე, აკად. მ---------–---–ი, აკად. გ--------–---–--, აკად. ა-----–----ე, აკად. მ----–----ე, აკად. ე-----------ე, აკად. ე--------–--ე, აკად. წევრ-კორ. ვ--–-----–--. ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატობის ერთ ვაკანტურ ადგილზე, სპეციალობით ,,ენა, ლიტერატურა“, წარდგენილი იყო ხუთი კანდიდატი: ქ------------–---–ი, ნ------------ე, ს--–-----------ე, ი-------------ი, რ---------–--–ი. განყოფილების საერთო კრებამ ფარული კენჭისყრით სპეციალობით ,,ენა, ლიტერატურის“ სტიპენდიატობის კანდიდატად შეარჩია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ი----------–---–-------------–----------–-–---ო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ა--------------ს სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ს--–-----------ე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდებისა და აკადემიის სტიპენდიატების 2016 წლის არჩევის დროებითი დებულების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების საერთო კრების 2016 წლის 15 დეკემბრის ოქმი N- (ტ.I, ს.ფ. 18-20).

 

4.1.4. 2016 წლის 15 დეკემბრის ხმის დამთვლელი კომისიის ოქმით დგინდება, რომ განყოფილების სიითი შემადგენლობის 10 წევრიდან სხდომას დაესწრო 10 წევრი. კენჭისსაყრელ ბიულეტენში სპეციალობით ,,ენა, ლიტერატურა“ შეტანილ იქნა ხუთი კანდიდატი, რომლებზეც ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა გადანაწილდა შემდეგი მონაცემებით: 1. კანდიდატი ქ------------–---–ი, თანახმა - 4, წინააღმდეგი - 6; 2. კანდიდატი ნ------------ე, თანახმა - 6, წინააღმდეგი - 4; 3. კანდიდატი ს--–-----------ე, თანახმა - 8, წინააღმდეგი - 2; 4. კანდიდატი ი-------------ი, თანახმა - 4, წინააღმდეგი - 6; 5. კანდიდატი რ---------–--–ი, თანახმა - 3, წინააღმდეგი - 7. ფარული კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატად სპეციალობით ,,ენა, ლიტერატურა“ შეირჩა ს--–-----------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 15 დეკემბრის ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი (ტ.I, ს.ფ. 21);

 

4.1.5. საქმეზე დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ 2016 წლის 15 დეკემბრის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების საერთო კრებაში მონაწილე ერთ-ერთი წევრი - გ--------–---–-- არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატად (სპეციალობა - ,,ენა, ლიტერატურა“) შერჩეული ს--–-----------ის დედა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.: 2018 წლის 15 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.1.6. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2016 წლის 20 დეკემბრის პრეზიდიუმის N-9 დადგენილებით შექმნილი კომისიის დასკვნით ირკვევა, რომ კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია შ-----------------–------------–---–----------------------------ის სამეცნიერო საბჭოს წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებიდან შერჩეული კანდიდატის არჩევნების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. კომისიამ ასევე განმარტა, რომ ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკადემია არის თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებლად ამტკიცებს აკადემიის წესდებას, განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, წყვეტს აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო, საკადრო, ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით. აღნიშნულ კანონში, წესდებასა და აკადემიის სტიპენდიატების 2016 წლის არჩევის დროებით დებულებაში სტიპენდიატობის კანდიდატთათვის ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არის დაწესებული. შესაბამისად, განყოფილებაში სტიპენდიატთა შერჩევა განხორციელდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2016 წლის 20 დეკემბრის პრეზიდიუმის N-9 დადგენილებით შექმნილი კომისიის დასკვნა (ტ.I, ს.ფ. 212-213).

 

4.1.7. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2016 წლის 23 დეკემბრის N- ოქმით (დადგენილება N-----), დღის წესრიგის მესამე საკითხად განისაზღვრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების არჩევნები. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით კენჭი ეყარა სამეცნიერო განყოფილებათა მიერ შერჩეულ სტიპენდიატობის კანდიდატებს, მათ შორის - ს--–-----------ეს. აკადემიის წევრთა სიითი შემადგენლობის 81 წევრიდან კრებას ესწრებოდა 78 წევრი, აქედან 6-მა წევრმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტიპენდიატების არჩევას ბინაზე უყარა კენჭი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდების (თავი X, მუხლი 10) თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატად ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებიდან ხუთი წლის ვადით არჩეულ იქნა ს--–-----------ე (კენჭისყრის შედეგი: დადებითი - 59 ხმა, უარყოფითი - 17 ხმა, გაუქმებული - 2 ხმა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2016 წლის 23 დეკემბრის N- ოქმი (დადგენილება N-----) (ტ.I, ს.ფ. 24-33).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2016 წლის 23 დეკემბრის N- ოქმი (დადგენილება N-----) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების საერთო კრების 2016 წლის 15 დეკემბრის N- ოქმი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე ი-------------ის მოთხოვნა სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების სტიპენდიატის არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე.

 

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ადგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (შემდგომში - აკადემია) სტატუსს, მიზნებს, ამოცანებსა და საქმიანობის წესს. აკადემია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკადემია არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, აკადემია თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც დამოუკიდებლად ამტკიცებს აკადემიის წესდებას, განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, წყვეტს აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო, საკადრო, ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს. კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკადემიას დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, აკადემიის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი (მე-14 მუხლის, პირველი პუნქტი). მე-15 მუხლის თანახმად, აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე თავი განსაზღვრავს აკადემიის მართვის ორგანოებს და მართვის პრინციპებს. აღნიშნული კანონის თანახმად, აკადემიას მართავენ: ა) აკადემიის საერთო კრება; ბ) აკადემიის პრეზიდიუმი; გ) აკადემიის პრეზიდენტი. მე-5 მუხლის პირველი პუნქტით ირკვევა, რომ აკადემიის მართვა ხორციელდება არჩევითობის, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აკადემიის პრეზიდენტისა და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობებია. აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოს - აკადემიის საერთო კრების მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, ხოლო სათათბირო ხმის უფლებით − საპატიო აკადემიკოსები, საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები და აკადემიის სტიპენდიატები. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიის საერთო კრების ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსებს), საპატიო აკადემიკოსების, აკადემიის უცხოელი წევრებისა და აკადემიის სტიპენდიატების არჩევა. ამასთან, კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აკადემიის სტიპენდიატად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი აწესებს, რომ აკადემიის სტიპენდიატად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 50 წელს აღემატება, არ არის საქართველოს მოქალაქე და არ მოღვაწეობს საქართველოში. აკადემიის სტიპენდიატად პირი აირჩევა 5 წლის ვადით. ამასთან, ერთი და იმავე პირის აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. ამავე კანონის მე-12 მუხლიდან ირკვევა, რომ აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით (ამოქმედდა 2017 წლის 1 იანვრიდან), ამასთან ანაზღაურებისთვის საჭირო თანხები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მათი სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2016 წლის 12 სექტემბრის N9 დადგენილების N1 დანართით დამტკიცებული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდების მე-10 თავი განსაზღვრავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესს. როგორც აღნიშნული თავის პირველი მუხლით ირკვევა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრებისა (აკადემიკოსების) და სტიპენდიატების არჩევნები ტარდება ამ წესდებისა და პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული დროებითი დებულების საფუძველზე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობისა (აკადემიკოსობის) და სტიპენდიატობის კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს. მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრსა (აკადემიკოსსა) და აკადემიის სტიპენდიატს ირჩევს აკადემიის საერთო კრება, იმ კანდიდატთაგან, რომლებიც შეირჩევა აკადემიის განყოფილებათა მიერ. აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა არჩევნებისას განყოფილებაში ხმის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და წევრ-კორესპონდენტები (მე-6 მუხლი). მე-8 მუხლის თანახმად, განყოფილება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობისა (აკადემიკოსობის) და სტიპენდიატობის კანდიდატებს შეარჩევს ფარული კენჭისყრით. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატებად ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც მიიღებენ ამ განყოფილების აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ სამი მეხუთედისა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების არჩევნებისას აკადემიის საერთო კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობენ ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და წევრ-კორესპონდენტები. წესდების მეათე თავის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის ნამდვილი წევრებისა (აკადემიკოსების) და სტიპენდიატების არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. აკადემიის სტიპენდიატებად არჩეულად ჩაითვლებიან პირები, რომლებიც მიიღებენ აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ სამი მეხუთედის მიერ არჩეული კანდიდატები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების 2016 წლის არჩევის დროებით დებულებაზე, რომლის მე-14 მუხლი განსაზღვრას, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების არჩევნებისას საერთო კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობენ აკადემიის წევრები. აკადემიის საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიის წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა. აღნიშნული მუხლი შენიშვნის სახით ითვალისწინებს იმ შემთხვევას, თუ როდის არ არის უფლებამოსილი კომისიის წევრი მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ერთი, როცა წევრი არჩევნების დროს მივლინებით იმყოფება საზღვარგარეთ, მეორე, როცა საქართველოს ეროვნული აკადემიის მიერ მიღებულია სპეციალური გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შერჩევაში მონაწილეობისგან წევრის განთავისუფლების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის 2016 წლის 18 ოქტომბრის N47 დადგენილებით, პრეზიდიუმმა დაადგინა 2016 წლის დეკემბერში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატთა არჩევნების ჩატარება. არჩევნების ჩასატარებლად დამტკიცებული იყო სტიპენდიატთა 9 ვაკანსია, მათ შორის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების ერთი ვაკანსია, სპეციალობით - ენა, ლიტერატურა. ასარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შ-----------------–------------–---–----------------------------ის სამეცნიერო საბჭოს 2016 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე წარდგენილ იქნა მოსარჩელე - ი-------------ი. 2016 წლის 15 დეკემბრის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების საერთო კრებაზე განხილულ იქნა სტიპენდიატობის კანდიდატის შერჩევის საკითხი. სტიპენდიატობის ერთ ვაკანტურ ადგილზე, სპეციალობით ,,ენა, ლიტერატურა“, წარდგენილი იყო ხუთი კანდიდატი: ქ------------–---–ი, ნ------------ე, ს--–-----------ე, ი-------------ი, რ---------–--–ი. წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და შეფასების შემდგომ, კრებაზე ფარული კენჭისყრით კომისიის წევრებმა დააფიქსირეს პოზიცია. სიითი შემადგენლობის 10 წევრიდან კრებას ესწრებოდა ათივე წევრი. ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა გადანაწილდა შემდეგი მონაცემებით: 1. კანდიდატი ქ------------–---–ი, თანახმა - 4, წინააღმდეგი - 6; 2. კანდიდატი ნ------------ე, თანახმა - 6, წინააღმდეგი - 4; 3. კანდიდატი ს--–-----------ე, თანახმა - 8, წინააღმდეგი - 2; 4. კანდიდატი ი-------------ი, თანახმა - 4, წინააღმდეგი - 6; 5. კანდიდატი რ---------–--–ი, თანახმა - 3, წინააღმდეგი - 7. აღნიშნული შედეგების შესაბამისად, კრებამ სპეციალობით ,,ენა, ლიტერატურის“ სტიპენდიატობის კანდიდატად შეარჩია ს--–-----------ე.

 

დადგენილია ასევე, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2016 წლის 23 დეკემბრის N- ოქმით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდების (თავი X, მუხლი 10) თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატად ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებიდან ხუთი წლის ვადით არჩეულ იქნა ს--–-----------ე (კენჭისყრის შედეგი: დადებითი - 59 ხმა, უარყოფითი - 17 ხმა, გაუქმებული - 2 ხმა).

 

საქმეზე ასევე დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ 2016 წლის 15 დეკემბრის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების საერთო კრების (ოქმი N-) ერთ-ერთი წევრი გ--------–---–-- არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატად (სპეციალობა - ,,ენა, ლიტერატურა“) შერჩეული ს--–-----------ის დედა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების საერთო კრების 2016 წლის 15 დეკემბრის N- ოქმსა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2016 წლის 23 დეკემბრის N- ოქმს (დადგენილება N-----) ს--–-----------ის სტიპენდიატად არჩევის ნაწილში, ხოლო მათი ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ სტიპენდიატობის კანდიდატად შესარჩევ და საბოლოოდ გამარჯვებულ სუბიექტსა და არჩევის პროცესში გადაწყვეტილების მიმღებ ერთ-ერთ წევრს შორის არსებობდა ნათესაური კავშირი, რის გამოც აღნიშნულ პირს არ უნდა მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, ვინაიდან აღნიშნულით დაირღვა საქმის მიუკერძოებლად განხილვის პრინციპი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ განყოფილების ერთ-ერთ წევრს, რომელსაც ნათესაური კავშირი ჰქონდა სტიპენდიატობის კანდიდატატ ასარჩევ წევრთან, არ უნდა მიეღო მონაწილეობა კანონდიდატთა შერჩევის პროცესში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიმოიხილოს აცილების ინსტიტუტის არსი და მნიშვნელობა სამართალში.

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანობის გარეგნული გამოხატულება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად სამართლიანობა. სწორედ აღნიშნული განაპირობებს, სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას გამჭვირვალობის პრინციპის, ასევე საზოგადოების მხრიდან ნდობის ამაღლების გამო გამოიყენონ აცილების პრინციპი. კანონმდებლობით გაწერილია აცილების საფუძვლები, თუმცა მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ არის ამომწურავი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება აცილებაზე/თვითაცილებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო პარალელს ავლებს სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების პრინციპთან, რომლის მიხედვით მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც მას არ შესწევს უნარი საქმე განიხილოს მიუკერძოებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოებლად განხილვის უნარი. სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად განხილვის პრინციპი და შესაბამისად, გარკვეული წინაპირობების არსებობისას საქმის აცილების ვალდებულება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების შემადგენელ ელემენტსაც. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას მოსამართლის აცილების წინაპირობას წარმოადგენს მიუკერძოებლობის არარსებობა, მიუკერძოებლობის არარსებობის საფრთხე ან მხარის ეჭვები მოსამართლის მიკერძოების თაობაზე. ანუ თუ არსებობს ნებისმიერი ლეგიტიმური საფუძველი, ამ საფუძვლის არსებობის საფრთხეები ან მხარის ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით, მოსამართლე აცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ აცილების ინსტიტუტი არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. ამასთან, ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპი ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. ფაქტობრივად მასშია ასახული ადმინისტრაციული წარმოების არსი. ადმინისტრაციული წარმოება და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კარგავს აზრს, თუკი გადაწყვეტილების ადრესატს არ ექნება იმის გარანტია და რწმენა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი უფლებამოსილება განახორციელა მიუკერძოებლად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს აცილების ინტიტუტის არსებობას ადმინისტრაციულ ორგანოებში. აღნიშნული კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები, მათ შორის ის, ვინც საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავი ან ოჯახის წევრია.

 

საგულისხმოა ის გარემოება, რომ სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავისი საკანონმდებლო აქტით განმარტავს, რომ აკადემიის მართვა ხორციელდება არჩევითობის, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით. არჩევითობა, თვითონ პრინციპი თავის თავში მოიცავს საკითხთა ფართო წრეს, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე და გამჭვირვალობაზე, იგულისხმება, რომ არჩევანი უნდა გაკეთდეს იმ ზოგადი პრინციპების დაცვით, რაც დამკვიდრებულია დემოკრატიულ ქვეყნებში. პრინციპის არსებობა, წინაპირობაა იმისა, რომ ის უნდა გამოიხატოს ცალკეული ნორმისა თუ ინსტიტუტის შინაარსში, თუმცა მათი პირდაპირი გამოხატვის არ არსებობა, ვერ გამორიცხავს, მათ არსებობას ბუნებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში მართალია მოპასუხე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სამართლებრივი აქტებით მას ზუსტად აქვს გაწერილი სტიპენდიატების არჩევის წესი, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის შემზღუდველი გარემოებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიულად თვითაცილების/აცილების რეგულირების ნორმების არ არსებობა არ გამორიცხავს კონკურსის ჩატარებისას იმ ზოგადი პრინციპების გამოყენების შესაძლებლობას, რაც ზოგადად დამახასიათებელია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ინსტიტუციებისთვის. მით უფრო იმ პირობებში, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვას და კანონში მითითებულ გარემოებას, რომ აკადემია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით, სასამართლო ვერ გამორიცხავს იმ ფუნდამენტური პრინციპის გამოყენების ვალდებულებას, რასაც მიუკერძოებლობის პრინციპი ითვალისწინებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. თვით კერძო სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, სადაც კერძო ავტონომია და თავისუფალი ნების გამოვლენაა გაბატონებული არსებობს მოქმედებები და გარიგებები, რომლებიც საზოგადოებაში ,,საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტებს“ ეწინააღმდეგება. მოცემულ შემთხვევაშიც, ადმინისტრაციულ ორგანოებს, კერძო სამართლის სუბიექტებისგან განსხვავებით მოეთხოვებათ მეტად დაიცვან ის ფუნდამენტური პრინციპები, რაც საზოგადოებაში არის დამკვიდრებული და მისაღები. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების საფუძველზე სტიპენდიატობის კანდიდატად შერჩეული ს--–-----------ის დედა გ--------–---–-- იყო გადაწყვეტილების მიმღები განყოფილების ერთ-ერთი წევრი, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად მოსარჩელისთვის, მის მიმართ გასაჩივრებული აქტებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას მაინც ვერ მოახდენდა, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-1072-913-კ-04), რომლითაც განმარტებულია, რომ ,,კონკურსი თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს გარიგებას. კასატორის მოთხოვნა მხოლოდ გამარჯვებული პირის კანდიდატად წარდგენის პროცედურების უკანონოდ ცნობასთან დაკავშრებით, თავისთავად ვერ გამოიწვევდა კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის მიმართ. ამასთან, კონკურსში მონაწილე ოთხი კანდიდატიდან კასატორმა ყველაზე ნაკლები ხმათა რაოდენობა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულის არასათანადო კანდიდატად მიჩნევის შემთხვევაშიც კი გამარჯვებულად უნდა გამოცხადებული მომდევნო კანდიდატი, ამასთან კასატორს პრეტენზია სხვა კანდიდატების მიმართ არ ჰქონია“. სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით განმარტებულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც მოსარჩელეს პრეტენზია აქვს მხოლოდ იმაზე, რომ დარღვეული იყო გამარჯვებულის წარდგენის პროცედურული საკითხები. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა იმ კონკურსანტს, რომელმაც გამარჯვებულის შემდგომ ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. ამდენად, ს--–-----------ის არასათანადო კანდიდატად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, გამარჯვებულად უნდა გამოცხადებულიყო მომდევნო კანდიდატი, მოსარჩელეს პრეტენზიები სხვა კანდიდატების მიმართ არ ჰქონია, მას არ წარმოუდგენია ჩატარებული კენჭისყრის უკანონობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების საერთო კრების 2016 წლის 15 დეკემბრის N- ოქმისა და ს--–-----------ის სტიპენდიანტად არჩევის ნაწილში სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების 2016 წლის 23 დეკემბრის N- ოქმის (დადგენილება N-----) ბათილად ცნობის საფუძველი სახეზე არ არის, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ბათილად არ არის ცნობილი სადავო გადაწყვეტილებები, სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რის გამოც ი-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე